"როგორ მიყვარხარ და ზოგჯერ, რა უბედურების ეჭვები ამეკვიატება ხოლმე. როგორ მინდა, რომ არ მოგწყინდე..."
"გეყვარები თუ არა ბოლომდე, იქამდე, სადაც ჩემი დასასრულია"...
მხოლოდ თეონა ქუმსიაშვილისა და გელა დაიაურის უახლოესმა ადამიანებმა იციან, როგორ განიცდიდა თეონა მეუღლესთან განშორებას, როგორ უყვარდა და როგორ ენატრებოდა, როდესაც ქორწინებიდან ძალიან მალე, წყვილს ერთმანეთისგან შორს მოუწია ყოფნამ. გელა მაშინ შატილში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, თეონა კი ფეხმძიმედ იყო და გართულებების თავიდან ასაცილებლად ამჯობინეს, თბილისში დარჩენილიყო. დრო შემოდგომიდან ზაფხულამდე უსაშველოდ ძნელი და ტკივილით სავსე აღმოჩნდა ორივესთვის... გელა დღემდე ინახავს წერილებს, რომლებსაც ბარში დარჩენილი თეონა სწერდა, რომლებიდანაც საოცრად დიდი სიყვარული და მონატრება იგრძნობა. ამ წერილებს მკითხველი პირველად გაეცნობა ჟურნალ "გზის" საშუალებით.
"...შენმა ერთმა ლექსმა ისევ ამიჩუყა გული, კუნწ... მაინც რა ვარ ასეთი? როგორ მიყვარხარ და ზოგჯერ, რა უბედურების ეჭვები ამეკვიატება ხოლმე. როგორ მინდა, რომ არ მოგწყინდე..."
*** "შენი ბარათები მასულდგმულებს და მაძლებინებს. თავს შენც გაუფრთხილდი. არ დაგავიწყდეს, გელოდები და უზომოდ მიყვარხარ! გკოცნი, ჩემო ერთადერთო. მეც უკვე ძალიან მიჭირს უშენოდ. ფეხით წამოსვლაზე არც იფიქრო, კუნწულ. მენატრები, მაგრამ ცოტა ხანსაც გავძლებ. საერთოდ ვეღარ ვმღერი - თითქოს არც არასდროს მიმღერია. ძნელია თურმე უშენობა, მე კიდევ არა მიშავს, მაგრამ ჩვენი პატარა... კარგია, რომ მეგობრები გსტუმრობენ და თავს მარტო არ გრძნობ".
*** "გამარჯობა, ჩემო სანატრელო. მართლაც, როგორი სანატრელი გამიხდი. დამიჯერე, ჩემი დილა ცრემლებით იწყება და ცრემლებით მთავრდება, თუმცა, უფალს მაინც მადლობას ვწირავ ასეთი სიყვარულისთვის; იმისთვის, რომ შენი თავი მაჩუქა; იმისთვის, რომ ერთ თვეში მაგრად ჩაგეხუტები... ვიცი, რა ძნელია უპასუხო წერილების წერა, მაგრამ ჩემთვის უფრო ძნელია, შენ რომ არ შეგიძლია პასუხის გაცემა. შენზე ვდარდობ. პატარაზე ხომ მოგიყევი, ძალიან ცელქი და მოუსვენარია. დედაშენი ხშირად მკითხულობს, კარგი ადამიანია, ყველაზე მეტად მისი ლაპარაკი მამშვიდებს. მუცოში რატომ მიდიხარ, უბრალოდ? ვერც მე გწერ გემრიელად, ყველას კომპიუტერთან უნდა ჯდომა. ხომ იცი, ახალი რომაა, ყველას უხარია... გეხვეწები, არ გეწყინოს, ბევრს თუ ვერ მოგწერ. შენს ბალიშს ისევ შენი სუნი აქვს და არ ვცვლი... მიყვარხარ! შენი ლექსები ძალიან მახარებს. რაღაცებს მეც ვჩხაპნი ხოლმე, მაგრამ მერიდება, რომ მოგწერო. ჩემზე არ ინერვიულო, თავს გაუფრთხილდი. იცის, უფალმა, როგორ მიყვარხარ და ყოველთვის შენს კარგად ყოფნას, ჩვენი ოჯახის სიმტკიცესა და ჩვენი პატარას ჯანმრთელობას ვევედრები მას. მიყვარხარ, მომწერე ხშირად, შენ ხომ სწრაფად წერ. გკოცნი ძალიან ბევრს!"
