გურამ დოჩანაშვილი: "იცით, რატომ არ ვერევი პოლიტიკაში?"
"ჩვენს ოჯახებს პურის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ სულ გვინდოდა ერთმანეთისთვის სიკეთე გაგვეკეთებინა"
26 მარტს 80 წელი შეუსრულდა და, ფაქტობრივად, მთელი 2019 წელიც მისი იყო. საიუბილეოდ მის პიესებზე დადგმული სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმოადგინეს, ხარაგაულის თეატრი კი აქეთაც ეწვია, თბილისში. დედაქალაქში სხვა ღონისძიებებიც გაიმართა, განსაკუთრებით სკოლები აქტიურობდნენ. სიკეთით, სიყვარულით, სითბოთი და მოკრძალებული ბუნებით გამორჩეული თანამედროვეობის დიდი მწერალი ბატონი გურამ დოჩანაშვილი უფროსებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს თანაბრად უყვართ. თავადაც შეიძლება უფროსი ასაკის ადამიანებთან შეხვედრაზე ვერ წავიდეს, მაგრამ უმცროს თაობას თითქმის არასდროს აწბილებს, მთავარია, ჯანმრთელობამ არ შეუშალოს ხელი. ეს საოცრად საყვარელი ადამიანი ყველაზე მეტად ჩვენ - ჟურნალისტებს არ გვწყალობს, თუმცა ვფიქრობ, გამორჩეული ურთიერთობის წყალობით და ჩამწერის გარეშე სტუმრობისას ბევრ სიბრძნეს და საოცარ ამბავს ვისმენ მისგან. ვერც 2019 წელს დავარღვევდი ტრადიციას და ბატონ გურამს ამჯერადაც შინ ვეწვიე. თავადაც და მისი მეუღლე, ქალბატონი ნათელა სეფიაშვილიც სიხარულით შემომეგებენ, შესაბამისად, ხანგრძლივადაც ვისაუბრეთ - მე, ცხადია, უფრო მსმენელი ვიყავი, ჩვენი დიდი მწერალი კი მთხრობელი გახლდათ.
ერთმანეთის მოკითხვასა და საიუბილეო წლის ხსენებას მყისვე მოაყოლა - ხშირად ვფიქრობ, არავინ რომ არ მცნობდა, ნეტავ იმ დროს მომასწრო. ვერ გავდივარ ქუჩაში, რადგან ყველა მესალმება, მკითხულობს, მე კიდევ ამას განვიცდი... ჩემი ასაკის კაცი ან საერთოდ ვერ უნდა წერდეს, ან აჯობებს, სულ არ დაწეროს. უნდა გაგაღიმოთ ახლა: როგორც წესი, მშობლები აყოლებენ ბავშვებს, ვინ რა წაიკითხა. კი არ ვტრაბახობ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა - ჩემი თავი ბავშვებმა შეაყვარეს მშობლებს და ამით ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ბავშვები უფრო განწყობილები არიან სიკეთისკენ, თავისუფლებისკენ, ერთგულებისკენ, ოცნებისკენ. მართლა უბედნიერესი ვარ, ბავშვების გამო მშობლებს რომ ვუყვარვარო.
შევახსენე, თავისუფლებას თქვენი თაობაც, თქვენი სამეგობროც ელტვოდა, ბავშვობაში როგორი მეამბოხეები იყავით-მეთქი და სამეგობროს ხსენებაზე თვალები გაუბრწყინდა:
- ამას თქვენ გეუბნებით, მართლა კარგი სამეგობრო გვყავდა. ახლა ხანდახან ორ კაცს რომ იჭერენ დანაშაულზე, სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ ერთმანეთს აბრალებენ, მე არაფერი დამიშავებია, იმის ბრალიაო. ცხრა ბიჭი ვიყავით, 16-17-წლისანი, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ რომ, ასე ვთქვათ, გავილაშქრეთ. იცით, რა სუფთები ვიყავით? ერთმანეთს როგორ გადავაბრალებდით რამეს!
რასაც დავაშავებდით, თითოეული საკუთარ თავზე ვიღებდით. ჩვენი მეგობარი იყო ზვიად გამსახურდია და უბრალოდ კი არ იღებდა ყველას დანაშაულს თავის თავზე, ის მართლა ჩვენი წინამძღოლი იყო. ოფიციალურ წინამძღოლად კი არ ითვლებოდა, მაგრამ მეგობრებში ყველაზე მტკიცე ეგ იყო. იცით, რა კარგი ბიჭი იყო? ბუნებით შემოქმედს, რა უნდოდა პოლიტიკაში?! ასევე, გვყავდა მერაბ კოსტავა. მერაბი უდიადესი ადამიანი აღმოჩნდა. ჩვენში ყველაზე კეთილი, სუფთა და წმინდა იყო თამაზ გუნჯუა, რომელიც ყველაზე უბედური სიკვდილით გარდაიცვალა - შვილმა მოკლა. შვილი ნარკოტიკს დაეჩვია, ფსიქიკური პრობლემაც შეექმნა და... ყველაზე ნიჭიერი გვყავდა ჯონდო მეტრეველი. მე და ჯონდო დღედაღამ ერთად ვიყავით. მახსოვს, ჯონდომ რომ მითხრა, ყველა საგანში ხუთი დამიწერეს მაგ დეგენერატებმა, მხოლოდ ყოფაქცევაში დამიწერეს ოთხი და ოქროს მედალიც ამიტომ არ მომცესო. არადა, ჯონდო უნიჭიერესი იყო. ასევე მოექცნენ ზვიადსაც და თამაზსაც. ჩვენ საშინელი ზედამხედველობის პერიოდში გავიზარდეთ. ღმერთმა, უფალმა ადამიანს მისცა ის ბედნიერება, რომ მის მსგავსად დაიბადოს. ჩვენს პერიოდში კი ამბობდნენ, მაიმუნისგან წარმოვიშვითო. არადა, რომელი ჯობია: ორანგუტანგობანა თუ ის, ღმერთმა თავის სახედ რომ შეგქმნა?!
"შუშანიკის წამებას" მერვე კლასში მხოლოდ იმიტომ გვასწავლიდნენ, რომ ეთქვათ, ჩვენ ისეთი კარგი ქვეყანა გვაქვს, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებსაც ვასწავლით ბავშვებსო. არადა, მაშინ არ ვიცოდით, რა იყო მართლმადიდებელი ქრისტიანობა, არ ვიცოდით ძველი ქართული და სინამდვილეში, ამით მას გვაძულებდნენ. საოცარი, იცით, რა არის? მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი ათეისტი მეგობარი არ მყოლია! კი არ ვტრაბახობ, ფაქტს ვამბობ და მხოლოდ ღვთის წყალობით გადავურჩით იმ ყველაფერს...
"ერთი პლუსი მაქვს"
ერთ დროს მეც ძალიან მიჭირდა. ჩვენი უწმინდესის ინიციატივით პირველი უფასო სასადილო რომ გაიხსნა, მეც მივდიოდი ხოლმე. იქვე არ ვჭამდი, მაგრამ სუფრაზე საჭმელი რომ დარჩებოდათ, ვიღებდი, ვახვევდი და შინ მომქონდა. ვიღაცას რომ დაენახა, იფიქრებდა, ეს ღორმუცელა ვინ არისო, არადა, ჩემთვის კი არ მინდოდა, ცოლ-შვილისთვის მომქონდა - ჩემს ქალიშვილს ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ჩემს ცოლს - შვილი და ასე მაინც ხომ უნდა დავხმარებოდი!
ჩემს ბავშვობაშიც დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ. 1939 წელს ვარ დაბადებული და 3-4 წლის ასაკშიც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯახებს პურის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ სულ გვინდოდა ერთმანეთისთვის სიკეთე გაგვეკეთებინა და ამან მოგვიყვანა დღემდე.
მაშინ, ომის დროს, ერთმანეთის, მაპატიეთ და, ფეხებზე დაკიდება არ იყო, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ახლანდელ საქართველოში კი რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, შეჭამოს, დააქციოს, ცუდი თქვას, ეს პარტია კარგია, ის ცუდი... საშინელება ხდება. რა პარტია, რის პარტია, რა შუაშია პარტია!
არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი. უცხომ რომ აგიღოს, დაგიპყროს, ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ დღეს საქართველო უფრო მეტად შიგნიდან ტყდება, ვიდრე უცხო მტრისგან. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავს ვერ ვუყურებ, რაებს ამბობენ! ადამიანები გადაგრევენ - ყველაფერს რაღაც უარყოფითს უძებნიან, არაფერი მოსწონთ, ყველას ლანძღავენ და ჰგონიათ, ძალიან მაგრები არიან. ხალხსაც ჰგონია, რაკი არაფერი მოსწონთ, მართლა მაგრები არიან! მაგრები კი არა, ხელმოცარულები არიან და უნდათ ყველანი ხელმოცარულები იყვნენ! უდიდესი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი თომას მანი ამბობდა, ნეტავ ჰერმან ჰესესავით ვწეროო (ჰერმან ჰესე კი ავსტრიელია, მაგრამ გერმანულენოვანი მწერალია, ნობელის პრემიის ლაურეატი)! თავად ბუმბერაზი მწერალი ამბობდა მეორე ბუმბერაზზე. ჩვენთან კი რა ხდება? იმის ნაცვლად, ერთმანეთში კარგი ეძებონ, ერთმანეთს გაუთავებლად ლანძღავენ. ჩვენთან, იცით, რამდენი ცრუპატრიოტია? მგონი, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი ცრუპატრიოტი მოდის, ვიდრე ნამდვილი პატრიოტი.
იცით, რატომ არ ვერევი პოლიტიკაში? არასდროს ვამბობ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-მეთქი, მაგრამ დიადი შემოქმედები კი ნამდვილად გვყავდა, მაგრამ... სხვა მაგალითს მოვიყვან - ხომ აქებენ ბახსა და მოცარტს, წარმოგიდგენიათ, ამ შემოქმედებს რომ ეთქვათ, ჩვენი მუსიკა მოისმინოს ამ პარტიამ და იმ პარტიამ კი არ მოისმინოსო? ან ბეთჰოვენისთვის რომ ეკითხათ, რომელ პარტიას ეკუთვნიო? ვერც გაიგებდა, რას ეკითხებოდნენ. აბა, "მეცხრე სიმფონიის" შექმნას რომელი პარტია უნდა?! ჩემს თავზე არ ვამბობ, დიდი შემოქმედი ვარ-მეთქი, არც იმას, სწორად ვიქცევი ან ვცდები-მეთქი, მაგრამ ერთი ნაღდია: შემოქმედი არც ერთ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს თუკი უნდა დიდ შემოქმედებით წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ეგ კი არა, კომკავშირშიც არ შევსულვარ და ამიტომ არ ვერევი პოლიტიკაში! როგორც ეძახიან ხოლმე, ერთი პლუსი ეგ მაქვს...
"ხანდახან მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი!"
