"დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერა ისეთი ფაქტია ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ შვილის დაბადებით გამოწვეულ ემოციას თუ შევად­არებ" - კვირის პალიტრა

"დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერა ისეთი ფაქტია ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ შვილის დაბადებით გამოწვეულ ემოციას თუ შევად­არებ"

პროფესიით ფსიქოლოგია, უყვარს მუსიკა, აქვს მუსიკალური დისკების კოლექცია. მეგობრები ამბობენ, რომ კარგად მღერის. თავად ფიქრობს, რომ მის მუსიკალურ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებენ. ეცინება, როდესაც ეკითხები, როგორ ისწავლა ინგლისური ენა. რატომ? იმიტომ, რომ დისერტაციაზე მუშაობის დროს, როდესაც ინგლისურენოვანი ლიტერატურის წაკითხვა დასჭირდა, ლექსიკონიდან დაისწავლა სიტყვები, ყოველგვარი გრამატიკის გარეშე. ოდესღაც კარგი მონადირე იყო, ახლა კონსერვაციით არის დაკავებული. ბუნებაში ფრინველების, თევზების და ცხოველების გასამრავლებლად რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელა. ძალიან უყვარს ღვინო, მისი აზრით, ის მისტიკური სასმელია და სწყინს, როდესაც ადამიანები თრობითა და ღრეობით ღმერთების სასმელს შეურაცხყოფენ. არ უყვარს მატყუარა და ცილისმწამებელი ხალხი. საზოგადოების დიდი ნაწილი მას ახალბედა პოლიტიკოსად მიიჩნევს, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის, რომ ის პირველი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა, ზემო რაჭაში, ონის რაიონში, რაიკომის მდივანს 700 ხმით მოუგო და დეპუტატი გახდა. ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგად სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერა... ჰყავს მეუღლე, სოფიკო ხაზარაძე და სამი შვილი: თამარი, მარიამი და ლუკა. მარიამი ახლახან ქალიშვილის დედა, ბადრი ჯაფარიძე კი ბაბუა გახდა.

- დედაჩემი ფსიქიატრი იყო, შესაბამისად, ბავშვობიდანვე დავინახე ის სირთულეები, რომელთა წინაშე ადამიანების ნაწილი იყო. გულუბრყვილოდ გამიჩნდა განცდა, რაღაც ისეთი უნდა გამეკეთებინა, რომ ადამიანები ამას არიდებოდნენ. ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი რომ დავასრულე, დისერტაცია რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიცავი. სწორედ მაშინ დამჭირდა ინგლისური ენა და დავიწყე ლექსიკონიდან ინგლისური სიტყვების რუსულად თარგმნა. ძალიან კი ვიწვალე, მაგრამ ორივე უცხო ენაში დავხელოვნდი. ერთხანს ლექციებსაც ვკითხულობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ შემდეგ ისეთ პირობებში აღმოვჩნდი, რომ ჩემი საყვარელი საქმისთვის თავის დანებებამ მომიწია.

- ეროვნულ მოძრაობას გულისხმობთ? - დიახ, ისეთ გარემოცვაში ვიყავი, სადაც ანტიკომუნისტური სენტიმენტები და დამოუკიდებლობის იდეალები დომინირებდა. ჩემი მეგობრები იყვნენ კახა კაციტაძე, ზვიად ბოკუჩავა, გია ხონელიძე... ზვიად გამსახურდია და სხვა ეროვნული ლიდერები მოგვიანებით გავიცანი. მერაბ კოსტავას გაცნობა ვეღარ მოვასწარი, ის უკვე გარდაცვლილი იყო. "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს "სიაში ტრადიციონალისტებს წარმოვადგენდი. 30 წლის ასაკში ონის მაჟორიტარი დეპუტატი და საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი გავხდი. მერე ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვითარება გართულდა. ცხინვალის რაიონები რაჭას ესაზღვრება და ჩვენთანაც იყო დაძაბულობის კერები. ჩემი ამოცანა ამ კერების ჩაქრობა და ადამიანებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება იყო. გამომივიდა...

