"ივანიშვილმა თქვა, "რუსთავი 2"-ს თუ გამორთავთ, მხოლოდ აღმშენებლობას დაინახავთო, ველოდები, აბა, აღმშენებლობა?!"
ცნობილი მომღერალი ბუბა კიკაბიძე არასოდეს მალავს თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას დღევანდელი ხელისუფლების და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ... ამჯერადაც ვრცლად გვესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:
- ბიძინა ივანიშვილმა თქვა, "რუსთავი 2"-ს თუ გამორთავთ, ქვეყანაში მხოლოდ აღმშენებლობას დაინახავთო, ველოდები, აბა, აღმშენებლობა?!. "რუსთავი 2"- ის ამბავს იმდენად განვიცდი და ცუდად ვარ, საერთოდ აღარ ვრთავ ტელევიზორს. ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა, შესანიშნავი ჟურნალისტები არიან, პროფესიონალიზმით გამორჩეული და საერთოდ ვთვლი, რომ ნიკა გვარამიას მსგავსი მენეჯერი, საქართველოში მეორე არ არის! მე მაინც ოპტიმისტი კაცი ვარ და მჯერა, რომ მალე გახსნიან ახალ ტელევიზიას და ყველაფერი კარგად იქნება! თუ რამეში დავჭირდი, გვერდით დავუდგები, ჩემი თავი ენაცვალოთ მაგათ!
ამჟამინდელი "რუსთავი 2" რომ ობიექტური აღარ იქნება, ამას ყველა ვამჩნევთ! თუ ჩვენ მაგათ სულელები ვგონივართ, კი, ბატონო, მოგვიყვნენ ზღაპრები...
ახლა ავთო წერეთელს მიადგნენ, რომლის ტელევიზიაც ამ მთავრობას აკრიტიკებს, მერე "კავკასიას" შეუტევენ და გვექნება ერთი დიდი, ბედნიერი ტელევიზია და ფეხზე დამდგარი საქართველო... აი, რატომ ჰგონია ხალხი სულელი ამ ხელისუფლებას?!
რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხდება, ეს ყველაფერი ხომ თეთრი ძაფით არის ნაკერი. ძალიანაც რომ არ გინდოდეს პოლიტიკაში ცხვირის ჩაყოფა, ამდენს მაინც მიხვდები! ანაკლიის პორტი ძალიან სერიოზული ბიზნესია და სიღრმისეული მიდგომა სჭირდება... მამუკას და ბადრის რასაც აბრალებენ, სასაცილოც კი არის! მე ხომ ვიცი, როგორ წესიერად მუშაობდნენ ეგენი მთელი ცხოვრება! ეშინიათ ალბათ ახალი პარტია რომ შეიქმნება და ამიტომ დევნიან... პოლიტიკაში ჩაძრომა ბევრს არ უნდა, მაგრამ ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ყველა გარეთ გამოვა! ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება ამ მთავრობისთვის! არ ვიცი, ვინ ჰყავთ ასეთი მრჩევლები, რომ ყველაფერს თავის საწინააღმდეგოდ აკეთებენ!
- ამ ცოტა ხნის უკრაინაში წი,ნ პრეზიდენტის - ვლადიმირ ზელენსკის მიწვევით იმყოფებოდით... მას პირადად შეხვდით?
- პირადად ვერ შევხვდი, რადგან დამოუკიდებლობის დღესთთან დაკავშირებით ვიყავი მიწვეული და უამრავი მასშტაბური ღონისძიება იყო. საპატიო სტუმრად, პატრიარქის გვერდით ვიჯექი, მეორე მხარეს მეორე პატრიარქი იჯდა და ძალიან ამაღლევებელი იყო ეს ყველაფერი. ზელენსკიმ შესანიშნავი სიტყვა თქვა, ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცია და ყველგან ვამბობ, რომ ქვეყანას უშველის... უკრაინა დიდი ქვეყანაა, ხალხს სამშობლო უყვარს და ჩვენსავით არ დათმობენ რამეს! აქ ამის წინ ისიც გავიგონე, რუსეთი იძულებული იყო საქართველოში შემოჭრილიყოო... აღარ გვახსოვს მაინც რა და როგორ იყო?! ისტორია სიმართლეს თავის ადგილს მიუჩენს და დრო რომ გავა, შემდეგ ამ ხალხის შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ! სახელების და გვარების დასახელება არ მინდა, ისედაც ყველამ იცის ვინ არიან!
