"საქართველო - ყველაზე უსაფრთხო ადგილი "კოვიდ-19"-ით დასნებოვნებულ მსოფლიოში" - რას წერს მსოფლიო პრესა ჩვენზე? - კვირის პალიტრა

"საქართველო - ყველაზე უსაფრთხო ადგილი "კოვიდ-19"-ით დასნებოვნებულ მსოფლიოში" - რას წერს მსოფლიო პრესა ჩვენზე?

ევროპასა და აზიაში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, საკარანტინო წესების გარკვეული შერბილებასთან ერთად, რაც ტურიზმის აღორძინების მიზნითაცაა განპირობებული, უცხოურ პრესაში ტურისტული მარშრუტების პოპულარიზება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ უცხოური მასმედია საქართველოს მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.  ჩვენს ქვეყანას ხომ კორონავირუსის გავრცელების ფონზე, სხვებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ევრაზიული პრესის ტენდენციებში საქართველო პოზიტიურად შუქდება.

გთავაზობთ ბოლო დღეებში ევროპულიდა აზიური ქვეყნების პრესაში საქართველოს შესახებ გამოაქვეყნებული პუბლიკაციების მოკლე მიმოხილვას:

"დაიკმაყოფილეთ მოგზაურობის წყურვილი იმ საოცარ ქვეყანაში ყოფნით"

ბულგარეთის პოპულარულ ინგლისურენოვან ტურისტულ გამოცემა "ვეგაბონდში" («Vagabond») გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "საქართველო - ყველაზე უსაფრთხო ადგილი "კოვიდ-19"-ით დასნებოვნებულ მსოფლიოში" (ავტორი - ბოჟიდარა გეორგიევა).

"იმ დროს, როცა სხვა ქვეყნებმა პანდემიასთან ბრძოლა დაიწყეს, საქართველოს უკვე მიღებული ჰქონდა პრევენციული ზომები. ამ ქვეყანამ "კოვიდ-19"-ის გავრცელებაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა. შესაბამისად, დაფიქსირდა დაავადებულთა მცირე რაოდენობა. მთავრობა გეგმავს, რომ პირველი ივლისიდან ქვეყანამ უცხოელი ტურისტები მიიღოს. ტურიზმის ასაღორძინებლად შეიქმნა სპეციალური უსაფრთხო "მწვანე ზონები". შემუშავებული კონტროლის პროცესი, რომელიც გულისხმობს სკრინინგს, დეზინფექციას და სპეციალურ ზომებს რესტორნებში, სასტუმროებსა და ტრანსპორტში", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

"მოკლედ, დაიკმაყოფილეთ მოგზაურობის წყურვილი იმ საოცარ ქვეყანაში ყოფნით, რომელმაც პანდემია თავიდან აიცილა", - ხაზგასმულია სტატიაში. წყარო

"როგორც კი საქართველოში ჩასვლის შესაძლებლობა გამიჩნდება, აუცილებლად წავალ"

შვედეთის ქალაქ გეტებორგის ყოველდღიურ გაზეთ "გეტებორგ-პოსტენში" («Göteborgs-Posten») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით:  "ღვინის ტური საქართველოში", რომელშიც შვედი ექსპერტის მარი ოსკარსონის შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

"რამდენიმე წლის განმავლობაში მე საქართველოში, სხვადასხვა მიზეზების გამო, რეგულარულად დავდიოდი. მართალია, ღვინის საწარმოები უშუალოდ არ მინახავს, მაგრამ, ვიცი, ქართული ღვინის არომატი, ქართული სამზარეულოს კერძების გემო და ხშირად ნოსტალგიურად ვიხსენებ კავკასიის ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე ქვეყანას", - წერს მარი ოსკარსონი. მარი ოსკარსონი "დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ალბათ, მალე ვერ ჩავალ თბილისში, მაგრამ ახლა მინდა გავიხსენო ღვინის თემაზე მწერალი ამერიკელი ჟურნალისტის ელის ფეირინგის სტატიები. იგი ზოგადად ნატურალური ღვინის დამზადების დამცველია და ეწინააღმდეგება იმ ღვინოებს, რომლებიც კონკრეტული ბაზრისთვის იწარმოება. ასეთმა სწრაფვამ ელის ფეირინგი საქართველოში ჩაიყვანა, სადაც ნატურალური ღვინოები უხსოვარი დროიდან მუდმივად მზადდება", - წერს ავტორი და შვედ მკითხველს განუმარტავს: "ქართულ ღვინოებს ქვევრებში აყენებენ - დიდ თიხის ჭურჭლებში, რომლებიც მიწაშია ჩაფლული. ეს ტრადიცია უკვე არსებობდა, როცა საქართველოში ძველი რომაელები გამოჩნდნენ. საქართველოში ვაზის დაახლოებით 500-მდე ადგილობრივი ჯიში არსებობს. ყველაზე მეტად გავრცელებულ წითელ ღვინოს "საფერავს" უწოდებენ, ხოლო მის ექვივალენტ თეთრ ღვინოს - "რქაწითელი" ჰქვია".

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი იზიარებს ელის ფეირინგის თვალსაზრისს ქართული კულტურისა და ტრადიციების განსაკუთრებულობის შესახებ. "მე წაკითხული მაქვს მისი ჩანაწერები ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს შესახებ: ხაჭაპური, ხინკალი და ნიგვზიანი ბადრიჯანი, ქართული სუფრა თამადით, რომელიც თასით ხელში წარმოსთქვამს საოცარ სადღეგრძელოებს... მე მინდა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახო. ამიტომაც, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, როგორც კი საქართველოში ჩასვლის შესაძლებლობა გამიჩნდება, აუცილებლად წავალ და ელის ფეირინგის კვალს გავყვები და პირადად ვნახავ, თუ როგორ მზადდება ქვევრის ღვინო", - აღნიშნავს შვედი ღვინის ექსპერტი. წყარო

"გსურთ მოგზაურობა? ქვეყნები, სადაც პოსტკოვიდური შვებულებით შეგიძლიათ ისარგებლოთ"

ინდოეთის ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი "ნიუ ინდიან ექსპრესი" («The New Indian Express») რუბრიკით "ტურიზმი და მოგზაურობა" 14 ივნისის ნომერში აქვეყნებს სტატიას, რომლის სათაური ასეთია: "გსურთ მოგზაურობა? ქვეყნები, სადაც პოსტკოვიდური შვებულებით შეგიძლიათ ისარგებლოთ".

ვრცელ პუბლიკაციაში განხილულია ევროპის 5 უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ინდოელ ტურისტებს წასვლა შეუძლიათ 1-ლი ივლისიდან (საქართველო, ავსტრია, ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია). "საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ისეთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად დაზარალდა "კოვიდ-19"-ისაგან. იქ პერსონალიზებულ უსაფრთხოების ზომებს შემოგთავაზებენ", - ნათქვამია სტატიაში.

მასალაში ლაპარაკია ასევე "კავკასიის უმშვენიერესი ქვეყნის" ღირსშესანიშნაობებზე - კურორტებზე, ბუნების პეიზაჟებზე, ისტორიულ ძეგლებზე, კულტურაზე და ა.შ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