"ოსების თქმით, სვეტიცხოველი ოსებს აუგიათ და მას "ოსთცხოველს" უწოდებენ
"ოსი სეპარატისტები გაყალბებული ისტორიის გავრცელებაში დიდ ფულს ხარჯავენ, ჩვენ კი ამ თემაზე ქართული სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნაც ვერ მოგვიხერხებია"
საქართველოს მიწა-წყლის დატაცების თემა არახალი და გულის მომკვლელია, თუმცა ამაში მძიმე წარსულთან ერთად, ქართულ ხასიათსაც მიუძღვის ბრალი: მოვლენების მიმართ ჩვენმა ზერელე დამოკიდებულებამ და წაყრუებამ ბევრი რამ დაგვაკარგვინა. ზუსტად ასევე ჩვეულებრივ პროვოკაციად ჩაითვალა ბოლო დროს ოსი სეპარატისტებისგან გახმაურებული "აღმოსავლეთ ოსეთის" თემა, რომელშიც ოსი სეპარატისტები ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და თრუსოს ხეობას მოიაზრებენ. სინამდვილეში კი არც ასე მარტივად არის საქმე: ტერმინი "სამხრეთ ოსეთიც" ასევე "პროვოკაციულად" გაჟღერდა XIX საუკუნეში, რასაც უკვე XX საუკუნეში საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმოქმნა მოჰყვა. "აღმოსავლეთ ოსეთის" თემაზე ხშირად ლაპარაკობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი. რამდენიმე ხნის წინ მან ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუშიც განაცხადა, რომ "ოსეთის რესპუბლიკა არასოდეს აღიარებს აღმოსავლეთ ოსეთის მიწებს საქართველოს ტერიტორიად და, ადრე თუ გვიან, ეს მიწები ოსეთს დაუბრუნდება. სამხრეთ ოსეთის დიპლომატები ყოველთვის ამახვილებდნენ ყურადღებას ყაზბეგის რაიონზე, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებებზე". ოსი სეპარატისტები გაყალბებული ისტორიის გავრცელებაში დიდ ფულს ხარჯავენ, ჩვენ კი ამ თემაზე ქართული სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნაც ვერ მოგვიხერხებია. გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როლანდ თოფჩიშვილი ერთადერთი მეცნიერია, რომელიც საქართველოში ოსთა განსახლების საარქივო მასალებზე რამდენიმე ათეული წელი მუშაობდა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომი შექმნა. თუმცა არც მათი ინგლისურად თარგმნა მოხერხდა.
- 70-იანი წლების მიწურულს არქივში შემთხვევით წავაწყდი XVIII საუკუნიდან, ფაქტობრივად, დაპყრობის წლებიდან, წარმოებულ რუსეთის იმპერიის აღწერებს, სადაც დეტალურად იყო საქართველოს და მათ შორის, ოსი მოსახლეობა აღწერილი. ცხადია, იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე, პედანტურად იწერდნენ არა მხოლოდ არსებულ მოსახლეობას, არამედ გადმოცემებს, თუ ვინ რამდენი თაობის წინ იყო დასახლებული ამა თუ იმ ადგილზე. ასე რომ, ამ აღწერებში მხოლოდ რამდენიმე ათეული ოჯახია, რომელთაგან ზოგიერთი მოსახლეობის მხოლოდ რამდენიმე წელს ასახელებდა, ზოგიერთი კი 2-3 თაობას. ამით ყველაფერი მთავრდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსების შემოჭრა ისტორიულ საქართველოში, კერძოდ, დვალეთში, XVI საუკუნიდან იწყება. დვალეთი მათ სისხლით აიღეს, შემდეგ გამრავლებულები უკვე XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან გადადიან ლიახვის ხეობასა და თრუსოში (თერგის ხეობის ზედა ნაწილში). თუმცა თრუსოში გადასვლა მათ საკუთრივ თრუსოს მოსაზღვრე ხეობიდანაც შეეძლოთ. მას შემდეგ, რაც ოსები დვალეთში გაბატონდნენ და მერე ისე გამრავლდნენ, რომ მიწები აღარ ჰყოფნიდათ, დანარჩენ საქართველოში მიპარვით დასახლება აღარ გასჭირვებიათ. ამ მხრივ შემიძლია სოფელ ღუდაში ვინმე ოსი რუბაევის დასახლების მაგალითიც მოვიყვანო. ღუდა გუდაურთან მდებარე სოფელია, სადაც ბუთხუზები და სისველაურები ცხოვრობდნენ, რომლებიც აიყარნენ და სოფელ მლეთაში გადასახლდნენ. ერთხელაც მათ მლეთიდან ღუდაში ავარდნილი ბოლი დაინახეს და ამბის გასაგებად წავიდნენ. იქ დვალეთიდან დანაშაულისთვის გამოქცეული ვინმე რუბაევი დახვდათ, რომელიც მათ შეეხვეწა, ამანათად მიმიღეთო. ამანათად მიღების ტრადიცია მთაში უცხოს დროებით მიღებას გულისხმობდა, დააკვირდებოდნენ და თუ მოეწონებოდათ, დაიტოვებდნენ. სამწუხაროდ, რუბაევს არავინ დაჰკვირვებია და მანაც დვალეთიდან სხვა ოსები ჩამოიყვანა.
