სტეფან გრიგორიანი: "ქართველებისგან დახმარება უნდა მივიღოთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდება" - კვირის პალიტრა

სტეფან გრიგორიანი: "ქართველებისგან დახმარება უნდა მივიღოთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდება"

"არსენ ტოროსიანის განცხადება მედიამ სპეციალურად დაჩეხა... ეს იყო კრემლის ერთ-ერთი შეკვეთა იმ უამრავისგან, რომელთაც სარგსიანის გუნდის წევრები ასრულებენ. დამიჯერეთ, არ ღირდა სომხეთში ტოროსიანის გამო ასეთი ხმაური, მაგრამ მედიას აწყობდა ხელოვნური შუღლი"

თითქმის ყოველდღიურად ახალ-ახალი ანტირეკორდი, გადატვირთული საავადმყოფოები, ამოწურული მარაგები და რაც მთავარია, საზოგადოება, რომელიც არ იცავს უსაფრთხოების წესებს, არ ფლობს ან არ აღიარებს ინფორმაციას "კოვიდ-19"-ის საშიშროების შესახებ - ასეთია მეზობელი სომხეთის ბოლო დღეების სურათი.

ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოჯახს - მის მეუღლესა და სამ ქალიშვილს. ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას მკაცრად მოუწოდებს დაიცვას სოციალური დისტანცირების ნორმა და სხვა უსაფრთხოების წესები, დამრღვევთა შესახებ კი მოქალაქეებმა ფოტო და ვიდეომასალა მას გადაუგზავნონ: "ეს იქნება ანტიეპიდემიური მოძრაობა, რითაც შევძლებთ ერთმანეთის ქმედება და წესებისადმი დამოკიდებულება გავაკონტროლოთ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფაშინიანმა და თავადაც გამოაქვეყნა დამრღვევთა ფოტო და ვიდეომასალა. ამ განცხადებას უფლებადამცველების კრიტიკა მოჰყვა - მათი თქმით, პრემიერი მოქალაქეებს დაპირისპირებისკენ მოუწოდებს, ხოლო პირთა იდენტიფიცირებით არღვევს მათ უფლებებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნიღბის ტარება, სახლის გარდა, ყველგან სავალდებულოა: "სომხეთში უნდა დაიწყოს ანტიეპიდემიური მოძრაობა" - მოქალაქეები თვალყურს უნდა ადევნებდნენ ერთმანეთს, რათა წესები დაიცვან; "ფეისბუკზე" გამოაქვეყნონ დარღვევების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა და ა.შ. "შედეგამდე ჩვენი ინდივიდუალური მოქმედებები მიგვიყვანს", - განაცხადა მან. ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს 5 ივნისის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში "კოვიდ-19"-ით ინფიცირების 596 შემთხვევა დადასტურდა. წინა დღეებში ერთ ღამეში 700-მდე პირის დაინფიცირების შემთხვევაც ყოფილა. ბოლო მონაცემებით, სომხეთში სულ 11 817 შემთხვევაა დადასტურებული; 3 513 კაცი გამოჯანმრთელდა, 183 გარდაიცვალა. დაინფიცირებულთა ნაწილს კლინიკებში მკურნალობენ, მათ კი, ვისაც დაავადების მსუბუქი ფორმა აქვთ, შინ მკურნალობას ურჩევენ, რადგან საავადმყოფოებში ადგილები არ არის. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შესაძლოა ვითარება ისე გამწვავდეს, რომ მხოლოდ იმ პაციენტებს უმკურნალონ, ვისი გადარჩენის შანსიც იქნება. სომხეთის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში 20 000-ზე მეტი ინფიცირებულია, მათ, ისევე, როგორც მათმა გარემოცვამ, არ იციან, რომ ინფიცირებული არიან, ეს კი ხელს უწყობს ვირუსის შიდა გავრცელებას. ყოველივე ამის მიუხედავად, სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, რამაც მოსახლეობის აზრით, ვითარება უფრო გაამწვავა. ბანკებში, საქალაქო ტრანსპორტსა თუ მაღაზიებში მოქალაქეები დისტანციას არ იცავენ, ზოგს კი პირბადეც არ უკეთია... მოსახლეობის ნაწილის თქმით, სომხეთში ვითარების გამწვავება სხვადასხვა მოტივით არის განპირობებული, მათ შორის უმთავრესია შიდაპოლიტიკური დაპირისპირება - ოპოზიცია ცდილობს ფაშინიანის ხელისუფლება არალეგიტიმურად წარმოაჩინოს და უკან არაფერზე იხევს. მის უკან კი დგანან ის კრიმინალური კლანები, რომელთაც ფაშინიანმა ბრძოლა გამოუცხადა; ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული რუსული პროპაგანდისტული მანქანაც.

