"კორონავირუსის იტალიური შტამი მუტირებულია, ჩინურისგან გენოტიპით განსხვავდება" - რას ჰყვება იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი
კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო იტალია მთლიან წითელ ზონად გამოცხადდა, ამის შესახებ ქვეყნის პრემნიერ-მინისტრმა განცხადა. ქვეყანაში უკვე ვირუსით დაინფიცირების 9 172 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 463 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 724. 28 წლის დავით მათიაშვილი ბერგამოს საავადმყოფოს ბავშვთა კარდეოლოგია. თავისი საქმიანობისა და კორონავირუსის ირგვლივ დატრიალებული იტალიური ამბების შესახებ ის "კვირის პალიტრას" იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე ესაუბრა.
- ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი, როდესაც იტალიელი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში და მეც მათ ოპერაციებზე დავიწყე სიარული, მოგვიანებით კი იტალიაში წავედი. ოთხი თვე ვიმუშავე რომში, ცნობილ კლინიკაში "ბამბინო ჯეზუ" ("ბავშვი იესო"). შემდეგ მილანის ბიკოკას უნივერსიტეტში გავიარე მასტერის პროგრამა და დავიწყე კარდიოქირურგიაში პრაქტიკანტობა ბერგამოს "პაპა ჯოვანის" კლინიკაში, რომელიც ბავშვთა იტალიური კარდიოქირურგიის მექაა. მესამე წელია, აქ ვარ. რამდენიმე კვლევა ჩავატარე, პრესტიჟული პრიზებიც მოვიგე...
- კორონავირუსით დაავადებული პაციენტები, ალბათ, თქვენც გყავთ... - მე, როგორც კარდიოქირურგს, კორონავირუსზე მუშაობა არ მიწევს, მაგრამ ჩემი მეგობრები მუშაობენ.
ახლა კლინიკაში 160 ასეთი პაციენტია. ყველა ცალ-ცალკე ფრთაშია იზოლირებული. ვინც მძიმედაა, რეანიმაციაში ჰყავთ, იზოლირებულ ბოქსებში, სადაც დაბალი წნევაა და ჰაერი კი არ გამოდის, მხოლოდ შედის, ამიტომ ვირუსის გავრცელების შანსიც არ არსებობს. დეპარტამენტში, სადაც პაციენტები მკურნალობენ, შესვლა-გამოსვლას თავის პროტოკოლი აქვს - ოთახში მხოლოდ ორმაგი ნიღბებითა და კოსტიუმებით შედიან ანესთეზიოლოგები თუ მედდები... ერთმანეთს 8 საათში ერთხელ ენაცვლებიან. პროტოკოლს მკაცრად იცავენ - აქვთ თავიანთი საშხაპეები, სპეციალური გამოსაცვლელი ოთახები, სადაც მერე დეზინფექცია ტარდება.
- მილანში ცხოვრობთ და ბერგამოში მუშაობთ. რა მდგომარეობაა ამ ქალაქებში?
- მილანსა და ბერგამოში შემთხვევები არ არის, გარშემო პატარ-პატარა სოფლებში - კი, მაგრამ პაციენტებს აღრიცხავენ იქ, სადაც მკურნალობენ. ამის მიხედვით ბერგამოზე 424-ზე მეტი პაციენტი მოდის.
- მოსახლეობაში როგორი განწყობაა, იტალიელებიც ჩვენსავით ემოციურები არიან?
- ვისაც სურდო ჰქონდა, ყველა საავადმყოფოებს მოაწყდა, რიგები იდგა, რამაც გავრცელებას ხელი შეუწყო. ჩრდილოეთ იტალიაში სრულიად გაუქმებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ღონისძიებები. მხოლოდ რესტორნები მუშაობს, სადაც მაგიდასთან მომსახურება შეიძლება, ბარები, კლუბები კი არ მუშაობს. ფეხბურთის ჩემპიონატი იყო ერთ-ერთი მთავარი მიმოხილვის საგანი და გადაწყვიტეს, რომ მილანსა და ახლო ქალაქებში თამაშები ცარიელ სტადიონებზე ჩატარებულიყო. ხალხი სახლებიდან უგულშემატკივრებს.
ტურისტების საყვარელი ქალაქები ბერგამო და მილანი ახლა დაცლილია, მუზეუმები აღარ მუშაობს, არც სავარჯიშო დარბაზები.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული, რადგან სამსახურებმა თანამშრომლები დაითხოვეს. სკოლები არ მუშაობს. რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა, მაგრამ სახლში არიან, თვითიზოლაციაში. თუ მძიმე სიმპტომები არა აქვთ, სახლში ტოვებენ.
- არაერთ ქვეყანაში შეიქმნა მედიკამენტებისა და ნიღბების დეფიციტი. მანდ როგორი სიტუაციაა ამ მხრივ? - მე სადაც ვმუშაობ, 5 000 ცალი ფილტრიანი ნიღაბი გვქონდა და გაქრა, სადეზინფექციო ხსნარებიც შემცირდა. აფთიაქებშიც ჭირს ნიღბები. პანიკა თავიდან იყო, ახლა სტრესული გარემოა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დარწმუნებულია უსაფრთხოებაში, არაერთს უთქვამს, კორონავირუსზე ლაპარაკს რომ იწყებენ, მაშინვე ხველა მეწყებაო.
ჯერ არ არსებობს ვაქცინა ან პრეპარატი, რომლითაც კორონავირუსს დაამარცხებენ, თუმცა სატესტო სამუშაოები ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს.
ტესტს გადის "რემდესივირიც" - წამალი, რომლითაც ებოლა დაამარცხეს. კორონავირუსის იტალიური შტამი მუტირებულია, ჩინურისგან გენოტიპით, დნმ-ის შემადგენლობით განსხვავდება. იმედია, მალე დათბება და ვირუსის სეზონიც გაივლის.
- თქვენი გეგმების შესახებ რას გვეტყვით? - რამდენიმე კვლევას ვატარებ. იმედია, კორონავირუსი ხელს არ შეგვიშლის. მინდა, საქართველოში ჩამოვიტანო გულ-ფილტვის ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატი.