"ყველა უარმყოფდა, იმიტომ, რომ სექტანტი ვიყავი... მერე მივხვდი, რომ ეკლესიაში იყო ჩემი ადგილი"
რას ჰყვება მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულ ბექა შენგელიას მოძღვარი
მისი ცხოვრება ხან ბურუსით იყო მოცული, ხან კი ნათლით. საკუთარი თავის ძიებამ, უპასუხო სიყვარულმა და ათეიზმმა აღმა-დაღმა ატარა. დღეს ის მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმში ბრალდებულ ბექა შენგელიას მოძღვარია და საკუთარი თავის ძიებას კვლავ აგრძელებს. მამა გურამ ოთხოზორია თავისი ცხოვრების გზაზე გვიამბობს.
- სამეგრელოში ვიზრდებოდი. ექვსი დედმამიშვილი ვართ. ერთხელ სახლი დაგვეწვა და დავრჩით შიშველი. მამამ ფიცრული გააკეთა და ადგილი რომ არ იყო, მე მაგიდაზე ვიწექი. სულ მინდოდა მესწავლა, მაგრამ ისე გვიჭირდა, ფანქარი არ მქონდა, რომ დამეწერა. მახსოვს "თ" ასოს წერა რომ ვისწავლე, ძალიან გამიხარდა, მივვარდი მამაჩემს, საწყალი რაღაცას აშალაშინებდა, მამა "თ"-ს წერა ვისწავლე-მეთქი და დამიღრიალა. არავის ეცალა ჩემთვის. მიუხედავად ამისა, სკოლაში სულ ხუთებზე ვსწავლობდი.
- სიღარიბის გამო თუ გიწუნებდნენ გოგონები? - პირველად რომ შემიყვარდა, მდიდარი მამის დედისერთა გოგო იყო. გულში დავიწვი ეს სიყვარული მთელი ოთხი წელი. ბოლოს მერვე კლასში ხუთი ფურცელი წერილი მივწერე, მთელი ჩემი გული ჩავაქსოვე. დახია და ჩემს კლასელს მისცა, თავზე გადააყარეო. მერე ქალაქში რომ გადმოვედი, იქ ერთი გოგო შემიყვარდა, მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებდა, წერილი მივწერე და, ალბათ, დედამ უნახა. ზუგდიდში მოადგა ჩვენი სახლის კარს, გურამი აქ ცხოვრობსო? მე ვარ-მეთქი. შე უბედურო, რა ღატაკი ხარ, შენ გაგატან ჩემს შვილსო და შემომაყარა დახეული წერილი.
სტუდენტობისას ვერაზე ვცხოვრობდი, სადაც 15 ნომერი ავტობუსი ამოდიოდა ბელინსკიდან გოგებაშვილზე. ერთხელ გაჭედილ ავტობუსში გოგონა ამოვიდა და გავქვავდი. დავინახე, რომ გოგებაშვილზე ჩავიდა, მაგრამ ვერ დავეწიე. სექტემბერში მეოთხე კურსზე რომ მივედი უნივერსიტეტში, ის პირველ კურსზე დამხვდა. მერე გავიგე, რომ ტიციან ტაბიძის შვილიშვილი ყოფილა და ჩემთვის მიუწვდომელი გახდა. აუდიტორიებში, ყველგან დავდევდი. რამდენჯერ სახლთან დავლოდებივარ, მოფიქრებული მქონდა, რომ გამოვა, ამას ვეტყვი-მეთქი, მაგრამ ვერაფერს ვეუბნებოდი. ისე დავდევდი, ნინოს ეგონა, ვიღაც ყაჩაღი დამდევსო და ძველი ბიჭები მომიგზავნა, მეც მივედი ჩემს ახლობლებთან ერთად. წავიდა საქმის გარჩევა, ძლივს ამოვილუღლუღე, მიყვარს-მეთქი. გაგიჟდნენ, ნინოს ვაჩვენებთ სეირსო... მეორე დღეს ნინო მოვიდა ჩემთან, ხელი გამომიწოდა და გამარჯობაო, მომესალმა. მერე სახლში დამპატიჟა. მეგობრისგან ვითხოვე კოსტიუმი, ტიციანს ტიტები და მიხაკები რომ უყვარდა, უკანასკნელი ფულით ვიყიდე და მივედი.
