"შინ მეუღლისა და შვილის ბევრი სურათი მიკიდია და მათთან მაქვს დიალოგი... ასეთია ჩემი მარტოობაც და იზოლაციაც"
"ნანა უკვე 17 წლის ხდება, თავისი დღის წესრიგი აქვს. სამეგობრო ჰყავს. რა თქმა უნდა, 81 წლის ბაბუა უყვარს, მოდის, მეხმარება... ახლა უკვე საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ნანა ჩემი ე.წ. ციფრული კონსულტანტია, ხელფასიც აქვს დანიშნული, თვეში 20 ლარი - ევალება გაასწოროს ჩემი კომპიუტერული უვიცობის გამო დაშვებული შეცდომები და ჩაატაროს ოპერაციები...
ყველაფერი წარმომედგინა, მაგრამ თუ ჭირიანობის დროს ცხოვრება მომიხდებოდა, ეგ არა", - ხუმრობს მწერალი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი. როგორ გადის ბატონი გელა იზოლაციას, თავად უამბობს "კვირის პალიტრას".
"მეტ-ნაკლებად შეჩვეული ვარ იზოლაციას, იმიტომ, რომ მარტო ვცხოვრობ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. შინ მეუღლისა და შვილის ბევრი სურათი მიკიდია და მათთან მაქვს დიალოგი, ჩემს თავსაც ველაპარაკები. ასეთია ჩემი მარტოობაც და იზოლაციაც... აქამდე მოდიოდა დამხმარე ქალი და ის აკეთებდა ყველაფერს. ჩემთან მოსასვლელად ტრანსპორტი სჭირდებოდა და ახლა მოვილაპარაკეთ, რომ ერთხანს აღარ ივლის. მართალია, არა ვარ შეჩვეული დალაგებასა და წმენდას, მაგრამ ამქვეყნად ბევრი რამ ვისწავლე და ეს როგორ გამიჭირდებოდა.
- სამზარეულოში ფუსფუსიც შეისწავლეთ?
- ეგ საქმე მეტ-ნაკლებად ვიცოდი, რაღაც კერძებს ვიგონებდი. ფაქტობრივად, ყოველდღე სტანდარტული მენიუ მაქვს - დილით ფაფა და ა.შ. რაც არ ვიცოდი, თეფშების დარეცხვაა, თუმცა მაგასაც შევეჩვიე... ყველაფერი წარმომედგინა, მაგრამ თუ ჭირიანობის დროს ცხოვრება მომიხდებოდა, ეგ არა.
- კომუნისტების დროსაც ხომ იყო ეპიდემია?
- 1970 წლის აგვისტოში ქოლერა გავრცელდა, თუმცა მე ამ დროს ამერიკაში, მიჩიგანის უნივერსიტეტში ვიყავი. საშინელი შიში ვჭამე. აშშ-ის ტელევიზიამ გამოაცხადა, სსრკ-ის სამხრეთ ნაწილში ქოლერა მძვინვარებსო. სამხრეთ ნაწილში ხომ საქართველოც შედიოდა. ცოლ-შვილი აქ მყავდა, ავნერვიულდი...
- ალბათ, მაშინვე შინ დარეკეთ.
- ჯერ ერთი, დარეკვა ძალიან ძვირი იყო და მეორე, ნანა ვერ მეტყოდა სიმართლეს, არ მანერვიულებდა, და თან ყველა საუბარი ისმინებოდა, სახელმწიფო კი ასეთ რაღაცებს მალავდა და მასაც შეეშინდებოდა სიმართლის თქმის. ამიტომ გავიქეცი ბიბლიოთკაში და ვიპოვე საქართველოში გამოცემული გაზეთი "ზარია ვოსტოკა". რა თქმა უნდა, გაზეთშიც არაფერი ეწერებოდა ქოლერაზე, მხოლოდ ის ეწერა ერთადერთ სტატიაში, ხელები ხშირად დაიბანეთო.
- მაშინაც იმავე შინაარსის რეკომენდაციები გაიცემოდა... - როცა ჩამოვედი, ყველაფერი გადავლილი იყო. ვახტანგ ბოჭორიშვილი ხშირად გამოდიოდა ტელევიზიით. ძალიან პოპულარულიც გახდა იმ პერიოდიდან. ეს ის ვახტანგ ბოჭორიშვილია, რომელმაც ჩვენი დღევანდელი ეპიდემიოლოგები აღზარდა, ისინი, ვინც დღეს ჩაიბარეს სადავეები და თავს ნამდვილად არ ირცხვენენ.
