ახალი შემთხვევებიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2 პირის ინფიცირების წყარო უცნობია - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი? - კვირის პალიტრა

ახალი შემთხვევებიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2 პირის ინფიცირების წყარო უცნობია - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი?

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია.

როგორც პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, კიდევ 2 შემთხვევის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

"დღეს ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. არ არის 8 შემთხვევა ბევრი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ 8 შემთხვევიდან 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები, 2 შემთხვევის წყარო კი უცნობია. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად, საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია. ამიტომ მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს", - განაცხადა გახარიამ.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია წუხელ ღამით გავრცელდა, დანარჩენი 6 პირის მონაცემები კი stopcov.ge-ზე დღეს აისახა. ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული.