"რეგვენები სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ" - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე რევაზ ბოჭორიშვილს? - კვირის პალიტრა

"რეგვენები სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ" - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე რევაზ ბოჭორიშვილს?

როგორც ცნობილია, საქართველომ მედიკამენტი "პლაქვენილი" COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დააბრუნა. ამის შესახებ განცხადება გუშინ თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა.

თენგიზ ცერცვაძე გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ასევე გამოეხმაურა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ექიმს, რევაზ ბოჭორიშვილს და მის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოსთან შედარებით საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი გაცილებით წარმატებულია.

"აქვე მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს "სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას", ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში "სიმართლე ხომ მთავარია, არა?" - აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად "რეგვენული მოთხოვნებით".

ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში - 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება "რეგვენებს", სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ",-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.