"აღარ მინდა ამის გახსენება, რადგან წლები დამჭირდა ყველაფრის დასაძლევად, ხელახლა ფეხზე დასადგომად" - კვირის პალიტრა

"აღარ მინდა ამის გახსენება, რადგან წლები დამჭირდა ყველაფრის დასაძლევად, ხელახლა ფეხზე დასადგომად"

"ბერლინის შტაცოპერაში ისეთ ვარსკვლავებთან ვმუშაობდი, დღეს რომ ვიხსენებ, ხანდახან ლამაზი სიზმარი მგონია. ბევრ საერთაშორისო დონის ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, მათ შორის პოლიტიკური დატვირთვის და სწორედ აქ შემამჩნია ანგელა მერკელმაც", - ულამაზესი ქართველი ბალერინა თათა ჯაში თავის წარმატებულ კარიერაზე გვესაუბრა...

ფოტოგალერეა

- ახლახან კონკურსზე "მსოფლიო დედოფალი" დიდი აღიარება მოიპოვეთ... გვიამბეთ ამის შესახებ...

- "მსოფლიო დედოფალზე" მონაწილეობა სპონტანურად გადავწყვიტე, არც ველოდი თუ ყველაფერი ასე წარმატებით აეწყობოდა და გავემგზავრებოდი... ფატუნა ბუშიჰედმა და "მარიგოლდმა" იზრუნეს ჩემს საკონკურსო ჩაცმულობაზე. ნამდვილად არ მაქვს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მაგრამ ვარ მონდომებული და ძალიან შრომისმოყვარე, შესაბამისად მქონდა ამბიცია, რომ კონკურსზე წარმატებისთვის უნდა მიმეღწია. ტოპათეულში მოვხვდი. სამწუხაროდ, მსგავს სილამაზის კონკურსებზე დიდ როლს თამაშობს პოლიტიკა. ხუთეულში სწორედ დიდი ქვეყნის წარმომადგენლები გავიდნენ.

- ვინ აღმოაჩინა თქვენში ბალერინა? - ცეკვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ კონკრეტულად ბალეტზე არ მქონია გართულება. დედას მეგობარმა დოიმ ურჩია ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მისაღებ გამოცდაზე გავეყვანე. წინასწარ მომზადებული არ ვყოფილვარ და არც ვიცოდი, რა მელოდა იქ. მიმიღეს და სწავლაც გავაგრძელე, მაგრამ დედას ვეცოდებოდი ამ ულევი შრომისთვის და უნდოდა გამოვეყვანე... თუმცა ჩემმა იმჟამინდელმა პედაგოგმა ნატალია დიღმელაშვილმა უთხრა, რომ სულ მცირე დროში მე უკვე სოლისტის სახით მნახავდა სცენაზე, რაც გამართლდა კიდეც! იმავე წელს, 8 წლისამ შევასრულე პატარა საბალეტო ნომრები, სადაც სოლო მქონდა. რაც შეეხება ხელოვნების სხვა დარგებს, უკვე ზრდასრული რამდენიმე თვე ვოკალზე დავდიოდი. ეგეც სასაცილოდ დაიწყო, დაგეგმილ წვეულებაზე კარაოკეში შეჯიბრება უნდა გამართულიყო. ეს რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე და გადავწყვიტე 2-3 გაკვეთილი ამეღო, პირის სწორად გაღება მაინც შემძლებოდა... ესეც ალბათ, რაღაც დონეზე ამბიციაა, როცა არ შეგიძლია ამა თუ იმ დარგში შენი სისუსტე აჩვენო. ისე მოხდა, რომ კარაოკეს გარდა, საოპერო მიმართულებით 3-4 თვე გავაგრძელე მომზადება ჩემი პედაგოგის, ავთო რევიშვილის დაჟინებული თხოვნით. ძალიან უნდოდა ნიჭიერთა ათწლედში ჩამებარებინა, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი ცეკვა იყო. ასევე 3-4 თვე დავდიოდი ხატვაზე. იმ პერიოდში, როცა ტრავმის გამო ვერ ვცეკვავდი, რაიმეზე გადართვა მჭირდებოდა და ხატვა შესანიშნავი გამოსავალი იყო. მერაბ ბერძენიშვილის ცენტრში დავდიოდი და ამ უდიდესმა ხელოვანმა დედაჩემი დაიბარა, - ფერთა აღქმის გამორჩეულად კარგი უნარი აქვს და ხატვა აუცილებლად უნდა განაგრძოსო. აქაც ცეკვის სიყვარულმა მძლია და გადავწყვიტე, მთელი კონცენტრაცია საცეკვაო ფორმის მალე დაბრუნებაზე მქონოდა. ახლა რომ ვფიქრობ, შეიძლება ასე ძალიან რომ მაქებდნენ, ამანაც იმოქმედა, თითქოს უკვე მივიღე რაც მინდოდა და ამ დარგებში ჩემს თავზე მუშაობის სურვილი დავკარგე. თუმცა, ცეკვის სიყვარული და მოცეკვავის ამბიცია დღემდე მომყვება.