"კვირის პალიტრა" პოლიტოლოგს, გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებში ანალიტიკური (სომხეთის განყოფილების) ცენტრის ხელმძღვანელს სტეფან გრიგორიანს ესაუბრა.

- 2018 წლის აპრილში სომხეთში "ხავერდოვანი რევოლუცია" მოხდა. უმძიმესი ბრძოლის მიუხედავად, პოლიტიკურმა პროცესმა უსისხლოდ ჩაიარა. არადა, ყველაფერი 2013 წელს, სერჟ სარგსიანის არჩევის შემდეგ დაიწყო - ოპოზიცია, ექსპერტები, საზოგადოება, სამოქალაქო აქტივისტები და დამოუკიდებელი მედია ავტორიტარულ, კორუმპირებულ და კრიმინალურ რეჟიმს ებრძოდნენ. ამ ყველაფერს თან ახლდა საპროტესტო აქციები, პიკეტები, შიმშილობა, გზების გადაკეტვა.

სერჟ სარგსიანისა და რობერტ კოჩარიანის წლების განმავლობაში გაწელილი მმართველობისგან დაღლილი ხალხი მზად იყო, ნებისმიერ პოლიტიკოსს დასდგომოდა გვერდში, ვინც მათთან ბრძოლას გაბედავდა, და ასეთი ფიგურა ნიკოლ ფაშინიანი აღმოჩნდა.

"ხავერდოვანი რევოლუციის" მთავარი ლოზუნგები იყო: კორუფციასთან ბრძოლა, კონსტიტუციური ცვლილებები, ოლიგარქიული ეკონომიკური სისტემის დანგრევა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამართლიანობის აღდგენა და ისეთი საარჩევნო სისტემის გაუქმება, რომელიც მრავალპარტიული პარლამენტის არჩევის შესაძლებლობას არ იძლევა. ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდა და 2018 წლის 8 მაისს ნიკოლ ფაშინიანი პრემიერი გახდა. 2019 წლის 9 დეკემბერს კი რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, სადაც პოლიტიკურმა ბლოკმა "ჩემი ნაბიჯი", რომელსაც ფაშინიანი ხელმძღვანელობდა, ხმათა 70% აიღო, რაც 88 მანდატს ნიშნავს. არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და პირველად დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ლეგიტიმური ხელისუფლება ავირჩიეთ. ახალმა ხელისუფლებამ კორუფციას ბრძოლა გამოუცხადა, დაიწყო სასამართლო და ძალოვანი სისტემის რეფორმა, შეიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორივე ყოფილ პრეზიდენტსა და რამდენიმე ათეულ თანამდებობის პირზე. გარდა ამისა, გაათავისუფლეს პოლიტპატიმრები. თუმცა გამოჩნდა პრობლემებიც - თუნდაც ის, რომ სომხეთში არჩევნები ძველი კანონმდებლობით ჩატარდა, სადაც არ იყო პოლიტიკური პლურალიზმი, რაც ერთი პოლიტიკური პარტიის დომინირების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვებით მმართველმა ბლოკმა "ჩემი ნაბიჯი" პარლამენტის ადგილების 70% მოიპოვა და, პრაქტიკულად, გააუქმა პოლიტიკური დებატები, მიღებული კანონების ხარისხი შეამცირა და პარლამენტის მაკონტროლებელი როლი ნულამდე დაეცა. აღმოჩნდა, რომ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ეფექტიანად მომუშავე მთავრობას.