მერე იყო 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტია ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ შვილის დაბადებით გამოწვეულ ემოციას თუ შევადარებ. რეფერენდუმი ჩატარდა აფხაზეთშიც და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას აფხაზი ხალხის 90%-მა დაუჭირა მხარი. ეს იცით რით იყო განპირობებული? აფხაზებთან შეთანხმება გვქონდა დადებული - აფხაზეთის უზენაეს საბჭოში აფხაზებს გარანტირებული უმრავლესობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ არა კონსტიტუციური უმრავლესობა. ამასთანავე, ქართული მხარისთვის გარანტირებული იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ეს მნიშვნელოვანი ფორმულა იყო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ამ კარგ ამბებს, სამწუხაროდ, მიწისძვრა მოჰყვა რაჭაში, სახლების 70% დაინგრა, მაგრამ სამშენებლო კომპანიების მობილიზებით სწრაფად მოვახერხეთ როგორც სახლების, ისე ხიდების აშენება.

baxtur2.jpg

- სამოქალაქო ომის დროს სად იყავით? - როგორც კი თბილისში დაძაბულობა დაიწყო, მაშინვე ჩამოვედი რაჭიდან. წავედი უზენაეს საბჭოში და ბოლომდე იქ ვიყავი. ცხოვრებაში სულ ორჯერ მივიღე მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა - პირველი კანონიერი ხელისუფლების დამხობა იყო, მეორე - რუსული არმიის საქართველოში შემოჭრა. პირველმა შემთხვევამ ისე იმოქმედა, პოლიტიკას შევეშვი. მეორე შემთხვევას გამოცდილი და რწმენაში გაძლიერებული შევხვდი. როდესაც რუსული არმია გორში შემოვიდა, ჩემებს ვუთხარი, არა უშავს, თუ რუსები დაგვიპყრობენ, ჩვენ თავიდან მოვიპოვებთ დამოუკიდებლობას-მეთქი.

- რამ განაპირობა ის, რომ 99%-ით მხარდაჭერილ ხელისუფლებას საზოგადოების დიდი ნაწილი დაუპირისპირდა და ძალისმიერი მეთოდით ჩამოაშორა ხელისუფლებას? - ყველაფერი განაპირობა ქართველების სენმა - ერთმანეთის გაუტანლობამ, ამბიციებმა და არასახელმწიფოებრივად აზროვნებამ. მაშინ ოპოზიციონერი ლიდერები ამბობდნენ, ოღონდ ახლა გამსახურდია მოვიშოროთ და ჩვენ ავაშენებთ დანგრეულ ქვეყანასო. ხომ ნახეთ, როგორ ააშენეს? სამხედრო გადატრიალებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყანას. ეს რომ არ მომხდარიყო, აფხაზეთს არ დავკარგავდით. იმ ფორმულას, რისი საშუალებითაც აფხაზეთში სიმშვიდე და რეფერენდუმზე აფხაზების 99%-იანი მხარდაჭერა მივიღეთ, ოპოზიციამ"ქართველების წინააღმდეგ აპარტეიდი"დაარქვა. ამით ყველაფერია ნათქვამი.

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე ახლოვდებოდა, გამსახურდია დეპუტატებს გვხვდებოდა, როცა შეატყობინეს, გორბაჩოვი გირეკავსო. მაშინვე გავიდა. რომ დაბრუნდა, გვითხრა, გორბაჩოვმა მითხრა, თუ დამოუკიდებლობას გამოაცხადებთ, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში პრობლემები შეგექმნებათო. რა თქმა უნდა, რუსებმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს ქართველები. ალბათ, ზოგი მოღალატეც იყო, მაგრამ მაინც მგონია, რომ უმრავლესობა უბრალოდ შეცდა, ბევრი კი ყველაფერზე მაღლა პირად ინტერესებს აყენებდა. როდესაც ბუნკერიდან გამოვედი, იცით, რა აღმოვაჩინე? ნახევარი საქართველო ისე ცხოვრობდა, თითქოს ქვეყანაში სამოქალაქო ომი კი არა, პატარა კონფლიქტიც არ მომხდარიყოს. ე.ი. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ პრობლემა მის გარეშე, თავისით მოგვარდებოდა. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა დღესაც პრობლემაა.

ოცდაათი წელია დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ საბჭოური მენტალიტეტი ვერ მოვიშორეთ. საბჭოთა კავშირის დროს გვეუბნებოდნენ, პოლიტიკა თქვენი საქმე არ არის, ჩვენ ვიცით, თქვენ რა გჭირდებათ და როგორ უნდა იცხოვროთო. როგორ შეიძლება პოლიტიკაში არ ერეოდე, როდესაც სწორედ პოლიტიკა განსაზღვრავს შენი და შენი შვილების ცხოვრების ხარისხს, მომავალს?!

- როდესაც პოლიტიკიდან წახვედით, ცხოვრება როგორ გააგრძელეთ? - მე კი წამოვედი პოლიტიკიდან, მაგრამ ტრადიციონალისტებს არჩევნებში დავეხმარე - 1992 წლის სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოაგროვეს ონში. ჩემმა ხალხმა ჩემი გულწრფელობა დაინახა და მხარდაჭერით დამაჯილდოვა. ამასობაში ოჯახი შევქმენი. სოფიკო ნოემბერში გავიცანი და მარტში დავქორწინდით. ფაქტობრივად, გაცნობისთანავე ცოლად მოვიყვანე. საფრთხემ, რომელშიც მე აღმოვჩნდი, ძალიან დიდი როლი ითამაშა სოფიკოს გადაწყვეტილებაზე, გამხდარიყო ჩემი მეუღლე.

- რა საფრთხეში იყავით? - როდესაც ბუნკერში ვიყავი, მე და სოფიკო ერთმანეთს ტელეფონით ვესაუბრებოდით. ერთ-ერთი საუბრისას, როდესაც ოპოზიცია პარლამენტს მსხვილკალიბრიან იარაღს ესროდა, ტყვიები ოთახში შემოცვივდა და სატელეფონო კავშირი გაწყდა. სოფიკომ იფიქრა, რაღაც ცუდი მოხდაო. მე მომენტით ვისარგებლე და ხელი ვთხოვე.

- დღეს სამი შვილი გყავთ, მკაცრი მამა ხართ თუ შვილებს თავისუფლებას ანიჭებთ? - შვილებს სრული თავისუფლება მივეცი. მე ძალიან მომწონს ახალი თაობა, თავისუფლებაში დაბადებული არიან, თავისუფალი მენტალიტეტით და პასუხისმგებლიანი ხასიათით. უფროსმა შვილებმა უცხოეთში მიიღეს განათლება და დაბრუნდნენ, ახლა უმცროსი სწავლობს ლონდონში და მასაც ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება. მიხარია, რომ მათ ჩემსავით არ შეუძლიათ უცხოეთში ცხოვრება. აქ არის ჩვენი სახლი. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ჩემი ფარმაცევტი მეუღლის თანაკურსელებთან ერთად იტალიელი პარტნიორების დახმარებით შევქმენი პატარა ფარმაცევტული საწარმო. პარალელურად, მამუკასთან ერთად ვფიქრობდი, რისი გაკეთება შეიძლებოდა. მამუკას უკვე დარეგისტრირებული ჰქონდა თბილისის ბიზნესცენტრი და პატარ-პატარა პროექტებს ვაკეთებდით. მაშინ ქვეყანაში კომერციული ბანკი არ არსებობდა. ბანკის შექმნის იდეა მამუკას მოუვიდა. აღმოჩნდა, რომ ლიცენზიისთვის მხოლოდ 500 დოლარი იყო საჭირო. ახლაც მახსოვს, 1992 წლის გაზაფხული იდგა, მამუკამ ჭავჭავაძის პროსპექტზე ერთი მაღალჭერიანი ფართობი მაჩვენა, აქ ბანკი უნდა გავხსნაო. თავიდან ცოტა სკეპტიკურად შევხედე ამ ამბავს, მაგრამ ფაქტია, გავაკეთეთ. შევქმენით ციცქნა ბანკი, შემდეგ მოვიწვიეთ საინტერესო იდეების მქონე ახალგაზრდები. საოცრად რთული პერიოდი გამოვიარეთ.

ერთხელ გამოვაცხადეთ, რომ აფხაზეთში მებრძოლი ჩვენი ბიჭების დასახმარებლად თანხის შეგროვებას ვიწყებდით. მეორე დღეს, საღამოს, ბანკი დააყაჩაღეს. საბედნიეროდ, ფული 15 წუთით ადრე გავიტანეთ. დღეს უფრო მიკვირს, როგორ გავრისკეთ ამხელა საქმეების წამოწყება, მაშინ როდესაც ფულის გამოძალვა და ბიზნესის რეკეტი ჩვეულებრივი ამბავი იყო.

- საფრთხე კრიმინალებისგან უფრო გემუქრებოდათ თუ ხელისუფლებისგან? - კრიმინალები თავისთავად, მაგრამ არც ხელისუფლება გვაკლებდა ხელს. ჩვენ უამავი სხვა ბიზნესი განვავითარეთ, თუნდაც "ბორჯომი","ლისი, შუშის ქარხანა ავაშენეთ, ღვინის საწარმოები გავხსენით... რაც კი მაღალი რეპუტაციის საფინანსო ინსტიტუტი არსებობს მსოფლიოში, ყველა ჩვენი პარტნიორი იყო. ისინი ერთგვარ ფარს წარმოადგენდნენ ჩვენთვის მაშინდელ კრიმინალურ და კორუმპირებულ გარემოში.