*** "დილა მშვიდობისა, ჩემო სიხარულო. სანამ მე ინტერნეტში შევედი, შენ უკვე აღარ იყავი მანდ. მალე მიკროფონიც გვექნება და დაგელაპარაკები. კარგად ვარ, მიყვარხარ და მენატრები..."
*** "გამარჯობა, კუნწულ. რა ხდება მუცოს ჭალაში? ხომ მშვიდობაა? კუნწულ, ისევ იმ ვაგონში ხომ არ დაგაძინეს? არ გამიცივდე, იცოდე. მომენატრა მანდაურობა. ხვალ წირვაზე მივდივარ სამებაში. მენატრები უზომოდ და ერთი სულით ველოდები შენს წერილებს. მომიყევი მუცოს ამბები. ნეტავ, ჩემთან იყო ახლა. როგორ აღარ მომწონს სამყარო უშენოდ. როგორი მოწყენილი დავდივარ, რომ იცოდე. ყოველ საღამოს ვკითხულობ შენს წერილებს ცრემლებით და მერე ვინ იცის, როდის ჩამეძინება ხოლმე ფიქრებით დაღლილს. ძალიან გვიყვარხარ მე და ამ ცელქ ბავშვს. მიყვარხარ და მენატრები, ღმერთმა იცის, როგორ..."
***
"გამარჯობა, კუნწულ, ხომ კარგად ხარ? ხომ მშვიდობით მოიარე მუცოს ჭალა? მე ისევ და ისევ მენატრები და მენატრები. დისკის ჩაწერა დავიწყე, საავტორო უფლებების შესახებაც გავარკვიე, რაც მაინტერესებდა. შენ რომ ჩამოხვალ, ერთად მოვიფიქროთ და დავგეგმოთ ყველაფერი. ჩვენი პატარა ამ წუთას, იცი, როგორ ფართხალებს? აქ ძალიან დათბა, უკვე გაზაფხულის სუნი ტრიალებს, მაგრამ ჩემთვის შენი ჩამოსვლა იქნება გაზაფხული. მენატრები, მიყვარხარ..."
*** "ძალიან მეწყინა, ასე უცებ რომ დამემშვიდობე. არა უშავს, თუ არ გცალია. ცოტა ცრემლებს დავღვრი და წყენაც გადამივლის. მაპატიე, ვიცი, ეგოისტი ვარ..."
*** "ძალიან მენატრები, უსაშველოდ. ეს თავის ტკივილები არ მეშვება, ტვინი მემატება ალბათ. გონებით შენთან ვარ. აქ კიდევ მეუბნებიან, რა გათიშული დადიხარო. ალბათ, უჩემობას მიეჩვიე კიდეც. არადა, როგორ არ მინდა, ასე იყოს. მე ვერ მივეჩვიე. ხანდახან მგონი, გაწუხებ თითქოს. ამდენი "მიყვარხარ", ამდენი "მენატრები"... მგონია, დაგღალე და ვერ ვხვდები. ახლა საშინელ ხასიათზე ვარ, ცრემლები მახრჩობს. ვიცი, უსაშველო წუწუნი მიყვარს, მაგრამ ვის ვუთხრა, თუ არა შენ. რაღაც სულ სხვანაირად მოგეკედლე და როგორ არ მინდა, ჩემით დაიღალო. მაპატიე, ზოგჯერ უცნაური აზრები შემიპყრობს ხოლმე. შენ ხარ ერთადერთი სიმდიდრე ჩემთვის, მეტი არაფერი გამაჩნია. და ზოგჯერ, როცა ცუდ რამეს წარმოვიდგენ, ვხვდები, თუ შენ ჩემ გვერდით არ იქნები, უბრალოდ, მოვკვდები! არ ვიცი, რატომ, მაგრამ ხანდახან მეშინია ამხელა ბედნიერების! ჩემზე არ იდარდო. ახლა, როცა ცოტა ვიბოდიალე, დავისვენე, მაპატიე. შენ მანდ შენი სიმარტოვეც გეყოფა, ამდენი წუწუნით კიდევ მე აქედან გაწყენ თავს. მგონი, გადამრია ამ სიყვარულმა! მიყვარხარ! უზომოდ კი არა, უფრო მეტად! გკოცნი..."
