"პალიტრამედია" გაფრთხილებთ ანუ "ცრუდიმიტრი" ჩუმლაყიდან
24 თებერვალს "რუსთავი 2"-ის ეთერში (სანზონაში საპროტესტო აქციის შესახებ სიუჟეტი გადიოდა), ვინმე ალექსანდრე ახალმოსულიშვილი საუბრობდა და ტიტრებად ეწერა - "მედია პალიტრას" დამფუძნებელი".
ჯერ ვიფიქრე, რომ მომეჩვენა, მერე ჩავთვალე, რომ ტექნიკური შეცდომა იყო, თუმცა... დიახ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, "ცრუდიმიტრი" ნამდვილად არსებობს. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია "მედია პალიტრა" 2017 წელს მართლაც დაურეგისტრირებიათ ზემოხსენებულ ალექსანდრე ახალმოსულიშვილსა და ვინმე აკაკი მთივლიშვილს. ორგანიზაციის მისამართად მითითებულია გურჯაანის რაიონის სოფელი ჩუმლაყი, მე-3 ქ. #48.
სახელწოდება "პალიტრა" არის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი "კვირის პალიტრის" მიერ და მფლობელს აქვს უფლება მოითხოვოს ამ სახელწოდების გამოყენების აკრძალვა სხვა პირების მიერ. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალები კი არა, ამ ამბის მორალური მხარეა.
იქნებ არ იცოდნენ ზემოხსენებულმა პირებმა, რომ ჰოლდინგი "პალიტრამედია" უკვე 23 წელზე მეტია არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გავლენიანი და მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში?!
ჩვენი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ ახალმოსულიშვილს, რომელმაც თქვა - ციტატა (სტილი დაცულია): "ვთანამშრომლობდი თქვენს კომპანიასთან (რამდენიმე წლის წინ ახალმოსულიშვილი მართლაც თანამშრომლობდა "პალიტრამედიის" შემადგენლობაში შემავალ "მკურნალთან". - ავტ.) და ამის მერე წარმოიქმნა იდეა, რომ გვქონოდა სახელწოდება ზუსტად ისეთი... "თუმცა მოგვიანებით თქვა, ციტატა (სტილი დაცულია): "განაცხადი (იუსტიციის სახლში) შევიტანეთ სხვა სახელწოდებით, ის სახელწოდება იყო დაკავებული და მერე ოპერატორმა გვირჩია, რომ ეს სახელწოდება ("მედია პალიტრა". - ავტ.) არის თავისუფალი და დარეგისტრირდით ამ სახელწოდებით" - ციტატის დასასრული. მისივე განმარტებით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქველმოქმედებაა. სიტყვებზე არავის გამოვეკიდებით, მაგრამ თავად განსაჯეთ, როგორი "დამთხვევაა", რომ ახალმოსულიშვილი თანამშრომლობდა "პალიტრამედიასთან", გაუჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების იდეა და იუსტიციის სახლის ოპერატორმა ურჩია, რომ ორგანიზაციას მაინცდამაინც "მედია პალიტრა" დაარქვას. თქვენი მონა-მორჩილი რომ მივიდეს იუსტიციის სახლში და დაარეგისტრიროს არასამთავრობო ორგანიზაცია, ვთქვათ, "მერსედეს ბენცი" (დავუშვათ, ოპერატორმა მირჩია ასე) და შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბროს როგორც "მერსედეს ბენცის" დამფუძნებელმა, პირველ რიგში, რას იფიქრებთ?! სავარაუდოდ, იმას, რომ ეს ადამიანი არის პოტენციური თაღლითი ან სუპერგულუბრყვილო.
შესაბამისად, როდესაც ვინმე ახალმოსულიშვილი თავის ორგანიზაციას სიტყვასიტყვით არქმევს პოპულარული ბრენდის სახელს, ამას უკვე თავიდანვე ასდის ცუდი სუნი. დიახ, თავიდანვე ჩნდება ეჭვი, რომ ამ პლაგიატის მიზანი არის პოპულარული და მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის სახელწოდების გამოყენება სხვა მიზნებისთვის, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ქველმოქმედებასთან. შესაძლოა ეს იყოს ხრიკი და ვინმე ფიქრობდეს, რომ პოპულარული და სანდო სახელით "მედია პალიტრა" პირთა გარკვეული წრე (მაგ. საჯარო მოხელეები, ბიზნესმენები და ა.შ) შევა შეცდომაში და, მაგალითად, უფრო იოლი იქნება დაფინანსების მოძიება ან რაიმე შეღავათების მიღება. ან შესაძლოა ვინმე მიზნად ისახავს, რომ "მედია პალიტრის" სახელის მანიპულირებით რაიმე ზიანს მიაყენებს ჰოლდინგ "პალიტრამედიის" რეპუტაციას.
იმედი გვაქვს, რომ ალექსანდრე ახალმოსულიშვილი უახლოეს დღეებში შეუცვლის სახელწოდებას თავის არასამთავრობო ორგანიზაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული საფუძველი გვექნება ვთქვათ, რომ ჩვენი ზემოხსენებული ვარაუდები გამყარდა. ასევე, სრული საფუძველი გვექნება, მოვუწოდოთ ყველა ორგანიზაციას თუ მედიასაშუალებას, რომ არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონდეთ ალექსანდრე ახალმოსულიშვილთან. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამოქმედდება იურიდიული ბერკეტები სასაქონლო ნიშნის "პალიტრა" დასაცავად.
ცნობისთვის: ალექსანდრე ახალმოსულიშვილი არის კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის "მედია კომუნიკატორი" დამფუძნებელი. გარდა ამისა, "რუსთავი 2"-ის კიდევ ერთ სიუჟეტში ის საუბრობს, როგორც ორგანიზაცია "რეფორმების ცენტრის "(ზვიად კუპრავას არასამთავრობო) წევრი.
P.S. ახალმოსულიშვილის არასამთავრობოს გარდა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, კიდევ 25 ორგანიზაციაა, რომელთა დასახელებაში სიტყვა "პალიტრა" ფიგურირებს და მათგან 15-ს მხოლოდ და მხოლოდ "პალიტრა" ეწოდება. ეს კარგად მიუთითებს, თუ როგორ არის დაცული საქართველოში სასაქონლო ნიშანი. ჩვენ ამ თემას აუცილებლად გავაგრძელებთ და კითხვებს უკვე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დავუსვამთ.
ლევან რაზმაძე