ფაქტობრივად, "ხავერდოვანი რევოლუცია" სომხეთის ეროვნული ასამბლეის არჩევამდე წარმატებით ვითარდებოდა, ამის შემდეგ კი მივიღეთ ლეგიტიმური, მაგრამ არაკვალიფიციური პარლამენტი, ეს კი ძალიან უშლის ხელს ხელისუფლებას "კოვიდ-19"-თან შედეგიან ბრძოლაში.

- რას გულისხმობთ? - სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, მთელი აღმასრულებელი ძალაუფლება კონცენტრირებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელში, პრეზიდენტს კი მხოლოდ "ცერემონიული ფუნქცია" აქვს. გარდა ამისა, უამრავი სამსახური პირდაპირ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება, რაც ნიშნავს, რომ მათ პარლამენტი აკონტროლებს. ამიტომაც ვისმენთ ასეთი სახის განცხადებებს: "საქმე კეთდება მხოლოდ იქ და მაშინ, როდესაც იქ არის ფაშინიანი. როგორც კი ის მიდის, ყველაფერი ჩერდება"... გარდა ამისა, ნიკოლ ფაშინიანი საკადრო პოლიტიკაში, ძირითადად, სერჟ სარგსიანის პერსონალს ეყრდნობა, მისი გუნდიდან მოსულ პირებს კი გამოცდილება და საქმის მართვის უნარი არა აქვთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ უამრავი პირი პოლიტიკასა და სხვა სფეროში სწორედ "ხავერდოვანი რევოლუციის" დროს გამოჩნდა და ბევრ რამეზე წარმოდგენაც არა აქვთ.

მთლიანი სახელმწიფო სისტემა ერთი პირის - ნიკოლ ფაშინიანის ავტორიტეტზეა აგებული.

- ყოფილი ხელისუფლების წევრები გამუდმებით ცდილობენ ხელთ არსებული მედია თუ სხვა საშუალებებით, რომელთაც ხშირ შემთხვევაში რუსეთი აფინანსებს, ფაშინიანის გუნდის დასუსტებას... - დიახ, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების წევრების ავტორიტეტი ნულამდეა დაცემული. ისინი თავიანთი ბიზნესწილებისა და კეთილდღეობის დასაცავად იბრძვიან, მით უფრო, რომ ბევრ მათგანს სასამართლოს სკამზე მოუწევს დაჯდომა წლების განმავლობაში კორუფციული საქმეების კეთებისთვის. ამიტომ დაიწყეს მედიის, ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების დაფინანსება. თუ არ ჩავთვლით 4-5 ტელეკომპანიას, ყველა დანარჩენი მათი პოლიტიკის გამტარებელია. მათ მართლაც უზარმაზარი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი აქვთ და დაუღალავად ებრძვიან ხელისუფლებას. მათი მთავარი იარაღია "ფეიკნიუსები", რომელთა ტირაჟირებას მათი დაფინანსებული მედია ეწევა. ეს მოიცავს ფაშინიანისა და მისი გამოუცდელი გუნდის დამცირებას.

ყოფილმა ხელისუფლებამ და მისმა მომხრეებმა ამ ორი წლის განმავლობაში მიაღწიეს პოლიტიკური ველის "შავებად" და "თეთრებად" დაყოფას. ასეთმა დამოკიდებულებამ მიიყვანა ქვეყანა იქამდე, რომ დღეს პოლიტიკური დისკუსია აღარ არსებობს.

ეს ჩვენზე, ექსპერტებზეც აისახება. ჩვენც ხშირად ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, რადგან რევოლუციის დროს მათ გვერდით ვიდექით და პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.

