"ჩემი ცხოვრების ჯიქთა ხათუნი" - ორი აბაშიძის საოცარი სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"ჩემი ცხოვრების ჯიქთა ხათუნი" - ორი აბაშიძის საოცარი სიყვარულის ამბავი

"...სად წავალ? შენკენ მომაფრენს ქარი,

ფრთად მექცა შენი ყმობის უღელი,

ყველგან თანა გდევ, ფიქრივით ჩქარი,

ჩრდილივით ჩუმი და განუყრელი"...

კიდევ ერთი უსაზღვრო სიყვარულის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც საოცრად უხდებოდნენ და ალამაზებდნენ თბილისსა და მთელ საქართველოს; ამბები ურთიერთობებსა და სიყვარულზე, რომელიც მუდამ თან სდევდა მწერლისა და მთარგმნელის, გრიგოლ აბაშიძის ოჯახს. მათზე ბევრი ამბავი მომისმენია და ახლა თქვენც მინდა, გიამბოთ ბატონ გრიგოლსა და მის მეუღლეზე - ლამარა აბაშიძეზე, ქალზე, რომელიც მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების მუზად იქცა; ქალზე - ისეთ ლამაზსა და მომხიბვლელზე, რომ მოსკოვის სვეტებიან დარბაზში შესულს, იქ მყოფმა ყველა მამაკაცმა დაუჩოქა.

ორი აბაშიძის გაცნობა

აბაშიძე ჩვენში საკმაოდ გავრცელებული გვარია და საქართველოს ბევრ კუთხეში შეხვდები. მართალია, ერთი გვარისანი იყვნენ და თანაც - იმერელი აბაშიძეების შთამომავლები, მაგრამ მათი წინაპრები ერთმანეთს არ ენათესავებოდნენ.

მწერალმა ძალიან ახალგაზრდა და გამორჩეულად ლამაზი ლამარა აბაშიძე პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნახა. იმხანად იგი 30-31 წლის იქნებოდა, ქალი - 12 წლით უმცროსი. ქალს დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, ინგლისურის განხრით და ფრანგულიც კარგად იცოდა, მუსიკა კი მისი დიდი გატაცება იყო და საოპერო სპექტაკლს არ აცდენდა. ლამარა აბაშიძე სხვათა შორის, ფრანგული მამაკაცმაც ძალიან კარგად იცოდა. პიერ რონსარი ბწკარედის გარეშე ჰქონდა ნათარგმნი. მწერალს ლამარა აბაშიძე დანახვისთანავე მოეწონა და შეუყვარდა კიდეც. ლექსიც მიუძღვნია - "ჯიქთა-ხათუნი", რომელიც მერე ყველას პირზე ეკერა: "და შედგა ჩემი ბედის ბორბალი,/ შეჩერდა, შენი თმით დახლართული,/ შენ, ერთადერთი ხარ დედოფალი,/ ჩემი ცხოვრების ჯიქთა-ხათუნი./ მე ერთადერთი მხიბლავს ოცნება,/ წვრილი წარბები წყვილად გართხმული,//რაღაც გულწრფელი, ვით გაოცება/

და რაღაც - კიდევ უფრო ქართული.//სად წავალ? შენკენ მომაფრენს ქარი,/ ფრთად მექცა შენი ყმობის უღელი,/ ყველგან თანა გდევ, ფიქრივით ჩქარი,/

ჩრდილივით ჩუმი და - განუყრელი./ დე, ჩემს ეტლს ქარმა ქროლვა უცვალოს,/

შეჩერდეს, შენი თმით დახლართული,/ ვეფხვზე უწყალო, ჯიქზე უწყალო,/

შენა ხარ ჩემი ჯიქთა ხათუნი". ჯიქთა-ხათუნი, თურმე, ყოფილა მონღოლი პრინცესა, რომელიც ძალიან ლამაზი და ამაყი იყო და მამაკაცებს ძალიან ამწარებდა...

