"რაც სამშობლოში ჩამოვედი, ჩემი შვილიც არ მინახავს..." - რას ყვება თვითიზოლაციაში მყოფი მომღერალი?
მომღერალი ნინო ჩხეიძე თვითიზოლაციაშია. როგორც ჩანს, ზოგიერთმა ეს ამბავი არასწორად გაიგო და იფიქრა, რომ მას კორონავირუსი აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორ გრძნობს თავს და რას ფიქრობს საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, მომღერალი გვიამბობს:
- თვითიზოლაციის გადაწყვეტილება ისრაელიდან ჩამოსვლის შემდეგ მივიღე. როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ იტალიაში ვიყავი და იქიდან ჩამოსულს ვირუსი აღმომაჩნდა. მინდა ყველა დავამშვიდო და ვუთხრა, იტალიაში არ ვყოფილვარ, ისრაელში ვიყავი და თვითიზოლაცია თავდაცვისა და სხვების დაცვის მიზნით გადავწყვიტე: რადგან თვითმფრინავით ვიმგზავრე, რაც დღეს სარისკოა, ასე ვამჯობინე. თქვენ წარმოიდგინეთ, რაც სამშობლოში ჩამოვედი, ჩემი შვილიც არ მინახავს. ის დედაჩემთან არის და ახლო კონტაქტი მათთან არა მაქვს.
- რა სიტუაციაა ამჟამად ისრაელში? - ყველა მობილიზებულია. კარანტინის წესებს ზედმიწევნით იცავენ: ვინც უკვე კარანტინშია და თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, შვიდწლიანი ციხე და სოლიდური ფულადი ჯარიმა ემუქრება. ვინც კარანტინიდან გაიპარება, მკაცრად ისჯება. ეს ახირება არ არის - ეს სხვა მოქალაქეების დაცვაა. მეც ამ მიზნით გადავწყვიტე ორი კვირით თვითიზოლაციაში ყოფნა. მართალია, თვითმფრინავში საგანგებოდ დაცული ვიყავი, პირბადეც მეკეთა, სათვალეც და ხელთათმანებიც, მაგრამ იმის გამო, რომ აეროპორტში ყოფნა მომიხდა, მეშინია, ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლები და თანამშრომლები საფრთხეში არ ჩავაგდო. მიუხედავად იმისა, თავს კარგად ვგრძნობ, მაინც მინდა თავი და სხვებიც დავაზღვიო.
- საზღვარზე როგორ შეგამოწმეს? - მართალია, ისრაელში ინფიცირებულებთან ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ საქართველოში რომ შემოვედით, ტემპერატურაც გაგვიზომეს და მაქსიმალურად შეგვამოწმეს. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ყველამ უნდა დავიცვათ მედიკოსების რეკომენდაციები, რადგან ხიფათისგან დაზღვეული არავინ ვართ. ეს ვირუსი მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება.
- კორონავირუსმა თქვენი გეგმებიც შეცვალა? - რასაკვირველია, ხალხმრავალ კონცერტებსა და შეკრებებზე ლაპარაკი ზედმეტია. 14 მარტს შვედეთში მქონდა კონცერტი და გადავდე, ასევე ავსტრიაშიც. ქართველმა ხალხმა ადეკვატურად აღიქვა ეს საფრთხე. მე რატომღაც ვფიქრობ, რომ ვირუსი მალე დამარცხდება და ძველებურად გავაგრძელებთ ცხოვრებას, ჯერჯერობით კი მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ.
ხათუნა ჩიგოგიძე