- ამას, ცხადია, საქართველოს დასუსტებული სახელმწიფოებრიობაც უწყობდა ხელს. - ასეა. აღმოსავლეთ საქართველო იმდენად იყო გავერანებული, რომ ზოგიერთი ოსური ოჯახი საგანგებოდ ჩამოჰყავდათ მუშახელად.
ქართულ-ოსური ისტორია ძალიან მძიმეა. სამწუხაროდ, დღეს დვალეთის თემა მივივიწყეთ, არადა, ეს ტერიტორია, რომელიც დაახლოებით ლეჩხუმის ტოლია, 1858 წელს უომრად წაგვართვა რუსეთმა სწორედ იმის გამო, რომ იქ უკვე ოსები სახლობდნენ. იმ დრომდე დვალეთი, რომელსაც რაჭასთან სულ საათ-ნახევრის გზა აკავშირებს, გორის მაზრაში ირიცხებოდა და რუსები "ნარას უჩასტკად" მოიხსენიებდნენ.
ისტორიულად ცნობილია, რომ ოსები შუა აზიაში მოსახლე ირანულენოვანი მომთაბარე ტომი იყო, რომელიც მონღოლების შემოსევამ აიძულა, ჩრდილო კავკასიაში გადმოსახლებულიყო, იქიდან კი თვალი დვალეთს დაადგეს. ამას დვალების აყრა და დანარჩენ საქართველოში გადმოსახლება მოჰყვა. დვალების გვარები ური-თ მთავრდება, გიგაურები თუ ხადურები სწორედ დვალები არიან.
- დვალებმა უბრძოლველად დათმეს მიწა-წყალი? - რადგან დასუსტებული საქართველო დვალეთს ვერ იცავდა, დვალები თავს თავად იცავდნენ უმძიმესი ომებით, რომელთა მოგონება ხალხურ სიტყვიერებას შემორჩა. მაგალითად, რაჭულ სოფელ გლოლაში ჩაწერილია ამ ომების ამსახველი ხალხური ლექსი, რომლის 15-მდე ვარიანტი არსებობს. ამ ლექსშია ნაამბობი, რა თავგანწირულად ებრძვიან დვალები ოსებს. სხვათა შორის, გლოლაში დვალეთიდან ლტოლვილი ქართველების შთამომავლები სახლობენ. ამას ისიც მოწმობს, რომ გლოლის დიალექტი განსხვავდება სხვა რაჭული სოფლების დიალექტისგან.
აი, ეს ლექსიც: "მაღლა მთას მოდგა თეთრი ფრინველი, უცხო ფრთოსანი/, ჟღელეს ჩამოდგა დიდი ლაშქარი/ ოსი და დვალი/,…ომი შეიქმნა ცისკრისა ჟამსა, გამთენიასა/… ხმალი ორპირი სისხლში სცურავდა/, შუბის ნალეწი ზეცას სცვიოდა, მესამე დღესა ჩამოდიოდა/, სისხლისა ღვარსა კაცი მიჰქონდა. ჯაფარ წაიქცა, ჯაფარ წაიქცა, სვეტი ოქროსი/, აგერ მოდიან მოციქულები/, ჯაფარ მოყვანთა/, თავის გოდრითა, ტანი ლასტითა, წვრილი წელები ხელკალათითა". ასეთი იყო დვალების ბრძოლა, რომელსაც ვერ გაუძლეს და დვალეთი დატოვეს. მათი მცირე ნაწილი, რომელიც მიწა-წყალს ვერ შეელია, ოსებზე დაქორწინდა.
მე გვარების ისტორია ზედმიწევნით მაქვს შესწავლილი და დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი მოძულე ოსებიდან ბევრს ქართული სისხლი აქვს. რაც შეეხება თრუსოს, უძველეს ქართულ ტერიტორიას, რომლის სახელიც ასევე სუფთა ქართულია (თრუსო ცელის სალესი ქვაა), ოსებს აქ ქართველების ნასახლარები დახვდათ. აქაური ქართველები უკვე კახეთში იყვნენ ჩასახლებული. ასე რომ, ოსებს თრუსოში XIX საუკუნეში ცხრა სოფელი ჰქონდათ, მოგვიანებით - თორმეტი.