შინ

მალე დაოჯახდნენ და ორი შვილი ეყოლათ. მწერალმა ორივეს დიდი ქართველი მეფეების სახელები უწოდა: ქალიშვილს - თამარი და ვაჟს - დავითი. მართალია, ცოლ-ქმარს შორის 12 წელიწადი იყო სხვაობა, მაგრამ ეს არ იგრძნობოდა. გრიგოლ აბაშიძე ბუნებით ისეთი ახალგაზრდული ტიპი იყო, ისეთი ხალისიანი, იუმორით სავსე, რომ მასთან ურთიერთობა ოჯახშიც და მის გარეთაც ყველას უადვილდებოდა. გრგოლ აბაშიძე ეს ადამიანი სულ სიკეთეს ასხივებდა. ამბობენ, შინ რომ შედიოდა, თითქოს, კედლებიც იცინოდნენო. რაიმესაც რომ შეეწუხებინა, ოჯახის წევრებს არასდროს აგრძნობინებდა. ბევრ ადამიანს საგანგებო პირობები უნდა შეუქმნა სამუშაოდ, იგი ამ შემთხვევაშიც არავის უქმნიდა პრობლემას - მუშაობისასაც კი არ წუხდებოდა. თამარი მუსიკაზე დადიოდა და მამის შინ ყოფნისასაც ხშირად უწევდა მეცადინეობა. ერთმანეთში გამავალი ოთახები ჰქონდათ და მამა თავის ოთახში რომ წერდა, აქეთ თამარი უკრავდა, თანაც მარტო შოპენსა და ბეთჰოვენს ხომ არ შეასრულებდა? - ხან გამებს უკრავდა, ხან სხვა სავარჯიშოებს, მამა კი მას ერთ საყვედურსაც არასდროს ეტყოდა.

აბაშიძეებისეული "შერბურგის ქოლგები"

ცოლ-ქმარი ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდა... თითქოს, კუნძულზე იყვნენ... რაღაც აღმაფრენა იყო მათ ურთიერთობაში. გრიგოლის ცხოვრებაში ლამარას გარეშე არაფერი ხდებოდა, არაფერი, რაშიც ქალი არ იყო ჩართული. შვილებიც კი მეორეხარისხოვანნი იყვნენ მათთვის... თითქოს, ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები, როგორც ერთი მთლიანობა.

ლამარა აბაშიძე ძალიან ნაზი ქალი იყო და მუსიკალური ხმა ჰქონდა - რომ ლაპარაკობდა, გეგონებოდა, მღერისო. ერთხელ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს უთქვამს, გრიგოლს რა უჭირს, "შერბურგის ქოლგები" აქვს სახლშიო. მწერალი ყვავილების დახლთან თუ გაივლიდა, მეუღლესთან აუცილებლად იები ან სხვა ყვავილი მიჰქონდა. ქალს სილამაზე უყვარდა, ნიჭიერ მხატვრებთან ურთიერთობდა და სახლიც განსაკუთრებულად ლამაზად ჰქონდა მოწყობილი.

