"ბედმა გამიღიმა - ბევრ ჩემზე ნიჭიერ მსახიობს ასე არ უმართლებს" - კვირის პალიტრა

"ბედმა გამიღიმა - ბევრ ჩემზე ნიჭიერ მსახიობს ასე არ უმართლებს"

"ჩემი ცხოვრების უდიდესი გამოცდილება იყო გიორგი შენგელაიას "მიდიოდა მატარებელი". რამდენი წიგნიც უნდა წამეკითხა, რომელ ლექციასაც უნდა დავსწრებოდი, ვერსად ვისწავლიდი იმას, რაც ამ ბუმბერაზი მსახიობებისგან ვისწავლე" დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი მსახიობი ნატუკა გულისაშვილია. საუბარი მსახიობის ცხოვრებისა და კარიერის მნიშვნელოვან ეპიზოდებს შეეხება.

- ბედნიერი ვარ, რომ მყავს საამაყო წინაპრები. მათი სახელი, ავტორიტეტი დღემდე არ მაძლევს შეცდომის უფლებას. ყველაფერი ოჯახიდან მოდის. ისე ვიზრდებოდი, არ ვიცოდი, რა იყო აგრესია, ხმამაღალი ლაპარაკი... დღემდე ამ ფასეულობებით ვცხოვრობ. შეიძლება ეს ვიღაცისთვის ძველმოდურია, ჩემთვის კი - მარადიული.

- დედისერთა ხართ? - მყავდა ძმა დედას პირველი ქორწინებიდან, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ჩემზე 16 წლით უფროსი იყო. 10 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და მას შემდეგ ძმა მედგა გვერდით. ის ჩემთვის ძმაც იყო, მამაც, დამრიგებელიც. მამის მხრიდან კახელი ვარ, დედის მხრიდან - ქართლელი. მამა მეღვინე იყო. მათი დამსახურებაა, მიწასთან, მცენარეებთან ურთიერთობა რომ მიყვარს.

არც პანდემიის პერიოდში დამიკარგავს დრო ფუჭად - აივანზე კიტრი და პომიდორი გავახარე.

ბავშვობიდან მინდოდა ხელოვნებასთან, სცენასთან მქონოდა ურთიერთობა. ვოკალური სკოლა დავამთავრე. ნოდარ ანდღულაძესთან ვსწავლობდი.

თეატრალურ ინსტიტუტში სწავლაც მინდოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რაც უნდა მოვინდომო, მაინც ვერ მოვხვდები, იქ მხოლოდ გამხდარი, ქერათმიანი და მაღალფეხება გოგონები სწავლობენ, მე ვინ მიმიღებს-მეთქი. მიუხედავად ამისა, არ მინდოდა ბრძოლის გარეშე დანებება და მაესტროს ვუთხარი, ბედს ვცდი, თეატრალურში გამოცდებს ჩავაბარებ-მეთქი...

გამოცდებამდე ორი კვირით ადრე ჩუტყვავილა დამემართა. გამონაყარის გამო გამოცდაზე გრძელი, კოჭებამდე კაბითა და ყელამდე შეკრული პერანგით გავედი და... ჩავაბარე. მოკლედ, ვოკალი განზე გავწიე - ვაღიარებ, ჩემი სიზარმაცის გამო, რასაც დღემდე ვნანობ.

- ვინ იყვნენ თეატრალურ ინსტიტუტში თქვენი ჯგუფელები? - ზუკა პაპუაშვილი, გოგოლა კალანდაძე, ბაკურ ბურდული... ძალიან კარგი ჯგუფი მყავდა. სიყვარულიც თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას მეწვია... ჩემი და ჩემი ყოფილი მეუღლის ურთიერთობა ძალიან სასაცილო იყო. ის ჩემი ბავშვობის მეგობართან ერთად სწავლობდა პოლიტექნიკურში. მეორე კურსზე ვიყავი, როცა გავთხოვდი. სპექტაკლებს ფეხმძიმეც კი ვთამაშობდი. რომ არა დედაჩემის დიდი ხელშეწყობა, ალბათ, თეატრალურს ვერ დავამთავრებდი.

21 წელია, რაც ქმარს გავშორდი და ამის მერე აღარც მიცდია ოჯახის შექმნა. ყოველთვის ვამბობდი, - როცა ადამიანს რაღაც აწყენს, ის აღარ უნდა შეჭამოს, თუმცა მერე გვავიწყდება ხოლმე გადატანილი...

ჩემი ყოფილი მეუღლე ბერლინის ოპერის სოლისტია. საოცარი ხმა ჰქონდა, - "გეპეის" კაპელაში მღეროდა, მერე - ანსამბლ "რუსთავში", ამის შემდეგ - მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან, ბოლოს კი ბერლინში წავიდა და ახლა წარმატებული ხელოვანია. ჩემი შვილი უკვე 25 წლისაა...

ბედმა გამიღიმა - როგორც კი ინსტიტუტი დავამთავრე, გაიხსნა თეატრალური სარდაფი და იქ აღმოვჩნდი. ეს დიდი გამართლებაა, რადგან ბევრ ჩემზე ნიჭიერ მსახიობს ასე არ უმართლებს. მერე ფილმებშიც გადამიღეს.

- რომელ როლს გამოყოფდით?

