"ამასწინათ მაღაზიაში იცნეს და არ მოეწონა, ამათ საიდანღა გაიგეს ჩემი ჩემპიონობის ამბავიო" - ვინ არის 6 წლის ევროპის ჩემპიონი, რომელსაც პოპულარობა დიდად არ მოსწონს
რუმინეთის ქალაქ მამაიაში, ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში, 6 წლის დავით თათვიძემ უმაღლესი ტიტული მოიპოვა. პატარა სპორტსმენმა პირველ 7 ტურში 7 ქულა აიღო და შეჯიბრების დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა ოქროს მედალი. როდის მივიდა დავითი ჭადრაკზე, რა რეაქცია ჰქონდა ჩემპიონობაზე? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხი, დავითის დედა ეთერ ხობუას ვთხოვეთ:
- ჩემი ბიჭი თავიდანვე ძალიან განსხვავებული და გამორჩეული ბავშვი იყო. ორი წლისამ ასოების სწავლა დაიწყო, ჯერ ქართული ისწავლა, მერე ინგლისური. ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით სახლში ნახა ჭადრაკის დაფა, თავიდან ფიგურების დალაგება ვასწავლეთ, სიმართლე რომ ვთქვა, არც მიფიქრია ასეთ პატარა ასაკში ჭადრაკის სწავლა თუ შეიძლებოდა. დაახლოებით 3,5 წლის იყო, როცა დაინტერესდა როგორ ხდებოდა ჭადრაკის თამაში, სვლები როგორ კეთდებოდა, მერე კომპიუტერთან ჯდებოდა და კომპიუტერს ეთამაშებოდა. რადგან ასე დაინტერესდა, გადავწყვიტეთ მასწავლებელთან მიგვეყვანა. ოთხი წლისა მივიყვანეთ ქალბატონ ნანა ჭეფხოძესთან, რომელმაც თავიდან გვითხრა რომ პატარა იყო, თუმცა მერე შეამოწმა, ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა აეყვანა. დაახლოებით ორ თვეში პირველ ტურნირზე გაიყვანა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მეორე ადგილი დაიკავა, მაშინ ჯერ კიდევ 4 წლის იყო. იქიდან მოყოლებული სერიოზულად ჩავერთეთ და თითქმის ყველა ტურნირში, სადაც მონაწილეობა მიუღია, ყოველთვის საპრიზო ადგილებზე გადის. ევროპის ჩემპიონატის საგზური, საქართველოს ჩემპიონატზე მოიპოვა როცა შვიდ წლამდელთა ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონი გახდა.
- როგორი რეაქცია ჰქონდა დავითს, როდესაც ევროპის ჩემპიონი გახდა? - რომ ვთქვა რაიმე განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა-მეთქი, მოვიტყუები, იმდენად პატარაა, რომ კარგად ვერც მიხვდა თუ რამხელა რაღაც მოხდა. მისთვის მთავარია თამაში, რაც ძალიან უყვარს! მიდის, იგებს და ამით არის ბედნიერი. ამბობდა, დიდი ხანია, ჩემპიონატებიდან თასი არ წამომიღია სახლშიო და თასი რომ მისცეს, ამით იყო უბედნიერესი. მგონი, ჩვენ უფრო გვიხარია, დავითის გამარჯვებები, ვიდრე მას. საქართველოს ჰიმნი რომ დაუკრეს, ამით კი ძალიან გაიხარა. ძალიან გაგვიხარდა ისიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რომ მოგვილოცა. ჩემპიონობის მერე ბევრმა დაგვირეკა ინტერვიუს თხოვნით, მაგრამ თვითონ დავითს ლაპარაკი არ უყვარს, არც ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს, რამდენიმე დღის წინ მაღაზიაში იცნეს და არ მოეწონა, ამათ საიდანღა გაიგეს ჩემი ჩემპიონობის ამბავიო.
- რამდენად მოსალოდნელი იყო ევროპის ჩემპიონობა? - სიმართლე რომ ვთქვა, ველოდით, რადგან ცოტა ხნის წინ, საქართველოში რვაწლამდელთა შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა (რითაც მოიპოვა საგზური, ბრატისლავას ევროპის ჩემპიონატზე), გარდა ამის 9 წლამდელთა შორის, ქუთაისში მაქსიმალური ქულებით გახდა ჩემპიონი. გამარჯვების მოლოდინი ნამდვილად გვქონდა, მაგრამ ცხრიდან-ცხრა მოგებას არ ველოდით.
- გარდა ჭადრაკისა, სხვა რითი ერთობა პატარა ჩემპიონი? - ძირითადად ჭადრაკითაა დაკავებული, თუმცა ახლა ახალი გატაცება აქვს და ამბობს, რომ ჭადრაკთან ერთად ფეხბურთიც უნდა ისწავლოს. ძალიან უყვარს მათემატიკა. აეროპორტში ჟურნალები ჰქონდა და თითქმის მთელი გზა სუდოკუს ხსნიდა. ძირითადად შემეცნებით რაღაცეებით უყვარს გართობა.
- სხვა ქვეყნის წარმომადგენლების რეაქცია როგორი იყო, როცა ასეთ დონეზე მოთამაშე 6 წლის ბიჭი ნახეს? - დავითს თავიდან რეიტინგი არ ჰქონდა და პირველი ორი ტური, მისი თამაშები ლაივში არ გადაიცემოდა, მესამე ტურიდან უკვე დაინტერესდნენ, ლაივშიც გაუშვეს და ყველას შეეძლო მისი თამაშისთვის ეყურებინა. მეშვიდე ტურში, რომელიც გადამწყვეტი იყო, რადგან ნაადრევად ინაღდებდა ჩემპიონობას, ხვდებოდა ისრაელის წარმომადგენელს. ტურნირის მერე, ისარელის დელეგაციის ხელმძღვანელმა გვითხრა, მწვრთნელი არ იჯერებდა, რომ დავითი თვითონ აკეთებდა ამ სვლებს, აუცილებლად ვინმე კარნახობსო და თურმე, ტუალეტშიც კი დაყვებოდნენ ჩუმად, იქ ხომ არ არიგებს ვინმეო... საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ დავითი მართლა სუფთად თამაშობდა. მერე, მწვრთნელი, რომელიც საერთაშორისო კლასის დიდოსტატია, თავად მოვიდა ჩვენთან და გვითხრა რომ წარმოუდგენელია ასეთ ასაკში, ასეთი გააზრებული თამაშიო. სხვათა შორის, სწორედ ისრაელის წარმომადგენელი იყო ყველაზე რთული მეტოქე. ბოლოს მოწინააღმდეგეს, რომელიც თურქეთის წარმომადგენელი იყო, 19 სვლაში მოუგო.
მთავარი ფოტო: სოფიო ნიკოლაძე
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)