"დედა-შვილს ისე უყვარდა ერთმანეთი, იმ ქვეყნადაც ერთად წავიდნენ" - ვინ არიან იტალიაში გარდაცვლილი დედა და შვილი?
ქართველი ემიგრანტებისთვის მორიგი ტრაგედია დატრიალდა იტალიაში - სამართალდამცველებმა ქალაქ ბარის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 41 წლის ეკა და 16 წლის ბექა ჯაბუშანურები გარდაცვლილები იპოვეს. პოლიციას ჯაბუშანურების მოძებნის თხოვნით გარდაცვლილების ახლობლებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ისინი სატელეფონო ზარებს 3 დღის განმავლობაში არ პასუხობდნენ. იტალიელ სამართალდამცველთა პირველადი ინფორმაციით, ქართველი დედა-შვილი ბუნებრივი აირის გაჟონვით არის გარდაცვლილი, რაც ბინაში კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია. იტალიაში გარდაცვლილი დედა-შვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშედან არიან და ქალაქ ბარში მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ბექა სწავლობდა, ეკა კი - მუშაობდა. მომხდარის შესახებ მათი ერთ-ერთი ახლობელი გვიამბობს:
- ენითაუწერელი ტრაგედია დატრიალდა, ეკას დედაც ცოცხალი ჰყავს და მამაც, მათთვის ეს ტრაგედია პირველი არ არის, წლების წინ ეკას ძმა ბაზალეთზე შეიწირა რაღაც გაუგებრობამ, ახლა კი ეკაც და მისი ვაჟიც... არადა, როგორ შეჰხაროდნენ ეკას მშობლები შვილიშვილს. ეკა დაახლოებით 11 წლის წინ გაჰყვა უფროსი დის კვალს იტალიაში. გოგონებმა სამშობლოში ცხოვრება რომ ვერ ააწყეს, იტალიაში წავიდნენ სამუშაოდ. ამ დროს უკვე მეუღლესთან იყო გაშორებული, თავიდან შვილი დედ-მამას ცოტა ხნით დაუტოვა, ბავშვმა ბაღი რომ დაასრულა, მაშინვე წაიყვანა და იქ შეიყვანა სკოლაში... განა არ უჭირდა, ძალიანაც უჭირდა, საბრალო გოგო გამუდმებით მუშაობდა, რომ ბავშვი გვერდით ჰყოლოდა და კარგი განათლება მიეცა. ახლა კი ეს გაუგონარი უბედურება მოხდა... დედა-შვილს ისე უყვარდა ერთმანეთი, იმ ქვეყნადაც ერთად წავიდნენ.
- საქართველოში კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა, იტალიაშიც თუ მსგავსი ხდება, ვინ იფიქრებდა...
- პატარა, ძველი ბინა ჰქონდა ნაქირავები, ასეთ ბინებში თურმე არაერთ იტალიელს აქვს დამონტაჟებული კუსტარული გამათბობელი. ემიგრანტი შემოსავლით მეტს ვერ შესწვდებოდა, არადა, ფრთხილი და ჭკვიანი გოგო იყო. პოლიცია, ეკას დამ გამოიძახა მას მერე, რაც სამი დღის განმავლობაში დედა-შვილი ტელეფონის ზარებს არ პასუხობდა. პოლიციაში, როგორ ჩანს, კორონავირუსის გამო შესაბამისი ზომები აქვთ და სპეცტანსაცმლით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, თავდაპირველად, დედა-შვილი თურმე ვირუსით გარდაცვლილები ეგონათ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. როგორც თქვეს, საცხოვებელ ბინაში შესვლისას, ეკა აბაზანაში ნახეს, ბექა კი ერთ-ერთი ოთახის იატაკზე. არ ვიცი, ამ კორონავირუსის გამო ან როგორ მოხერხდება მათი გადმოსვენება. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
(სპეციალურად საიტისთვის)