"ისეთი მძიმე წლებიც გავიარე, როგორსაც ვერაფრით წარმოვიდგენდი... ადამიანი მაინც მარტო ხარ" - კონსტანტინე გამსახურდიას ბიბლიური ქალი
"წუთით წარმოიდგინეთ, რომ ისეთი მძიმე ლოდი დაგეცათ, ყელამდე მიწაში ჩაგიტანათ... უნდა ამოხვიდეთ, თავი გადაირჩინოთ და ოჯახიც ამოიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. ეს გადამიტანია და ამოვსულვარ..."
მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"როგორც იცით, ლალის მძიმე დაავადება ჰქონდა - სიმსივნე. ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა და ორი საათის წინ კლინიკაში გარდაიცვალა", - აღნიშნა მსახიობმა იმედო კახიანმა.
ლალი ბადურაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა", რომელშიც შეასრულა შორენას როლი. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში.
იყო "ქართული ფილმის" რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ლალი ბადურაშვილს სიმსივნის დიაგნოზი გასულ წელს დაუსვეს.
მკითხველს ვთავაზობთ ლალი ბადურაშვილის ცხოვრების ისტორიას, რომელიც "ისტორიანის" არქივში ინახება.
"სკოლაში რომ მიმიყვანეს, ის დღე მახსოვს ძალიან კარგად. ყველას თავისი სკოლა უყვარს, მაგრამ ჩემი - ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლა მართლა გამორჩეული იყო. მახსოვს უსაყვარლესი დუშა მასწავლებელი - ჩემი პირველი მასწავლებელი. დუშა სანიკიძე ჟანრი ლოლაშვილის დედა გახლავთ. სკოლის დამთავრებიდან 50 წელი რომ გავიდა, შევიკრიბეთ. დუშა მასწავლებელი ყველას სახელით მოგვმართავდა, არავისი სახელი არ შეშლია. კლასელები დღესაც ვმეგობრობთ, მარინე რჩეულიშვილი, ნანა თოიძე... სამწუხაროდ ესმა ონიანი, ქეთევან სააკაშვილი ადრე გამოგვეცალნენ.
მერვე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. მერე აღარ - მათემატიკა ძალიან მძიმე საგანი აღმოჩნდა ჩემთვის. დედაჩემი მიყვანდა ამოცანებს.
ლამაზი ბავშვი ვყოფილვარ. დედას არც ვეჭირე ხელში, სულ აქეთ-იქით დამატარებდნენ... დედა მიამბობდა, ქუჩაში თუ ვინმე გაგივლიდა გვერდით და არ იტყოდა, ვაიმე, რა კარგი გოგოა, მაჯას ჩამომქაჩავდი და მკითხავდი, - რატომ არ თქვა, კარგი გოგოაო...
ახლა უკვე ჩემი ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება ესეც გიამბოთ... სკოლაშიც ბევრს მოვწონდი. გია ჭირაქაძე - ახლა ვმეგობრობთ, ორი კლასით წინ იყო. მეშვიდე ვაჟთა სკოლაში სწავლობდა. 13 წლის ვიყავი, კომპლიმენტი რომ მითხრა: - ლალი, ია ნე ზნალ, ჩტო ტაკოე კრასოტა, უვიდელ ტებია, ი ია უზნალ ჩტო ტაკოე კრასატა... მას მერე რამდენი კომპლიმენტი მიმიღია და ეს დღესაც მახსოვს...
მიყვარდა ლიტერატურა, ისტორია... რატომღაც ფრანგულ ენაზე ჩავაბარე... მე და მარინა რჩეულიშვილი - ჩემი უახლოესი მეგობარი, ერთად დავდიოდით ფრანგულზე. მათ თავზე ცხოვრობდა არაჩვეულებრივი ბებო თეკლე - ორბელიანებისა და ბაგრატიონების შთამომავალი. ძაძები ეცვა, შვილი ჰყავდა გარდაცვლილი... ძალიან თბილი ქალი იყო. ჯერ კანფეტებს გვაჭმევდა, მერე ვიწყებდით მეცადინეობას.
მახსოვს, პირველად რომ წაგვიყვანეს სკოლიდან ბავშვები კინოსტუდიაში სინჯებზე... მაშინ საკმაოდ პუტკუნა გოგო ვიყავი, მიყვარდა "პონჩიკების" ჭამა. სტუდიაში მითხრეს, ეკრანმა არ მიგიღოო. ბებო თეკლე აქტიურობდა, მეკითხებოდა, აბა, ლალიკო, რა ქენიო... მახსოვს, ძია ერეკლე აბაშიძეც იქ იყო. ვუთხარი: ეკრანმა არ მიმიღო-მეთქი. გაფუჭებულა ეგ ეკრანიო, - ძია ერეკლემ.
რჩეულიშვილებთან ხშირად დავდიოდი... გურამი ჩაგვკიდებდა ხელს მე და მარინეს და ხან სად მივყავდით, ხან - სად... გურამის ჩხუბი თუ მინახავს? არა... ხომ ასეთ ამბებს ჰყვებიან გურამზე, ხან ხევსურეთში იყო, ხან უბელო ცხენს დააჭენებდა... მე მინახავს, როგორ იდგა დეიდა მაროს გვერდით და როგორ ეხმარებოდა ფანჯრის გაწმენდაში.
მეცხრე კლასში ვიყავი, თეიმურაზმა რომ შემამჩნია (თეიმურაზ ბადურაშვილი). მას მერე აღარ მომეშვა. სკოლა დავამთავრე თუ არა, დავქორწინდით. თეიმურაზი ნიჭიერი ბიჭი იყო, ამიტომაც ჩართო ნიკო კეცხოველმა კომკავშირულ მუშაობაში. მერე კომკავშირის ცეკას მდივანი იყო, მასთან მუშაობდა თემო ნაცვლიშვილიც... კარგ საქმეებს კი აკეთებდნენ. მაშინ მოეწყო პირველად ოჩიაურების გამოფენა, მაშინ გამოიცა ჟურნალი "ცისკარი"... "თეთრ ქარავანს" არ სწყალობდნენ რატომღაც, მაშინ დართეს ნება ჩვენებისა... თემო ნაცვლიშვილის იდეით შეიქმნა ქურთული ანსამბლი...
საოცარი იყო ჩვენი ქორწილი. აკაკი ხორავა იყო თამადა. მიდიოდა ქართული ცეკვა-სიმღერა და ამ დროს ეზოში გამოჩნდა ქურთების ჯგუფი. გაუგიათ ჩვენი ქორწილი და მოგვილოცეს, ცეკვა-თამაში გაახურეს... იმ დღეს პირველად მეცვა მაღალ ქუსლზე. ფეხსაცმელმა მომიჭირა, ჩემმა დედამთილმა ატლასის ჩუსტები მომიტანა. ამ დროს აკაკი ხორავამ გამომიყვანა საცეკვაოდ. კვდებოდა სიცილით, პირველად ვცეკვავ ფლოსტებიან პატარძალთანო...
კინოში გადაღება არაერთხელ შემოუთავაზებიათ, მაგრამ თეიმურაზი სულ უარს ამბობდა... მაგაზე არ დამელაპარაკოთ, მსახიობი რომ მდომოდა, მსახიობს მოვიყვანდი ცოლადო... მაგრამ როცა "დიდოსტატის მარჯვენაზე" მიდგა საქმე, ვეღარაფერი თქვა. ვახტანგ ტაბლიაშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას. თანაც შორენას როლიც არ იყო უბრალო...
ერთ ბანკეტზე შევხვდით ვახტანგ ტაბლიაშვილს. ფილმის გადაღება არ იყო დაწყებული, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი იყო. ქალაქში ყველა ამაზე ლაპარაკობდა, ვინ იქნებოდა არსაკიძე, ვინ - გიორგი მეფე, ვინ შორენა. ტაბლიაშვილსაც ყველა ამას ეკითხებოდა.
მე საკმაოდ აქტიური ხასიათისა ვიყავი და კი არ ვაცლიდი ლაპარაკს ვახტანგს... ეს იყო ენციკლოპედიური განათლების, არაჩვეულებრივი ქართველი, დინჯი, სასიამოვნო... მღვდლის შვილი იყო და სხვანაირი ვერც იქნებოდა... კიდევ რომ დაუსვეს კითხვა, მძიმედ გაიცინა: მოდი, ლალის შევეკითხოთ, მე და ლალი მგონი ერთნაირად ვაზროვნებთო... გამკენწლა...
იქიდან რომ წამოვედით, მეუღლემ მითხრა, შეამჩნიე, ვახტანგი როგორი დაკვირვებით გიყურებდაო... შევამჩნიე. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ როლისთვის მაკვირდებოდა.
