"56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა..."
"მისი ავადმყოფობის პერიოდში, მე თვითონაც ცუდად ვიყავი. მისი მოვლა არ შემეძლო, ჩვენი ქალიშვილები უვლიდნენ. როცა ოთახში შევდიოდი და სასთუმალთან დავუჯდებოდი, მიმეორებდა, - სულ მენატრები, სულ მენატრები..."
გიგა ლორთქიფანიძე და ქეთევან კიკნაძე - ამ არაჩვეულებრივმა წყვილმა ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იცხოვრა და დიდი წვლილი შეიტანა ქართული თეატრისა და კინოს წარმატებასა და ახალი სიმაღლეების მიღწევაში. სამწუხაროდ, ბატონი გიგა მეექვსე წელია გარდაიცვალა. ქალბატონი ქეთევანი მისი ცხოვრების თანამგზავრს და საკუთარი ბიოგრაფიიდან ეპიზოდებს იხსენებს.
56 წელი ერთად
- გიგა ნიჭიერი და ენამოსწრებული კაცი იყო, მეგობრებს ძალიან უყვარდათ. სხვათა შორის, როცა ცოლად გავყევი, არც ვიცოდი, რომ უკრავდა და მღეროდა. ის მოწონება და სიყვარული, რომელმაც მასთან შემაუღლა, სულ უფრო ძლიერდებოდა, როცა ვხედავდი, როგორ ილხენდა მეგობრებში, რა მშვენივრად უკრავდა და მღეროდა. ამ დროს ყველა ძალიან ბედნიერი იყო მის გვერდით. მისი ავადმყოფობის პერიოდში, მე თვითონაც ცუდად ვიყავი. მენინგიტი შემხვდა და დიდხანს ვიავადმყოფე. მისი მოვლა არ შემეძლო, ჩვენი ქალიშვილები უვლიდნენ. როცა ოთახში შევდიოდი და სასთუმალთან დავუჯდებოდი, მიმეორებდა, - სულ მენატრები, სულ მენატრები...
ლექსების წერა 68 წლის ასაკში დავიწყე. ერთხელ, გიგამ გვერდზე ჩამიარა და მომაძახა: წერე, წერე, ჩემო ნესტორ, მტერს დაასვი ნესტარიო, თუ პოეტი ვერ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლიო... უჩემოდ არსად წავიდოდა. სახლში დაღლილი მოვიდოდა, ხუთ წუთს დაისვენებდა და მერე მეტყოდა, - ახლა, აქა და აქ მივდივართო. მე კი სახლში საქმიანობით ვიღლებოდი და ვეუბნებოდი, - არ შემიძლია, დაღლილი ვარ, შენ წადი-მეთქი. როგორ შეეძლო ამდენი? ერთადერთი იმას ვნანობ, რომ ოქროს ქორწილი ვერ გადავიხადეთ, ჯანმრთელობამ გვიღალატა. არადა, 56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა.
ქართულად გინება
- გიგა და საოცრად კარგი მწერალი, ასევე დრამატურგი ოთარ მამფორია მეგობრობდნენ. მისი პიესა "მეტეხის ჩრდილში" გიგამ რუსთაველის თეატრში დადგა და სერგო ზაქარიაძე ძია შაქროს თამაშობდა. რეპეტიციის დროს, გიგამ ერთ მსახიობს შენიშვნა მისცა. ამ დროს გაისმა ოთარ მამფორიას ხმა, - არა, არა, იქნებ ასე გაკეთდეს... გიგა მიტრიალდა და ოთარი პარტერიდან გააძევა. ისიც გაბუსხული გავიდა. რუსთაველზე ვიღაც ნაცნობი შეხვდა და ჰკითხა: გიგა რეპეტიციებს მართლა რუსულად ატარებსო? - კი, რეპეტიციებს რუსულად ატარებს, მაგრამ დედას ქართულად იგინებაო.