*** "მაპატიე, რომ ძალიან გვიან წავიკითხე შენი ბარათი. რა ლამაზად მომილოცე გაზაფხულის მოსვლა, მე კი 2 მარტს ვკითხულობ ამ ყველაფერს. დაუსრულებლად შემიძლია მოგწერო, მაგრამ ხომ იცი... მეც გილოცავ. ვიცი, შენ სულ სხვანაირად გიყვარს გაზაფხული. გუშინ შენს ლექსებს შევყევი და ცუდ ხასიათზე დავდექი. რატომო? _ მკითხავ. არ ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ იქ მე არ ვარ. ეჭვიანობამ და ბრაზმა ერთად შემიპყრო. არადა, რა ლამაზად გიყვარდა ის, ვინც უწინ გიყვარდა... მაპატიე. არ მინდა, გაბრაზდე, ეს ყველაფერი ჩემი შენდამი უსაზღვრო სიყვარულის ბრალია. ვიცი და მჯერა შენი გრძნობების, მაგრამ მაინც გამირბენს ხოლმე ეჭვიანი ფიქრები და შიში იმისა, გეყვარები თუ არა ბოლომდე, იქამდე, სადაც ჩემი დასასრულია... ძალიან, ძალიან მიყვარხარ და კიდევ ერთხელ მადლობა უფალს ასეთი სიყვარულისთვის!"
*** "დღეს ვეზიარე. სასწაული განცდაა _ მაცხოვრის სისხლსა და ხორცს ეზიარები და საოცრად მშვიდდება სული. სულ სხვაა, როცა მოძღვარი დაგლოცავს და გადაწყვეტილებას მოგიწონებს. მონატრება აუტანელია, მაგრამ მაგასაც ავიტან ჩვენი და ჩვენი შვილის გულისთვის. ჰო, მართლა, დღეს რაღაც ჭკვიანად იქცევა..."
*** "შენ მეუბნები, ნუ იტირებო, მაგრამ როცა სიტყვები გულის გულში გაივლის, როცა სიხარულიცა და ტკივილის ჟრუანტელიც ერთდროულად დაგივლის, ძნელია თავის შეკავება. მადლობა უფალს, მე შენი შვილის დედა რომ ვარ! შენც დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და გულწრფელი გრძნობისთვის, ჩემი ოცნებების ახდენისთვის. როგორ არ მინდა ხოლმე, რომ გაწყენინო. როგორ არ მინდა იმაზე ვიფიქრო, ცხოვრება რომ აუწყობელი გვაქვს და ჯერაც რომ ვერსად დავიბუდეთ. არა უშავს, უფალი მოწყალეა და ყველაფერში დაგვეხმარება. რამდენ ოჯახს ვუყურებ, თითქოს ყველაფერი აქვთ, მაგრამ მაინც ცარიელები დადიან ამ ქვეყანაზე, უსიყვარულოდ, უიმედოდ, სასოწარკვეთილები. რომ დავფიქრდები, ჩვენ რამხელა წყალობის ღირსები გავხდით, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ _ მიხარია, რომ სული ვიპოვეთ და არა _ ხორცი. შენ გარეშე აღარაფერი მახარებს, მაგრამ ვცდილობ, დარდმა არ დამთრგუნოს, თანაც, ამ მდგომარეობაში... შენ ჩემი სიცოცხლე, ჩემი ყოველი ამოსუნთქვა ხარ. პატარამ მოგიკითხა დიდი სიყვარულით, გკოცნით ორივე".
