"ჩვენი გაცნობიდან 23 წელი გავიდა და ეს წლები 23 წუთივით არის... გაცნობიდან სამ თვეში ცოლად გავყევი. რატომ ასე მალე?"
"ზვიად ციკოლიას პირველ საათს, რომელიც საქართველოში აეწყობა, მისი მეუღლის სახელი ერქმევა"
"მხოლოდ 100 ცალი იქნება აწყობილი საქართველოში" - ამ ტექსტით რამდენიმე დღის წინ დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ თავის ფეისბუკგვერდზე პირველი ქართული საათის ფოტო გაავრცელა. პირველ საათს, რომელიც საქართველოში აეწყობა, მისი მეუღლის სახელი ერქმევა.
მარინა ხორავა 23 წელია, ციკოლიას მუზაა, დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული იდეის განხორციელება კი დიზაინერმა კარანტინში გადაწყვიტა. საქართველოში შექმნილი პირველი საათი ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი და ხმამაღალი განაცხადია.
როგორ იქმნებოდა "მარინა" და რა არის ციკოლია-ხორავას წყვილის სიყვარულის საიდუმლო, დიზაინერი მარინა ხორავა გვიპასუხებს:
საათების ქართველი მეფე
საათი სპონტანურად შეიქმნა, თუმცა იდეა არსებობდა. ზვიადმა ზუსტად არ იცოდა, რას ერქმეოდა "მარინა" - იახტას, თვითმფრინავს თუ საათს, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო მისი ბრენდის ახალი ხაზი. კარანტინის პერიოდში გადაწყვიტა, საათით დაეწყო და გააკეთა კიდეც "მარინა". ვერ აღვწერ, ეს როგორი ემოციაა! ჯერ არც მაქვს გათავისებული. მგონია, რომ მე არ მეხება, ჩემს თავს არ ხდება... ეიფორიაში ვარ... ზვიადს ყოველთვის აქვს დაუჯერებელი იდეები. ახალ საათს შვეიცარიული ან იაპონური ძლიერი მექანიზმი ექნება, თუმცა აეწყობა საქართველოში. "მარინა" იქნება პირველი ქართული საათი და ეს ფაქტი ჩემს ამბიციას სცდება.
კარანტინის ბოლო დღეებში სახლში ვართ და ზვიადი მეკითხება: დიზაინი როგორია? რა შევცვალო?" - თან საათს მაჩვენებს. ასეთ კითხვებს მიჩვეული ვარ. მე, როგორც დიზაინერს, ყოველთვის მთხოვს პროფესიონალურ რჩევებს, ამიტომ მნიშვნელოვან ამბად არც ახლა ჩამითვლია - გვერდით მივუჯექი და საათი რომ ვნახე, არაფრის შესწორება არ უნდოდა, ფერიც ძალიან მომეწონა. ცოტა ხომ არ გავაღიავოო, მკითხა, მაგრამ უარი ვუთხარი, თუმცა არ ვიცოდი, რომ საქმე "მარინას" ეხებოდა - სახელი არ ეწერა. როცა წარწერაც ვნახე, კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მარინა მე ვარ! მისი საათების წინა მოდელებისგან სრულიად განსხვავებულია და ზუსტად ის ფერებია, მე რომ მიყვარს - მუქი ზღვისფერი. მარინა იტალიური სახელია და ზღვას, ზღვის ქალს ნიშნავს. სამაჯურიც ლურჯი ტონალობისაა.
ზვიადი ერთი პატარა ქვეყნიდან შეეჯიბრა საათების მეფეს - შვეიცარიულ საათს და გამოუვიდა კიდეც - მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საათების გვერდით "ციკოლიას" აწყობენ და იყიდება მთელ მსოფლიოში - იაპონიაში, ამერიკაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, აფრიკაში... ამბობდა, ავსტრალიაში არ იყიდებაო და უკვე იქაც არის...
23 წელი, როგორც 23 წუთი...
23 წლის წინ, 2 აგვისტოს გავიცანით ერთმანეთი. მაშინ მე ჩემი წარმოება მქონდა და ავიაკომპანია Air Georgia-ს დირექტორს უნდოდა, ბორტგამცილებლის ფორმის შეკვეთებთან დაკავშირებით გვესაუბრა. შეხვედრაზე მივედი და იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ზუსტად მახსოვს, სად იჯდა, რა ეცვა... ასევე ახსოვს თვითონაც... გაცნობიდან სამ თვეში ცოლად გავყევი. რატომ ასე მალე? შევატყვე, რომ ძალიან ერთგულია, მხოლოდ ცოლის კი არა, ყველას ერთგული. ეს კი არა, მარკეტში რომ შევა და მომსახურება მოეწონება, წლობით ივლის იქ. მე ჩემი პროფესიული გამოცდილება უკვე მქონდა - აკადემია დავამთავრე, უცხოეთში ვიყავი სასწავლებლად, ჩემი წარმოება მქონდა... ცხოვრების მეგზურად ავარჩიე ადამიანი, რომელსაც დღეს ყველა იცნობთ - ძლიერი, ჭკვიანი, მშრომელი და ერთგული! ოჯახისთვის ბევრი რამ დავთმე. არაფრის დათმობა არ დამიგეგმავს, მაგრამ როცა ოჯახი და წარმოება აღმოჩნდა გვერდიგვერდ, ოჯახმა გადაწონა.
ჩვენი გაცნობიდან 23 წელი გავიდა და ეს წლები 23 წუთივით არის. ბედნიერი ოჯახის წარმატების გასაღები კომპრომისი, ერთმანეთის დაფასება და პრიორიტეტების ერთიანობაა. ერთმანეთისგან რაღაცები ვისწავლეთ. ზვიადსაც ბევრი რამ დაუთმია ოჯახის გამო, ბევრ პროექტზე თქვა უარი... ჩინეთში მუშაობდა და თვე-ნახევარში ერთხელ სამი დღისთვის ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში. ბოლოს ასეთი რეჟიმით ცხოვრება გაუჭირდა და უარი უთხრა ჩინელებს. მე ჩინეთში ცხოვრებაზე ბავშვების გამო ვთქვი უარი - მაშინ დამამთავრებელ კლასებში იყვნენ და იქ ვერ წავიყვანდი. ოჯახში მთავარია კომპრომისი, თუმცა არაფერი გამოვა, თუ სიყვარული არ არის.
მაღალი მოდა მარინა ხორავასგან
მე შემგუებელი ადამიანი ვარ, ამიტომ კორონას პერიოდში ემოციურად არ გამჭირვებია. დავიწყე ჩემი მოდელების ამოქექვა, რომლებიც 24 წლის წინ შევქმენი. 1997-98 წლებში გავაკეთე Haute couture ("მაღალი მოდა") კოლექცია. თითო კოსტიუმი 7-8 თვე იქმნებოდა ხელით. მაშინ ბრენდი "მარინა ხორავა" არსებობდა და კოლექციაც იმ პერიოდშია შექმნილი. მუშაობის პროცესში ყველანაირ საინფორმაციო წყაროს ვეთიშები, რომ არ ვიყო რაიმე გავლენის ქვეშ. დიზაინერი ეპოქის შემქმნელი, გამომგონებელია. ჩემი პირველი კოლექცია აკადემიაში მილიტარისტულ თემაზე შევქმენი, რის გამოც კინაღამ გამრიცხეს. პარტიულ მუშაკებს არ მოსწონდათ და ცკ-დანაც დარეკეს, მაგრამ აკადემიამ დამტოვა, რადგან კარგი სტუდენტი ვიყავი. ხშირად ისმის კითხვა: "შეცვლის თუ არა მოდის სამყაროს ეპიდემია?" ვერ შეცვლის. მომხმარებლის ფსიქოლოგია არ იცვლება. ხალხს ისევ ენდომება ჩაცმა, კინოსა და თეატრში სიარული. სწორედ კორონას დროს გადავწყვიტე, რომ 23 წლის წინანდელი მონარქისტული მოდელები გამოვფინო და მალე ეს კოლექცია მზის სინათლეს იხილავს.