მე ხომ არ ვამბობ, ამხელა ვეებერთელა რუსეთს ვეომოთ-მეთქი, მაგრამ ჩვენი თავმოყვარეობა და ჩვენი ქვეყნის წესები უნდა დავიცვათ! საერთაშორისო თანადგომა და მეგობრები არ უნდა დავკარგოთ! საქართველოზე თითქმის აღარაფერს ამბობენ დასავლეთში, რაც ჩვენი მთავრობის "დამსახურებაა"! ყველაფერს რუსეთის სასიამოვნოდ აკეთებენ და აქ კი არის უნუგეშოდ დაყრილი ხალხი სამაჩაბლოში... ხალხი გასაცოდავებული და გაღატაკებულია და ადამიანს რომ შვილისთვის პურის ფული აღარ აქვს, ის სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობს...
ძალიან მაწუხებს დავით-გარეჯის ბედი, ეგეც რუსეთის თამაში მგონია, რათა საქართველო და აზერბაიჯანი როგორმე ერთმანეთს წაჰკიდოს!
საბჭოთა კავშირი თვითონ რუსებმა დაშალეს და ახლა უნდათ თავიდან ააღორძინონ! არ მოხდება ეგ ამბავი, მორჩა ეგ კინო! პუტინი საქართველოს ებღაუჭება, რადგან უფრო დიდი ქვეყნის პრეზიდენტობა სურს, ნაპოლენის სინდრომი ხომ გაგიგიათ? თუმცა ნაპოლეონი მაგათგან განსხვავებით ინტელიგენტი იყო...
- ბატონო ბუბა რუსულ პრესაში გახმაურდა ინფორმაცია, რომ თითქოს მალულად დადიხართ რუსეთში...
- მოგონილია ეგ ყველაფერი და არც არავინ დაიჯერებს! 2008 წლის მერე რუსეთის არცერთ ქალაქში არ ვყოფილვარ! არც ვაპირებ, წასვლას, რატომ უნდა წავიდე? - როგორ შეიძლება მასთან წახვიდე და უმღერო, ვინც შენ გირტყამს?! თავმოყვარეობა თუ გაქვს არ წახვალ და თუ არა, წადი და უწმინდე ფეხსაცმელი! რუსი მეგობრები ვერც მიბედავენ მიწვევას და აქეთ ჩამოდიან. იციან იქ ჩამსვლელი არ ვარ! 2008 წელს ორდენს მაძლევდა რუსეთის მთავრობა და უარი ვთქვი, რადგან მერე ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის თვალებში როგორ უნდა შემეხედა?! აქ ტანკები უკვე გორში იყო შემოსული და მე დეპეშა მივიღე, ორდენით ჯილდოვდებით მეგობრობის ნიშნადო... აქ მოდიხარ სახლებს გვიწვავ და თან ვიღაც ბუბას ან პეტრეს ორდენს აძლევ, რა წესია, არ მესმის!
ძალიან მიყვარს რუსი ხალხი, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა არ მომწონს და რა ვქნა?! რომ შემეძლოს, ყველაფერს დავანგრევდი, მაგრამ მარტო ვერაფერს გადავწყვეტ! დიდი დრო უნდა საბჭოთა მენტალიტეტის დანგრევას, მაგრამ მოუწევთ შეგუება, ბოლოსდაბოლოს ფაშიზმი დაინგრა...