"ნანას პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ მის სიყვარულს ვეღარ გადავურჩებოდი" - კვირის პალიტრა

"ნანას პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ მის სიყვარულს ვეღარ გადავურჩებოდი"

"კვირის პალიტრის" არქივი, 2019 წელი

"ნანა ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, ეს კიდევ უფრო ართულებდა მის ბოლომდე გაცნობას. სულ მეგონა, რომ ღრმა სამალავში რაღაც საიდუმლოს ინახავდა. ეს სიყვარულის მაცოცხლებელი ძალა იყო. "ნანას პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ მის სიყვარულს ვეღარ გადავურჩებოდი"

ფართო საზოგადოებისთვის ის დახვეწილი ინტელიგენტი, შესანიშნავი ოჯახის შთამომავალი და თვით "მეფის" მამაა, რომელსაც რჩევებს მსოფლიო დონის პოლიტიკოსები ეკითხებოდნენ. მაშ ასე, ჩვენი რუბრიკის სტუმარია ცნობილი დიპლომატი, პედაგოგი და მუსიკოსი გელა ჩარკვიანი.

მეშინია... კბილის ტკივილის.

ღირსი ვარ... რისიც ვიყავი, ყველაფერი მივიღე.

ვამზადებ... ჩემოდანს.

ვჩხუბობ... უზრდელ ხალხთან.

მენატრება... ნანა.

ვიტყუები... როცა უშნო სიმართლე მაქვს სათქმელი.

ვეძებ... მიზეზებს, რომ არ დავჯდე საწერად.

- 80 წლის ვარ. უკვე ვგრძნობ სურვილების დეფიციტს, ანუ მაინცდამაინც აღარაფერი მაინტერესებს. ეს არ ნიშნავს, რომ უმოქმედო ვარ, რასაც ვაკეთებ, ცოტა ძალას ვატან თავს.

- გაიხსენეთ ბავშვობა. როგორი იყო ცეკას პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის შვილობა?

- იშვიათია ბავშვი დაიბადოს ოჯახში, სადაც მამა უკვე სახელმწიფოს პირველი პირია. მე დავიბადე 1939 წლის 1-ლ მარტს, მამა კი უკვე ცეკას პირველი მდივანი იყო. ვგრძნობდი, რომ ძალიან პრივილეგირებული ბავშვი ვიყავი, მაგრამ დედაჩემი იყო ძალიან მკაცრი...

- საბჭოთა ხანაში, 1970 წელს, მიჩიგანის უნივერსიტეტის სტაჟიორი იყავით. როგორ შეძელით რკინის ფარდის იქით გადასვლა? - იმ პერიოდში მასწავლებელი ვიყავი უცხო ენების ინსტიტუტში და გაცვლითი პროგრამით მოვხვდი მიჩიგანში. მაშინ რთული იყო ქვეყნის დატოვება საკუთარი სურვილით, თუმცა, თუ ზემდგომები მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, გზა ნაწილობრივ ხსნილი იყო, სტუდენტებს კი საერთოდ არ უშვებდნენ, შიში ჰქონდათ ახალი იდეოლოგიისა და მათი იქ დარჩენის.

- და ამ ჩაკეტილ სივრცეში საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე 18 წლის განმავლობაში თქვენ გქონდათ გადაცემა "გლობუსი". იყო თუ არა ეს გადაცემა საზოგადოებისთვის ერთგვარი ფანჯარა გარე სამყაროსთან? - 1976 წელს შოტლანდიიდან ჩამოვიდა დელეგაცია, რომელსაც დავხვდი. პირველ არხზე ერთ-ერთ გადაცემაში გავაშუქე მათი ვიზიტი და მალევე მივიღე ქალბატონ ლია ბუაჩიძის შემოთავაზება გადაცემა "გლობუსის" წაყვანის თაობაზე. ჩემამდე გადაცემას გეოგრაფიული შინაარსი ჰქონდა, მე კი აქცენტი კულტურაზე გავაკეთე. ამა თუ იმ ქვეყანაზე სრულ სიმართლეს ვერ ვიტყოდი საბჭოთა ტელევიზიაში, თუმცა, არც ტყუილს ვამბობდი. ინგლისური გამონათქვამია: "ეკონომიურად უდგება სიმართლეს" - ეს იყო ჩემი პრინციპიც. კიდევ გავაგრძელებდი ამ გადაცემას, თუმცა მე უკვე პრეზიდენტის მრჩეველი ვიყავი.

- რამდენად ითვალისწინებდა ედუარდ შევარდნაძე თქვენს რჩევებს?

- პირდაპირ არ იღებდა, მას გამოკვეთილი აზრი ჰქონდა სხვადასხვა თემაზე.

- ამ გადმოსახედიდან ცხოვრებამ დუმილი გასწავლათ თუ ლაპარაკი? - გააჩნია სიტუაციას. დუმილი ჩემთვის მაშინაა მნიშვნელოვანი, როცა სიმართლეა უშნო.

ირაკლი...

ირაკლიმ თავის ეპოქაში გარღვევა მოახდინა. საზოგადოება თავისი ჟანრით ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ირაკლი ჩარკვიანი ჩემთვის პოეტია. ის თავად ქმნიდა ყველაფერს და როგორც მომღერალს, წარმოუდგენლად ტრაგიკული ხმა ჰქონდა. მისი თაობა დაკარგული იყო და, ალბათ, მის ხმაში თაობის ტრაგიზმი იგრძნობოდა. მე ირაკლის ყოველ დაბადების დღეზე ვკითხულობ მის წიგნს "მშვიდი ცურვა" და მუდამ ახალს ვიგებ, თითქოს ჩემი შვილი ცოცხლდება და მესაუბრება.

- როგორი შეგრძნებაა, როცა ირაკლის სიმღერებს სხვა მღერის?

- მიხარია. ზაზა შენგელიას ინიციატივით შარშან შეკვეთილში კონცერტი გაიმართა. ირაკლის ყველა სიმღერა სხვადასხვა მომღერალმა შეასრულა, მიუხედავად ამისა, ჩემთვის ირაკლი განუმეორებელია.

- ჩარკვიანების ოჯახში საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია თქვენი შვილი თეონა. - თეონას ჰყავს ორი ძალიან კარგი შვილი. ის ბალერინაა. იყო თბილისში საბალეტო დასის ხელმძღვანელი, შემდეგ კარიერა ლონდონში განაგრძო. იქ დადგა ასევე ჩემი ერთ-ერთი მინიატიურაც. ის სულ ახლახან დაბრუნდა თბილისში.

ნანა

ნანა სფინქსივით იყო. იდუმალი. ეს მნიშვნელოვანი მომენტია სიყვარულში. ნანა ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, ეს კიდევ უფრო ართულებდა მის ბოლომდე გაცნობას. სულ მეგონა, რომ ღრმა სამალავში რაღაც საიდუმლოს ინახავდა. ეს სიყვარულის მაცოცხლებელი ძალა იყო. პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ მის სიყვარულს ვეღარ გადავურჩებოდი. ახლა ხშირად მესიზმრება. მარტო ვცხოვრობ, მაგრამ ის მუდამ ჩემთანაა. მის სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობ.

- რაზე მუშაობთ ამ ეტაპზე?

- ვწერ რომანს, სადაც იქნება პოლიტიკა, ფილოსოფია და ცოტაც სექსიც...

თამუნა მარშანიშვილი