*** "არ მინდა ხოლმე შენი წყენინება, მაგრამ მაინც ასე გამოდის. ალბათ რაღაცებს მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ. არ ვიცი, როდის წაიკითხავ ამ წერილს. ალბათ უკვე დაადექი მუცოსკენ მიმავალ გზას და მეც აგედევნე ფიქრებით. როგორ მინდა, შენთან ერთად ვთელავდე მაგ ბილიკებს. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ შეჩერდი და შეისვენე ცოტა ხანს; როგორ დალიე წყალი წყაროზე. სულ შენთან ვარ, დამიჯერე, ხორცით აქ ვარ, ჩემი სული კი შენს ყოველ ნაბიჯს არის ადევნებული. ყოველდღე ვავედრებ უფალს ჩვენს წრფელ სიყვარულს და ვთხოვ, რომ არ გახუნდეს, არ შეიცვალოს ფერი. ყველაფერი უფლის ნებაა, ჩვენი განშორებაც... შენგან სიშორემ ბევრი რამ მასწავლა, უპირველესად კი იმას მიმახვედრა, რომ უშენოდ ვეღარ ვიარსებებ!.. არ მინდა, დადარდიანდე. სადღაც გულის გულში მიხარია კიდეც შენი ტკივილამდე მონატრება, უსაზღვრო სიყვარული. არ ვცემ პატივს მას, ვინც შენ არ გცემს და არ მივიღებ იმას, ვინც შენ არ მიგიღო. დაბოლოს, კუნწულ, შენთან შეხვედრის წუთებს ვითვლი და გელოდები..."
*** "გამარჯობა, ჩემო სიხარულო. კვლავ არ ჩანხარ და უარესად მენატრები. ერთი სული მაქვს, შენი ხმა გავიგონო. დღეს კიდევ ვეზიარე, მადლობა ღმერთს, დავმშვიდდი, თუმცა ამდენმა უშენობამ გადამღალა. ხვალ ექიმთან მივდივარ, ერთი ეს ცელქი ბავშვი ამდენს რას დახტის მუცელში, გავიგო. უკვე ძალიან დათბა აქ, თუმცა იგრძნობა, რომ მარტი რაღაც მისეულ სიურპრიზებს გვიმზადებს. ველოდები შენი ჩამოსვლის დღეს. გკოცნი ბევრს, მიყვარხარ..."
*** "უშენოდ ყოფნას თუ კარგად ყოფნა ჰქვია, მაშინ კარგად ვარ. სად დამეკარგე, კუნწულ? ვნერვიულობ, იცოდე. ხომ მშვიდობა გაქვს? შენც დაიღალე ალბათ ამდენი წერით. უბრალოდ, მომწერე, როგორ ხარ, ჩემო სიხარულო, თუნდაც ხვალ, დაგელოდები..."