გაცოცხლდა...
- გიგამ სპექტაკლი დადგა ბათუმში. პრემიერამ არნახული წარმატებით ჩაიარა. თუმცა, სპექტაკლის გამოსვლამდე ინციდენტი მოხდა, სცენის მემანქანე ომარ ანდრონიკაშვილი სადღაც დაიკარგა. ყველა ძალიან ღელავდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, გიგას მდგომარეობა, რა დღეში იქნებოდა. როგორც შემეძლო ვამშვიდებდი, თან ომარს ვეძებდი, ყველას ვეკითხებოდი, თვალი ხომ არსად მოგიკრავთ-მეთქი? მეოთხე დღეს, სასტუმროდან რომ გამოვედი, კარში შემეჩეხა, - ომარ, სადა ხარ, სად დაიკარგე? პრემიერა კარზეა მომდგარი-მეთქი. მიამბო უცნაური რამ: - მამიდა გარდამეცვალა და საცოდავი, სოფელში წავიყვანეთ. ის იყო, ტახტზე დავასვენეთ, რომ ყბაახვეულმა უცებ დაილაპარაკა, - ვინ იყო, აი შეჩვენებული მძღოლი, ამ გზაზე რომ მიმადრიგინებდაო? სასწრაფოდ ლოგინში ჩავაწვინეთ, მერე მითხრა, - ომარა, ბიჭო! კანფეტი არა გაქვსო? გავიქეცი და მოვუტანე. ერთი სიტყვით, ასე გაცოცხლდაო... ეს ყველაფერი გიგას ვუამბე. იქ მსახიობებიც იყვნენ. გიგა ჩაფიქრებული ისმენდა. - იცი, ახლა რაზე ვფიქრობ? იქნებ იმ გზაზე ლენინი გაგვეტარებინა, ეგება გაცოცხლებულიყოო...
ახსნა-განმარტებები
- ჩემი ნინო სულ პატარა იყო, როდესაც გიგამ ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს" დადგა, სადაც ხატიას ვთამაშობდი. დილის წარმოდგენა გვქონდა და თეატრში წავედი. ბავშვმა რომ დამინახა სცენაზე ბრმა ვიყავი, ტირილი დაიწყო, რატომ ვერ ხედავს დედაჩემიო? ძლივს დავაწყნარე, დედიკო, ეს ვითომ-ვითომ არის-მეთქი. მიყურებდა და მიხუტებდა გულამოვარდნილი. მეორე შემთხვევა მქონდა სპექტაკლში "უფსკრულთან", იქ ჩემს ძმას ვეხვეოდი. სპექტაკლზე ნანა, ჩემი შუათანა შვილი წავიყვანე, 5 წლის იყო მაშინ. სახლში რომ დავბრუნდით, შევატყვე, ბავშვი გუნებაზე არ იყო. ოთახში ნათურა გადაგვეწვა, მაგიდაზე სკამი დავდგი, ზედ შევდექი და ნათურა მოვხსენი. ნანას გავძახე, ეგ ახალი ნათურა მომაწოდე-მეთქი. ბავშვმა ნათურა უხასიათოდ გამომიწოდა. ძირს რომ ჩამოვედი, ვეკითხები, ხომ არაფერი გაწუხებს-მეთქი? მიპასუხა: - შენ დედიკო ხარ და უნდა იცოდე, სხვისი კაბების ჩაცმას თავი დაანებე და სხვა კაცს ნუ ეხუტებიო. ახლა, მასთან დამჭირდა ახსნა-განმარტებები. გიგას ვუამბე და მითხრა, მამასავით ეჭვიანი იქნებაო.
