"მოვაწესრიგე ისე, როგორც ქართველები უვლიან საკუთარ მიცვალებულს. ასეთ მძიმე დროს ხომ არ დავტოვებდი ოჯახს"
რას ჰყვება იტალიაში კარანტინში ჩაკეტილი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან ერთად გაატარა
"2020 წლის 3 აპრილი. ვზივარ და ველოდები, როდის გათენდება. სამწუხაროდ, სამშობლოს გარეთ, იტალიაში, მილანში ვარ, სადაც ვირუსის გამო ურთულესი ვითარებაა... სამი დღეა, მიცვალებულთან ერთად ვარ ბინაში... ყოველივე ეს ადამიანთა მიმართ დაუდევრობის სინდრომია მთელ სამყაროში! თითქოს მსოფლიოში სიცოცხლე აღარ არსებობს. ასე დააზომბეს და ჩაკეტეს მოსახლეობა...
მიცვალებული ქალბატონის შვილი ყურადღებიანია, გვირეკავს, შვილიშვილებიც ტელეფონით დასტირიან ძვირფას ადამიანს, მაგრამ შიშით ვერავინ გვეკარება, ვერავინ მოდის - ნათესავი, მეზობელი... ოჯახში მიიცვალა, ცხედარი კი დატოვეს მიცვალებულებით გადატვირთულობის გამო. მე კი მის გარდაცვალებამდე ღმერთს მივენდე და წმინდა მამა გაბრიელის ზეთი მივიღე, მასაც მივაღებინე და ჯვრის ფორმით ვაცხე შუბლზე... სიცოცხლე უნდოდა - სიამოვნებით მიიღო, ბოლოს კი ვნახე, როგორი საშინელი ტანჯვით ამოუვიდა სული. ეს იყო ლომის ღრიალი საერთოდ უხმაურო და ულამაზესი ქალბატონისა... მოვაწესრიგე ისე, როგორც ქართველები უვლიან საკუთარ მიცვალებულს. ასეთ მძიმე დროს ხომ არ დავტოვებდი ოჯახს... ყველაფერი დამავიწყდა, იმ წუთებში ჩემთვის კორონა არ არსებობდა. ძალა მოვიკრიბე, დრო არ დავკარგე, ვარდის სურნელოვანი ზეთით დავბანე და უკანასკნელ გზაზე გასამგზავრებლად გამოვაწყვე. სანთლებიც ავუნთე. ვილოცე, საგალობლებიც ჩავურთე, მაგრამ დრო არა და არ გავიდა... ძნელი ყოფილა მიცვალებულთან მარტო ყოფნა. ვწუხვარ ბერგამოელებო თქვენი ტკივილით, უმრავლესობამ საკუთარი მიცვალებულები ლოგინად რომ დატოვეთ და ახლა ისიც არ იცით, რომლის მშობელი სად დაიკრძალა... 15 დღით კარანტინში ყოფნა მომიწევს იმის გამო, რომ არ იციან, ქალბატონი რით გარდაიცვალა. მალე მოვა სპეციალური ჯგუფი და წაასვენებენ, მიაბარებენ მიწას ქართულად, შვილი კი თან გაჰყვება დამკრძალავ კომისიას დათრგუნვილი... ისეთი შეშინებულები იყვნენ, შორიდან მეკითხებოდნენ, შენ როგორ ხარო?" - ეს ემოციური სტატუსი თავისი "ფეისბუკის" გვერდზე იტალიაში მყოფმა ქალბატონმა ნუნუ რობაქიძემ დაწერა და, ბუნებრივია, უამრავი გამოხმაურებაც მოჰყვა.
ნუნუ რობაქიძესთან საუბარი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. გაოცებული ვუსმენდი და ვხედავდი, როგორი ძლიერი ადამიანია. რომ არა სულის სიმტკიცე, ამდენს ადამიანის ფსიქიკა ვერ გაუძლებს.
- მძიმეა იმის მოსმენა, რაც თქვენ გადაიტანეთ. როგორ შეძელით მარტომ ამ ყველაფერთან გამკლავება?
- პირველ დღეებში ამას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ დრო რომ გავიდა, დაღლა ვიგრძენი. ახლობლებს ეშინოდათ, შვილიც კი შორიდან გვაქცევდა ყურადღებას. ვერ მოხერხდა მოხუცის საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან ადგილი არ იყო, ამიტომ ვიყავით სახლში ერთად... ამდენი წელი ვიყავი მათთან და განსაცდელში ხომ არ დავტოვებდი ოჯახს?! როცა ავად იყო, ყველაფერს ვაკეთებდი, ოღონდ მეშველა... სამწუხაროდ, ვერაფერი ვუშველე...
