ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს? - რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები? - კვირის პალიტრა

ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს? - რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები?

როგორ წარიმართება ჩვენი მომავალი, ვინ უნდა იდგეს ქვეყნის სათავეში, რომ ახალ გამოწვევებს ღირსეულად შეეგებოს, ვის უნდა ვანდოთ ჩვენი ქვეყანა? ჩვენი რეპონდენტები სხვადასხვა პროფესიისა და შეხედულებების ცნობილი ადამიანები არიან. სწორედ მათ ვკითხეთ: ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს?

"არა მგონია, რომ ახლანდელი ოპოზიცია ქვეყანაზე დარდობს და მისთვის ირჯება"

ნიკოლოზ შენგელაია, მხატვარი:

- იცით, ჩვენი ქვეყნის პრობლემა რა არის? - ნამდვილ ოპოზიციას ვერ ვხედავ. დიახ, ჩვენ ნორმალური ოპოზიცია არა გვყავს. არა მგონია, რომ ახლანდელი ოპოზიცია ქვეყანაზე დარდობს და მისთვის ირჯება.

მტრისას, ქვეყნის სათავეში მოვიდნენ: ჯერ ერთმანეთს დაჭამენ და ქვეყანას რა მდგომარეობაში ჩააგდებენ, ეს მარტო უფალმა უწყის.

ყველას გვინდა, რომ რაღაც შეიცვალოს, რომ ქვეყნის სათავეში უფრო კომპეტენტური ადამიანები მოვიდნენ, მაგრამ ამის მისაღწევად ახალი ძალა უნდა შეიქმნას - მხოლოდ მაშინ შეიძლება ცვლილებებზე ლაპარაკი. თუმცა, მე ვერ დაგეთანხმებით, რომ არაფერი იცვლება,

"ქართული ოცნების" ხელშიც ბევრი რამ შეიცვალა, უბრალოდ, ყველაფერს დანახვა უნდა. თუ ქართველები ქვეყნის ინტერესებზე ვიფიქრებთ და არა საკუთარ კარიერაზე და საკუთარ სკამებზე, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ზოგიერთ პოლიტიკოსს ვურჩევდი - სარკეში ჩაიხედოს და დაფიქრდეს, რას აკეთებს, ან - როგორ იქცევა.

"ნაციონალური მოძრაობა" არ არის საფრთხობელა, ეს - რეალური საფრთხეა"

კობა დავითაშვილი, იურისტი:

- მე პოლიტიკაში ჩართვას აღარ ვაპირებ, ამიტომ, თავს უფლებას მივცემ, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ისე გესაუბროთ: ხვალ რომ არჩევნები იყოს, ხმას ვის მივცემდი?

შეიძლება რაღაც არ მომწონდეს, რაღაცაში არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს შანსი პარლამენტში შევიდეს და საქმე აკეთოს, "პატრიოტთა ალიანსია". ეს საპარლამენტო პარტიაა, გარდა ამისა, არ არის შემჩნეული "ნაციონალური მოძრაობისთვის" წითელი კოჭის გაგორებაში.

ეს ერთკაციანი პარტია არ არის და უკვე საქმით დაამტკიცა თავისი პოლიტიკური წონა. ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს სააკაშვილის, ბურჯანაძის, ბოკერიას და სხვების უკან დაბრუნებას...

ამბობენ, "ოცნება" "ნაციონალებს" საფრთხობელად იყენებსო, მაგრამ ეს არ არის საფრთხობელა, ეს - რეალური საფრთხეა, რომელმაც თავის დროზე ჯალათების სისტემა შექმნა და ჩამოაყალიბა.

"ქართულმა ოცნებამ" ეს საფრთხე თავიდან ვერ აგვაცილა და ახლა საჭიროა ძალა, რომელიც ამ საფრთხისგან საიმედოდ დაგვიცავს.

რასაკვირველია, სხვა პარტიებიც არსებობს, მაგრამ თუ ეს პარტიები ბარიერს ვერ გადალახავენ, მათი ხმები დაიკარგება და ამით "ნაციონალური მოძრაობა" იხეირებს. აი, "პატრიოტთა ალიანსისთვის" მიცემული ხმები კი - არ დაიკარგება, მათ საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვთ, რომელიც თანდათან იზრდება. 2020 წლის არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსი" ბარიერსაც გადალახავს და უფრო მეტსაც მიაღწევს.

