სადაც სიყვარულია, იქ კორონავირუსიც კი უძლურია - ვინ არის ქართველო გოგონა, რომელმაც იტალიაში, მკაცრი კარანტინის დროს იქორწინა? - კვირის პალიტრა

სადაც სიყვარულია, იქ კორონავირუსიც კი უძლურია - ვინ არის ქართველო გოგონა, რომელმაც იტალიაში, მკაცრი კარანტინის დროს იქორწინა?

ემიგრაციაში განუსაზღვრელი დროით წასული, საქართველოში პირველად ვბრუნდებოდი და მონატრებულს, ყველაფერი ქართული, განსაკუთრებულად მეძვირფასებოდა. სწორედ მაშინ, სრულიად შემთხვევით გავიცანი ანა ნაკუდაიძე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა სტამბოლის აეროპორტის ტრანზიტის ზონაში. ყველანი საქართველოში ვბრუნდებოდით. უბედნიერესი ვიყავი, ხუმრობასა და საუბარში, საქართველომდე მგზავრობის დრომ, შეუმჩნევლად გაირბინა. აეროპორტიდან, ყველა ჩვენს გზაზე წავედ-წამოვედით. მე და ანამ კონტაქტი სოციალური ქსელის საშუალებით შევინარჩუნეთ, რადგან მე ფლორენციაში, ის კი, ჩემგან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით, ქალაქ რეჯო-ემილიაში ცხოვრობს.

რეჯო-ემილია ის ქალაქია, რომელიც კორონავირუსის გავრცელებიდან, სულ ცოტა ხანში, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ რამდენიმე ზონასთან ერთად, თავიდანვე წითელ ზონად გამოცხადდა. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ანა კარგად იყო და მეტიც, მან და მისმა რჩეულმა, აჰმედ ბაიოულიმ საკარანტინო პირობებში, სამოქალაქო წესით იქორწინეს. ბოლო დროს გავრცელებულ ზღვა ნეგატივში, ეს ისეთი ნათელი სხივი იყო, ჩავთვალე, რომ ამ ქორწილს ასე ჩუმად არ უნდა ჩაევლო.

- ანა, როგორც ვიცი, ყველა ოფიციალური ღონისძიება და ცერემონია ან გაუქმდა, ან გადაიდო, როგორ მოახერხეთ ასეთ პირობებში დაქორწინება?

- ქორწინების თარიღი, ვირუსის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე დავნიშნეთ. რამდენიმე დღის წინ დაგვირეკეს და ცერემონიის გადადება შემოგვთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ნეფე-პატარძალს და ორ მეჯვარეს შეგვეძლო მისვლა, მეტ სტუმარს არ დაუშვებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საელჩოებიდან აღებულ ქორწინების ნებართვებს ვადა გასდიოდათ და თან გადადებული საქმე არ მიყვარს, გადავწყვიტეთ მათ პირობებს დავთანხმებოდით.

- ცერემონიამ როგორ გარემოებაში ჩაიარა?

- ქალაქის კომუნა ჩვენ გამო გააღეს. ქორწილს მხოლოდ მე, ჩემი მეუღლე, ორი მეჯვარე, კომუნის ერთი თანამშრომელი და ის პიროვნება ესწრებოდნენ, ვისაც ქორწინება უნდა დაერეგისტრირებინა. ძალიან საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ არც მუსიკა გვქონდა და არც ფოტოგრაფი გვყავდა, სასიყვარულო ლექსიც წაგვიკითხა და ფოტოებიც თავად გადაგვიღო. ეცადა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, შეძლებისდაგვარად გაელამაზებინა.

- სხვა შემთხვევაში ეს კითხვა უცნაური იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩვეულებრივია, მილოცვისას ხელი ჩამოართვით, გადაკოცნეთ ერთმანეთი?

- მხოლოდ ცოლ-ქმარმა. კომუნის თანამშრომელმა გვითხრა, რომ წესები უნდა დაგვეცვა, ამიტომ მეჯვარეებმაც მხოლოდ სიტყვიერად მოგვილოცეს. ყველანი დისტანციას ვიცავდით. მხოლოდ ფოტოს გადაღების დროს მოგვიახლოვდნენ.

გარეთ გამოსულები პოლიციამ გაგვაჩერა კონტროლზე, რადგან როგორც იცით, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, გარეთ გასვლა, დასჯადია. როდესაც მიზეზი გაიგეს, პრობლემა აღარ შეუქმნიათ.

- ქუჩაში თუ გხვდებოდათ ხალხი?

- ქუჩებში თითქმის არავინაა. მხოლოდ ერთი ბიჭი წამოგვეწია, დიდხანს გვაკვირდებოდა, ბოლოს გაბედა მოსვლა და გვკითხა, მართლა ახალდაქორწინებულები თუ ვიყავით. როდესაც დავუდასტურეთ გადაირია, ფოტოების გადაღებაც კი გვთხოვა.

- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანი, დიდი ხანი დასჭირდა შენი გულის მოსაგებად?

- ჩემს მეუღლეს ტანსაცმლის მაღაზია აქვს. სამსახურიდან შესვენებაზე გასული, ხშირად ვსტუმრობდი მის მაღაზიას, ერთმანეთი სწორედ იქ გავიცანით. ერთი წელი დასჭირდა, ვიდრე ერთად საცხოვრებლად გადასვლაზე დავთანხმდებოდი.

- როგორც ვიცი მეუღლე წარმოშობით ტუნისელია და მუსულმანია, გყავათ ახალშობილი გოგონა, მათი ტრადიციებით თუ იქორწინეთ და მეუღლეს სარწმუნოების გამოცვლა ხომ არ მოუთხოვია შენთვის?

- აქ არის ტუნისელების სათვისტომო, სწორედ ერთ-ერთ მათ დღესასწაულზე ჩაატარეს ჩვენი დალოცვის ერთგვარი რიტუალი. აჰმედს სარწმუნოების შეცვლა არ მოუთხოვია, ის ნამყოფია საქართველოში და ძალიან მოსწონს, უყვარს და პატივს სცემს ჩვენს ქვეყანას, ხალხს და ტრადიციებს. ძალიან მოიხიბლა ქართული ბუნებით, განსაკუთრებულად კი თბილისი მოეწონა. ისევ დიდი სიამოვნებით დაბრუნდება საქართველოში.

პ.ს. "კვირის პალიტრა" ულოცავს ახალდაქორწინებულებს, ულევ სიკეთეს და თანაცხოვრების უამრავ ბედნიერ წელს უსურვებს!

ნინო მამუკაძე სპეციალურად იტალიიდან