"მილიონერები მათხოვრებად იქცნენ, ოჯახი და ცოლ-შვილი დააქციეს" - რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები აზარტულ თამაშებზე და თვითონ თუ უთამაშიათ?
აზარტულ თამაშებში ყოველდღიურად უამრავი ადამიანია ჩართული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, რომელსაც ერთეულებისთვის სიმდიდრე და ფუფუნება მოაქვს, უმეტესობისთვის კი - შიმშილი და სიღატაკე. მარტო 2016 წელს, საქართველოში ამ ბიზნესის ბრუნვამ 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა - მისი მოგება ორჯერ მეტი იყო, ვიდრე კომერციული ბანკებისა... ცხადია, ეს თანხა ჩვენი მოსახლეობის ჯიბეს მოაკლდა.
ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები აზარტულ თამაშებზე, თვითონ თუ უთამაშიათ და თუ არიან აზარტულები.
"აზარტული საერთოდ არა ვარ"
ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:
- აზარტული საერთოდ არ ვარ. მხოლოდ ლატარიის ბილეთები მიყიდია, მაგრამ ჯერ არაფერი მომიგია. დღეს საქართველოში ტოტალიზატორების ბუმია, მაგრამ იქაც არ შევდივარ - მგონია, რომ ტოტალიზატორში თამაშს გამოცდილება და იღბალი სჭირდება. ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მაგრამ ტოტალიზატორის გარეშე... რატომ ეჩვევიან ადამიანები აზარტულ თამაშებს? - ჩემი აზრით, ეს მარტო ხასიათის ბრალი არ არის ან როგორ შეიძლება მოსახლეობის ამხელა პროცენტი აზარტული იყოს? ალბათ იმიტომ თამაშობენ, რომ საქმე არა აქვთ, სამსახური არა აქვთ, არ სწავლობენ და ბევრი თავისუფალი დრო აქვთ. ასეთ დროს ადამიანი, მით უმეტეს, მოზარდი ფიქრობს, რომ თამაში ყველაზე იოლი გზაა ფულის საპოვნელად. როდესაც ადამიანი პურის ფულს თავისი შრომითა და ოფლით შოულობს, მისი უაზროდ დახარჯვა ენანება, ამიტომ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა დაკავებული იყოს. ჩემი აზრით, 35-40 წლის ზრდასრული კაცები რომ თამაშობენ, ეს უფრო მძიმე შემთხვევაა, ასეთი კაცი ვერც ოჯახს შეინარჩუნებს და ვერც ნორმალურ ურთიერთობას.
"ტოტალიზატორში გასართობად ვთამაშობ ხოლმე"
შოთიკო ნოზაძე, მსახიობი: - მოთამაშე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არ დაგიმალავთ - გართობის მიზნით მითამაშია. 300-400 ლარზე მეტი არასოდეს მომიგია. ფეხბურთი გამორჩეულად მიყვარს, "იუვენტუსი" ჩემი რჩეული გუნდია და მის თამაშს ყოველთვის ვუყურებ. ჩემი დამოკიდებულება თამაშის მიმართ ასეთია: ზოგჯერ გართობის მიზნით შეიძლება ითამაშო, მაგრამ სახლი და ქონება ჩადო და მერე ყველაფერი წააგო - მსგავსი რამ არ მესმის. ზოგი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ხდება და ვერ აცნობიერებს, რამხელა რისკზე მიდის. საბედნიეროდ, მე ამ საკითხში ძალიან ფრთხილი ვარ. ტოტალიზატორშიც მაშინ ვთამაშობ, როცა მინდა ფეხბურთის ყურება უფრო სასიამოვნო გახდეს. ზოგიერთისთვის თამაში შემოსავლის წყაროა, ეს ხალხი არსად მუშაობს და აზარტული თამაშებით ცხოვრობს.
"მითამაშია და ვიცი, ეს რა საშინელებაა!"
თეა დარჩია, მოცეკვავე:
- ძალიან ბევრ ოჯახს ვიცნობ, რომელიც აზარტულმა თამაშებმა დაღუპა. სხვათა შორის, მეც მითამაშია და საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ეს რა საშინელებაა. არაფერი კარგი ამას არ მოაქვს. რაღაც თანხა კი მომიგია, მაგრამ აზარტულ თამაშებს იმდენი დრო, ძალა და ენერგია მიაქვს, რომ ამის ფონზე მოგება საერთოდ არ ღირს. მიმაჩნია, რომ აზარტულობა კარგი თვისებაა: რაღაცის ინტერესი და აზარტი რომ არ მქონდეს, შეიძლება დილით არც ავდგე და არაფერი გავაკეთო. აზარტი შეიძლება გქონდეს სიკეთის კეთებისა, პროფესიული ზრდის, წარმატების მიღწევის და ა.შ... ჯანმრთელი აზარტი და ამბიცია სულ სხვა რამეა, თამაშის სიყვარული - სხვა.
"ღმერთმა დამიფარა და ჩემს ოჯახს ამ უბედურებამ გვერდზე ჩაუარა!"
ქეთი დოლიძე, რეჟისორი:
- აზარტული თამაშების სიყვარული დიდი უბედურებაა, რომელსაც ფსიქოლოგები ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმზე უფრო მძიმე დაავადებად მიიჩნევენ. ამერიკაში ამ დაავადებას "გემბლინგი" უწოდეს. დადგენილია, რომ მას ვერაფრით შველიან და უამრავი ადამიანი ამის გამო ცხოვრებას ინადგურებს. რუსეთუმეობას ნუ დამაბრალებთ, მაგრამ რუსები კარგად მოიქცნენ, კაზინოები რომ აკრძალეს. აქ კი, რამდენი წელია, ამაოდ ველოდებით, რომ საპატრიარქოს გვერდზე არსებულ კაზინოს აიღებენ... კაზინოები ამერიკის ქალაქებშიც არ არის, ამისთვის სპეციალურად შექმნეს ლას-ვეგასი, რომელიც ჯოჯოხეთის სავანეა: იქ ადამიანები მიდიან, სახლდებიან და თავიანთ სიცოცხლეს უბედურებით ამთავრებენ. ამ ჭაობში ადამიანი ერთხელ ფეხს რომ შედგამს, მერე დაღუპულია.
ვიცნობ ერთ "სტაჟიან" მოთამაშეს, რომელმაც ყველაფერი გაყიდა და ახლა სოროში ცხოვრობს. ოჯახი დაენგრა, ყველაფერი გაყიდა, რაც ებადა, მაგრამ თამაშს თავი მაინც ვერ დაანება. ღმერთმა დამიფარა, რომ ჩემს ოჯახს და ახლობლებს ამ უბედურებამ გვერდზე ჩაუარა!
"ტოტალიზატორები საერთოდ უნდა გაუქმდეს"
ბესო ბერულაშვილი, იუმორისტი:
- კარგა ხანია სტიქაროსანი ვარ და ასეთ ამბებში აღარ ვერევი, თუმცა ადრე ტოტალიზატორშიც შევსულვარ, ერთხელ კი კაზინოში, სრულიად შემთხვევით, 2 ათასი დოლარი მოვიგე. ნასვამი ვიყავი, თორემ ფხიზელს იქ რა შემიყვანდა? ბუნებით აზარტული ვარ და ფეხბურთიც ძალიან მიყვარს. ჩემი შვილიშვილი ფეხბურთს თამაშობს და შემიძლია, დილიდან საღამომდე ვუყურო. მთავარია, ადამიანს აზარტული თამაში ჩვევად არ ექცეს, რადგან ეს საშიში სენია. ნარკომანს უფრო იოლად განკურნავ, ვიდრე მოთამაშეს. ჩემი აზრით, კაზინოები უნდა დაიხუროს, ტოტალიზატორები კი საერთოდ უნდა გაუქმდეს, რომ ადამიანმა ნამდვილი ფეხბურთი ნახოს. წინასწარ აქვთ მატჩები წაგებული და ისე თამაშობენ - ეს ნამდვილი სპორტი არ არის.
"ჩემი რამდენიმე მეგობარი თამაშს გადაჰყვა"
კახა გოგიძე, მსახიობი:
- არა ვარ აზარტული, ბანქოს თამაშიც არ მიყვარს, არც ტოტალიზატორები მხიბლავს, მაგრამ მათ აკრძალვას არ ვემხრობი. თუ გვინდა, თავისუფალი ქვეყანა ავაშენოთ, ეს ბიზნესიც თავისუფალი უნდა იყოს და ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ითამაშოს თუ არა. აკრძალვით საქმეს ვერ ვუშველით. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ონლაინთამაშებზე მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს, რომ ბავშვებმა ვეღარ ითამაშონ. ზრდასრულმა ადამიანმა კი დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, ითამაშოს, წააგოს, მოიგოს თუ რა გააკეთოს. ჩემთვის ნებისმიერი შეზღუდვა მიუღებელია. მე თვითონ, აზარტული თამაშებისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ, თორემ ვითამაშებდი. სხვათა შორის, ჩემი რამდენიმე მეგობარი თამაშს გადაჰყვა: ყველაფერი წააგეს, გაღარიბდნენ, გალოთდნენ და ამ ქვეყნიდან ნაადრევად წავიდნენ, მაგრამ აკრძალვების მომხრე მაინც არა ვარ. ყველა ადამიანმა თვითონ უნდა აუკრძალოს საკუთარ თავს ის, რაც დამღუპველია.
"ყველა მაგარ მოთამაშეს კაზინოებში არ უშვებენ"
გივი სიხარულიძე, მწერალი:
- აზარტულმა თამაშებმა ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობარი დაღუპა: მილიონერები მათხოვრებად იქცნენ, ოჯახი და ცოლ-შვილი დააქციეს და ნაადრევად დაიხოცნენ. მე ბევრ კაზინოში ვარ ნამყოფი, მაგრამ იქიდან მოგებული არასდროს გამოვსულვარ, არც მინდა გამოვიდე, რადგან ვინც მოიგებს, მერე აზარტში შედის, თამაშს იწყებს და საბოლოოდ მაინც წაგებული რჩება. კაზინო იმისთვის არის შექმნილი, რომ დაგაქციოს. თუ ვინმე ძალიან მაგარი მოთამაშეა, აღრიცხვაზე ჰყავთ აყვანილი, ასეთებს კაზინოებში საერთოდ არ უშვებენ. სამაგიეროდ, არიფებს "ოქროს ბარათები" დაურიგეს. ისინი არიან მათთვის ყველაზე სასურველი სტუმრები. კაზინოები ყველა ნორმალურ ქვეყანაში აკრძალულია, ჩვენთან კი, შეიძლება მალე სკოლებიც კაზინოებად გადააკეთონ - ეს არის უბედურება, მე კი არ მინდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა უბედური იყოს. ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება მსურს!
ხათუნა ჩიგოგიძე ჟურნალი "გზა"