*** "თითქოს მენატრება ის დრო... რომელი? განშორების... ახლა გადავიკითხე ჩვენი ბარათები და უცნაური სევდა შემომაწვა. ვიცი, წაიკითხავ და იტყვი: რამ გააგიჟა ჩემი ცოლი, ბარემ პირდაპირ ეთქვა სათქმელიო, მაგრამ ვაი, რომ დრო ისე მიდის, ისე თენდება და ისე ღამდება, ერთმანეთს არაფერს ვეუბნებით. ამბობენ ხოლმე, ყველა ურთიერთობა (ცოლ-ქმრის ურთიერთობას ვგულისხმობ) ერთმანეთს ემსგავსებაო და ამის გაგონებაზე გული მისკდება. საშინელ ტკივილს ვგრძნობ, ხანდახან ეჭვები მიპყრობს და თავი ვერ დამიღწევია. იცი, შენ, რატომაც... ალბათ, ძალიან დიდი სიყვარულია ამის მიზეზი, თორემ სხვანაირად ვერ ვხსნი ჩემს საქციელს. თითქოს შენთვის მარტო მე არ ვარ, თითქოს შენს გულში, თვალებში, შენს ფიქრებსა და ოცნებებში "ისიც" ცხოვრობს, სხვა... და მაინც "გავრისკე" შენი შეყვარება. მაპატიე ეს ბოდვა, მაგრამ ხშირად ვფიქრობ ამ ყველაფერზე. გული საშინელი სევდით მევსება. არ იფიქრო, რამეს გსაყვედურობდე. მაინც მიხარია, ასე რომ ვბოდავ; ასე რომ მიყვარხარ; ასე რომ გელოდები ყოველ საღამოს და უშენოდ გატარებულ ყოველ დღეს ცრემლებში ვახრჩობ. ყოველთვის, როცა ჩაფიქრდები, მგონია, დაგღალე და ტვირთად გექეცი. ო, ღმერთო, რა საშინელი ფიქრები მიპყრობს ხოლმე მაშინ... ჯობია, არც მკითხო. და მაინც, რისი თქმა მინდა, არ ვიცი. თუმცა, ნამდვილად ვიცი... ჩემი სიცოცხლე მაშინ დასრულდება, შენს თვალებში გულგრილობას თუ დავინახავ, თუ ჩემი სუნთქვა აღარ მოგენატრება, თუ ერთი სტრიქონი ლექსის მოწერა დაგენანება. ახლა? ახლა ცოცხალი ვარ, ჩემო ყველავ და გელოდები. საშინლად მენატრები და ტკივილამდე მიყვარხარ!"
*** "გასული კაცისას რას გაიგებ, _ ასე დავარქვი, კუნწულ, დღევანდელ დღეს. შეჩვევააო ყველაფერი, _ თქვი ერთხელ და თითქოს ტყვია მომხვდაო, ისე ამტკივდა გული. შენ ფიქრობ, არ უნდა გაცვითო სიტყვები, მე კი მგონია, თუ გრძნობა ცოცხლობს, არ უნდა შევინახოთ სიტყვები ჩვენთვის. მეც დამნაშავე ვარ, იმდენ რამეს ვერ გეუბნები... რომ შემეძლოს, დღეში ათიათასჯერ გეტყოდი, როგორ მიყვარხარ, როგორ მახარებ და როგორ მტკივა შენი ტკივილი. როგორ დავარქვა შენს ყველა ამოსუნთქვას შენი სახელი, შენს გულისცემას _ სიხარული ჩემი... არ იფიქრო, აი, ისევ წუწუნებსო, გეხვეწები. უფალს ყოველ წამს მადლობას ვწირავ, ჩემი ნაწილი, ჩემი ტანჯვისა და სიხარულის გამზიარებელი, ჩემი დარდი, იმედი და ტკივილი რომ გაგხადა, ერთ უღელში რომ შეგვაბა... იცოდე, მიყვარხარ!"
თეონას ბოლო წერილი 2008 წლის 20 ივნისით არის დათარიღებული. თეონასა და გელას იმ წელს პირველი შვილი - დემეტრე შეეძინათ და კიდევ ერთი ზამთარი გაატარეს ამ მონატრებასა და მოლოდინში. თუმცა, ეს განშორება ყველაზე დიდ განშორებასთან შედარებით, თურმე, სათქმელიც არ ყოფილა...
იხილეთ ასევე: "თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ხეობის მოუშუშებელი ტრაგედია
ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"