სხვათა შორის, ქოლერას დამარცხების შემდეგ ვახტანგ ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს. იმ პერიოდში ბატონმა ვახტანგმა დიდი როლი ითამაშა საზოგადოების გამხნევებაში, სიტუაციის მართვაშიც. ქოლერის ეპიდემიის დროს ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი.
- მაშინდელი ქოლერა არ იყო იმდენად მასობრივი, როგორიც კორონავირუსია...
- ასეთი მასობრივი არ იყო. მე რომ ჩამოვედი 70-იანი წლის სექტემბრის ბოლოს, სიტუაცია უკვე ცხრებოდა.
- თქვენი შვილიშვილი ნანა როგორ გადის იზოლაციას? - ნანა დედამისთან ერთად არის იზოლირებული. ყოველდღე ვლაპარაკობთ. დილით მისი შეტყობინება დამხვდა, მწერდა, წერის გარდა, რითი ერთობი, მე სკოლის ონლაინგაკვეთილებით და ჭამითო. მე მივწერე, მე ვერთობი ძილით და ამიტომაც ვერ ვუპასუხე შენს ზარს-მეთქი.
- ვიცი, საუკეთესო მეგობრები ხართ. - აბა, როგორ. ხუთი წლის იყო, ლონდონში რომ წავიყვანე... სკოლაში რომ მივიყვანე, არც ერთი სიტყვა არ იცოდა ინგლისურად. რაღაცები კი შევასწავლე, მაგრამ ორ კვირაში რას ისწავლიდა.
ნანას მამა რომ არ ჰყავდა, მე ვიტვირთე მამის როლი. არ ყოფილა შემთხვევა, მე არ მიმეყვანოს და არ წამომეყვანოს სკოლიდან. ხომ შემეძლო მძღოლისთვის გამეტანებინა? ამას არ ვაკეთებდი. რადგან ინგლისური არ იცოდა, ყოველდღე ვეკითხებოდი, დღეს რა ქენი, რა იყავი-მეთქი? თაგვი ვიყავიო. ეს იმას ნიშნავდა, რომ არაფერს აკეთებდა და თაგვივით გასუსული იჯდა. ერთხელაც მიპასუხა, დღეს მელა ვიყავიო, ანუ უკვე დაიწყო ლაპარაკი...
მერე ისე ალაპარაკდა, გავოცდი... ერთ დღესაც რომ მივაკითხე, სკოლის ეზოში იდგა მთელი კლასი, გარშემო შემოხვეოდნენ, ეს კი ნოტაციებს უკითხავდა ინგლისურად. სხვათა შორის, იქ მშობელთა კრება არ ტარდება, ყველა მშობელს ინდივიდუალურად ხვდება მასწავლებელი. მე რომ შევხვდი, გადმომცა დახასიათება, სადაც ეწერა, რომ ნანა ჩარკვიანს აქვს ლიდერის თვისებები, ბოლოში კი აღნიშნავდა, ნანას ძალიან კარგი გარეგნობა აქვს, რის გამოც საწინააღმდეგო სქესის ინტერესს ხშირად იწვევსო.
ნანა უკვე 17 წლის ხდება, თავისი დღის წესრიგი აქვს. სამეგობრო ჰყავს. რა თქმა უნდა, 81 წლის ბაბუა უყვარს, მოდის, მეხმარება... ახლა უკვე საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ნანა ჩემი ე.წ. ციფრული კონსულტანტია, ხელფასიც აქვს დანიშნული, თვეში 20 ლარი - ევალება გაასწოროს ჩემი კომპიუტერული უვიცობის გამო დაშვებული შეცდომები და ჩაატაროს ოპერაციები...
- ალბათ, მუდმივად ადევნებთ თვალს ქართველი ეპიდემიოლოგების მუშაობას, ანუ როგორ ვუმკლავდებით ქართველები კორონას. - ვუყურებ 2, 3, ზოგჯერ 4 ტელარხს, რომ დაბალანსებული აზრი გამოვიტანო. ჯერჯერობით, ყველაფერი სწორად და გეგმით მიდის. ჩვენს ექიმებს ხელი კი უნდა შევუწყოთ - დავრჩეთ სახლში.
იხილეთ ასევე: "ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა"