რა მოჰყვება აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას?! - კვირის პალიტრა

რა მოჰყვება აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას?!

რამდენიმე ხანია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სრულიად განსხვავებული რაკურსით მოექცა ქრისტიანულ და მუსლიმანურ სამყაროებს შორის მშვიდობის სიმბოლოდ მიჩნეული უნიკალური კულტურული ძეგლი აია-სოფია. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განკარგულების თანახმად, აია-სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება.

თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ - სახელმწიფო საბჭომ აია-სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა. ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების ინიციატივით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ადრეც არაერთხელ გამოსულა. ამჯერად სასამართლოში შეტანილი სარჩელის ავტორი ადგილობრივი რელიგიური ასოციაცია იყო, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, ქემალ ათათურქის გადაწყვეტილების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მსოფლიო პატრიარქი, აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და ევროპის სხვადასხვა ლიდერები ერდოღანს მოუწოდებდნენ აია-სოფიასთვის მუზეუმის სტატუსი შეენარჩუნებინა, რადგან აია-სოფია მხოლოდ სტამბოლის სიმბოლო კი არა, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული ობიექტია და მთელ ცივილიზებულ სამყაროს ეკუთვნის.

რა მოჰყვება აია-სოფიას კვლავ მეჩეთად გადაკეთებას? ამის შესახებ მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტი, მეუფე ანანია (ჯაფარიძე) გვესაუბრა.

- აია-სოფია მხოლოდ არქიტექტურული შედევრი კი არა, პოლიტიკური და რელიგიური შერიგების, ასევე სხვადასხვა რელიგიასა და ცივილიზაციას შორის მშვიდობის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ ის მსოფლიო მემკვიდრეობაა და არა კონკრეტული ქვეყნის საკუთრება.

გაქრისტიანებულ რომის იმპერიას არაერთი მოციქულთა სწორი იმპერატორი ჰყავდა, მათ შორის IV საუკუნეში იმპერატორი კონსტანტინე, უფრო გვიან წმინდა ელენეც. როდესაც ქართლი, ანუ საქართველო გაქრისტიანდა და იმპერატორ კონსტანტინეს შეატყობინეს, მან ძალიან გაიხარა - დიდი ერი შემოგვემატაო. მაშინ საქართველო მართლაც დიდი ერი იყო, ქართველები მრავალრიცხოვანი ვიყავით და კავკასიაში ჰეგემონია გვქონდა. ამ დროს ჩვენთან ცეცხლთაყვანისმცემლობა იყო. შემდეგ კი წმინდა ნინომ მოაქცია მეფე მირიანი, რომლის შესახებაც ქართლის წყაროებში რამდენიმე ვერსიაა მოთხრობილი. `მოქცევაი ქართლისაის~ თანახმად, მეფე არის ფარნავაზიანთა შთამომავალი, რევის ძე, ანუ ქართველ მეფეთა ძე, `ქართლის ცხოვრების~ თანახმად კი მირიანი სპარსეთის შაჰის ძე იყო... ასე იყო თუ ისე, მეფე მირიანი სპარსულ კულტურაში იყო აღზრდილი, მაგრამ მისი გაქრისტიანება ნიშნავდა, რომ საქართველომ ევროპული ორიენტაცია მიიღო. ასე რომ,

როდესაც მსჯელობენ, თუ რა მოუტანა და რას ნიშნავს საქართველოსთვის ქრისტიანობა, მან ევროპული ცივილიზაცია, ორიენტაცია და ღირებულებები მოიტანა და უამრავი რამ უკეთესობისკენ შეცვალა.

მსოფლიოში რელიგიურად ორი სამყარო ჩამოყალიბდა - ევროპული, ანუ ქრისტიანული და ცეცხლთაყვანისმცემლობა. სანამ მუსლიმანური სარწმუნოება წარმოიქმნებოდა, მანამდე ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე Iიყო, რომლის განკარგულებითაც აშენდა აია-სოფია როგორც ქრისტიანობის ძლიერების, მისი მთელ მსოფლიოში გამარჯვების სიმბოლო. იუსტინიანე ძალიან დიდი ღვაწლის გამო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მან ბევრ საქმესთან ერთად, ეკლესიური სამართლის კანონები გამოსცა, რომის დაშლილი ნაწილები შეკრიბა და ბიზანტიის იმპერიას შეუერთა. უსტინიანე I (მარცხნივ) ავედრებს წმინდა სოფიას ტაძარს, ხოლო კონსტანტინე დიდი (მარჯვნივ) - ქალაქ კონსტანტინოპოლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს

რამდენიმე ხანში ჩამოყალიბდა მუსლიმანობა, რომელმაც ფესვები გაიდგა, საქართველომდე და კონსტანტინოპოლამდეც მიაღწია.