ინკასატორი
- კომუნისტების დროა. გამათბობელი ჩავრთე და მრიცხველმა დაიწყო უსაშველოდ ბრუნვა. მეგობარს შევჩივლე, რომელმაც მასწავლა, მრიცხველს კინოფირი უნდა გაუყაროო. სტუდიიდან მოვიტანე ფირი. როდესაც გიგამ დაიძინა, ჩუმად მივხურე დერეფნის კარი, დავიდგი სკამი და დავიწყე "ჩალიჩი". მრიცხველი არ გაჩერდა, სანამ თითქმის ორი მეტრი არ შევაძვრინე, მერე ფირი გადავჭერი და მისი ბოლო დამეკარგა. რა უნდა მექნა, არ ვიცოდი. მეორე დღეს ჩემი ქალიშვილი გავაფრთხილე: კარი არ გაუღო ინკასატორს, ვითომ პატარა ბავშვი ხარ, წვრილი ხმით უთხარი, კარს ვერ გაგიღებ-თქო. მართლაც ასე მოხდა.
ერთ დღესაც სახლში არავინ იყო. გიგა ადრე მისულა და გამოჩნდა ინკასატორიც. რასაკვირველია, გიგამ კარი გააღო. ინკასატორს შეუხედავს, რომ მრიცხველი არ ტრიალებს და სკამი მოუთხოვია. გიგა გაკვირვებული იყო, ისიც კი არ იცოდა მრიცხველს საით უნდა ეტრიალა. ინკასატორმა ფირის გამოღება დაიწყო: ბატონო გიგა, რა ამბავია, მთელი "დათა თუთაშხია" აქ მოგითავსებიათო. გიგამ ვერაფერი გაიგო: არ ვიცი, გენაცვალე, ჩემი მეუღლე რომ იქნება, მაშინ მოდითო. საშინლად შევწუხდი, როცა ეს ამბავი გავიგე. ერთ დღესაც ინკასატორს კარი გავუღე, მას გაეცინა და მითხრა, ერთხელ გაპატიებთო. გადავრჩი და ასეთი საქციელი აღარ ჩამიდენია.
შეხვედრა
- გიგას ედუარდ შევარდნაძის ნახვა უნდოდა. ერთხელ შემთხვევით გადაეყარა შევარდნაძეს და შეხვედრის თაობაზე ესაუბრა. ედუარდმა უთხრა: გიგა, პეტრე მამრაძეს დაუკავშირდი და ის მოაწყობს ამ შეხვედრასო. გიგა არაერთხელ ეცადა პეტრეს დაჰკავშირებოდა, მაგრამ ამაოდ. მერე მობეზრდა და თავი დაანება, აღარ უცდია დარეკვა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ედუარდმა და გიგამ ისევ შემთხვევით ნახეს ერთმანეთი. ედუარდმა ჰკითხა: გიგა, შენ რომ ჩემი ნახვა გინდოდა, რატომ არ მოხვედიო? გიგამ უპასუხა, - ბატონო ედუარდ, პეტრე მამრაძე მაპოვნინეთ, მეტი არაფერი მინდაო.
ბუმბერაზი მსახიობი
- ყველა დიდი მსახიობის პარტნიორი ვყოფილვარ: ვერიკო, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე... მეოთხე კურსზე ჩემი მეტყველების პედაგოგი სერგო ზაქარიაძე იყო. როდესაც ინდივიდუალურ გაკვეთილზე შევდიოდი, დაბნეული შევყურებდი ამ ბუმბერაზ მსახიობს. როდესაც მარჯანიშვილის თეატრში მივედი, ბატონი სერგო უკვე რუსთაველის თეატრში იყო გადასული. მას მოგვიანებით შევხვდი ფილმის "შეხვედრა წარსულთან" გადასაღებ მოედანზე და უბედნიერესი ვიყავი. მისგან უნდა გესწავლა როლზე მუშაობა. დილით მთელი ჯგუფი ერთად გადიოდა. ის ყოველთვის განმარტოებით იდგა და ფიქრობდა როლზე. ის იყო საოცრად ენერგიული, განსაკუთრებული.
გიგა ჰყვებოდა, როცა ის - 25 წლის ბიჭი თეატრში მივიდა, დიდ მსახიობებთან მოუხდა მუშაობა. ერთხელ ბატონ სერგოს მისთვის ჩუმად უთქვამს, - მე ხვალ დავიგვიანებ და როდესაც რეპეტიციაზე შემოვალ, შენიშვნა მომეცით, რატომ იგვიანებთო? მეორე დღეს, როდესაც ბატონი სერგო რეპეტიციაზე დაგვიანებით მივიდა, გიგამ თავს ძალა დაატანა და უთხრა: ბატონო სერგო, რატომ იგვიანებთ? მან კი მიუგო: ბატონო გიგა, ეს აღარ განმეორდებაო. ბატონი სერგოს წყალობით, ასე მოიპოვა გიგამ ავტორიტეტი უხუცეს მსახიობებთან.
"საღოლ გიგა"
- ჭაბუა ამირეჯიბის შედევრი "დათა თუთაშხია" მე და გიგამ გაგრაში, ზღვის სანაპიროზე წავიკითხეთ. თვითონ რომ წაიკითხავდა, შემდეგ მე გადმომაწოდებდა ხოლმე. ჩამოვედით თბილისში. ერთ დილას ჩაის ვსვამდით, როცა მითხრა, - რომ იცოდე, რა ფილმი გამოვა ამ ნაწარმოებისგანო. - მერე, შენც გადაიღე-მეთქი! - რა, ახალი ცხოვრება დავიწყოო? - დიახაც, უნდა დაიწყო-მეთქი. გიგა და ჭაბუა კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. თავიდან ჭაბუა ფილმის გადაღებას ცოტა სკეპტიკურად უყურებდა. ეშინოდა, შეძლებდა თუ არა გიგა წიგნის სადარი ფილმის გადაღებას. სადგურის სცენა, სადაც დათა და მუშნი დაინახავენ ერთმანეთს, წიგნში აღწერილი არ არის, თავიდან ბოლომდე იმპროვიზაციით გადაიღეს. ჯერ კიდევ დაულაგებელ მასალას ჩაბნელებულ დარბაზში უყურებდნენ, როცა ჭაბუა ჩუმად შემოსულა და უკან დამჯდარა. სინათლე რომ აინთო, დავინახეთ, ტიროდა, - საღოლ გიგა, საღოლ! - დაუძახა კმაყოფილმა ჭაბუამ.
ამ ფილმით მთელი საქართველო მოვიარეთ. ყველგან დიდი სიყვარულით გვხვდებოდნენ, გვიძღვნიდნენ ლექსებს, მაგრამ განსაკუთრებით სამეგრელოში შემოგვხაროდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე ცრემლმომდგარმა ქალმა შემომჩივლა, - რაღა იმ დღეს გადენე ის ინდაურებიო... რამხელა გულუბრყვილობა და სითბო იგრძნობოდა მის სიტყვებში.
ჭაბუას დაბადების დღეს, 18 ნოემბერს, თითქმის ყოველთვის მივდიოდით მასთან. ერთ-ერთ საღამოზე ბეჩუნის ტანსაცმელში გამოწყობილმა, საჩუქრად ინდაური წავუღე და ვუთხარი, - ინდაურები გავრეკე, ერთი კი დავიტოვე-მეთქი. ამაზე ბევრი იცინა. ნოემბერში ნაჩუქარი ინდაური ახალ წლამდე შეინახა... "ჩემი ბეჩუნი", - ასე მომმართავდა ხოლმე. გიგას გარდაცვალების გამო ისეთი ტრავმირებული ვიყავი, მასთან აღარ მივსულვარ და ახლა ამას ძალიან ვნანობ.
იხილე ასევე: "მამამ რომ შემოიხედა, თქვა, მე აქ ფეხის შემომდგმელი არ ვარო"
ნანული ზოტიკიშვილი ჟურნალი "გზა"