რაც შეხება "ლელოს": ერთი ბიზნესმენის პოლიტიკაში მოსვლა ჩვენ უკვე ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბიძინა დიდი ქველმოქმედია და თავისი ქვეყნისთვისაც კარგი უნდა, მას არ ჰყოფნის კომპეტენცია, რომ პოლიტიკაში იყოს. მე მიკვირს, ამას ხაზარაძისგან რატომ ველოდებით? აქედან გამომდინარე, ბიზნესმენი უნდა დარჩეს ბიზნესში, პოლიტიკა კი - პოლიტიკოსებმა აწარმოონ.

"ვინც რუსეთს ენას უჩლიქავს და მასთან დათმობაზე მიდის, ხმას არასოდეს მივცემ"

კახა გოგიძე, მსახიობი:

- მე არაერთხელ მითქვამს და ყოველთვის ვთხოვ ახალგაზრდებს: სასწრაფოდ გამოგვგლიჯონ ხელიდან ეს ქვეყანა, რადგან ჩვენმა თაობამ შენება არ იცის - ჩვენ მხოლოდ პროტესტი და ძველის დანგრევა ვიცით... დიდი იმედი მაქვს, რომ სადავეები მათ ხელში გადავა, რადგან განახლება ყველგან და ყოველთვის საჭიროა. მსოფლიოში ყველაფერი იცვლება, ახალი რეალობა დგება და რაც უნდა მოწინავე შეხედულებები მქონდეს, 18 წლის ბავშვს ვერ დავეწევი, რადგან ის ამ დროში დაიბადა, თავისუფლების ფასიც ჩემზე კარგად იცის და სხვაგვარად აზროვნებს. მოსემ ებრაელები მონობიდან რომ იხსნა და უდაბნოში გამოიყვანა, ეჩხუბებოდნენ: იქ ხორცი, პური და წყალი გვქონდაო.

მონობით ტკბობას შეჩვეული თაობა თავისუფალ ქვეყანას ვერ შექმნის. ამიტომ, ჩემი ხმა ყოველთვის იმ ახალგაზრდობას ეკუთვნის, რომელიც დასავლეთისკენ არის ორენტირებული და არა - ჩრდილოეთისკენ.

ვინც რუსეთს ენას უჩლიქავს და მასთან დათმობაზე მიდის, მე მათ ხმას არასოდეს მივცემ, რადგან არ შეიძლება დიალოგი გამართო სარკომასთან, ან - ინფექციასთან, ის თავიდან უნდა მოიშორო.

საზღვრებს აქეთ სწევენ, უკვე ქალებსაც იტაცებენ და ასეთ ქვეყანასთან მოლაპარაკება შეიძლება? სულ "ჯაყოს ხიზნები" მახსენდება, სადაც ჯაყო ეუბნება თეიმურაზს: მოდი, დამარტყიო, მაგრამ ის მოლაპარაკებასა და მშვიდობას სთავაზობს. ჯაყოს უკვირს, ამაზე მეტი რაღა უნდა დაგიშავოო?

ჰოდა, რუსეთმაც მეტი რაღა უნდა დაგვიშავოს? - მაინც და მაინც თბილისი უნდა დაბომბოს, აქ ხალხი დახოცოს და ფუნიკულიორის ანძა მოტეხოს?! დასავლეთი ჩვენი ხსნაა იმიტომ კი არა, რომ ის ძალიან კარგია. როდესაც ადამიანს ბრმა ნაწლავი უსკდება, ლანცეტით უნდა გაუჭრა, მე არ ვამბობ, რომ ლანცეტი კარგია, მაგრამ ეს აუცილებელია.

ძალიან მაგარი ახალგაზრდობა გვყავს, რომელსაც დაფასება და ჩვენი მხარში დგომა უნდა. სახარებაში წერია: ძველ ტიკში ახალი ღვინო არ უნდა ჩაასხაო... ამიტომ, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ახალგაზრდებო, გამოგლიჯეთ ძველგაზრდებს ეს ქვეყანა ხელიდან, საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია!

"ხაზარაძე ძალიან მენანება პოლიტიკისთვის: სად მამუკა და სად - პოლიტიკა?"

ქეთი დოლიძე, კინორეჟისორი:

- ვერც ახალ პოლიტიკოსებს ვხედავ და ვერც სერიოზულ ძალას, რომელიც ქვეყანას გაუძღვება, ამიტომ, საკუთარ ტყავში უნდა დავეტიოთ და ვაცადოთ ახლანდელ გუნდს, რომ კიდევ რაღაც გააკეთოს.

ვინც ფიქრობს, რომ "ოცნებამ" თავისი თავი ამოწურა, ძალიან ცდება.