ამგვარი მეუღლის გვერდით ყოფნა იმდენად ალამაზებდა მწერლის შემოქმედებასაც, რომ თუკი სადმე ვინმე გაჭაჭანდებოდა თბილისში, ან მოსკოვიდან, ან უცხოეთიდან ჩამოსული, აუცილებლად მათ ოჯახში მიდიოდა. მიდიოდნენ იმიტომ, რომ აბაშიძეების ოჯახს გამორჩეულად მიიჩნევდნენ. ძალიან კარგი ხალხი იკრიბებოდა მათთან. ლამარა აბაშიძე ძალიან კარგი დიასახლისი იყო და მაგიდასაც ისე ლამაზად გააწყობდა ხოლმე, მართლა ხელოვნების ნიმუში იყო. ყველა, ვინც მათ სახლში ხვდებოდა, აღტაცებული რჩებოდა. გრიგოლ აბაშიძე შვილთან და შვილიშვილთან ერთად იმ პერიოდში ცხოვრობდა მილიარდერი და მეცენატი, გვარად ჩინი - იტალიაში დღესაც არსებობს მისი სახელობის ფონდი. მას ვენეციაში, საკუთარ პატარა კუნძულზე, სასახლე ჰქონდა აშენებული. ერთხელ იგი ცოლთან, შვილთან, სიძესთან, შვილიშვილთან, მის მასწავლებელთან და პირად ექიმთან ერთად საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა თბილისში და სწორედ აბაშიძეებს ესტუმრა. თამარმა სტუმრებისთვის შუმანის ნაწარმოები დაუკრა. ვახშამს ქართველი საზოგადო მოღვაწეებიც ესწრებოდნენ და ისეთი კარგი საღამო გამოვიდა, ბატონი ჩინი ერთობ ნასიამოვნები დარჩა. ერთი თვის შემდეგ მან ვენეციაში იტალიელი პოეტის, რენესანსის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ფრანჩესკო პეტრარკას დღეები მოაწყო და გრიგოლ და ლამარა აბაშიძეებიც მიიპატიჟა. იმხანად ლამარას ფეხი ჰქონდა ნაღრძობი, თაბაშირში და ეს ამბავი რომ გაიგო, სამსახურიდან დაბრუნებულ გრიგოლს უკვე უთაბაშიროდ დახვდა, - საერთოდ აღარ მაწუხებს ფეხიო. რასაკვირველია, ვენეციაში იმ დღეებს ორივე დაესწრო. ეგ კი არა, მწერალი თვითონ იყო ხოლმე გაოგნებული, ოთხი კაციც რომ მიდიოდა უცხოეთში, ლამარა აბაშიძესაც აუცილებლად სვამდნენ დელეგაციაში, არადა, ქალი არც მწერალი იყო, არც რაიმე კუთხით საზოგადო მოღვაწე. წარმოგიდგენიათ, როგორ აფასებდნენ და როგორ მოსწონდათ? ლამის, აღმერთებდნენ.

მწერლის შემოქმედების მუზა

"ჯიქთა ხათუნი" ლამარა აბაშიძისადმი მიძღვნილი პირველი ლექსი იყო, ისე კი, ბევრი ლექსი აქვს ცოლისთვის მიძღვნილი. იგი ცხოვრების ბოლომდე უწერდა საყვარელ ქალს ულამაზეს ლექსებს, ქალს კი მთელი ცხოვრების განმავლობაში გასაოცარი და უდიდესი სიყვარულით უყვარდა ქმარი. გამორჩეულად რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ და მწერლის პირველი წამკითხველიც და შემფასებელიც სწორედ ცოლი გახლდათ, ლექსი დაწერილი არ იყო, რომ ლამარამ უკვე იცოდა... ლამარა რომ არ ყოფილიყო, გრიგოლ აბაშიძის თარგმანებიც, თუნდაც - შანდორ პეტეფის "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ", ვერაფრით იქნებოდა ასეთი. ყველგან და ყველაფერში მისი მუზა ლამარა იყო.

"არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ! ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები"...

ლამარა ქმრის შემოქმედებიდან არაფერს გამოჰყოფდა ხოლმე, ზოგადად, საყვარელი მამაკაცის შემოქმედება უყვარდა და იმიტომ... მწერლის ბოლო პერიოდის ლექსები ძალიან სევდიანი და მძიმე იყო ქალისთვის. "არყოფნისაკენ" რომ დაწერა, უთხრა კიდეც ქმარს, ეს რამ დაგაწერინაო! მაგრამ... აფხაზეთის ომმა მოუღო ბოლო, თორემ ენერგიულობა არ მოჰკლებია. ამის დასტური იყო 80 წლის ასაკში დაწერილი მისი ბოლო ლექსიც - "არყოფნისაკენ". ჯერ გრიგოლ აბაშიძე გარდაიცვალა, თავის მე-80 დაბადების დღემდე ოთხი დღით ადრე და თავის დაბადების დღეს - 1-ლ აგვისტოს დაკრძალეს.

ამის შემდეგ, ფაქტობრივად, ლამარა აბაშიძესაც აღარ უცხოვრია... ყველაფრისადმი დაეკარგა ინტერესი, ქმრის გარეშე ჯოჯოხეთური გზა გაიარა და 2008 წელს გარდაიცვალა. მისთვის მთავარი ყოველთვის გრიგოლი იყო და პირიქით - მწერლისთვისაც ყოველთვის ლამარა იყო მთავარი. მართლაც ზღარული სიყვარული ჰქონდათ.

ვიდეო პირველი არხის არქივიდან

გრიგოლ აბაშიძე - "ჯიქთა ხათუნი"