"ვითხოვთ, სახელმწიფომ აღიაროს, რომ ის თვითმარქვიაა, სამეფო ოჯახის წევრიც არ არის, ყოფილი სიძეა"
"დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილი სიძეა და როგორ შეიძლება სამეფო სახლის სახელით ისარგებლოს?"
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ - სასამართლოში ქართული სამეფო სახლის მემკვიდრეობისთვის დავა იწყება. მოსარჩელე მხარე, ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალს. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კი სიმბოლურ თანხას - 1 ლარის გადახდას ითხოვს.
სამოქალაქო დავა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შორის ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ საქალაქო სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა. მოსარჩელე მხარემ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მეორე ინსტანციის სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ამ დავის განხილვა დაავალა. საქმეს მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობა, სამი მოსამართლე განიხილავს. სხდომაზე სპეციალისტების სტატუსით მიწვეულნი იქნებიან ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები - როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ მუხრანელი 2009 წლიდან 2016 წლამდე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მათ ერთი შვილი - ექვსი წლის უფლისწული გიორგი ჰყავთ. სამართლებრივი დავა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საერთაშორისო საზოგადოებაში თავი საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრედ წარმოაჩინა.
2017 წელს დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელიზაბეტ მეორეს ღირსების ორდენი გაუგზავნა, რასაც ბრიტანულ მედიაში სკანდალიც კი მოჰყვა. მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა დავით ბაგრატიონ-გრუზინსკის "კლოუნი პრინცი" უწოდა და აღნიშნა, რომ იგი საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრის სახელით არაკეთილსინდისიერად სარგებლობდა, რადგან ღირსების ორდენის გადაცემისთვის კონკრეტულ თანხას ითხოვდა.
მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანია "სამართლის გზის" ადვოკატი ლევან გორელაშვილი იცავს. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში გორელაშვილი განმარტავს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საერთაშორისო საზოგადოებაში სამეფო სახლის წარმომადგენლად თავს მხოლოდ იმ მიზნით ასაღებს, რომ ამით ფული იშოვნოს.
"ის სინამდვილეში არ წარმოადგენს ბაგრატიონ-მუხრანელთა იმ შტოს, რომელიც მართავდა ქვეყანას. ამას ყველა ისტორიკოსი დაგიდასტურებთ. რაც შეეხება ჩვენს სარჩელს, ვითხოვთ აღიკვეთოს სამეფო სახელის უნებართვოდ გამოყენება, ამ დავის თავისთავადობიდან გამომდინარე, კანონით ზუსტად ეს საკითხი არ არის დარეგულირებული, თუმცა სამოქალაქო კოდექსში არსებობს მე-17, მე-18, მე-19 მუხლები, რომლებიც კრძალავს სახელის უფლების გამოყენებას. სახელის უფლების დარღვევაა მეორე ადამიანთან თავის გაიგივება, მართალია, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ ამბობს, რომ ის არის ანა ბაგრატიონი, მაგრამ მის სტატუსს იყენებს არაკეთილსინდისიერად.
ამაზე გაჩუმება იქნება უდიდესი დანაშაული, როგორც საქართველოს მეფეების სულების წინაშე, რომელთა გარკვეული ნაწილი წმინდანებადაც არის შერაცხული, ისე პატარა უფლისწული გიორგის წინაშე. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ აღიაროს, რომ ის თვითმარქვიაა, ის სამეფო ოჯახის წევრიც არ არის, ყოფილი სიძეა და როგორ შეიძლება მან საქართველოს სამეფო სახლის სახელით ასე ისარგებლოს? ჯილდოები გასცეს?" - აღნიშნა ლევან გორელაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში. გაგრძელება