"ილოზე უკეთეს ვაჟკაცს ავიაციაში ვერ ნახავდით" - რას ჰყვებიან ახლობლები ყაზბეგში ავიაკატასტროფისას დაღუპულებზე?
6 ივნისს "აჭარა ჯგუფის" კუთვნილმა კერძო შვეულმფრენმა სტეფანწმინდაში, სასტუმრო "რუმსის" ტერიტორიაზე დაფრენამდე ავიაკატასტოფა განიცადა. დაიღუპა პილოტი და "რუმსის" ორი თანამშრომელი.
პილოტი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სამხედრო მფრინავი ილო ბაიდაშვილი გახლდათ, მას სატრანსპოტო Ми-8-ზე და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებზე ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა.
გარდაცვლილები არიან ასევე გიდი 27 წლის კონსტანტინე (კოტე) საცერაძე და სასტუმროს შვეიცარი თორნიკე მოსიაშვილი.
კოტე საცერაძე რუსთაველია, როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ის გამორჩეულად ნიჭიერი და მშრომელი ახალგაზრდა იყო. "არ ვიცი, როგორ უნდა ვანუგეშო კოტეს მშობლები, სამაგალითო ოჯახი აქვთ, დედა მასწავლებელია, მამა ინჟინერი, ძმა ექიმია. დაუჯერებელია, რომ ეს სიცოცხლით სავსე, საუკეთესო ბიჭი აღარ არის", - გვითხრა კოტე საცერაძის ახლობელმა.
"ვაიმე, კოტე. სად გვყავს შენნაირი დასაკარგი ბიჭები..." - ახლობლების არარეთ ასეთ პოსტს ნახავთ სოციალურ ქსელში.
ადგილობრივების ინფორმაციით, ვერტმფრენი, სავარაუდოდ, სოფელ აჩხოტიდან მოფრინავდა და ის სასტუმრო "რუმსის" ტერიტორიაზე უნდა დაფრენილიყო, რა დროსაც, სტეფანწმინდის შესასვლელთან კატასტროფა განიცადა.
ავიაციის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ფრიდონ ფალიანი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულ პილოტზე, ილო ბაიდაშვილზე გვიყვება:
- ილიკო ჩემს ხელში გაიზარდა, უწესიერესი და უადამიანურესი ბიჭი იყო. მას ავიაციაში დიდი გამოცდილება ჰქონდა. 1991 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ ილიკომ თბილისის სასწავლო ცენტრი და რუსეთის ფედერაციის ქალაქ სიზრანის შვეულმფრენების უმაღლესი საავიაციო სასწავლებელი დაამთავრა. ეგ და სოსო ოსორაული ერთ კურსზე სწავლობდნენ და მეგობრობდნენ... მან ამერიკაში, ალაბამას შტატში გაიარა გადამზადება და იქედან კოპიტნარში წავიდა, მი-24-ის მფრინავი-ინსტრუქტორი იყო, 2008 წელს ილიკო სამაჩაბლოში დაფრინავდა, აგვისტოს ომში მონაწილეობდა... ილიკოს ქობულეთში მცხოვრები უკრაინელი პოლიტიკოსი ლეონიდ ჩერნოვეცკიც დაჰყავდა. ის უაღრესად გამოცდილი, პროფესიონალი მფრინავი და უკეთილსინდისიერი ადამიანი იყო. რა მოხდა ყაზბეგში, ჯერ არ არის გარკვეული, სანამ გამოძიება არ დაადგენს და ექსპერტიზის პასუხი არ იქნება, ვერავინ ვერაფერს იტყვის.
ილიკო ჩემს ხელში გაიზარდა, ვახლობლობდით, ბოლოს ერთი თვის წინ ვნახე, ჩემთან იყო მოსული უჯარმაში. ილიკო უმამოდ გაიზარდა, შუათანა ძმა იყო და თვითონ სამი შვილის მამაა. მფრინავი-ინსტრუქტორი მოსკოვის პროსპექტზე, შანხაის უბანში ცხოვრობდა. ამ ადამიანში ბოროტების ნატამალი არ იყო, პატიოსნად ცხოვრობდა, ყველას ეხმარებოდა. ის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტში მუშაობდა და როცა ავიაცია დაიშალა, ყველამ თავისი გზა მონახა. მას დიდი სამუშაო ფრენის გამოცდილება ჰქონდა, ადამიანური ხომ ჰქონდა და ჰქონდა. მაგაზე უკეთეს ვაჟკაცს ავიაციაში ვერ ნახავდით.
არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ შემთხვევა ყველას შეიძლება მოუვიდეს. კატასტროფა შეიძლება საფრენ აპარატს დავაბრალოთ, შეიძლება ამინდს... ათასი მიზეზი შეიძლება იყოს, ამიტომ ვერავის დავადანაშაულებ. დილით რომ გავიგე ეს ამბავი, ეგრევე მივხვდი, ილიკო იყო დაღუპული, ვიცოდი, ეგ მუშაობდა ყაზბეგში. მას მერე თვალზე ცრემლი არ შემშრობია, ყველანი ვტირით... მარტო ავიაციას კი არა, მთელს საქართველოს დააკლდა ილიკო - დიდი მამულიშვილი, კეთილსინდისიერი ადამიანი და საუკეთესო ქართველი.
(სპეციალურად საიტისთვის)