"ვაიმე, დედა, ეს იტალიაში იყოო და დისკრიმინაციის მსხვერპლი ვიყავი" - კვირის პალიტრა

"ვაიმე, დედა, ეს იტალიაში იყოო და დისკრიმინაციის მსხვერპლი ვიყავი"

"ამ პერიოდში ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ბავშვმა გამიცნო. მანამდე არ მეკარებოდა, რადგან სულ უცხოეთში ვიყავი და იშვიათად მხედავდა"

იტალიაში რომ კორონავირუსი მძვინვარებდა, საქართველოდან შეიტყო და პანდემიას გამოასწრო. აქტიურ ცხოვრებას დროებით გამოემშვიდობა, თვითიზოლაციაში "ლამის გარეკა" და იუთუბერობაზეც დაფიქრდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც კორონას მადლიერია, რადგან მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი "გაიცნო"... ჟურნალისტი, მსახიობი, ტურისტული კომპანიების გიდი დათო ლიკლიკაძე ჩვეული იუმორით გვიყვება ქუთაისურ კორონალურ ისტორიებს.

"მე საცოდავი თითებზე ვითვლიდი, როდის გავიდოდა სამი კვირა"

- ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი იტალიაში ვენეციის კარნავალზე ვიყავით... როცა წავედით, კორონას ხსენება არ იყო და საქართველოდან გავიგეთ, რომ იტალიაში კორონავირუსი ყოფილა. საქართველოში 25 თებერვალს დავბრუნდით და მეორე დღეს გამოვლინდა ვირუსის პირველი შემთხვევა. მაშინ იტალიაში ამხელა პანიკა არ იყო, მხოლოდ მატარებლებში ყოველ 5 წუთში ჯანდაცვის მინისტრის ხმის ჩანაწერი ვრცელდებოდა - ფრთხილად იყავით, ხელები დაიბანეთ, ეს ქენით, ის ქენითო... ბოლო დღეს პირბადეები გავიკეთეთ და ისე მივედით კარნავალზე. ეგონათ, რაღაც გვჭირდა. ნიღბების კარნავალზე რომ ნიღბების შეეშინდება ხალხს - ყველა ჩვენ მოგვშტერებოდა. მერე, როცა ჩამოვედით, აქ დაიწყო, რაც დაიწყო... ჯერ ხომ ყველა გამირბოდა. ის კი არა, ორი დღის წინ მარკეტიდან გამოვდივარ და ქალმა დაიკივლა, ვაიმე, დედა, ეს იტალიაში იყოო! თებერვალში ჩამოსული კაცი რომ დამინახა, სტაცა ბავშვს ხელი, დაჰკრა ფეხი და გარბის. ან ვინ მისდევდა? ისეთი შეშინებული გარბოდა, რომ გავიხედე, წერტილივით ჩანდა თეთრ ხიდზე. ეს მაისში ხდება და, თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა დისკრიმინაციის მსხვერპლი ვიყავი თებერვალში, იტალიიდან რომ ჩამოვედი - გადაიკარგა ყველა, ცოლ-შვილი ბაკურიანში გამექცა. საკუთარ ცოლს ეშინოდა ჩემი და, წარმოიდგინეთ, ხალხი რა დღეში იყო. მე საცოდავი თითებზე ვითვლიდი, როდის გავიდოდა ორი კვირა. მერე თქვეს, სამი კვირაო. იმ მტანჯველ ერთ კვირასაც დაველოდე, როგორც იქნა, ყველანაირი საინკუბაციო ფანჯარა გავიარე, მაგრამ რად გინდა, აგერ, ახლაც შევაშინე ვიღაცა...

ჯეირანას რეკორდი

ქუთაისში ერთი პარიკმახერია - ჯეირანა, რომელიც ცნობილია იმით, რომ თმას 40 წამში ჭრის. რომ ჰკითხავენ:

- ჯეირან, რამდენი კაცი გელოდება? - 5.

- სიგარეტის მოწევას მოვასწრებ? - ვერა!

ჰოდა, ხომ აზრზე ხართ, რა სწრაფად ჭრის. იმანაც ხომ იცოდა, იტალიაში რომ ვიყავი და როცა სავარძელში ჩავჯექი, ნაცვლად 40-ისა, 20 წამში შემჭრა, სწრაფად გამომაგდო და მომაძახა, ფულიც არ მინდა შენი, სხვა დროს მომეციო...

მეუღლე დიდ პარიკმახერიაში....

ყველამ იცის, რომ ბევრი სამსახური მაქვს, მაგრამ ამ კორონას გადამკიდე, ტურისტული ტურები გაჩერებულია, გავჩერდით მედიასკოლაშიც... რადიოში რესპონდენტებს ტელეფონით ვიწერთ და მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ჩართვები კი მაქვს ტელევიზიასთან და ამით ვირთობ თავს. რამდენიმე ლექციაც ჩავატარე დისტანციურად...

ყველაზე მეტად ის გამიჭირდა, სალონები რომ დაიკეტა, მას მერე, რაც ჯეირანასთან თმა შევიჭერი, თმის შეჭრის ისტერიკა არ მქონია, მაგრამ სტუდენტებს რომ ონლაინ ხვდები, წესრიგში უნდა იყო. მეუღლეს ვთხოვე, ელექტრომანქანით შეეჭრა, რაც იქნება, იქნება-მეთქი. მისი პირველი ცდა იყო დიდ პარიკმახერიაში და მთელი დღე მჭრიდა. როგორც იქნა, მორჩა, ნაშრომით უკმაყოფილო დარჩა და ექიმების საყვარელი ფრაზით დაასრულა: ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, დანარჩენი ღმერთზეა დამოკიდებულიო.

"ბალერინასავით დავდივარ"

წონაში გვარიანად მოვიმატე. იზოლაციაში მე და ჩემი მეუღლე ერთად ვამზადებდით კერძებს, ერთად ვჭრიდით, ვხარშავდით, ვწვავდით. მან შეძლო დიეტით წონის შენარჩუნება, მე კი ძალიან მოვიმატე. მაღაზიები არაა ღია, შარვალს ვერსად ვყიდულობ, არადა, ისე მომეტკიცა ეს ჯინსი, ქალაქში ბალერინასავით დავდივარ...

როცა ქუთაისი ჩაიკეტა, თავიდან ქალაქში პროდუქტი არ შემოდიოდა და მაღაზიებში ბევრი რამ არ იყო... მახსოვს, ერთ დილას ყვირილმა და ღრიალმა გამაღვიძა. ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ, აქვეა ბაზარი. გამოვედი აივანზე და რას ვხედავ - ვიღაც ქალი გარბის 2 ჩანთით და უკან მისდევს 10-15 კაცი. გადავძახე, რა ხდება-მეთქი. კაციშვილი ყურადღებას არ მაქცევს. მერე ისე შევბღავლე, ხომ მშვიდობაა-მეთქი, მე თვითონ შემეშინდა ჩემი თავის. ერთმა მოიხედა და მიპასუხა: მშვიდობაა, ამ ქალს ყველი აქვს გასაყიდი, არ იცის, ვის მოგვყიდოს და გარბისო. ყველა თავს დაესხა - ვაჭარი, გადამყიდველი, კლიენტი და აღარ იცოდა საწყალს, რა ექნა.

"შვილმა გამიცნო, მანამდე არ მეკარებოდა"

ეს კორონა როცა გადაშენდება, ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ. რას და, დაღლილი მოვალ სამსახურიდან, ჩავრთავ ტელევიზორს და ფეხზე დამდგარი ვუყურებ, აღარ წამოვწვები იმ დასაწვავ დივანზე, სამი თვეა წამოწოლილი ვარ და რომ ვხედავ, უკვე მეზიზღება. ამ პერიოდში ყველაზე მაგარი რაც იყო, ის არის, რომ ჩემს შვილთან დავმეგობრდი, ბავშვმა გამიცნო. მანამდე არ მეკარებოდა, რადგან სულ უცხოეთში ვიყავი და იშვიათად მხედავდა. თან ისეთ კარგ პერიოდში მომიწია მასთან ყოფნამ - ენას იდგამს, სიტყვებს ამბობს, შენთან უნდა და გეფერება. მოგეხსენებათ, ასაკში შევირთე ცოლი, პირველი ქორწინება და პირველი შვილია. ეს ისეთი რაღაცაა, ენით აუწერელი. მერეც, როცა აგუგუნდება ცხოვრება, რაც უნდა რესტორნები და გრიალი იყოს, დღეში ერთ საათს სპეციალურად მოვალ სახლში, ბავშვთან გავჩერდები, ვასეირნებ და მერე წავალ, შუაღამეს საქეიფოდ. შვილის აღზრდაში მონაწილეობა ისეთი საჩუქარია, რადაც არც ერთი სამსახური არ ღირს. ყოველთვის ვეხმარებოდი მეუღლეს, შემიძლია სახლიც დავალაგო და ჭურჭელიც გავრეცხო, მაგრამ ბავშვთან ყოფნა იმხელა რელაქსი ყოფილა, სასწაული.