პირველად მათ ოჯახში რომ მივედი, ცოლ-ქმარი დამხვდა. ცოტა ჭირვეული, მაგრამ მოწესრიგებული, მორწმუნე, პატიოსანი ქალბატონი იყო, ძლიერი ხასიათით. ყველაფერი იცოდა, ომიც გამოვლილი ჰქონდა. მიყვებოდა თავისი ოჯახის თავგადასავალს - როგორ მოადგა ომის დროს კარზე ძმა და ვერ იცნო... ვუთხარი, რომ ჩემი ბაბუაც ომის დროს იტალიაში იყო და აქედან მოვიდა დაღუპვის წერილი. ჩემზე ჯავრობდა, სულ ფიქრობდა, როგორ დამხმარებოდა, რომ ბაბუას საფლავი მენახა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ხშირად ქართულ საგალობლებს ვასმენინებდი. უყვარდა ლოცვა. ქართული ეკლესიის ზარებს უსმენდა. ვეუბნებოდი, წაგიყვან ჩემს ქვეყანაში-მეთქი. უარობდა - ფრენის მეშინიაო... შვილი უყვარდა ძალიან და შვილსაც უყვარდა მშობლები, შვილიშვილებსაც.
რძალიც პატივს სცემდა. ამის გამო შევეგუე ამ ოჯახს. დავინახე ერთმანეთისადმი სითბო და სიყვარული. სწორედ ეს მჭირდებოდა. ვფიქრობდი, რატომ მოხდა, რომ ჩემი სიცოცხლის წლები ჩემს ოჯახს კი არა, სხვას შევალიე... ეს ფიქრი მტკივნეულია, რადგან არასოდეს მიფიქრია სამშობლოდან ფეხის გადგმა, მაგრამ ყველაფერი უეცრად მოხდა - საინტერესო ტურისტული მოგზაურობა მოსკოვში, ლენინგრადში, გერმანიაში... და აღმოვჩნდი ემიგრაციაში. თავი არ დამიზოგავს, მშობლებივით ვუვლიდი და თვითონაც შემეჩვივნენ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც არ გამომიშვა. შვილს უთხრა, ერთგული ქალია და იყოს ჩემთანო. მალე გულის ავადმყოფობით ლოგინად ჩავარდა, სტაფილოკოკური ინფექციებიც გაურთულდა. ცოტა ხნის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, მაგრამ მას შემდეგ სამი წელი გავიდა... ბოლოს სიცხეც ჰქონდა, ახველებდა კიდეც. ნაცნობები მეუბნებოდნენ, წამოდიო, მაგრამ როგორ უნდა დამეტოვებინა? საავადმყოფო არ იღებდა მოხუცებს, ამიტომ სახლში ვიყავით. ვფიქრობ, ფილტვების უკმარისობით გარდაიცვალა... 92 წლისა იყო... იტალიაში იშვიათად მარხავენ ადამიანს. მე მოვუარე ქართული წესით და დაასაფლავეს, ცხედარი არ დაუწვავთ. არც გასინჯეს ვირუსზე, სამაგიეროდ, მე დამტოვეს ისევ ამ ოჯახში კარანტინში და გასვლა ამიკრძალეს.
- ახლა მარტო ხართ? როგორ ხართ ან პროდუქტი ვის მოაქვს?
- დიახ მარტო ვარ და ჯერაც ვერ დავმშვიდდი... ყურადღებას ამ ქალბატონის შვილი მაქცევს. მომიტანა, რაც საჭირო იყო. მოხუცები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. შვილმა სამი თვის ბინის ქირა გადამიხადა, ქუჩაში ვერ დაგტოვებ, ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და ყველას გვიყვარხარო. ამბობს, დიდი სამსახური გაგვიწიე, ამ გაჭირვებაში არ მიგვატოვე და დედაჩემი გაბრწყინებული სახით გააცილეო. მართლაც ასე იყო - ცხედარი გაღიმებული დარჩა...