ჩვენ ქვეყნის წინსვლა გვინდა, მაგრამ ხანდახან მათ შეცდომებზე არაფერს ვამბობთ, რათა ყოფილი ხელისუფლება არ გავაძლიეროთ. იმავდროულად, ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან მწვავედ ესხმიან თავს არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. შეტევის გამორჩეული ობიექტები არიან პროევროპული ორიენტაციის მქონენი. ტრადიციულად, მათ ჯორჯ სოროსს უკავშირებენ. ამ გლობალური პანდემიის დროს კი "ყველა გზა" ბილ გეითსთან მიდის - მათი მოსაზრებით, "კოვიდ-19" მისი ორგანიზებული და მართულია.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ პროპაგანდას შედეგი აქვს. ასე რომ, ახლა სომეხ საზოგადოებაში დომინირებს აზრი, რომ უამრავი სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის დასაქმებულებიც, განსაზღვრული თანხის, ზოგჯერ კი გრანტის საფასურად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს კორონავირუსი არ არსებობს, რომ ბილ გეითსმა და სხვა მდიდარმა ადამიანებმა მოიფიქრეს ეს "მსოფლიო აფერა" საყოველთაო ჩიპიზაციისთვის, რათა ჩვენ სამსახურები წაგვართვან.

თავიდან მეგონა, ასეთი თემები არასერიოზული იყო, მაგრამ უამრავმა ადამიანმა, მათ შორის ინტელექტუალებმაც დაიჯერეს.

სომხეთში სასამართლო ხელისუფლება და პოლიცია ჯერჯერობით არ არის რეფორმირებული. ორივე ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების ბასტიონია, ეს კი ძალიან აფერხებს ახალი მთავრობის მუშაობას. ამას ფაშინიანიც ხშირად ამბობს, თუმცა ვითარების შესაცვლელად ქმედით ზომებს არ მიმართავს, ეს კი ყოფილ ხელისუფლებას რევანშის შესაძლებლობას აძლევს. ახლა მთავარია პერსონის შერჩევა, რომელსაც ისინი ფაშინიანთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის აირჩევენ.

- ფაშინიანს ოპოზიცია მუდმივად ადანაშაულებს ვირუსთან არაეფექტურ ბრძოლაში და თუ შედეგს გადავხედავთ, სათქმელიც აქვს. - ოპოზიციას აქვს სათქმელი, რადგან ფაშინიანის ხელისუფლება მართლაც არაეფექტურად მუშაობს, ხალხს კი ხშირად ამის მიზეზები არ აინტერესებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სომხეთს არა აქვს დიდი რესურსები და არ შეუძლია მკაცრი საკარანტინო ვითარების ხანგრძლივად დაწესება. ის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთ ღამეში შესაძლოა 600-ზე მეტი კაცი დაინფიცირდეს, კატასტროფაა სომხეთისთანა პატარა ქვეყნისთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო საზოგადოებრიობას დახმარება უნდა სთხოვოს.

- ცნობილია, რომ რუსული პროპაგანდა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სფეროში.

- რუსეთის ხელისუფლებისთვის ფაშინიანი მიუღებელი ფიგურაა. ის ხელისუფლებაში რევოლუციით მოვიდა, რაც ავტორიტარული რუსეთისთვის საფუძველშივე დაუშვებელია. ამიტომაც ებრძვიან მას სომხეთში თავიანთი პროპაგანდისტული მანქანით, ასევე "გაზპრომის" საშუალებით გაზის ფასზე ზეწოლითა და სომხეთის ყოფილი კრიმინალური ხელისუფლების გამოყენებით. რუსეთის მიზანია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დახმარებით სომხეთის სუვერენიტეტის შეზღუდვა.

- რუსეთს ძალიან უჭირს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რეფორმების შედეგად მიღწეულ წარმატებასთან შეგუება. ეს საქართველოს მაგალითზეც არაერთხელ დადასტურდა. ახლა მან ლუგარის ლაბორატორიას შეუტია მისი მნიშვნელობის დასაკნინებლად და დასავლეთის როლის შესასუსტებლად. ამ მხრივ რა ელის სომხეთს, რომელსაც უფრო მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან?