- ჭყვიშში ტიციანის სახლში ცხოვრობდით. - ნინოს ოჯახმა ჭყვიშში გამიშვა მასწავლებლად, ტიციანის სახლში ვცხოვრობდი, ნინოს ვურეკავდი, სველ ნაჭერში შეხვეული ვარდები ჩამომქონდა, ლექსებს ვუგზავნიდი... რუსეთიდან მათთან სტუმრად ჩამოდიოდნენ პასტერნაკის ქალიშვილი, შვილიშვილი და მათ უყვებოდნენ ამ სიყვარულის ისტორიას. ნინო ბავშვი იყო, თამაში უნდოდა. მითხრა, შენ მე არ გიყვარვარო. სწორად დაინახა, მართლა არაფერი გამოვიდოდა... ჩემთვის უკვე სულერთი იყო, ვის მოვიყვანდი ცოლად - სხვა მოვიყვანე და ერთ კვირაში ნინოც გათხოვდა.
როდესაც ნინოს სიყვარულით ვიტანჯებოდი, ერთხელ ჩემი კურსელი მეუბნება, ადვენტისტების შეკრებაზე წავიდეთო. მე ინტრიგისთვის წავედი, რომ დამეცინა. ვერ წარმომედგინა, იქ ახალგაზრდა თუ ვინმე იქნებოდა.
მაშინ ღმერთს დავცინოდით, ვხარხარებდით... რომ მივედი, იქ ერთ ქალს ამერიკული ბიბლია ჰქონდა. ოთხი ბიჭი მივედით. იმ ქალს უთხრეს, გურამი შეყვარებულიაო და გადაშალა სახარება. მაშინ სიკვდილის შიშიც დავძლიე, გაქრა სიგარეტიც, უწმაწური სიტყვები... ჯარში რომ წამიყვანეს ახალციხეში, ადვენტისტები ფიცს არ დებდნენ, საბჭოთა კავშირს არ ემსახურებოდნენ. უნივერსიტეტიდან გაგრიცხავენო, მითხრეს, მაგრამ ფიცზე მაინც არ მოვაწერე ხელი.
- ოჯახის წევრები როგორ რეაგირებდნენ ამაზე? - ყველა სკოლას თავი დავანებე, სადაც ვასწავლიდი. ყველასგან უარყოფილი ვიყავი - დედისგან, მეუღლისგან, იმიტომ, რომ სექტანტი ვიყავი. აქ ვერ ვძლებ და სოხუმში უნდა გადავიდე-მეთქი, რომ ვთქვი, ჩემი მეუღლე და მშობლები კინაღამ დაიხოცნენ.
ჩემი სკოლის მოსწავლეები ტიროდნენ, გაგიჟდა გურამ მასწავლებელიო. საცემრად დამდევდა დიდი თუ პატარა, ჯობია მოვკლათო. ვიყავი იეჰოვას მოწმე, ბაპტისტი, ორმოცდაათიანელი, კრიშნაიდი და არსად პასიური წევრი არ ვყოფილვარ.
- მილიციელი როგორ გახდით? - მამაჩემს უნდოდა მილიციელი გავმხდარიყავი. ჩემთვისაც ახალი გამოწვევა იყო და დავთანხმდი. კუკარაჩას მეძახდნენ, ლეიტენანტი გავხდი, მაგრამ მერე წამოვედი.
- როგორ მოხვდით მართლმადიდებლობაში? - ჩემს რაიონში მეუფე სპირიდონი ჩამოვიდა და მეუღლემ მთხოვა, შეხვდიო. იმის ნაცვლად, ეთქვა, წადი, სექტანტი ხარო, მითხრა, სახარება რა კარგად გცოდნია, მოდი ჩვენთან, პატრიარქის კურთხევა მაქვს, წავიდეთ ყველა რაიონში და ერთად ვიქადაგოთ მე და შენო.
მერე პატრიარქმა გაიგო ჩემ შესახებ. იქ ისეთი სითბო და სინათლე დამხვდა, გულში ჩამიკრა, დავუჩოქე, შენდობა ვთხოვე. 1995 წელს დიაკვნად მაკურთხა.
