"ოლაფი არც მილიონერია, არც ძვირფასეულობით მოვხიბლულვარ, უბრალოდ, მომეწონა და შემიყვარდა..."
ვიკინგი ქმრის ოცნება - ჰქონოდა ღვინის წარმოება, თუშმა ეკა ჭვრიტიძემ რეალობად აქცია და წყვილმა ერთად გააშენა უკვე დავიწყებას მიცემული, მაღრაანული ქისის ვენახები. თუ როგორ ჩამოაყალიბა მეუღლესთან ერთად ღვინის მეურნეობა და როგორ შექმნა წარმატებული ბრენდი, ამის შესახებ თვითონ მოგვიყვება, მე კი არ შემიძლია, არ აღვნიშნო ეკას საოცარი ენერგიულობა, სიხალასე და უჩვეულო უნარი, გაცნობისთანავე მოგხიბლოს. ის 35 წლისაა, აქვს ტურისტული კომპანიაც, რომელიც ტურისტებს თუშეთის, ხევსურეთისა და ყაზბეგის მიმართულებით საინტერესო ტურებს სთავაზობს. არის ცხენოსანიც და არაერთ დოღში გამარჯვებული.
- ყოველთვის გულის წადილსა და კარნახს მივყვები, სულით, ხორცითა და ხასიათით თუში ვარ. თელავში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ადრე არასდროს მიფიქრია, მეღვინეობა თუ დამაინტერესებდა ან ოდესმე ვენახს თუ გავაშენებდი. სიგიჟემდე შემიყვარდა ვიკინგი დანიელი - წარმოშობით დანიიდან არის და ამას ვგულისხმობ, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ოლაფი ჩემზე გაცილებით უფროსია. კოპენჰაგენელია და წლების წინ ის ალავერდში მონათლეს მამაჩემმა, მამა დავითმა და მამა ადამმა, რომელმაც დანიელი დაარქვა. ოლაფის გულს მივყევი და ვფიქრობ, ამიტომაც არის დღეს ასეთი წარმატებული ჩვენი საქმე, მეღვინეობას ვგულისხმობ. ეს საქმიანობა დაიწყო სიყვარულით და დღემდე ვქმნით სიყვარულით! ადამიანს უნდა შეეძლოს უპირობო სიყვარული და რა საქმესაც ხელს მოჰკიდებ, ყველაფერი გამოგივა.
- ეკა, ასეთი ოპტიმისტი და ენერგიული ხარ ყოველთვის? - სხვანაირად არ შემიძლია, თუმცა ისევე, როგორც ყველას, მეც მაქვს აღმავლობისა და დაღმავლობის პერიოდები... დავამთავრე საერთაშორისო ბიზნესისა და საგარეო ვაჭრობის ფაკულტეტი უნივერსიტეტში. ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, მაგრამ 2005 წლიდან ტურისტულ ბიზნესში ვარ და გამოდის, რომ არც შორს წავსულვარ ჩემი პროფესიიდან. მინდა, აქედან წასული თითოეული ტურისტი საქართველოს დესპანი და ელჩი იყოს თავის ქვეყანაში.
- ამისთვის რას აკეთებ, რას აჩვენებ მათ, პირველ რიგში? - არაფერს განსაკუთრებულს. მცხეთასა და ნარიყალას მონახულება ყველას შეუძლია, მთავარია, რა ენერგიას გასცემ, ტურისტი გრძნობს ამას. შეიძლება შთაბეჭდილება ვერ მოახდინოს გიდმა, რომელიც დაზეპირებულ ტექსტს ემოციების გარეშე ჩაარაკრაკებს, მაგრამ შეიძლება მხოლოდ 3 სიტყვა თქვა და ემოცია ზუსტად მიიტანო მის გულამდე. ცხენზე მჯდარხართ?
- არა, არასდროს მქონია ამის შანსი დიდი ინტერესის მიუხედავად. რატომ მეკითხები?
- საოცარი შეგრძნებაა. მით უფრო - გიჟ ცხენზე რომ დაჯდები. რამდენიც უნდა ეცადო მის გაჩერებას, მაინც ვერ შეაკავებ, არ გაჩერდება, ამიტომაც უნდა მიუშვა, დაიღლება და გაჩერდება. მაშინ შენც გადმოხტები და აი, მაგ დროს ძალიან ბედნიერი იქნები. ასეა ამ საქმეშიც - ემოციები უნდა მიუშვა ბოლომდე, რაღაცები უნიჭოდ არ უნდა შეფუთო, უნდა იყო ბუნებრივი, რაც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ, განსაკუთრებით ამერიკელებს. ამერიკელები ყველაზე კარგი ტურისტები არიან არა მარტო როგორც გადამხდელები, ისინი უფრო მეტად ღრმად და ემოციურად შეიგრძნობენ ყველაფერს. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იციან თავისუფლების გემო და ფასი. მეც ამერიკელი ვარ, სხვათა შორის, ჩემი მეუღლე ამერიკაში ცხოვრობდა წლების მანძილზე და როდესაც ხელი მოვაწერეთ, იქ წავედით საცხოვრებლად. 7 წელი ვიყავით ამერიკაში და 7 წლის წინ დავბრუნდით საქართველოში. 14 წელია, რაც ერთად ვართ.
- ეკა, უფრო კარგად გაგვაცანი ოლაფი.
- ის ყველაზე საუკეთესო ადამიანია, ვისაც კი შევხვედრივარ. მისი დედ-მამა ექიმები იყვნენ, ინტელიგენტ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. 27 წლისა უკვე პროფესორი იყო ორგანულ ქიმიაში, მერე ამერიკაში წავიდა.
როდესაც ვკითხე, ოჯახი და სამსახური რატომ დატოვე-მეთქი, იცი, რა მითხრა? თურმე დანიაში 9 თვე ზამთარია და სულ ნაცრისფერი ცაა, ოლაფს კი მზე, სიცოცხლე და სითბო უყვარს. პირველად მივლინებით წასულა და სან-ფრანცისკოში რომ ჩაფრენილა, მაშინვე უფიქრია, აქ რატომ არ ვცხოვრობო? ძალიან მალე მართლაც სან-ფრანცისკოში გადასულა საცხოვრებლად. ოლაფს თავისი პროფესიით იქ აღარ უმუშავია, ჰარვარდში სწავლობდა საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე. აქვს კიდევ ერთი, უდიპლომო პროფესიაც - ტურისტული კომპანია ჰქონდა ამერიკაში. ყველაზე ძალიან რაც უყვარდა - მოგზაურობა, განსაკუთრებით ველურ ბუნებაში, გადაწყვიტა თავის საქმიანობად ექცია. მისი კომპანია იყო ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა საშვი, გალაპაგოსის კუნძულებზე ოკეანის ნავებით რომ ევლოთ ტურისტებს. გალაპაგოსი ეს არის კუნძულთა არქიპელაგი წყნარ ოკეანეში და მთელ მსოფლიოში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, რადგან იქ არსებულ ფლორასა და ფაუნას სხვაგან ვერსად შეხვდებით. ამბობენ, რომ გალაპაგოსის კუნძულებზე დრო გაჩერებულია. აქ შეხვდებით სხვადასხვაგვარ ქვეწარმავალს, მაგალითად, გალაპაგოსის გიგანტურ კუს, რომელთა გამრავლების პერიოდში ტურისტების შესვლა კუნძულებზე აკრძალულია. ასევე, ტურისტებისთვის მთავრობის მიერ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, ერთ ტურში არ შეიძლება შედიოდეს ოცზე მეტი ადამიანი. პოპულარულია კუნძულებს შორის გემით ან იახტით გადაადგილება. ზოგიერთ კუნძულთან არსებობს წყალქვეშა პარკები, სადაც შესაძლებელია წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის დათვალიერება. აი, ასეთი საინტერესო ტურები ჰქონდა მას, თუმცა შემდეგ გაყიდა ეს ტურისტული კომპანია.
- კარგი, ახლა ის მიამბე, შენამდე საქართველოსთან რა აკავშირებდა?
- პირველად საქართველოში 1997 წელს ჩამოსულა გარემოს დაცვის სამინისტროს მოწვევით, მსოფლიო ბანკისა და გარემოს დაცვის ერთობლივი პროექტის გასახორციელებლად. მან დიდი წვლილი შეიტანა თუშეთის ეროვნული პარკის, ლაგოდეხისა და ვაშლოვნის პარკების ჩამოყალიბებასა და ტურიზმის განვითარებაში. საქართველოში ის უფრო ბევრ ადგილასაა ნამყოფი, ვიდრე მე. პირველად ერთმანეთს სოფელ შენაქოში შევხვდით. 2003 წელი იყო.
- საინტერესოა, რითი მიიქცია შენი ყურადღება? - რა გითხრა, არც მილიონერი არის, არც ძვირფასეულობით მოვხიბლულვარ, უბრალოდ, მომეწონა და შემიყვარდა. არ არის ძალიან აქტიური ადამიანი, გაწონასწორებული და სერიოზულია. მითხრა, რომ ვუყვარდი და მეც გადავწყვიტე. სჯობს, თუნდაც 5 წელი გაატარო იმ ადამიანთან ერთად, ვინც სიგიჟემდე გიყვარს, ვიდრე 50 წელი ცხოვრობდე უინტერესო კაცთან, რომელიც შეიძლება რაღაც ჩარჩოებში ჯდება, მაგრამ არ გიყვარს. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადის მიწაზე.