მძიმე დროში ვიცხოვრე, მაგრამ ღმერთმა დიდი წყალობა მომცა, საუკეთესო უფროსი მეგობრები მყავდა. ეს რა ვთქვი! მყავდა კი არა, ახლაც მყავს - ბატონი რეზო თაბუკაშვილი, ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი ნიკო ჭავჭავაძე, ბატონი ოთარ ნოდია, ბატონი რომან მიმინოშვილი. ყველა მათგანი პარტიული იყო. რატომ? მე ხომ ვიცი, კომუნისტური პარტიისადმი რა დამოკიდებულება ჰქონდა, მაგალითად, ბატონ ნიკო ჭავჭავაძეს, მაგრამ სხვაგვარად ვინ დანიშნავდა მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელად მაშინ, როდესაც ფილოსოფია პარტისტორიად აღიქმებოდა, არადა, ბატონმა ნიკომ სწორედ ამით გაათავისუფლა ქართული ფილოსოფიური აზრი მარქსიზმ-ლენინიზმისგან და რა ხალხი გაზარდა - თუნდაც მერაბ მამარდაშვილი! ან ვინ დანიშნავდა ბატონ რეზო ჩხეიძეს კინოსტუდიის დირექტორად, პარტიული რომ არ ყოფილიყო? ბატონი რეზო თაბუკაშვილის გარდა ვინ გადაიღებდა იმ ფილმებს და ვინ ჩამოუტანდა საქართველოს უდიდეს განძს? ეს ხალხი პარტიული იყო, მაგრამ მათი პარტიულობა დიდად განსხვავდებოდა მათგან, ვინც პარტიულობიდან გამომდინარე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გამგედ უნდა დაენიშნათ...
შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში ბატონი ნიკო, იცით, რა დროს მოდიოდა ხოლმე? - ღამის 12 საათზე და მთელ ღამეს ჩემთან იჯდა. ბატონი რეზო ჩხეიძე კიდევ საღამოობით მოდიოდა და 6-დან 11 საათამდე ფეხზე იდგა. ამას განვიცდიდი და ორივეს ვეხვეწებოდი, რას არ ვეუბნებოდი, წაბრძანდით, ჩემი შვილი მაგლოვეთ-მეთქი, მაგრამ არაფრით მტოვებდნენ. ასეთები იყვნენ! მაშინდელი თანაგრძნობა და დღევანდელი რომ შევადარო, დღეს იმის ნატამალს ვერ ვხედავ.
ვერც იმას გაიგებ დღეს, ვინ ვისი მეგობარია. მხოლოდ დროებით შეეკვრებიან ერთმანეთს... თუნდაც ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი, ისიც ჩემი უფროსი მეგობარი, ექვსჯერ გამოიქცა სტალინის ბანაკებიდან, რუსული სიტყვით რომ ვთქვა, ექვსი "პაბეგი" ჰქონდა. ეს, იცით, რას ნიშნავს? საოცარი კაცი იყო. მეგობრები ვიყავით, მაგრამ მისთვის "ბატონოს" გარეშე არასდროს მიმიმართავს, რადგან მართლაც ბატონი იყო! ან გურამ ასათიანი, დიდებული კაცი, რომელსაც ასევე დიდებული დედა ჰყავდა - დეიდა თინა, ქალბატონი თინა ჭიჭინაძე. გურამი რომ გარდაიცვალა, ვიღაცამ მიუსამძიმრა, თინა, შე საწყალო, რა შვილი გარდაგეცვალაო. საწყალი კი არა ვარ, გურამ ასათიანის დედა ვარო, ასე უპასუხა...
წეღან ამ უფროს მეგობრებზე "მყავდა" რომ ვთქვი და შემრცხვა, რა ვიგულისხმე, იცით? დღესაც რაიმე რომ გამიჭირდება, ფიქრებით სულ მათ ვეკითხები რჩევას და ვერ წარმოიდგენთ, რა სიმართლეს მეუბნებიან. აბა, არ ვიცი, დღეს ვისთან მივიდე. თქვენ გეკითხებით - დღეს ვინმე გეგულებათ ეგეთი? ხანდახან მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი! ეგეთი ძნელი დრო, რაც დღეს არის, არც მახსენდება. ერთადერთი, ჩვენ გვყავს უწმინდესი, იმისი ნათქვამი, ხმადაბლა რომ იტყვის ხოლმე, ეს არის ჩემთვის ყველაფერი. მხოლოდ ის მინდა, მისი მრევლის წევრი მაინც ვიყო, თუნდაც სულ უკანასკნელი.