- და მაინც, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებასთან პრობლემები გქონდათ. - შევარდნაძის დრო "ბორჯომთან" დაკავშირებით მოგვთხოვეს გარიგებაზე წასვლა, მაგრამ მაშინვე ჩავაყენეთ საქმის კურსში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი და შევარდნაძეს წერილი მისწერეს, თუ ზეწოლას გააგრძელებდნენ, შეწყვეტდნენ ყოველგვარი პროექტის დაფინანსებას საქართველოში.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ თითქოს მეორე სუნთქვა გაგვეხსნა, მაგრამ მერე კორუფციამ ელიტური სახე მიიღო. სააკაშვილის ხელისუფლებაც დაინტერესდა "ბორჯომით". გვედავებოდნენ, ბოთლში წყალი მთელი მოცულობით რატომ არ ისხმება და ამის გადასახადს რატომ არ იხდითო. მაშინაც საერთაშორისო კომპანიებმა გვიშველეს.

შემდეგ რუსეთის ემბარგო დაგვატყდა თავს - 2007 წელს "ბორჯომი" 35 ათასი მაღაზიიდან გამოყარეს და გაანადგურეს. კომპანია გაკოტრების პირას აღმოჩნდა, მაგრამ მოვახერხეთ სხვა ბაზრებზე გადაწყობა. შეEმდეგ იყო აგვისტოს ომი და, ფაქტობრივად, ბანკი გაკოტრდა, მაგრამ ისევ უფლის შეწევნით დავალაგეთ ყველაფერი და ახლა ივანიშვილი გადაგვეკიდა, ჩვენმა წარმატებამ არასწორი აღქმები გაუჩინა და უპასუხისმგებლო ნაბიჯებით დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა.

- თუმცა სააკაშვილის დროს არ გადაგიწყვეტიათ პოლიტიკაში მოსვლა... - ბიზნესის დასაცავად ოპოზიციაში კი არ მიდი-მოდიან, ხელისუფლებასთან გარიგებაში შედიან. ჩვენ უიმედო რეალობის შეცვლა გვინდა. თუ ჩემმა შვილებმა საქართველოში ცხოვრება აღარ მოინდომეს, რა გამოვა? რაც აქამდე შევქმენით, ყველაფერი წყალში უნდა ჩაიყაროს?!

ამომრჩეველს ვერ შევპირდებით, რომ კომუნალურ გადასახადებს გავაუქმებთ და ფულს დავურიგებთ, მაგრამ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მივცემთ. არ გვინდა დავპირდეთ, რომ თევზს დავურიგებთ, ჩვენ მათ თევზის დაჭერას ვასწავლით.

- როდესაც პოლიტიკაში აღარ იქნებით, თქვენი საქმიანობა როგორ წარმოგიდგენიათ? - ბოლო წლებში საინტერესო პროექტები განვავითარეთ, რომელიც ტრადიციული წესით ღვინის დაყენებას გულისხმობს. უნიკალურ ღვინოებს ვიღებთ ვაზისუბანში, ხვანჭკარის ზონაში, მესხეთში. მინდა მაღალმთიანი რაჭის განვითარებაში პატარა წვლილის შეტანა. პატარა ჰიდროელექტროსადგური გავაკეთეთ, მონასტრისა და სასტუმროს მშენებლობა დავიწყეთ. ახლა ანგარიშები დაყადაღებული გვაქვს, მაგრამ იმედია, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ვაზისა და ღვინის მიმართ დამოკიდებულება ბავშვობიდან გამომყვა. მახსოვს, ოთხმოც წელს გადაცილებული ბაბუაჩემი ვაზს ცოცხალი ადამიანივით როგორ ელაპარაკებოდა. ქართველი კაცი სუფრასთან საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად ჯდებოდა და არა სათრობად. ღვინის მისტიკურობას მთვრალი კაცი ვერასდროს შეიგრძნობს.

ორი პროექტი - თიანეთში, იორის სათავეებთან და კახეთში ასევე იორის ხეობაში უკვე განვახორციელეთ, გადაშენების პირას მყოფი ნაკადულის კალმახი, კოლხური დურაჯი და ხოხობი მოვამრავლეთ. ასეთი პროექტების განხორციელებას მთელ საქართველოში ვაპირებთ, მაგრამ Bბრაკონიერები გვირთულებენ საქმეს. ჩვენს ეგერებს ლამის ხელჩართული ბრძოლა უწევთ მათთან. ქართველები უნდა გამოვიდეთ საბჭოური აზროვნებიდან და ქვეყანას ისე შევხედოთ, როგორც საკუთარ სახლს. მხოლოდ ნადირ-ფრინველის გამრავლებას არ ვგულისხმობ, არჩევნებშიც მივიღოთ მონაწილეობა, პოლიტიკითაც დავინტერესდეთ და ჩვენი საქმეც ვაკეთოთ.

ხათუნა ბახტურიძე