"მამაკაცისთვის საყურე სამშვენისი იყო და არა ორიენტაციის მანიშნებელი" - ვინ არიან უძველეს ქართულ ფრესკებზე გამოსახული საყურიანი მამაკაცები?
19 ივნისს ღამით, "რუსთაველის" მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ჩხუბის დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ "ქართველ კაცს საყურე არ უხდება".
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"კვირის პალიტრის" არქივში იძებნება მასალა, სათაურით: "ვინ არიან უძველეს ქართულ ფრესკებზე გამოსახული საყურიანი მამაკაცები?", რომელსაც გთავაზობთ:
ნიკორწმინდის ტაძრის ერთ-ერთ ფრესკაზე საყურეებიანი მამაკაცია დახატული. სავარუდოდ, ის რაჭის ერთ-ერთი ფეოდალი ბეჟან წულუკიძეა. შესაძლოა, ეს ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ შუასაუკუნეებში და შემდეგაც - XVII საუკუნის საქართველოში (არა მარტო ჩვენში!) დიდგვაროვანი მამაკაცების ერთ-ერთი მოსართავი ძვირფასი საყურე ყოფილა.
ნინო ჩიხლაძე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი:
- ნიკორწმინდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ძეგლია. მასზე უამრავი ეპიგრაფიკული მასალაა შემორჩენილი, რომელიც XI საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ტაძრის მოხატვას ადგილობრივი ფეოდალები თავობდნენ. ეს მათი შესაწირი იყო ღვთისადმი. ფრესკების ქვედა ზონაში ქტიტორებს ხატავდნენ. ამ ეტაპზე ქვედა და ზედა ფენებია იდენტიფიცირებული. ხელოვნებათმცოდნე, იუზა ხუსკივაძე წლების განმავლობაში იკვლევდა მათ. სავარაუდო ბეჟან წულუკიძის ფრესკა გვიანდელია, XVII საუკუნეშია შესრულებული. ამ პერიოდის საქტიტორო პორტრეტებში წინ წამოწეულია წულუკიძეების გვარი - იგი ითვლება მოხატულობის შემკვეთად. მათ შორის გამოირჩეოდა მერაბ წულუკიძე. XVI-XVII საუკუნეებში წულუკიძეების გვარი ფლობს ამ მიწებს და ისინია გამოსახული. მე პირადად საქტიტორო გამოსახულებებში ბეჟან წულუკიძე არ მახსოვს.
- ნიკორწმინდის ფრესკისეული საყურეებიანი მამაკაცი იმ დროის მოდა იყო, თუ სხვა დატვირთვაც ჰქონდა?
- ეს იყო მოდა. ამაში უნიკალური არაფერია. საყურეს ადრეც იკეთებდნენ, მაგრამ იშვიათად, ძირითადად ჭაბუკები. ბეჟან წულუკიძე შეიძლება მერაბ წულუკიძის შვილია, ან მომდევნო თაობა... წალენჯიხის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ფრესკაზე გამოსახულ სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანს და მის ბიძას, გიორგი ლიპარტიან-დადიანს საყურეები უკეთიათ. ლევანი გრძელ თმას ატარებდა და მარგალიტის საყურე მკაფიოდ არ უჩანს, გიორგის საყურის კონსტრუქცია კი კარგად ჩანს: რგოლზე დამაგრებულ ფოთოლზე კიდია ლალის თვალი, საყურე მარგალიტით ბოლოვდება.
- სავარაუდოდ, ეს მოდა აღმოსავლეთიდან შემოვიდა?
- ის არც აღმოსავლეთისთვის ყოფილა უცხო და არც დასავლეთისთვის. მამაკაცები საყურეებს იკეთებდნენ, იმ დროს ეს ძალიან მიღებული იყო. მამაკაცის საყურე შუასაუკუნის ექსკლუზივი არ არის. ეს უძველესი ტრადიციაა. საყურეებიან მამაკაცს ნახავთ ასურულ-ბაბილონურ თუ ეგვიპტურ სინამდვილეში.
ძველად საყურე ძალაუფლების ნიშანსაც წარმოადგენდა, ანუ მის სტატუსს წარმოაჩენდა, რომ ის გარკვეულ სოციალურ საფეხურზე იდგა. შემდეგ უკვე როგორც დეკორი, ისე გამოიყენება. ვაჟკაცი, მებრძოლი მამაკაცები ისეთ მოდას მისდევდნენ, გაგიკვირდებათ. მაგალითად, ლაშა-გიორგი, მეომარი, მამაცი რაინდი, დახვეულ, გრძელ კულულებს ატარებდა. იხილეთ სრულად
სალომე გოგოხია