"ამერიკიდან დავურეკე, ჩამოდი, ხელი მოვაწეროთ-მეთქი" - როგორ გაიცნო ზაზა ფაჩულიამ მომავალი მეუღლე
- 10 წლის წინათ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ერთ წელიწადში ჩემი მეუღლე გახდა - თიკა ალავიძე. იგი გმირია იმიტომ, რომ სამი შვილი მაჩუქა; გმირია იმიტომ, რომ მე მიძლებს; გმირია იმიტომ, რომ მეოთხე შვილი უნდა გამიჩინოს, ამიტომაც ვერ ჩამოვიდა ამერიკიდან. იგი ბოლომდე მიგებს, ასეთ სიტუაციაშიც ესმის, რომ საქართველოს ვჭირდები, ნაკრებს უნდა დავეხმარო ევროპის ჩემპიონატზე, - ეს სიტყვები ზაზა ფაჩულიამ 2017 წელს თქვა. ფაჩულიებს უკვე ოთხი შვილი ჰყავთ, ხოლო როგორ დაიწყო ზაზას და თიკას "ლავსთორი" ამას ქვემოთ წაიკითხავთ.
ზაზა: - როდესაც ცხოვრების უმეტეს ნაწილს უცხოეთში ატარებ, ყოველთვის გენატრება ქართული კულტურა და ტრადიციები, ყველაფერი რაც საქართველოს უკავშირდება. ერთ დღესაც მეგობარმა კონცერტზე დამპატიჟა. დაუფიქრებლად დავთანხმდი.
თიკა: - ანსამბლ "სუხიშვილებში" ვცეკვავდი. მახსოვს მცხეთაში გვქონდა კონცერტი, რომელსაც ზაზაც დაესწრო. აღმოჩნდა, რომ გვყავდა საერთო მეგობარი...
ზაზა: - იგი იცნობდა ანსამბლის რამდენიმე წევრს. კონცერტის დროს ხშირად ახსენებდა თიკას, ამბობდა ძალიან კარგი და ნიჭიერი მოცეკვავეაო.
თიკა: - საერთო მეგობარმა მითხრა ზაზას შენი გაცნობა უნდაო და კულისებში შემოიყვანა. ეს იყო ჩემი და ზაზას პირველი შეხვედრა.
ზაზა: - დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთთან ტელეფონით და ინტერნეტით გვქონდა კავშირი. ჩემთვის ეს პერიოდი ძალიან რთული იყო. უზომოდ მენატრებოდა.
თიკა: - ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ პერიოდის მანძილზე მას იშვიათად ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ერთ დღესაც...
ზაზა: - ამერიკიდან დავურეკე და ვუთხარი: ჩამოდი, ხელი მოვაწეროთ-მეთქი.
თიკა: - დაურეკა მამაჩემსაც და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა.
ზაზა: - ვინაიდან უკვე ოჯახის შექმნაზე იყო ლაპარაკი, ძალიან მინდოდა, ეს ყველაფერი ქართულად გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ქართული ტრადიციის შესაბამისად ვერ შევძელი და ასე მოგვიწია შეუღლება. გაგრძელება