- მალევე დათანხმდი მის წინადადებას დაქორწინების შესახებ?
- გაცნობიდან 6 თვეში გავყევი. მამაჩემი დეკანოზია და ამის მიუხედავად, არაფერი უთქვამს, არ მოუთხოვია ჩემთვის, ჯერ მოინათლოს და მერე გაჰყევიო. 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც ოლაფს თვითონვე გაუჩნდა ამის სურვილი და მოინათლა. ასეთი რამ როგორ უნდა დააძალო ვინმეს? დადიოდა ეკლესიაში, ბევრი რამ გაიგო მართლმადიდებლობის შესახებ. უცნაურია, რომ ეკლესიაში შესვლის დროს ყოველთვის ცრემლები მოსდიოდა ხოლმე თვალებიდან. ლუთერანი იყო მანამდე.
- საქართველოში დაბრუნებისა და ვენახის გაშენების იდეა ვის ეკუთვნოდა, რომლის სურვილი უფრო იყო?
- მაისში გახდება 7 წელი, რაც დავბრუნდით ორ შვილთან ერთად. ნიკოლოზი ახლა 12 წლისაა, ნინო 8 წლის. ოლაფს ორი ოცნება ჰქონდა: ჰქონოდა იალქნიანი გემი, რაც ძვირი სიამოვნებაა და ჰქონოდა მეღვინეობა, ეწარმოებინა ხარისხიანი ღვინო. ამერიკაში ყიდულობდა ხოლმე 200-300 კილო ყურძენს და ავტოფარეხში წურავდა. კალიფორნიაში მეღვინეობის ორწლიანი კურსიც კი დაამთავრა.
- დალევაც უყვარს თუ მხოლოდ პროცესი აინტერესებს?
- (იცინის) რომ არ უყვარდეს, ამ საქმეს შეეჭიდებოდა? ცოტას სვამს, გადამეტებულად არა. მოკლედ, რაკი ასე ძალიან იყო დაინტერესებული მეღვინეობით, ვუთხარი, რომ დავბრუნებულიყავით საქართველოში და ვაზი გაგვეშენებინა. 2009 წელს მაღრაანში, სოფელ არგოხში მართლაც ვიყიდეთ 5 ჰექტარ-ნახევარი მიწა, ახლა კი უკვე 42 ჰექტარი გვაქვს. ოლაფმა მაღრაანში რომ გასინჯა სახლში დაწურული ღვინო, თქვა: ასეთი არსად არაფერი გამისინჯავს, არც საქართველოში და არც სხვაგან სადმეო. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ უკვე დავიწყებული ჯიშის - მაღრაანულა ქისის ვენახების გაშენება გადავწყვიტეთ. დღეს უკვე 9 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. პირველი რთველი 2013 წელს გვქონდა.
- საინტერესოა, რა მახასიათებლები აქვს მაღრაანულ ქისს, რითია გამორჩეული? - თეთრი ჯიშია, ჰაეროვანი, ნაზი მტევნები აქვს. მშრალი, თეთრი ღვინო დგება ქისისგან, საშამპანურე მასალადაც იყენებენ. მხოლოდ ორ რქაზე ვსხლავთ, ვაზს არ ვტვირთავთ, რადგან იმ ხარისხის ღვინოს ვეღარ მომცემს, როგორიც მინდა. ამჟამად ვაწარმოებთ 8 სახეობის ღვინოს - რქაწითელის, ქისის, საფერავის, მწვანესა და ხიხვის ჯიშის ყურძნისგან.
- ამბობენ, ღვინო მეღვინეს ჰგავსო, მართალია?
- რა გითხრა, მე უფრო მგონია, რომ ღვინის გემო ამინდზეა დამოკიდებული და კიდევ იმაზე, თუ როგორ უვლი ყურძენს.
- ექსპორტზე სად გაგაქვთ ღვინო?
- ღვინის ეროვნული სააგენტო გვაწვდის ხოლმე სტატისტიკას, რამდენი ბოთლი ღვინო გადის ექსპორტზე. ამას კი არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, მთავარია, რა ხარისხის ღვინო გადის. 2-დოლარიანი ღვინო რამდენად ხარისხიანია, ამაზე თუ ფიქრობს ვინმე? ჩემი ერთი ბოთლი ღვინო 7 ევრო-ნახევარი ღირს, შეუძლებელია ერთი და იმავე ხარისხის იყოს. ადგილობრივ ბაზარზეც ძალიან პოპულარულები ვართ და ჩვენი ღვინო გაგვაქვს უკრაინაში, ამერიკაში, სკანდინავიასა და სინგაპურში.
ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"