1453 წელს ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, სულთან მეჰმედ II-ის დავალებით ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, რაც იმ სამყაროში ქრისტიანობის დამარცხებას ნიშნავდა. მაშინვე აკრძალეს ქრისტიანული ლიტურგია, ღვთისმსახურება და მუსლიმანური ღვთისმსახურება დაიწყო. ასე გაგრძელდა XX საუკუნემდე, სანამ არ გამოჩნდა ქემალ ათათურქი. მან შემოიკრიბა ევროპული ორიენტაციის მქონე ნამდვილი პატრიოტების ჯგუფიD. ათათურქის პარტიამ დაშლილი ოსმალეთი გაამთლიანა და კოსმოპოლიტური ქვეყანა კი არა, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო შექმნა. მუსლიმანური რელიგია დომინანტი კი არ უნდა იყოს, პირველ ადგილზე სახელმწიფოებრიობა უნდა დავაყენოთო, ამბობდნენ ისინი.

ათათურქმა მსოფლიო ხუროთმოძღვრების ძეგლზე, აია-სოფიაზე ძალიან გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და მუზეუმად აქცია - 30-იან წლებში იქ მუსლიმანური ღვთისმსახურება შეწყდა. ამის შემდეგ ქრისტიანებს ისევ მიეცათ ტაძარში მისვლის შესაძლებლობა, რათა სულიერი სიხარული და შვება განეცადათ, საბედნიეროდ, იქ კიდევ იყო დარჩენილი დიდი ქრისტიანული ფრესკები, უნიკალური მოზაიკური მოხატულობა და ეს ყველას ახარებდა.

დღეს იქ შესულ ადამიანს ისეთი განცდა აქვს, თითქოს სამოთხეში მოხვდა. არა მარტო სილამაზე, ადამიანის ხელით აშენებული ყველაზე თამამი, ბიზანტიური არქიტექტურის ყველაზე დახვეწილი ნაგებობით გამოწვეული საოცარი განცდა კი არა, ძალიან დიდი ღვთიური მადლი იგრძნობა. ახლა კი, ქრისტიანულ მოზაიკურ ფრესკებს ალბათ ფარდებს ჩამოაფარებენ, როგორც ეს ნიკეასა და ტრაპიზონის აია-სოფიებში გააკეთეს.

მე, როგორც ერთ ადამიანს, ქართველს, ისტორიკოსსა და სასულიერო პირს შორიდანაც კი მახარებდა მისი არსებობა, მისი ენერგეტიკა, მადლი, ახლოდან კი საოცარ სიმშვიდეს მგვრიდა. აია-სოფია მსოფლიო ცივილიზაციის კუთვნილებაა. ზოგიერთის აზრით, ერდოღანის გადაწყვეტილება მმართველი პარტიისთვის ელექტორატის მიზიდვას ემსახურება, რადგან, როგორც ამბობენ, ბოლო ხანებში ერდოღანის პარტიის რეიტინგი დაეცა. ამიტომ ერდოღანი ცდილობს თურქ საზოგადოებაში ნაციონალისტური გრძნობები გააღვივოს. ერდოღანის მმართველობის სტილი ათათურქისაგან სრულიად განსხვავებულია და არავინ იცის, რა სიკეთეს მოუტანს ეს სახელმწიფოს.

- კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას.

- დიახ, მსოფლიო პატრიარქმა მწუხარებით აღნიშნა, რომ ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია, რომელიც მხოლოდ მის პირდაპირ მფლობელებს კი არა, მთელ კაცობრიობას ეკუთვნისო. შეშფოთება გამოთქვა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც; ერდოღანის პოზიცია გააპროტესტა საბერძნეთის კულტურის სამინისტრომაც, რასაც ევროპის არაერთი ქვეყანა შეუერთდა, ეს კი ნიშნავს, რომ ერდოღანის გადაწყვეტილება ზღუდავს და რელიგიური ნიშნით ყოფს ადამიანებს. არადა, აია-სოფია ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის მშვიდობის სიმბოლოა და არა ისლამის, როგორც ქრისტიანობაზე უპირატესი რელიგიის სიმბოლო, როგორც ამას ერდოღანის მხარდამჭერები მიიჩნევენ.