"ყურცქვიტას აბადოკით ვიცეკვებ და იუთუბერი გავხდები-მეთქი"

რა არ მოვიგონე - გადაცემები, ონლაინრაღაცები, რომ როგორმე სახლში არ გამერეკა და ბოლოს ისიც ვთქვი, იუნა შაფათავასავით ჩავიცვამ, თავზე ყურცქვიტას აბადოკს დავიდგამ, მერე აივანზე ვიცეკვებ და იუთუბერი მაინც გავხდები-მეთქი. რაღაცა უნდა მექნა, თორემ გავაფრენდი... ძალიან დამეხმარა ჩემი იუმორი -

ფბ-ში იუმორისტული სტატუსების წერა დავიწყე. იმ დღეს დავწერე ერთი და შევხედე - 1900 ლაიქი ჰქონდა, მათგან 1500 აჰაჰავებდა. პატარა ბავშვივით მიხარია ხოლმე, როცა ჩემი სტატუსი მოსწონთ და აკომენტარებენ. ერთი თვის წინ ჩემი ყოფილი სტუდენტი გადმომიხტა ქუჩაში და გაშლილი ხელი მომიქნია. ვიფიქრე, მთხლიშა ხელი სახეში ამ უპატრონომ-მეთქი და, ვაიმე, დედა! - შევკივლე. ნუ გეშინია, დათო მასწ, ეს ახალი მისალმებააო და გაშლილი ხელი მკერდში ჩაირტყა. მერე ვფიქრობდი, როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ამბავი, თორემ ყველანი გავგიჟდებით-მეთქი.

"რა ჯანდაბა გადააფრინა მასკმა, ლობიო ჩავადგი და არ იხარშება"

კორონას მეორე ტალღა იქნებაო, ამბობენ, მაგრამ მგონია, ის მეორე ტალღა სუსტი უნდა იყოს. ქუთაისელები უკვე ხუმრობენ ამ კორონაზე. მაგალითად, არის ასეთი ხუმრობა - სიცხეს კარგად რომელ ბანკში უზომავენ, თიბისიში თუ ლიბერთიში? ზოგი ეჭვობს, ეს კორონა მოგონილია და ფრენები იმიტომ შეწყვიტეს, ილონ მასკს თანამგზავრები უნდა გაეშვაო... ამას წინათ, ჩვენს ეზოში იმნაირი კულტურული ქალი ჰყვებოდა, კაი ხანია ლობიო ჩავადგი, არ იხარშება, რა ჯანდაბა გადააფრინა ჩვენ თავზე მასკმაო. დავაკვალიანე, ქალბატონო, ლობიო წინდღეს უნდა დაალბოთ წყალში და გადასარევად იხარშება-მეთქი.

მინდა ძალიან მალე გამოაცხადონ, ყველა პაციენტი განიკურნაო და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. არ მინდა ქუჩაში ამდენ შეშინებულ ადამიანს ვხედავდე, მინდა სკოლები და ბაღები ახმაურდეს. ქუთაისში ცარიელია კაფეები, საიდანაც სულ ინგლისური, გერმანული და ფრანგული ლაპარაკი ისმოდა, ჩვენ სხვანაირი ტურისტები გვყავდა... ჩაკვდა ქალაქი და ლამის გავგიჟდე. მინდა ამ ხმების ისევ მოსმენა, ხმაური, ბავშვების ჟრიამული... სულ ვამბობ, რომ უნდა ვიხმაუროთ, თორემ სიჩუმე მოგვიღებს ბოლოს.