"ქართველი გოგონებით ჯერ არ დავინტერესებულვარ" - რას ყვება ირანელი ბიჭი საქართველოზე, კარანტინსა და საკუთარ ცხოვრებაზე?
შაჰაბ კარიმიზარე ის ირანელი მამაკაცია, რომელიც ერთი ვიდეოთი იმდენად პოპულარული გახდა, რომ უცხოური მედიასაშუალებების ყურადღებაც მიიქცია, საქართველოში კი ინტერნეტჰიტად იქცა ის მომენტი, თუ როგორ აბრუნებს პაცინეტს კლინიკაში ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელი. ფოტოსა და "ლაივის" შაჰაბი აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდანაც გვიზიარებდა - თუ რა კარგად გრძნობს თავს საკარანტინო ზონაში და რა ბედნიერია, რომ კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
ჟურნალმა "გზამ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
- შაჰაბ, თქვენი "ლაივი" ვნახეთ აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან და ფოტოც. როგორც ჩანს, კარგად გრძნობთ მანდ თავს, ხომ? - "ლაივების" გადაღება დიდად არ მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში დავდე. დიახ, ძალიან კარგ ოთახში ვცხოვრობ და აქაურობით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, შესანიშნავი პირობებია, საჭმელიც, სასმელიც, პერსონალი ხომ საერთოდ, ძალიან კარგი ექიმები არიან, კეთილი, ყურადღებიანი. პირადად მე, ძალიან მომწონს. უკვე კვირაზე მეტია, აქ ვარ. სავარაუდოდ, აბასთუმანს 12 მარტს დავტოვებ და თბილისში ჩამოვალ. წესით, რამდენიმე დღეში კვლავ ირანში უნდა დავბრუნებულიყავი. თუმცა, იმის გამო, რომ ცოტა გაცივებული ვიყავი, ექიმებმა იფიქრეს, რომ კორონავირუსი მქონდა, ტესტირება ბევრჯერ ჩამიტარეს და საბედნიეროდ, ვირუსი არ დადასტურდა, საკარანტინო ვადა კი ცხადია, უნდა გავიარო.
- საქართველოში პირველად ხართ? - დიახ, პირველად ვარ და ვფიქრობ, ძალიან კარგი ქვეყანაა, ლამაზი, თავისი ბუნებით, ხალხით. აქ კეთილი, ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ. მეც ზალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ აქ მომიწია ყოფნამ. როცა საქართველოში მოვდიოდი, სასტუმრო დავჯავშნე და იქ უნდა მეცხოვრა, თუმცა ახლა აქ ვარ.
- გვიამბეთ, რას საქმიანობთ ირანში? რა პროფესიის ხართ? ოჯახი თუ გყავთ? - ჩემი ქვეყანა - ირანი ძალიან მიყვარს, იქაც ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. მე ელექტროინჟინერი ვარ და ჩემი პროფესიით ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობა. ორი ძმა მყავს, ოჯახში ხუთი წევრი ვართ. ერთი ძმა კომპიუტერი ინჟინერია, მეორე - ელექტროინჟინერი. მე მიყვარს ჩემი ოჯახი. მინდა, რომ ჩემმა ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხოს და ეს ეპიდემია მალე დასრულდეს. შესაძლოა, იქ ამის შემდეგ დავბრუნდე. ჯერ არ ვიცი. იქაც ძალიან კარგი, მართლაც პროფესიონალი ექიმები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ კორონას სათანადოდ შეებრძოლონ.
- ქართველი გოგონები თუ მოგწონთ? - იცით, რაშია საქმე? მე საქართველოში იმ ღირსშესანიშნაობების სანახავად ჩამოვედი, რომელიც გაქვთ - ტაძრები, ლამაზი ქუჩები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბაზარი - ამ ეტაპზე, ეს უფრო მნიშვნელოვანია და სიმართლე გითხრათ, დისკოთეკებითა და გოგონებით ჯერ არ დავინტერესებულვარ.
ინტერვიუს სრულად იხილავთ ჟურნალ "გზის" 5 მარტის ნომერში
თამთა დადეშელი