- როგორ გაიარა იმ სამმა დღემ, როცა მიცვალებულთან მარტო იყავით? - აქ მიცვალებულს ეკლესიაში დაასვენებენ ხოლმე, მაგრამ ახლა დაკეტილია, ამიტომ სასწრაფო მოვიდა და გარდაცვალება დაადასტურა, თან ამიხსნეს, როგორ მემოქმედა - მითხრეს, ფანჯარა ღია უნდა იყოსო. ყველა შეფუთული იყო, მე - არა... შვილის მზრუნველობას და ყურადღებას სულ ვგრძნობდით, მაგრამ სახლში არ მოდიოდა. ალბათ, ფიქრობდა, გარედან ვირუსი არ შევუტანოო. ცდილობდა, იზოლირებული ვყოფილიყავით...
- ცხედარი სპეციალურმა სამსახურმა გადაასვენა? ვირუსით გარდაცვლილებს ხომ სპეციალური წესით კრძალავენ... - დიახ, მესამე დღეს სასაფლაოზე სპეციალურმა სამსახურმა წაასვენა... მაგრამ ზუსტად არ ვიცით, ვირუსით გარდაიცვალა თუ სხვა რამით. შვილიც მაშინ მოვიდა, რათა საფლავამდე მიჰყოლოდა დედას. სხვა არავინ ყოფილა, არც - მეზობელი, არც - ნათესავი.
- იტალიაში უმძიმესი ვითარებაა. როგორ ამხნევებთ ერთმანეთს ქართველები? - აქაურ ქართველებს გაერთიანება გვაქვს, მაგრამ არავინ შემიწუხებია. ამ ხალხმა ჩემი ამბავი ჩემი წერილით გაიგო და ტელეფონის ზარი არ წყდებოდა. გაოცებულები მეკითხებოდნენ, რატომ არ გაგვაგებინეო, მაგრამ მათაც გაჭირვებულები ჰყავთ მისახედი და არ შევაწუხე...
ახლა შემპირდნენ და სანთლებს მომიტანენ. მხარდაჭერისთვის მათი მადლობელი ვარ.
- როგორც ვიცი, მილანში არის ქართული ტაძარი და ქართველი მოძღვარიც გყავთ. ახერხებდით ტაძარში სიარულს? - დიახ, ადრე დავდიოდი და მიცნობენ, მერე კი ლოგინად ჩავარდნილ მოხუცს ვერ ვტოვებდი და ტაძარშიც აღარ მივსულვარ...აქ მსახურობს მამა კირიონ მაჩაიძე. ძალიან ყურადღებიანია და ყველა ქართველის თანამდგომი. ყურადღებას არ გვაკლებს არც ქართველთა გაერთიანების პრეზიდენტი, ქალბატონი ნუნუ გელაძე.
- ალბათ, ამ რთულ ვითარებაში ახალი სამსახურის მოძებნა გაგიჭირდებათ...
- თუ კარანტინი მალე დამთავრდება, სამსახურს ალბათ, ვიშოვი, თუმცა სამშობლოში დაბრუნება მინდა, ჩემს წმინდა მიწაზე ფეხის დადგმა მენატრება, მაგრამ როცა უფალი მიბრძანებს, მაშინ დავბრუნდები. სპეცრეისით არ წამოვალ...
- ადვილი არ არის, იყო ემიგრანტი და შორიდან ადევნო თვალი, როგორ ცხოვრობენ და იზრდებიან შვილები, შვილიშვილები... - დიახ, რა თქმა უნდა. სულ მთხოვენ, ჩამოდიო. უფროსი შვილიშვილი რვა წლის ხდება... ცეკვის პედაგოგს უთქვამს, კარგი გოგო ხარ და საზღვარგარეთ წაგიყვანთო...
სახლში გახარებული მისულა - მასწავლებელი საზღვარგარეთ წაყვანას შეგვპირდა, იქ ხომ ბებიაა და ვნახავო. ამას ხომ უნდა გადატანა... ხანდახან ვფიქრობ, სამშობლოდან წასულ ქართველ დედებს, ალბათ, უნდა გვეზიდა ეს ტვირთი. მაგრამ ახლა მსოფლიოს ყველა კუთხეში მარგალიტებად გაბნეული ქართველობა უნდა დაბრუნდეს. ძალიან მინდა ჩემმა სამშობლომ, ქართველმა ერმა დაძლიოს პრობლემები. ყველამ უნდა სცადოს, თავიც გადაირჩინოს და სხვაც გადაარჩინოს.