"აკაკიმ მომცა ლექსი "სულიკო", - "შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო" - უკვდავი ჰანგის ავტორის მოგონებები და ტკივილიანი ცხოვრება
"ერთ მშვენიერ დღეს გიტარის აკომპანემენტზე სრულიად მოულოდნელად ჩამოყალიბდა "სულიკოს" მელოდია"
სიმღერა "სულიკო" ქართველთა სავიზიტო ბარათია. არსებობს სიმღერის უამრავი ვერსია, მათ შორის არა მხოლოდ ქართული, არამედ პოლონური, ინგლისური, გერმანული, ჩინური, ფრანგული და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელისაბედ ზარდიაშვილი "სულიკოსა" და მის ავტორებთან დაკავშირებულ ამბებზე გვესაუბრება:
- "სულიკოს" კომპოზიტორი, ვარინკა წერეთელი, ტექსტის ავტორ აკაკი წერეთელს რძლად ეკუთვნოდა. ვარინკა "ჩემს ხსოვნაში" რომელიც "ლიტერატურის მატიანეში" 1942 წელს არის დაბეჭდილი, წერს: "აკაკიმ მომცა ლექსი "სულიკო" და მითხრა:"შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო... ლექსის მომხიბლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალური სახე აღძრა. ერთ მშვენიერ დღეს ბაფთიანი გიტარის აკომპანემენტზე სრულიად მოულოდნელად ჩამოყალიბდა "სულიკოს" მელოდია.
როდესაც აკაკიმ ეს მელოდია პირველად გაიგონა, დიდად ნასიამოვნები დარჩა. მამღერა მრავალჯერ, შემდეგ თავისი სურათი მაჩუქა წარწერით: "ჩემს საყვარელ ბულბულს - "სულიკო" ვარინკას აკაკისაგან".
ვარინკა წერეთლის მოგონებიდან: "საჩხერეში ყოფნის დროს აკაკი ძალიან ავად გამხდარა. ამბის გაგებისთანავე მისი სახლისკენ გავეშურე. იმ დღეს აკაკის სანახავად ჩამოვიდა საზოგადო მოღვაწეების მთელი ჯგუფი. კარებშივე შემომეგებნენ ვანო მაჩაბელი და მისი მეუღლე ტასო, რომელმაც მაშინვე თქვა, აბა, ჩქარა, გიტარა მოიტანეთ, მხოლოდ ვარინკას სიმღერა მოარჩენს აკაკისო. ფეხაკრეფით შევედით აკაკის ოთახში. ის თვალდახუჭული იწვა. ერთ გვერდზე მე დავუჯექი, მეორეზე ტასო... მე ჩუმად დავიწყე სიმღერა. პირველად ვუმღერე მისი საყვარელი "სანამ ვიყავ ახალგაზრდა", შემდეგ ამას სხვა სიმღერა მივაყოლე, ვმღეროდი კრინით, დაბალი ხმით, რომ დიდი მგოსანი არ შემეწუხებინა. ცოტა ხნის შემდეგ აკაკი გადმობრუნდა, თავისი დიდი თვალები შემოგვანათა და ირგვლივ რომ თავისი მეგობრები დაინახა, გაიღიმა... ვანომ იხუმრა, აკი ვთქვი, ვარინკას სიმღერა მოარჩენს-მეთქი. იმ დღეს აკაკისას დიდი ლხინი გაიმართა".
მოგვიანებით მგოსანს დაუწერია ლექსი "რამ მომარჩინა", რომელიც ვარინკას მიუძღვნა.
ვარინკა წერეთელს არაჩვეულებრივი სიმღერები აქვს შექმნილი აკაკის სხვა ლექსებზეც: "სანამ ვიყავ ახალგაზრდა", "რომ იცოდე ჩემი გულის დარდები".
- "სულიკოზე" რამეს იხსენებდა აკაკი? - მგოსნის შედევრებს ცენზურა მალავდა, რადგან მწვავე იყო, პოლიტიკური ხასიათის. ვფიქრობ, მგოსანმა "სულიკო" რომ დაწერა და პირდაპირ ვარინკას მისცა, ისიც გათვალა, რომ ლექსს აღარ დასჭირდებოდა ცენზურა, ვარინკა ყველგან იმღერებდა "სულიკოს".
"სულიკოს" ყველა ხალხურ სიმღერად ასაღებდა
ლექსი "სულიკო" პირველად 1895 წლის 9 ივლისს დაიბეჭდა ჟურნალ "კვალში". 1900 წელს კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა "სულიკოს" მელოდია ნოტებზე გადაიტანა ფორტეპიანოზე შესასრულებლად. 1905 წელს "სულიკო" პირველად შესრულდა ქუთაისის სახალხო თეატრში, 1937 წელს კი მოსკოვში ჩატარდა საქართველოს კულტურის დღეები, რომელსაც დიდი ბელადი დაესწრო. ქალთა ანსამბლმა შეასრულა "სულიკო", რომელიც ხალხურ სიმღერად გამოცხადდა. მას შემდეგ""სულიკოს" ყველა ხალხურ სიმღერად "ასაღებდა. ამ აღმაშფოთებელ ფაქტს თავად ვარინკა წერეთელმა მიხედა, ხელისუფლებას მოსთხოვა საავტორო უფლებების აღდგენა და დასტურიც მიიღო. 1938 წელს""სულიკოს" მელოდიის ავტორად ვარინკა წერეთელი დადგინდა.
ვარინკა წერეთელი "სულიკოს" ჰანგის თანხლებით დაკრძალეს
ვარინკა-ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლისა 1874 წელს სოფელ ცხრაწყაროში, გენერალ სპირიდონ მაჭავარიანის ოჯახში დაიბადა. განათლება ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო. მუსიკას ლოტბარ ფილიმონ ქორიძის მეუღლე, მუსიკოსი ზინაიდა ვორობეცი ასწავლიდა. აკაკი წერეთელს მაშინ დაუახლოვდა, როდესაც სერგო წერეთლის მეუღლე გახდა.
წლების განმავლობაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო. ვარინკა წერეთლის ხმა და სიმღერა ვანო მაჩაბელსაც ძალიან მოსწონდა. დიდი ილიაც არაერთხელ დამტკბარა ვარინკას სიმღერით. ვარინკას პირობაც ჰქონია მიცემული ილიასთვის,"სულ მალე თქვენს ლექსსაც ავამღერებო, მაგრამ ხალისი დაკარგა, რომ დაპირება შეესრულებინა. ადრე დაქვრივება მწარედ განიცადა, მაგრამ ერთადერთი ვაჟის გარდაცვალება, რომელიც საფრანგეთში იღებდა უმაღლეს განათლებას, მისთვის ძალიან დიდი დარტყმა აღმოჩნდა. 7 წლის განმავლობაში ვარინკა ბნელი ოთახიდან არ გამოსულა.
ვარინკა წერეთელი 1948 წელს 74 წლისა გარდაიცვალა. ის "სულიკოს" ჰანგის თანხლებით დაკრძალეს.