- ტრადიციული სქემაა, ჩვენ ვტოვებთ, სხვები სახლდებიან. - ერთ ამბავს გავიხსენებ:
როდესაც 1899 წელს კნუტ ჰამსუნმა ვლადიკავკაზიდან თბილისში იმოგზაურა და სოფელ კობაში გაჩერდა, მისი ოთხცხენიანი ეტლის ერთი ცხენი მოკვდა. ამ დროს მოხდა ის, რასაც მწერალი გაოცებული აღწერს: თუ როგორ როკავდნენ ოსები მკვდარი ცხენის გარშემო, რომელიც მერე გაატყავეს და შეჭამეს.
დღეს თრუსო სრულიად ცარიელია. აქაური ოსები 1957 წელს ინგუშეთში გადასასახლებლად აიყარნენ. 1944 წელს ინგუშები სამშობლოს ღალატის ბრალდებით აყარეს საკუთარი მიწიდან, მათ ნაცვლად კი იქ სხვადასხვა ხალხი ჩაასახლეს. 1957 წელს ინგუშებს კვლავ დართეს სამშობლოში დაბრუნების ნება. ამჯერად უკვე იქ ჩასახლებული ათიათასობით მოსახლე აყარეს. დაცოტავებულმა ინგუშებმა საკუთარი სამშობლო ვეღარ შეავსეს და ეს როლი ოსებმა შეასრულეს.
- ცხადია, ოსების ხანმოკლე ცხოვრება თრუსოში დიდ კვალს ვერ დატოვებდა. რას ეყრდნობიან ოსი სეპარატისტები, როდესაც ამ ტერიტორიებს ოსურად ასაღებენ? - ამ ტერიტორიაზე ნასახლარები და კოშკები მხოლოდ ქართველების აშენებულია და ამას არქიტექტურაც მოწმობს, მაგრამ ოს სეპარატისტებს ეს ხელს არ უშლით, რადგან რუსეთი უმაგრებთ ზურგს. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ოსებმა თრუსოდან მოიპარეს და ვლადიკავკაზის მუზეუმში გადაიტანეს წარწერებიანი საფლავის ქვა, რომელსაც, ცხადია, ჩვენ არ გვაჩვენებენ. სამაგიეროდ, ამბობენ, რომ ქვაზე სირიულ-ნესტორიანული წარწერაა, რომელიც ოსურ ამბავს მოგვითხრობს. არადა, ფოტოზეც კი ეტყობა, რომ ქვაზე ქართული ანბანია. იქ მართლაც სირიული წარწერა რომ იყოს, დღემდე გაშიფრავდნენ.
ცნება "აღმოსავლეთი ოსეთი" ჯერ კიდევ სამი წლის წინ გააჟღერა ე.წ. სამხრეთის ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა კოკოითიმ ვლადიკავკაზის ოსების შეკრებაზე და, ცხადია, რუსეთის ხელდასხმით. ამ ტერიტორიაში ნაგულისხმებია მლეთის, ღუდის ტერიტორია და არაგვის ხეობის მარჯვენა მხარე. რაც შეეხება გორსა და მცხეთას, ოსებმა სამი წლის წინ კვლავ საჯაროდ გამოთქვეს პრეტენზია.
ცხინვალში გამოდის გაზეთი "რესპუბლიკა", რომლის წაკითხვა შეგზარავს. მაგალითად, სვეტიცხოველი ოსების აგებულად არის გამოცხადებული და "ოსთცხოველს" უწოდებენ, რამდენიმე წლის წინ 100 ქართული "ხელიხელ საგოგმანები" გვარი გამოაცხადეს ოსურად, მათ შორის გუდიაშვილები, მაისურაძეები, ლომიძეები და ა.შ. ცხადია, იმიტომ, რომ საომარ სიტუაციებში ოსმა ახალგაზრდებმა თავგანწირულად იბრძოლონ მათ საკუთრებად გამოცხადებული ჩვენი მიწა-წყლის მისატაცებლად.
ამ ყველაფერთან გამკლავება ძნელია. თუმცა არსებობს ორი საშუალება, რომლებიც ჩვენს თავდაცვას განამტკიცებს: პირველი - თრუსო საიმედოდ უნდა იყოს დაცული და მეორე (რასაც ოსები უკვე დიდი ხანია აკეთებენ) - უნდა ვთარგმნოთ და მსოფლიოს მივაწოდოთ დასაბუთებული სამეცნიერო ინფორმაცია ოსთა რეალური განსახლების შესახებ. კარგი იდეოლოგია ბევრ რამეს წყვეტს.