"ვახოს წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, დარდი მკლავს... იმდენი რამ დაგვატყდა თავს, ყველა ავირიეთ"
მოდისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ერთხმად აღიარებენ, რომ ცნობილი ჟურნალისტი ნინო დარასელი დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა... ის გულახდილად გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ ახერხებს ცხოვრების რთულ პერიოდშიც კი მუდამ ბრწყინავდეს...
- უპირველესად მადლობას გიხდით ამ რუბრიკის რესპონდენტად რომ ამირჩიეთ... ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში კი ვფიქრობ, ყველაზე დიდ გავლენას ის გარემო ახდენს, სადაც იზრდება. ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა ბებიამ მოახდინა. ლამარა ჭიპაშვილი საოცარი ადამიანი იყო, რომელიც პატარაობისას სულ "გაკრახმალებულ" კაბებს მაცმევდა. სხვა ბავშვები თუ ეზოში სათამაშოდ შესაფერისად შემოსილები ჩამოდიოდნენ, მე სულ შეუფერებლად - თოჯინასავით გამოვიყურებოდი, ტანზე გაფშიკინებული კაბით... ლოგინის თეთრეულიც კი დღემდე თეთრი, მაქმანებიანი გვაქვს, ბებია რომ "აკრახმალებდა"... თვითონ იყო ძალიან ლამაზი, კოხტა ქალი, რომელსაც განსაკუთრებულად კარგი აღნაგობა ჰქონდა. სულ მისი კონტროლის ქვეშ ვიყავით. მისგან ყოველთვის ისმოდა: აბა, თმა გადაიწიე, წარბები გაისწორე, შუბლი გამოაჩინე და ასე შემდეგ... სამოსს საოცრად იხდენდა. ოჯახში მისი აღნაგობა არც ერთს არ გამოგვყვა. დედაჩემიც და დეიდაჩემიც კოხტები არიან, მაგრამ ლამარიკო სულ სხვა იყო! ყველა კიდური გამოთლილივით ჰქონდა.
გული მიჩუყდება, როდესაც ბებიები ახალგაზრდობის გარდერობზე, ჩაცმულობაზე ჰყვებიან... სულ რომ ერთი ან ორი კაბა ჰქონდათ და იმ ორ კაბას როგორ უფრთხილდებოდნენ, იხდენდნენ და ინახავდნენ... ძველ, ომის შემდგომი პერიოდის ფოტოებს რომ ვხედავ, სულ მიკვირს, იმ გაჭირვების დროს ან ნაჭერს როგორ არჩევდნენ, ან ისე ლამაზად როგორ იკერავდნენ... იმ კაბებით მიდიოდნენ სასწავლებელშიც, პაემანზეც და ყველგან...
ლამარიკოსგან რაც ვისწავლე, სისადავის სიყვარულია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი მუდამ ერთ ფერში იყო გადაწყვეტილი. ჯიჯი რეჯინმა ერთხელ თქვა, შავი და თეთრი მომწონს ჩაცმულობაში, ჭრელები არაო და ჰკითხეს, - აბა, რომ ამბობ, ნინო დარასელი მომწონსო, ის ხომ სულ ჭრელებს იცვამსო? და ჯიჯიმ, - ნინოს ფერები ჩემთვის შავი და თეთრიაო... მან ზუსტად დაინახა ჩემი განწყობა ჩაცმულობაში. ჭრელი სულაც არ ნიშნავს, რომ შეიძლება სადა არ იყოს...
ბებიას მეგობარი - ცისანა ელიავა ახლაც საოცრად გამოიყურება. სულ მინდა ჩემმა მეგობარმა რეჟისორებმა ან ფოტოგრაფებმა გადაიღონ, იმდენად საინტერესო ქალია. თავის თაობაში ალბათ, ყველასგან გამოირჩეოდა და დღესაც ულამაზესად იცვამს. "ბალეტკები", შარვლები, ელეგანტური ზედები...
დეიდაჩემს - მაიას ბებიასგან გემოვნება და ხელოვნების სიყვარული გამოჰყვა. მაიკომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ ნახატების შეგროვება დაიწყო და სერიოზული კოლექციაც აქვს. პირველად ირაკლი ფარჯიანის ნახატები რომ მოიტანა, გაკვირვებული ვუყურებდი... პატარა ასაკში ხომ ვერ ხვდები, ბევრი რამე რამდენად ფასეულია. მერე ფარჯიანის ნახატების გამოფენა მოაწყო და მაშინაც ვერ მივუხვდი. როცა გავიზარდე, მერე უკვე თვითონ გავხდი მაიას წყალობით გაცნობილი ამ და ბევრი სხვა მხატვრის თაყვანისმცემელი. მაიამ მაზიარა ხელოვნებას!
- თქვენ, დედა და დეიდა მუდმივად ითვალისწინებდით ერთმანეთის აზრებს ჩაცმულობაში, სხვა საკითხებშიც... დღეს როგორ ცხოვრობთ ერთმანეთისგან შორს? - ჩემსა და დედას შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 16 წელია და ფაქტობრივად, დებივით ვართ. მაიას და ჩემ შორის კიდევ უფრო პატარა ასაკობრივი სხვაობაა და მართლაც, სამი ახლო მეგობარი ვიყავით... ახლა სევდიანად ვცხოვრობთ ერთმანეთის გარეშე. დღეს დამირეკა დედამ და მითხრა, - თეთრი პალტო გამომიგზავნე და ვარდიანი ქუდიო... ვეხუმრე, "სნეგუროჩკას" როლი ხომ არ მოგცეს ციხის სპექტაკლში-მეთქი?.. აქვს თბილი ტანსაცმელი, რომელიც იქაური პირობებისთვის ბევრად შესაფერისია, მაგრამ არ შეუძლია ჩაცმულობასა და გარეგნობაზე განსაკუთრებულად არ იზრუნოს. მაიას ვიცი, უფრო ეზარება და ალბათ იცვამს იმას, რაშიც კომფორტულად გრძნობს თავს. დედა უფრო პრანჭიაა და ამ რთულმა პერიოდმა ვერაფრით გატეხა. სასამართლოზე რომ მიდიოდა, ჯერ თმა დაივარცხნა სალონში.
- ქალბატონ მაიას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა... ამჯერად როგორ გრძნობს თავს? - მაიკო საოცრად ძლიერი ადამიანია! ნებისმიერ საიდუმლოს რომ გაანდობ და გაგიგებს, ისეთი. რუსო ბევრად მკაცრია. არადა, პირიქით ჩანს, თითქოს რუსიკოა ბევრად რბილი ხასიათის... მაიამ ჩვენზე მეტი გადაიტანა. გულწრფელად გითხრათ, მეც არ შემიძლია მშვიდად ვილაპარაკო ვახოზე, იმდენად დიდი დანაკლისია ჩვენთვის. უზარმაზარი სიცარიელე დაგვრჩა მისი წასვლით... იმდენად დიდი ენერგიისა და საოცარი გულის ადამიანი იყო, ობლად დარჩენილები ვართ მის გარეშე. ბავშვები ვერაფრით ეგუებიან. არც ბებიები და არავინ, ვახოსნაირი მზრუნველი მათ არ ჰყავდათ. სადმე წასვლა რომ მიწევს, სულ ვფიქრობ, ახლა რომ ვახო ცოცხალი იყოს, ბავშვს ხომ დავუტოვებდი და მშვიდად ვიქნებოდი-მეთქი...
ვახოს წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, დარდი მკლავს... იმდენი რამ დაგვატყდა თავს, ყველა ავირიეთ, ხშირად ვკამათობდით რა და ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე. იმას ვდარდობ, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც არაღირსეული ადამიანების გამო ვახოს ვაწყენინე. ჩვენ ისე ვართ გაზრდილები, ოღონდაც სხვას არ ეწყინოს და საკუთარ ახლობელს, თავს გავწირავთ... ვახოსთვის კი ოჯახი იყო უპირველესი. მისთვის არ არსებობდა მაიაზე, რუსოზე, ჩემზე, მარიტაზე, კატოზე უკეთესი ვინმე... ამიტომაც ენატრებათ ბავშვებს ასე ძალიან. სულ იხსენებენ და იმდენად აკლიათ, რომ უამრავი წელი, მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ... ჩემი შვილისთვის - ზაზუკასთვისაც ნომერ პირველი ვახო იყო. მამაჩემი ადრე გარდაიცვალა და ვახო გახლდათ მისთვის ბაბუა, ძალიან მეგობრობდნენ.
- თქვენი ვაჟი ახლა უკვე დიდია... - ზაზუკა ახლა 26 წლის არის და ერთად რომ გვხედავენ, ადამიანებს მართლაც უკვირთ. ჩემზე ბევრად მაღალიც არის და გონიერიც. ძალიან მშვიდია და გაწონასწორებული. მასთან შედარებით, მეც და მამამისი - ნიკაც არასერიოზულები ვართ. არასოდეს იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, არაფერზე აჟიტირდება... მე მის ასაკში ტაშ-ფანდურა, ქარაფშუტა ვიყავი...
- თუ ენერგიული?