მას მერე, რაც ფილმზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, ტრადიციისამებრ, გაიშალა სუფრა. ასე იყო მიღებული კინოსტუდიაში, იქაც მიგვიწვიეს. იქ უკვე კონსტანტინე გამსახურდია და მისი მეუღლეც, მირანდა ფალავანდიშვილი დაგვხვდნენ.
კონსტანტინე ვახტანგს მოუბრუნდა: შენ შორენას ნუ ეძებ, შორენა აქ ზისო... იქ ორი ქალი ვიყავით, მე და ქალბატონი მირანდა... მოულოდნელობისაგან დავიბენი. ეტყობა, ანგარიში ვეღარ გავუწიე სიტყვებს და ისე, როგორც მესმოდა ხოლმე, ბატონო კოწია-მეთქი, მივმართე... შორენა ქერაა და ცისფერთვალება, მე რომ მისი საწინააღმდეგო გარეგნობა მაქვს-მეთქი... მახსოვს, როგორ გაუქრა სახიდან ღიმილი... კოწია არ ვარ მე, კონსტანტინე ვარო! მერე ვახტანგს უთხრა, ფილმი შავ-თეთრია, ეს არ გამოჩნდება, მაინც ლალი აიყვანე. ამაში არის ის, რაც მთავარია. იგი მთლიანად ბიბლიურიაო...
მოგვიანებით ვახტანგ ტაბლიაშვილს ვეკითხებოდი, რა ჰქონდა მხედველობაში ამ შემთხვევაში, ბიბლიური რომ მიწოდა-მეთქი... განზოგადებული, მასშტაბურიო...
ამის მერეც სინჯები გრძელდებოდა, ჩემთან არავის დაურეკავს. ერთ დღეს კი რეჟისორმა დარეკა. ძალიან მინდა ლალის გასინჯვა, ამდენ ხანს ვდუმდი, ჩემს თავში უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაზე მეტად მომწონს ლალიო... წავედი სინჯებზე. ლიალია ურუშაძე გამყვა. ჩემ წინ ლეილას სინჯავდნენ ვარდისახარზე. ღელავდა. რამდენჯერმე გაამეორებინეს სცენა. გადაიღეს. ლიალიას უფიქრია: ლეილას რომ ასე აწვალებენ, ლალი რას შეძლებს გადაღებასო...
ეტყობა, ფსიქოლოგიურად მოვემზადე... ამიტომ არ გამჭირვებია... რომ დასრულდა სინჯი, ფოტოგრაფმა ვასილ პალაიდიდმა, რომელიც კამერასთან მუშაობდა, შუბლზე მაკოცა. ვასილი ნატო ვაჩნაძის ფოტოგრაფი ყოფილა. მითხრა, - მერწმუნეთ, ისე თამაშობთ, თითქოს უკვე ათ ფილმში იყოთ გადაღებულიო.
სამხატვრო საბჭოზე ორი გავედით - მე და რუსუდან კიკნაძე. უთქვამთ, რუსუდანი უფრო ევროპული გარეგნობისაა, ლალი ავირჩიოთო.
გადაღებებზე არაჩვეულებრივი მოგონებები დამრჩა. ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, სპარტაკ ბაღაშვილი, ვასო გოძიაშვილი, აკაკი ვასაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, ლიანა ასათიანი თამაშობდნენ ამ ფილმში. ყველა ცდილობდა დამხმარებოდა... მე ხომ ერთი ვიყავი არაპროფესიონალი. ოთარი მეუბნებოდა, შინ რომ მივდივარ, ვფიქრობ, რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა კიდევ ლალის და არ ვიციო... ზუსტად ბეწვის ხიდზე გადიხარ. მოუმატებ თამაშს, გადაამლაშებ, დაუკლებ, არასაკმარისი იქნებაო. ძალიან მიხაროდა...
"დიდოსტატის მარჯვენის" შემდეგ მქონდა შემოთავაზებები... ერთზე მეცინება, რომ მახსენდება. ელდარ შენგელაია თეიმურაზის მეგობარი იყო. ერთ დღეს უთხრა, "შერეკილებში" ლალი უნდა გადავიღოო. რა როლიაო... ცოტა "ისეთი" ქალიაო... ისეთი ქალის როლში ჩემი ცოლი რატომ უნდა გადაიღო, შენი ცოლი გადაიღეო... მართლაც არიადნა შენგელაია არ გადაიღო!.. გაგრძელება