- მაგრამ თქვენ მაინც არ გაჩერდით ეკლესიაში, რატომ? - პატრიარქმა ორ წელიწადში ორჯერ დამიბარა მღვდლად კურთხევაზე, მაგრამ ჩემში მაინც იყო ბრძოლები. იმ პერიოდში ინდურ რელიგიას ვსწავლობდი მალულად. ერთმა მეუფემ შენ ღალატობ ეკლესიასო, მაგრამ პატრიარქთან რომ შევედი, ავუხსენი ყველაფერი და მითხრა: წადი, თუ კაბა ხელს გიშლის მსახურებაში, გაიხადე და როცა დაამთავრებ ძიებას, მაშინ მოდიო. ეს არის სიბრძნე. მას მერე 13 წელი წიგნებს ვყიდდი, ეს ძიებაში მეხმარებოდა და თან შემოსავალი მქონდა. არც მიფიქრია ის 13 წელი ტაძარში დაბრუნება, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეკლესიაში იყო ჩემი ადგილი. ის ორი წელი ძალიან ახლოს ვიყავი პატრიარქთან, ერთად ვჭამდით, ფულს მჩუქნიდა ხოლმე, როცა დავბრუნდი, მითხრა დაბრუნდი, მეცნიეროო.
- ძიებას დღესაც განაგრძობთ? - ადამიანებისთვის მადლის კეთებაში მღვდლობა ხელს მიწყობს, თორემ მე მღვდლობის გარეშეც ვცხონდები ჩემი მართლმადიდებლობით. თუ ღმერთმა ხვალ სხვა გზა დამანახა, შეიძლება შემეცვალოს გზა.
- როგორ გახდით მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულ ბექა შენგელიას მოძღვარი? - მე ყოველთვის დავდიოდი საპატიმროებში, კვირაში ხუთი დღე დილიდან საღამომდე იქ ვიყავი. ყველა მოძღვარს აქვს თავისი მიმართულება, ჩემი არის ციხეში ანაზღაურების გარეშე სიარული. როდესაც მაგდა პაპიძის, მოგვიანებით კი ბექა შენგელიას ამბავი გავიგე, გამიჩნდა სურვილი, მენახა. მაგდას როგორც კი გამოუტანეს განაჩენი, მასთან იმ დროიდან დავდივარ. რომ დამინახა, ჩამეხუტა, ატირდა. მე თუ მასთან შევდივარ, სულაც არ ნიშნავს, რომ ვამართლებ. ჩემი მისიაა როგორმე ღვთის ნათელი შევიდეს მასში, რომ შეძლოს მონანიება და მიხვდეს, რომ ღმერთი არ დასჯის ამის გამო. მაგდა ხატავს, თავისი სამყარო აქვს და ცდილობს თავი არ მოიკლას.
- "კანიბალიზმის საქმე" - ასე მოინათლა ბექა შენგელიას საქმე. - ბექასთან საათობით ვსაუბრობ. ის ამბობს, რომ ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. სამჯერ ვკითხე, გათავისუფლების მანიფესტი რომ შემოვიდეს შენთან, რას იზამ-მეთქი და მითხრა, რომ უარს იტყვის.
- რატომ? - ამბობს, რომ ციხეში იპოვა თავი, უსასრულო პერსპექტივა აქვს, რომ ღმერთი და საკუთარი თავი შეიცნოს. გარეთ ყოფნის გამო ვერ დავთმობ ამ კომფორტსო.
- რას ამბობს, რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული?
- ბექა თავის თავს ეძებდა, მაგრამ არასწორად. როდესაც ადამიანს სიმდაბლე აკლია, ამპარტავნებაში გადადის. მან დიდი სულიერი ძალა აღმოაჩინა თავის თავში და იფიქრა, რომ ყოვლისშემძლეა, მაგრამ ვერ მართა ეს ძალა. ახლა უვადო პატიმარია. უკვე იპოვა საკუთარი ძალის მართვის სადავეები და აღარ უნდა გარეთ გამოსვლა.
ხათუნა კორთხონჯია