- ყველა მიყვარს, თუმცა ჩემი ცხოვრების უდიდესი გამოცდილება იყო გიორგი შენგელაიას ,,მიდიოდა მატარებელი". რამდენი წიგნიც უნდა წამეკითხა, რომელ ლექციასაც უნდა დავსწრებოდი, ვერსად ვისწავლიდი იმას, რაც ამ ბუმბერაზი მსახიობებისგან ვისწავლე.

არასდროს დამავიწყდება - გიორგი შენგელაიამ შემომხედა და მითხრა, ერთ-ერთ როლში გხედავ, ამიტომ ხვალ მოხვალ. ვნახოთ, შენ და რამაზი ერთად როგორ იქნებითო. რატომღაც ჩავთვალე, რომ რამაზ იოსელიანი იგულისხმა, გადაღებაზე მისულს კი რამაზ ჩხიკვაძე დამხვდა! ბატონი რამაზი, ბატონი კახი ისე მექცეოდნენ, ჩვენ შორის ბარიერი ძალიან ადვილად გადავლახე. ძალიან საინტერესო იყო გურამ საღარაძის, გივი ბერიკაშვილის ნახვა გადასაღებ მოედანზე. ამ ადამიანებმა ეპოქა შექმნეს ქართულ კინოში. თითოეული იყო საოცრად თავმდაბალი, ყურადღებიანი, არასდროს წუწუნებდნენ, რომ დაიღალნენ.

ქალბატონ ნატაშასა და ბატონ რამაზის სიყვარული ხომ ლეგენდად დადიოდა... ქალბატონი ნატაშა მომიტანდა ხოლმე წამლებით სავსე ყუთს და მეტყოდა, ნატუკა, შენი ჭირიმე, რამაზიკოს ამა და ამ დროს დაალევინე, თან უყურე, რაც არ ეჭმება, არ შეჭამოსო. როგორც კი შევახსენებდი, ბატონო რამაზ, ეს გაქვთ დასალევი-მეთქი, აწუწუნდებოდა - იქაც ნატაშა, აქაც ნატაშა, სად გავიქცეო...

- ბატონი კახი როგორი იყო? - საოცარი, თავისი ხალასი იუმორით. მეგობრები სულ ერთმანეთს "ეშპილკავებოდნენ" და მათ ყურებას არაფერი სჯობდა. "მიდიოდა მატარებელი" ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პერიოდად დარჩა და ბევრი მოგონება დამიტოვა.

- ახლა როგორ ცხოვრობთ? - კორონას პერიოდში როგორც მთელი დედამიწა, მე გაჩერებული ვარ... ბოლო გადაღება ზამთარში მქონდა. ლონდონელი რეჟისორი იყო ჩამოსული და ძალიან საინტერესო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაიღო საქართველოზე, რომელიც კანის ფესტივალზე უნდა გაიტანოს. ფილმს ჰქვია "ბებია" და არის ქართულ ტრადიციებზე, რომლებიც რეჟისორმა ძალიან სწორად წარმოაჩინა. ამბობდა, ჩემი მეუღლე ისტორიკოსია და როცა ვუთხარი, ტრადიციებზე მინდა ფილმის გადაღება-მეთქი, მითხრა, საქართველოზე საინტერესო ტრადიციების ქვეყანა მე არ ვიციო. ამიტომ ჩამოვიდა ეს ქალი, ფილმიც გადაიღო და დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა შინ. ახლა ვმუშაობ რადიოში, მაქვს ჩემი გადაცემა. კორონამ ძალიან საინტერესო ეტაპი მაჩუქა.

- რას გულისხმობთ?

- ძალიან ბევრი იდეა, რომლებიც თავში მიტრიალებდა, ამ უძრაობის პერიოდში ფურცელზე გადავიტანე. ბევრი საინტერესო პროექტი დავწერე, რომლებსაც კულინარიასთან საერთო არაფერი აქვს. ასევე დავიწყე იმ სფეროს შესწავლა, რომელიც ძალიან მაინტერესებდა - ეს არის კინოლოგიის ფსიქოლოგია. ყოველთვის ვამბობ, რომ 40+ ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს, შეგიძლია ყველაფერი თავიდან დაიწყო. ცუდს ყოველთვის მოჰყვება კარგი. უფალი გვიფარავს და მჯერა, წინ ბევრი კარგი ამბავი გველოდება.

- პლასტიკური ქირურგიისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ და ისურვებდით თუ არა რამის შეცვლას გარეგნობაში? - თუ გჭირდება ან გაკომპლექსებს საკუთარი გარეგნობა, პლასტიკური ოპერაცია უნდა გაიკეთო, ოღონდ - კარგ სპეციალისტთან, რომ ბარბის თოჯინას არ დაემსგავსო. 50 წლის ვხვდები და სიამოვნებით ავიწევდი სახეს, შეიძლება ცოტა ტუჩიც გამედიდებინა, მაგრამ შეცვლით არაფერს შევიცვლიდი. მე ლამაზი თვალები მაქვს და მიყვარს ჩემი თავი, თუმცა ხელის შევლება ყველა ქალს სჭირდება.

- რა არის მთავარი ცხოვრებაში? - დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ მშვიდობისა და ჯანმრთელობის სადღეგრძელო. ალბათ, სწორედ ეს ორი რამ არის მთავარი - მშვიდობა და ჯანმრთელობა, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ გონებრივიც. ეს ნიშნავს, არ ვიყოთ დაძაბული, აგრესიული და გვიყვარდეს ერთმანეთი. ბანალურად ჟღერს, მაგრამ სწორედ სიყვარული გვჭირდება.