- წარმატებული კარიერა აიწყვეთ საზღვარგარეთ...

- გერმანიაში, კერძოდ ბერლინში, 5 წელი ვიცხოვრე, იქ დავამთავრე ბერლინის ერნსტ ბუშის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, მონაწილეობა მივიღე საბალეტო კონკურსზე, სადაც მეორე ადგილი ავიღე და დღემდე განვიცდი, რადგან პირველზე შემეძლო გასვლა და ალბათ, მონდომება დავაკელი. მივიღე მონაწილეობა ბიენალეში. ვიცეკვე ბევრ საბალეტო სცენაზე, ვმუშაობდი ბერლინის შტაცოპერაში ისეთ ვარსკვლავებთან, დღეს რომ ვიხსენებ, ხანდახან ლამაზი სიზმარი მგონია. ბევრ საერთაშორისო დონის ღონისძიებაშიც ვმონაწილეობდი, მათ შორის პოლიტიკური დატვირთვის მქონეებში და სწორედ აქ შემამჩნია ანგელა მერკელმაც. მერე ისე მოხდა, ბევრ მისთვის გამართულ ღონისძიებაზე სწორედ მე მიწვევდნენ.

- რატომ გქონდათ ოთხი წელი სცენაზე პაუზა? - იმდენად კარგად და იმხელა წარმატებით ვიზრდებოდი პროფესიულად, რომ ალბათ, ეს ყველაფერი ზედმეტად ბევრი იყო ახალგაზრდა გოგონასთვის საქართველოდან და იღბალმა ერთიანად მაქცია ზურგი. მივიღე ხერხემლის ტრავმა. მდგომარეობა პრინციპში თვეების განმავლობაში მძიმდებოდა და ჩემი ბრალიც არის, რომ ამ დონემდე მივიყვანე თავი. უბრალოდ, წარმატებამ თავბრუ დამახვია, მენანებოდა თუნდაც ერთი სპექტაკლის და ღონისძიების გამოტოვება, გამაყუჩებელს ვიკეთებდი და ისე ვცეკვავდი. ერთ-ერთ საგასტროლო სპექტაკლზე კი ისე მოხდა, რომ ბალანჩინის ბალეტის შესრულებისას, რომელ დადგმაშიც 3 სოლისტი ცეკვავს, ერთ-ერთმა სპექტაკლის მსვლელობისას მიიღო ტრავმა და კულისებში დავარდა, ვეღარ დგებოდა. მე ახალი დამთავრებული მქონდა ჩემი სოლო პარტია, მაგრამ ვინაიდან ტრავმირებულ მოცეკვავეს ფიზიკურად არ შეეძლო გასვლა, ბევრი არც მიფიქრია, ისევ გავედი სცენაზე და მისი პარტიაც შევასრულე, მერე ჩემიც მივაყოლე - ერთი სიტყვით, სპექტაკლი ჩავარდნისგან ვიხსენი. სამწუხაროდ, ჩანაწერი არ მომეპოვება, რადგან ბალანჩინის ფონდი დადგმებს მკაცრად აკონტროლებს და მსგავსი არევა, სოლისტების ცვლილება რომ ენახათ, დასს დიდ ჯარიმას დააკისრებდნენ. ამ თავგანწირვამ ჩემი ტრავმის მდგომარეობა უფრო დაამძიმა და საბოლოოდ, როცა უკვე გადავწყვიტე შესვენება და მკურნალობა, გვიანი იყო. დიდი ფიზიკური ტკივილი გავიარე სარეაბილიტაციო პერიოდში, მაგრამ არანაკლები დიდი ტკივილი იყო ცეკვას რომ ჩამოვშორდი, მით უმეტეს, რომ ყველა ექიმი, ვისთანაც ვიყავი, ცეკვის გაგრძელების იმედს ვერ მაძლევდა. უზომოდ გამიჭირდა იმის გააზრება, რომ ის ცხოვრება, კარიერა, წარმატება ჩემს საყვარელ საქმეში ერთიანად დასრულდა. სიმართლე გითხრათ, აღარ მინდა ამის გახსენება, რადგან წლები დამჭირდა ყველაფრის დასაძლევად, ხელახლა ფეხზე დასადგომად.

- როგორ დაუბრუნდით ისევ სცენას? - დაბრუნებას რაც შეეხება, ამას არ ვგეგმავდი... რადგან დამარწმუნეს, რომ ვეღარ ვიცეკვებდი, დავიწყე ახალი პროფესიის შეძენაზე ზრუნვა, გავიარე პიარისა და მარკეტინგის კურსები და მალევე დავიწყე საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას მუშაობა. 4 წელი იყო გასული, რაც აღარ ვცეკვავდი და ერთ დღესაც, ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის გამგემ დამირეკა, შემომთავაზა ვარჯიშის დაწყება და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება უკვე დალაგებული მქონდა, არც დავფიქრებულვარ. დავიწყე ვარჯიში. ჯერ მეგონა, ვეღარ აღვიდგენდი საბალეტო ფორმას, მაგრამ საკმაოდ მალე აღვიდგინე მივიწყებული მოძრაობები. ნახევარი წლის მერე უკვე ოფიციალურად ამიყვანეს ბალეტის კორიფედ. 1-2 თვეში პირველი სოლოც ვიცეკვე.

- დედობამ რა შეცვალა თქვენში?

- დედობა გახდა ის გარდამტეხი მომენტი, რამაც ჩემი აზროვნება, პრიორიტეტები და მიზნები რადიკალურად შეცვალა. ჩემი ცხოვრება კიდევ ერთხელ დადგა თავდაყირა, მაგრამ ეს უკვე ბედნიერების არეულობა იყო. ყველაფერი მომენტალურად დაუკავშირდა ერთ პაწაწუნა ადამიანს და მის გარშემო დაიწყო ტრიალი. თითქოს ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ახლა ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს. ერთია იშრომო წინსვლისთვის, მაგრამ უსაზღვროდ მეტი სიამოვნებაა იცოდე, რომ ყველაფერს შენი სულის უსაყვარლესი ნაწილისთვის აკეთებ.

- თბილისში მოღვაწეობა რას ნიშნავს თქვენთვის? - არ ვიცი, უცხო თვალით როგორ ჩანს, მაგრამ ჩემი აზრით, მე თბილისში ისე ვერ შევძელი თავის დამკვიდრება, როგორც ეს ბერლინში მოვახერხე. ბევრი ბარიერი გადავლახე აქაც, მაგრამ შეიძლება მორიგი გამოუსწორებელი ტრავმის მიღების შიში ჩამრჩა ან უბრალოდ, შევეგუე დინების მიმართულებით ცურვას. მონდომება და ამბიცია დღემდე მაქვს, მაგრამ მგონია, რომ შრომისა და ნიჭის გარდა, ბევრი ფაქტორი გაჩნდა, რაც წინსვლისთვის არის საჭირო. სამომავლო გეგმებში მაქვს საკუთარი აკადემიის გახსნა, ე.წ. ცეკვის სივრცე, სადაც შეისწავლება როგორც ბალეტი, ასევე ნამდვილი მოდერნის და კონტემპის ხელოვნება... საბალეტო ჯგუფი უკვე ავიყვანე. უშუალოდ ცეკვას რაც შეეხება, მინდა მოვასწრო რაც შეიძლება მეტი როლის მორგება და ჩემი ტექნიკური, საშემსრულებლო მონაცემების გამოცდა. იმედი მაქვს ჩვენს ოპერისა და ბალეტის თეატრში ამის შესაძლებლობა კიდევ მექნება.

- თქვენი დეიდა მოდის სფეროში კარგად ცნობილი ლიკა ყაზბეგია. ის ძალიან გგულშემატკივრობთ... - დიახ, ლიკა ჩემი პირველი გულშემატკივარია. ცხოვრების ყველა ეტაპზე ცდილობდა ჩემს გამხნევებას და ამას ძალიან ვაფასებ. სამოდელო სფეროში რომ მაქვს გამოცდილება, სწორედ მისი დამსახურებაა. ყოველთვის მეზარებოდა კასტინგებზე სიარული და რომ არა ლიკას დაძალება, ბევრ რეკლამაში არ ვიქნებოდი გადაღებული... ახლა კი ძალიან მომწონს ჩემი განვლილი წლები და ლიკასი მადლიერი ვარ.

იხილეთ ფოტოგალერეა მანანა გაბრიჭიძე ჟურნალი "გზა"