- ენერგიულები ოჯახში ყველა ვართ. დედა ჩემზე ბევრად უფრო ენერგიულია. მასთან შედარებით, საერთოდ დამბლადაცემული მგონია თავი. მე ისე გავიზარდე, რომ ჩემი პრობლემები სხვისთვის თავზე არ უნდა მომეხვია და მხოლოდ კარგი გამეზიარებინა. ეს თვისება ჩამომიყალიბდა და ძალიან გამომადგა ბოლო პერიოდში. ახლახან სატელევიზიო შოუში ვიყავი მიწვეული და ჩანაწერი რომ ვნახე, მეტისმეტად მხიარული ვჩანვარ. თვალები დავხუჭე და ხელები ავიფარე, ნეტავ ადამიანები ჩემზე რას ფიქრობენ, რა მემღერება და ან რა მეცეკვება-მეთქი?!.
- რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა, ვერ გაგიგონ?
- პირველ რიგში, დედა და დეიდა არ მაძლევენ უფლებას, ხელები ჩამოვყარო, დავეცე და ვიქვითინო... დედა რომ მირეკავს, სულ ოპტიმისტურად მელაპარაკება. ვიცი, რომ ახლა იქ პრინცესას საწოლში არ იქნება და უამრავი რამ შეაწუხებს... 60 წელს არის გადაცილებული და არასოდეს დაუწუწუნია. ამიტომაც, არ მაქვს უფლება, ვინმეს ჩემი სისუსტე დავანახვო, თორემ რომ გავაანალიზოთ ის, რაც ჩვენს თავს მოხდა, ფსიქოლოგიური ზეწოლიდან დაწყებული, უმძიმესი გასაძლებია... ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში შენთან ერთად იყვნენ, სადღაც გაქრენ... სამაგიეროდ, ჩნდებიან სხვა ადამიანები და ბევრად უფრო მეტნი, რომლებიც ამ დროს საოცარ თანაგრძნობას გამოხატავენ. არადა, მათგან არც ელოდი. არ შეიძლება ამ დროს ღმერთის უზომოდ მადლობელი არ იყო. ძალიან დიდ ძალას გაძლევს ადამიანების მხარში დგომა და სიყვარული...
ზუსტად სტილსა და სილამაზეზე გამახსენდა ერთი ამბავი: ბევრი წლის წინ, კომუნისტების პერიოდში ლიკანში ვისვენებდით და იქ იყო ქალბატონი, რომელმაც ჩემი ყურადღება დანახვისთანავე მიიპყრო. ეს ქალბატონი 70 წლის იქნებოდა. ჭაღარა თმა ჰქონდა, უკან გადაწეული და გრძელი, ნატიფი კიდურები. ყოველთვის შავებში ჩაცმული იყო... გავიდა ბევრი წელი და ლანა ღოღობერიძს ფილმში - "ინტერვიუ პირად საკითხებზე" (რომლის რაღაც ნაწილი თავად ლანა ღოღობერიძის და დედამისის ურთიერთობებს ასახავს) დავინახე ქალბატონი, რომელიც ლიკანში მყავდა ნანახი. მითხრეს, ეს არის ქეთუსია ორახელაშვილიო... ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქეთუსიას ქმარი - ევგენი მიქელაძე დახვრიტეს. ამ ქალის სილამაზემ იმდენად აღაფრთოვანა ბერია, რომ მისგან უარი ვერ აიტანა და ჯერ დააპატიმრეს ეს ულამაზესი ქალი და შემდეგ გადაასახლეს... ქეთუსია ბევრი წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში... "მონანიებაშიც", ზეინაბ ბოცვაძის გმირი თურმე, ქეთუსია ორახელაშვილია, რადგან გადასახლებიდან დაბრუნებული ქეთუსიაც ერთი პერიოდი ნამცხვრებს აცხობდა. მისი ეზოს ბავშვებს ახსოვთ ფანჯრიდან როგორი საოცარი სურნელი იფრქვეოდა. ქეთუსია ორახელაშვილია მაგალითი - სილამაზის, სტილის, ასაკთან ერთად მოსული ხიბლის...
- დღეს ვინ არის თქვენთვის მისაბაძად გემოვნებიანი? - მე შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული სტილი მქონდეს, მაგრამ ვეთანხმები ყველას, ვისაც ყველაზე გემოვნებიანად ნანი ბრეგვაძე მიაჩნია! უდავოდ, ძალიან გემოვნებიანი ქალია! არც ვიცი, რამდენი წლის არის და ამას არც აქვს მნიშვნელობა... ამ ასაკში ახერხებს ირგვლივ ყველა დაჩრდილოს. არადა, შოუებს არ აწყობს ყურადღების მისაქცევად...
