აისბერგი, რომელიც ბრწყინავს - "თეთრი ქარავანი" კანის ფესტივალზე - კვირის პალიტრა

აისბერგი, რომელიც ბრწყინავს - "თეთრი ქარავანი" კანის ფესტივალზე

კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ქართველებმა კვლავ გაიარეს. ამჯერად რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ და მსახიობმა იმედა კახიანმა ფესტივალის ისტორიაში იშვიათი შემთხვევის გამო - აქ 55 წლის შემდეგ მეორედ აჩვენეს ქართული ფილმი "თეთრი ქარავანი", ამჯერად ფესტივალის კლასიკური ფილმების სიით. 1962 წელს გადაღებული "თეთრი ქარავანი", რომელიც საბჭოთა კინოცენზურამ არ მიიღო, 1964 წლის კანის ფესტივალზე იმდროინდელი ქართული კინომოღვაწეების დამსახურებით აღმოჩნდა. თავად ფილმის შემქმნელებს მაშინ ფესტივალზე წასვლის საშუალება არ მიეცათ.

და აი, 55 წლის შემდეგ ფილმის რეჟისორი ელდარ შენგელაია და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, იმედა კახიანი, კანის წითელ ხალიჩაზე მაინც აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, ამ ქვეყნიდან ადრე წავიდა ფილმის მეორე, ასევე ბრწყინვალე რეჟისორი თამაზ მელიავა. რომელსაც ელდარ შენგელია ასე იგონებს: "მე და თამაზ მელიავა, ერთად ვსწავლობდით კინემატოგრაფიულ ინსტიტუტში და ერთად დავდგით ფილმი მერაბ ელიოზიშვილის მოთხრობის - "გზები და გზაჯვარედინების" მიხედვით. ცენზურამ ჩვენი ნამუშევარი ძალიან ცუდად მიიღო, მაგრამ მაშინ კინოსტუდიას ხელმძღვანელობდა მაღალი ინტელექტის ადამიანი და კარგი პიროვნება, მიხეილ კვესელავა, სხვათა შორის, ნიურნბერგის პროცესის თარჯიმანი გახლდათ. ჰოდა, მან დარაზმა ჩვენს დასახმარებლად მთელი ქართველი მწერლები: რევაზ ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი, ნოდარ დუმბაძე... ნოდარმა თქვა, არ მომწონს ეს "გზები და გზაჯვარედინები", მოდი, ფილმს "თეთრი ქარავანი" დაარქვითო და ჩვენც დავარქვით. ჩვენ ვიცოდით, რასაც ვებრძოდით - იმ სახელმწიფოს, რომელშიც ვცხოვრობდით. როგორც ჰემინგუეი ამბობს, ხელოვნებაში აისბერგის ზედაპირი ბრწყინავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც წყალქვეშაა. სადაც ასე არ არის, ის ხელოვნებაც არ არის და ხვალ გაქრებაო".

"თეთრი ქარავანიც" ის აისბერგი აღმოჩნდა, რომელიც არ გამქრალა. პირიქით, დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, იმდენად, რომ 55 წლის შემდეგ კანის ფესტივალმა მსოფლიოს წარუდგინა. თუ რატომ, აი, რა გვითხრა ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტმა:

"კანის კლასიკური ფილმების სიით მხოლოდ იმ ფილმებს აჩვენებენ, სადაც მარადიული ღირებულებებია წინ წამოწეული. რაღაცაზე ჩვენ შეიძლება მართლაც გვეჩვენება, რომ სულ იარსებებს, მაგრამ გაიხედავ და უკვე გამქრალია. თუმცა არის ღირებულებები, რომლებიც არასოდეს კვდება. ამ ფილმში ბევრი ასეთი ღირებულებაა, მაგრამ მე ერთზე ვიტყოდი: ეს არის ქალისა და კაცის სიყვარულის დრამა. მათი საბედისწერო ვნება, რომელიც მუდამ იქნება ნამდვილი ხელოვნების წყარო. ეს "თეთრმა ქარავანმაც" დაადასტურა - ფილმი, რომელიც 55 წელია არსებობს, კვლავ სჭირდებათ, თანაც ერთ ლოკალურ ადგილზე კი არა, ლამის მთელი მსოფლიოსთვის საჩვენებლად. ამით ყველაფერია ნათქვამი".