"როგორც კი სტიქარი გადაიცვა, მალე გამოვიდა გარეთ, ვკითხე რა ხდება - მეთქი, ბაბუაჩემს დაუდგინეს კორონავირუსიო და გაიქცა ტაძრიდან"
თემქის დასახლებაში ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანს, სამწუხაროდ, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ტაძარში აცხადებენ, სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო ეკლესია არ არის და ბიჭს, სავარაუდოდ, ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო. ამ ეტაპისთვის მთელი ოჯახი კლინიკაშია გადაყვანილი.
ტაძარში მომხდარის შესახებ, კვირას, 5 აპრილს, წირვის დროს შეიტყვეს. იმ დილით თურმე სტიქაროსანი ტაძარში დილით ჩვეულებრივ მოვიდა, სტიქარი გადაიცვა და წირვის რიტუალში უნდა მიეღო მონაწილეობა, როცა მას დედამ დაურეკა და უთხრა, რომ ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა. ბიჭმა ეს ამბავი იქვე აცნობა თავის მოძღვარს, მამა სერაფიმეს და წავიდა ტაძრიდან. მოგვიანებით გაირკვა, რომ მასაც აქვს კორონავირუსი.
როგორც შევიტყვეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერჯერობით ტაძარში დეზინფექცია არ ჩაუტარებით. არც არავინ მოსულა გამოუკითხავს მრევლი, ვისთან ჰქონდა ბიჭს კონტაქტი. იმედია, ამ დეტალებს შესაბამისი სამსახურები დრულად დაადგენენ. ჩვენ ტაძრის მესანთლეს, ქალბატონ ნინოს ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ ტაძარში სისტემატურად ტარდებოდა დეზინფექცია და ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე მუშავდება ტაძარი სპეციალური ხსნარით:
- მე-12 კლასელი ბიჭი, რომელსაც კორონავირუსი აღმოჩნდა, აქვე ახლოს ცხოვრობს, აბიტურიენტია და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ის ჩვენი ტაძრის სტიქაროსანია 2 წელზე მეტია, ყოველ შაბათ - კვირას მოდიოდა ეხმარებოდა მოძღვარს. ძირითადად საკურთხეველშია ხოლმე, საცეცხლურს ამზადებს და მოსახსენებელს კითხულობს. როგორც ვიცი, მას არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. პირადად მეც ვნახე კვირას. შაბათსაც იყო საღამოს ლოცვაზე, სეფისკვერთან, წყალთან და მოსახსენებელთან იმ დღეს შეხება არ ჰქონია. კვირა დილით მოვიდა, როგორც კი სტიქარი გადაიცვა, მალე გამოვიდა გარეთ, ვკითხე რა ხდება - მეთქი, ბაბუაჩემს დაუდგინეს კორონავირუსიო და გაიქცა ტაძრიდან. მაშინვე უთქვამს მოძღვრისთვის, სწორედ მისი კურთხევით გაიხადა სტიქარი და წავიდა. წირვა ჩვეულებრივ ჩატარდა, მერე ჩვენმა მედავითნემ დარეკა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც ამ ბიჭის ბაბუა იწვა. იქ არ უთხრეს, რომ დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, უთხრა კვლევა მიდისო, მაგრამ, ფაქტია, იმ დროს დადასტურებული ჰქონდა და ეს ჩვენს სტიქაროსანსაც შეატყობინეს. ამის შემდეგ გადაიყვანეს დედა - შვილი კლინიკაში და ორივეს დაუდასტურდათ.
ჩვენი ინფორმაციით, მათ კორპუსში, იმავე სადარბაზოში მუსიკოსი ქალბატონი ცხოვრობს, რომელიც, როგორც ამბობენ, უცხოეთიდან ჩამოვიდა და დაუდასტურდა კორონავირუსი. შეიძლება მისგან გადაედო მოხუცს და შემდეგ ოჯახის სხვა წევრებიც დაავადდნენ. ამ ბიჭის ბაბუა ასაკოვანია, 82 წელზე მეტის იქნება. სამწუხაროა ეს ფაქტი. თვითონ ამ ბავშვს არაფერი ეტყობოდა, არც სიცხე ჰქონდა. ძალიან ხალისიანი, ენერგიული იყო. როგორც ვიცი, დედა-შვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ეს ბავშვი 3 წლის ასაკში დაობლდა, დედამ, დეიდამ და ბაბუამ გაზარდეს. დეიდაც მათთან ცხოვრობს, როგორც ვიცი, ისიც გადაიყვანილია კლინიკაში, უბრალოდ, არ ვიცი, მასაც აქვს თუ არა ვირუსი.
- ტაძარში დეზინფექცია ჩაატარეს?
- ჯერ ჩვენთან არავინ მოსულა. დეზინფექციას ისედაც ვაკეთებთ უკვე კარგა ხანია. ჩვენმა წინამძღვარმა მოიტანა ხსნარი და ამით ვამუშავებთ. საათში ერთხელ ტილოთი და ამ სითხით ვწმენდ ტაძარს. მაქსიმალურად ვიცავთ ყველაფერს. ჩვენი მოძღვარი ძალიან ყურადღებიანია და სულ მოუწოდებს მრევლს დავიცვათ დისტანცია და ყველა წესი.
- მამა სერაფიმე და სხვა სტიქაროსნები თვითიზოლაციაში გადავიდნენ?
- ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ორშაბათს საღამოს ლოცვა მედავითნემ ჩაატარა, მამა სერეფიმე მაინც იჩენს სიფრთხილეს მას არც ხარების წირვა ჩაუტარებია, მამა გიორგიმ ჩაატარა. მის შემდეგ მამა სერაფიმემ მიმართა მრევლს და არ დაუმალავს მათთვის, რომ ჩვენი ტაძრის სტიქაროსანს აღმოჩნდა ვირუსი. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ყველამ. უნდა დავიცვათ წესები. პირადად მე ახლო კონტაქტი კვირას მასთან არ მქონია. ძალიან მეწყინა, სიმართლე გითხრათ ცოტათი გავბრაზდი დედამისზე, თუ ბაბუა საავადმყოფოში იყო, ბიჭი ტაძარში არ უნდა გამოეშვა. ეტყობა არ იცოდნენ, ვერ დაუკავშირეს ბაბუას ავადმყოფობა კორონავირუსს, მაგრამ, სამწუხაროდ, დადასტურდა.
- დღეს წირვა ჩატარდა, სტიქაროსნები იღებდნენ მონაწილეობას?
- დღეს რომ იყო წირვაზე, იმ სტიქაროსანს სხვებთან კონტაქტი არ ჰქონია. ის ბიჭი მესაზღვრეა, გუშინ ჩამოვიდა და ის იყო წირვაზე.
"ჩვენს კორპუსში ჩვენამდე იყო ინფიცირების შემთხვევა... არავინ დაინტერესდა: არც მერია, არც დეპუტატი, არც სასწრაფო..." - რას ჰყვება დაინფიცირებული სტიქაროსანი (სპეციალურად საიტისთვის)