ძალიან დახვეწილია თეონა თავართქილაძე. ყოველთვის საინტერესოდ აცვია მწერალ ნენე კვინიკაძეს და ვფიქრობ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მის დიზაინერ დას - თიკო კვინიკაძეს... მომწონს სალომე აბესაძის ორიგინალური სტილი.
- რას ურჩევდით ქალბატონებს საიმისოდ, რომ სულ გემოვნებიანად გამოიყურებოდნენ?
- საერთოდ არ ვარ თამამი, მაგრამ ჩაცმულობაში სითამამით გამოვირჩევი. მამაჩემს სიმსივნე რომ ჰქონდა და ავსტრიაში მკურნალობდა, მირეკავდა და მეუბნებოდა: "მოამბე" რომ მიგყავს, სამხედროსავით გამოწყობილი რატომ ხარო?.. კისრამდე შეკრული კოსტიუმები მეცვა, რაც არ მოსწონდა... სხეულის ნაწილების გამოჩენა არ არის ჩემი სტილი. სხვაზე შეიძლება მომეწონოს, მაგრამ ჩემს ტანზე ვულგარულ სამოსს ვერ ვიტან!..
ჩემთვის დღეს, რა თქმა უნდა, დემნა გვასალიას გარდა, ყველაზე საინტერესო მოდის სახლი "გუჩი" გახლავთ და თუ დავაკვირდებით, იქ ყველანაირი ფერის და მატერიის შეხამებაა. აღმოჩნდა, რომ თურმე ერთმანეთს ყველანაირი ფერი შეიძლება უხდებოდეს... მე მაგალითად არ მაინტერესებს, სამოსი ტრენდულია თუ არა. არც ვიცი, დღეს რა არის ტრენდული. რაც მომწონს, იმას ჩავიცვამ... ჩემი მეგობარი ახლაც მახსენებს ჩემს ერთ უჩვეულო ქუდს: იმ პერიოდში ჯეი კეი იყო ძალიან მოდური მომღერალი. მას "მამლის" ფორმის ქუდი ეხურა. ასეთი ქუდი ვიყიდე ლონდონში და ვატარებდი. მეგობარმა მითხრა, - შენიშვნას კი არ გაძლევ, მაგრამ ქუდი მომეცი, დავიხურავ და შეხედე, ნორმალურს თუ ვგავარო... ის მართლა არ ჰგავდა ამ ქუდში ნორმალურს, მაგრამ ვუთხარი, - შენ არა, მაგრამ მე გავატანინებ-მეთქი (იცინის)...
- ალბათ ბევრი მომბაძველი გყავთ...
- არ ვიცი... მაგრამ ნამდვილად ვინც მბაძავს, ჩემი შვილი მარიტაა, რომელიც ძალიან სასაცილოდ, საყვარლად იქცევა... ჩემი გარდერობიდან არჩეული აქვს ის ტანსაცმელი, რომელიც მეც დიდი მაქვს. არაფრის ჩაცმას არ ვუშლი, თვითონ ხვდება, რაღაცები რომ არ მომწონს... თავისი სტილი აქვს, დიდი ბაფთები უკეთია თავზე და ასე შემდეგ...
- თქვენ და გუკა არა დეიდაშვილები, არამედ და-ძმა უფრო ხართ... როგორი დამოკიდებულება გაქვთ მისი შვილების დედებთან? - გადასარევი! არც მერიდება ამის თქმა და თვითონაც დაადასტურებენ, რა მეგობრულად, დებივით ვართ... სხვათა შორის, გემოვნებაზე ვსაუბრობთ და გუკას პირველი მეუღლე - თეონა ცინცაძე იმდენად მომწონდა, სულ ვბაძავდი. ჩემი ჟურნალის "ანაბეჭდის" დიზაინერი, არტ-რედაქტორი გახლდათ... მისი ჩაცმულობა თითქოს რაღაც ამბის თხრობაა! ჩაცმულობა შენს ხასიათს უნდა გამოხატავდეს, ინდივიდუალურობას ხაზს უსვამდეს...
რადგან გემოვნებაზე ვსაუბრობთ, მინდა დავასახელო ჩემი ოჯახის დამხმარე ქალბატონი ჟუჟუნა. მე ხომ ვიცი, ამ ქალბატონს რა მწირი შემოსავალი აქვს, მაგრამ ყოველთვის იმდენად საოცრად ლამაზი ჩაცმული მოდის, რომ მაკვირვებს. გუშინაც წინსაფრის შიგნით ისეთი ლამაზი ზედა ეცვა, გავგიჟდი... ძალიან ხშირად ვთხოვ, იქნებ ჩემთვისაც ნახო ასეთი ლამაზი სამოსი-მეთქი.
მანანა გაბრიჭიძე