მე ამჟამად ვერავის ვხედავ, ვინც ამათ შეცვლის, უბრალოდ, ძალიან არ მინდა, რომ "ოცნების" რიგებში პორტირებული "ნაციონალები" დავინახო. თუ წარმატების მიღწევა სურს, "ოცნებამ" თავისი რიგები უნდა გაწმინდოს ამ შეფარული "ნაციონალებისგან". მე კი, ნამდვილად არ მომწონს ხალხი, რომელსაც უკვე 40 წელია ვუყურებ, სულ ოპოზიციაში არიან, სულ ჩხუბობენ, რაღაცას მოითხოვენ, სულ უკმაყოფილოები არიან, მაგრამ მაგათი გაკეთებული საქმე ჯერ არავის უნახავს. ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელსაც პატივს ვცემ და ვენდობი, ირმა ინაშვილია - მორჩა, მეტი არავინ! ჩემთვის სხვა პოლიტიკოსი არ არსებობს. ძალიან დიდ პატივს ვცემ მამუკა ხაზარაძეს, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩემი ძალიან ახლობელი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ ის პოლიტიკოსი არ არის.

ძალიან მენანება პოლიტიკისთვის. სად მამუკა და სად - პოლიტიკა?

"ამიხსენით, რატომ არ უნდა ავირჩიო ისევ "ოცნება"?"

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- ხვალ რომ არჩევნები იყოს, მე ისევ "ოცნებას" ავირჩევდი. "ნაციონალები" ერთხელ უკვე გვყავდა და არ გამოგვადგა, სხვა პარტიები კი სახელმწიფოს გაძღოლას ვერ შეძლებენ. ვგულისხმობ "ლელოს" და "პატრიოტთა ალიანსს", რომელიც ძალიან საინტერესო, საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ძალაა, მაგრამ ხელისუფლებაში თუ მოვა, მინიმუმ, 3 ათასი კაცი მაინც დასჭირდება, რომ ხელისუფლება დააკომპლექტოს. შეძლებს ამას "პატრიოტთა ალიანსი", ან - "ლელო", რომელმაც ძალიან საინტერესო ხალხი შემოიკრიბა ირგვლივ? რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ის მოსახლეობის მიმართ აგრესიული არ არის და ბოლო თვეებში, კორონავირუსთან ბრძოლის დროს, კარგი ორგანიზაციული უნარები გამოავლინა. ამიხსენით, რატომ არ უნდა ავირჩიო ისევ "ოცნება"?

ოქტომბრამდე ახალ პარტიას ვერავინ ჩამოაყალიბებს. ბავშვის გაჩენა რომ გადაწყვიტოს ადამიანმა, ოქტომბრამდე ხომ ვერ მოასწრებს? - პარტიის ჩამოყალიბება კი, გაცილებით რთული პროცესია. ამიტომ, "ოცნება" უნდა ავირჩიოთ, ეს პერსპექტიული პარტიები კი, პარლამენტში უნდა შევიდნენ და თანდათან გაიზარდონ. ჯერჯერობით ის ძალა, რომელიც "ოცნებას" შეცვლის, არ ჩანს.

"ლელოს" ქომაგთა რიცხვი თანდათან იზრდება"

დათო ტურაშვილი, მწერალი:

- ხვალ რომ არჩევნები იყოს, იმ ძალას დავუჭერდი მხარს და ხმასაც იმ ადამიანებს მივცემდი, ვინც თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში შემოიტანს მრავალხმოვანებასა და ნამდვილ დემოკრატიას, თავისუფლებას და კეთილდღეობას, პროფესიონალიზმს და პასუხისმგებლობას...

"პატრიოტთა ალიანსის" პერსპექტიულობაზე ჩემი ნაცნობებისგან არასდროს არაფერი მსმენია. ან მე მიმალავენ ამ ამბავს, ან იმ ხალხს არ ვიცნობ, ვისაც რუსეთის მხარდაჭერა პერსპექტიული ჰგონია, მიუხედავად საშინელი ორასწლიანი გამოცდილებისა...

რაც შეეხება "ლელოს", მის მხარდამჭერებს ნამდვილად ვიცნობ და ამ ძალის ქომაგთა რიცხვიც თანდათან იზრდება, რატომ? - პასუხი ასეთია: ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქართულ პოლიტიკაში არსებული აგრესიული პოლარიზაცია მომავალი არჩევნების გზით უნდა დასრულდეს და ალტერნატიულ ძალასაც უნდა მიეცეს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოღვაწეობის საშუალება.

ხათუნა ჩიგოგიძე