- რუსეთი სომხეთშიც ცდილობს ამერიკის მიერ აშენებული ბიოლოგიური ლაბორატორიის გაკონტროლებას, თუმცა ჩვენი ხელისუფლება ეწინააღმდეგება. რუსეთის მიზანია სომხეთიდან, საქართველოდან, საზოგადოდ, სამხრეთ კავკასიიდან, ამერიკისა და ევროკავშირის "ფეხის ამოკვეთა". სომხეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ ქვეყნად და აწარმოოს მრავალვექტორული პოლიტიკა ევროპასა და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აქცენტით. ამ მხრივ საქართველოსთან შედარებაც შეუძლებელია - მან საკმაოდ რთული გზა გაიარა და ეს დასაფასებელია, ჩვენი კი ბრძოლის გარდა, სხვა გამოსავალი არა გვაქვს.

გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან დააახლოებს, ქვეყანას სუვერენიტეტსა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობას დააკარგვინებს. ასე რომ, ერთადერთი გამოსავალია მეტი დასავლური ცნობიერების შეტანა სომეხ საზოგადოებაში და ფრთხილი, მაგრამ დაუღალავი ბრძოლა რუსეთისგან დისტანცირებისთვის.

- სომხეთში ვირუსით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოში უკვე დაიწერა პეტიცია სომხეთის დახმარების თაობაზე. როგორ მიიღებს სომეხი ხალხი ამას? ასევე შეგახსენებთ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებას, როდესაც მან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მუშაობასა და სტატისტიკას საეჭვო უწოდა... - დავიწყოთ კითხვის პირველი ნაწილით - ვფიქრობ, ქართული მხარის ინიციატივას სომხეთში დადებითად შეხვდებიან, თუმცა ხელისუფლება მიიღებს თუ არა დახმარებას, ამაზე პასუხი გამიჭირდება. პრობლემა ის არის, რომ ამ ხელისუფლებას ხმა ამომრჩევლის 70%-მა მისცა და მაღალი ლეგიტიმურობით სარგებლობს. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ არ სჭირდებათ პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის არც ჩვენი, ექსპერტების, რადგან იმდენად ძლიერები არიან, შეუძლიათ უცხო ქვეყნების დახმარებაზე უარი თქვან. ამას კიდევ ერთი ახსნა აქვს - შესაძლოა ეს თემა ოპოზიციამ სპეკულაციისთვის გამოიყენოს. არადა, თავად უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას, რათა ეს პრობლემა ხელისუფლების დასასუსტებლად გამოიყენოს.

ჩემი პოზიცია ასეთია - მეგობრული ქართველი ხალხისგან დახმარება უნდა მივიღოთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდება. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა მივმართოთ დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებრიობას, რადგან სომხეთში "კოვიდ-19"-ის გავრცელების ტემპი კატასტროფულად დაჩქარდა.

რაც შეეხება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებას, მედიამ, რომელიც ყოფილი ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია, მისი ფრაზა სპეციალურად დაჩეხა. ეს იმ თემის გაგრძელებაა, რაზეც ინტერვიუს დასაწყისში ვისაუბრე. ისინი საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის გამწვავებას ცდილობენ. ეს იყო კრემლის ერთ-ერთი შეკვეთა იმ უამრავისგან, რომელთაც სარგსიანის გუნდის წევრები ასრულებენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ტოროსიანმა მცდარად გამოხატა თავისი აზრი "კოვიდ-19"-თან საქართველოს ბრძოლის შესახებ. დამიჯერეთ, არ ღირდა სომხეთში ტოროსიანის გამო ასეთი ხმაური, მაგრამ მედიას აწყობდა ხელოვნური შუღლი. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ვირუსთან ეფექტიანი ბრძოლა. თქვენმა სახელმწიფომ ჯანდაცვის სისტემასა და საზოგადოებასთან ერთად თანამიმდევრულად იმოქმედა და წარმატებასაც მიაღწიეთ. ეს ძალიან სასიხარულოა! საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ "კოვიდ-19"-ის დამარცხება შეიძლება. ამის შესახებ არაერთხელ ვისაუბრე ჩვენს მედიაში.

იხილეთ ასევე: "სომხეთი არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას" - რას აცხადებს ზურაბ გურული, საქართველოს მხრიდან სომხეთის დახმარებაზე