"თენგო იცით, რას ამბობდა ჩემზე? - ზაირა ჩემი მონა-პოვარი არისო... 34 წელიწადი გახდება, რაც აღარ არის"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, შენ ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
გაუკვირდა რომ დავურეკე და ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე, - ეს ჩემთვის დიდი პატივიც არის, ამ ვითარებაში რომ გაგახსენდით, ჩემთან შეხვედრა რომ მოინდომეთო, ხოლო რომ ვესტუმრე, თავიდანვე გამაფრთხილა, - მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება შემიძლია, სულ თენგიზზე ვილაპარაკო, ასე რომ, თქვენ ვერ გამიძლებთო. ცხადია, გავუძელი, გულისყურითაც მოვუსმინე და ამ თბილი, ასაკის მიუხედავად, შესანიშნავ ფორმაში მყოფი ქალბატონით აღფრთოვანებული წამოვედი შინ. დღეს მსახიობის, რეჟისორისა და მინიატურების სახელმწიფო თეატრის დამფუძნებელ-სამხატვრო ხელმძღვანელის - დაუვიწყარი თენგიზ ჩანტლაძისა და მისი მსახიობი მეუღლის - ზაირა ჩანტლაძის უსასრულო სიყვარულზე გიამბობთ, სიყვარულზე, რომელიც 1962 წელს ჩაისახა და სიკვდილმაც ვერაფერი დააკლო.
ზაირა ჩანტლაძე:
- თქვენ მოსვლამდე, ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ვილაპარაკე უკვე თენგოსთან და საკუთარ თავთან. სულ ასე ველაპარაკები, დღეს არ ვტოვებ. ამ ბოლო წელს რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე ორივე თვალზე და კიდევ მიკვირს, ჩემი ორი თვალი რამდენ ცრემლს უძლებს. წარმოიდგინეთ, 7 სექტემბერს 32 წელიწადი გახდება, რაც თენგო აღარ არის. არ არსებობს ისეთი დღე, რომ მე რამდენჯერმე არ ვიტირო გემრიელად, ეს თითქოს განმმუხტავს. იცით, რომ საფლავზე გასვლა შემძულდა? რამდენი ხანია, არ ვყოფილვარ. ასე მგონია, იქ რომ მივალ, შეურაცხყოფას მივაყენებ თენგიზს იმიტომ, რომ თენგიზი ჩემთან არის, არსად წასულა...
- როგორ გაიცანით ერთმანეთი და როდის შეიყვარეთ, თქვენზე დიდი იყო, ხომ? - 5 წლით დიდი იყო. თეატრალური ინსტიტუტი (ახლანდელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი) რომ დავამთავრე, ცნობილმა რეჟისორმა ვასო ყუშიტაშვილმა, რომელიც იმხანად სოხუმის თეატრში მოღვაწეობდა, ჩვენი სადიპლომო სპექტაკლები რომ ნახა, რეჟისორ ანტონ თავზარაშვილის დრამის სამსახიობო ჯგუფიდან 5-6 ბავშვი აგვარჩია და სოხუმის თეატრში მიგვიწვია. ეს ამბავი დღემდე საამაყოდ მაქვს. სოხუმში დედამ წამიყვანა, მაგრამ იქ არავინ დაგვხვდა. მე და დედა სასტუმროში დავბინავდით. ნორმალური გარეგნობა მქონდა და ვიღაცებმა რომ გაიგეს, თბილისიდან თეატრში სამუშაოდ ვიყავი ჩასული, ხან ვინ მირეკავდა სასტუმროს ნომერში და ხან ვინ. დედა შეშინდა, აქ ვერ დაგტოვებო და თბილისში წამომიყვანა. რადგან განაწილებით არ დავრჩი, დავისაჯე და აღარსად მიმიწვიეს. თენგიზს ჩემი ცხინვალელი ჯგუფელი ფატიმა კოჩმაზოვა იცნობდა და როცა ერთმანეთს შეხვედრიან, თენგიზს უთხოვია, თეატრალურ ჯგუფს ვაკეთებ ფილარმონიაში და შენი გამოშვებიდან ვინმეს გაუწიე რეკომენდაციაო. მოკლედ, ერთმანეთს ჩემი ჯგუფელის, მოგვიანებით ცნობილი ჟურნალისტის, ნანა ჯაფარიძის სახლში შევხვდით. თენგიზმა გაგვაცნო თავისი პროგრამა, ძალიან მოგვეწონა, მაგრამ... მე თენგო უფრო მომეწონა, ვიდრე პროგრამა... ამას ვაღიარებ. იმ ოჯახში გაგვიმასპინძლდნენ, მერე მაგნიტოფონიც ჩავრთეთ. ბლუზზე ვგიჟდები და იმ დღესაც მე და თენგომ სწორედ ბლუზზე ვიცეკვეთ. მისი თქმით, ცეკვისას ძალიან მივახლოვებივარ და მერე სულ მაყვედრიდა, შენ იაქტიურეო. იქიდან რომ გამოვედით, ჩემი და თენგოს გარდა ირგვლივ აღარავინ იყო, ყველა შემოგვცლოდა. ჭავჭავაძიდან შეროზიას ქუჩამდე ფეხით გამოვუყევით. ჩემს სახლთან ერთმანეთს კარგა ხანს არ დავემშვიდობეთ. დღეს მოკრძალებული ფერის პომადა მისვია და მაშინ საკმაოდ მკვეთრი ფერის მესვა. უცებ თენგომ გამომიცხადა: დღეიდან პომადას აღარ წაისვამ და აღარც სიგარეტს მოწევო! მე რატომღაც დავთანხმდი. იქვე დავთქვით, რომ მეორე დღეს მუსკომედიის თეატრის სპექტაკლზე წავსულიყავით, იმ თეატრის, სადაც წლების შემდეგ თენგომ სული დალია... ჯგუფი ფილარმონიაში შევიკრიბეთ. ფილარმონიასთან არსებული მინიატურების 10-კაციანი ჯგუფი ნელ-ნელა ისეთი პოპულარული გახდა, თენგიზ ჩანტლაძის სახელობის მინიატურების თეატრი ეწოდა და სახელმწიფო თეატრის სტატუსიც მიანიჭეს. მეც ამ დასთან ერთად გავიზარდე და არც არსად მიმუშავია, სხვა თეატრში. მე და თენგოც სულ ერთად ვიყავით, ერთნი.
- ოფიციალურად რატომ არ ქორწინდებიდით, ხელს რატომ არ აწერდით? - მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტსაც თავი დავანებე და აღარც პომადას ვისვამდი, თენგო ფიქრობდა, რომ მე ძალიან ჯიუტი და მოუდრეკავი ვიყავი და ვიდრე თავის ჭუამდე არ მიმიყვანდა, მანამდე ასე ვიქნებოდით. არასდროს მიკითხავს, რატომ მითხრა თავიდანვე, პომადას აღარ წაისვამო. ხომ არ ფიქრობდა, რომ ასე ცოტათი ვულგარულად გამოვიყურებოდი?! წლების შემდეგ კი მითხრა, პომადას რატომ აღარ ისვამო და მაშინვე კითხვა შევუბრუნე, კი მაგრამ, შენ ხომ ამიკრძალე-მეთქი? ცოდვა გამხელილი სჯობს და, ხანდახან ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად ტუალეტში ჩუმად ვეწეოდი ხოლმე სიგარეტს. ოფიციალურად მხოლოდ 5 წლის შემდეგ დავქორწინდით, 11 მარტს გვქონდა ქორწილი. შვილები არ გვყავდა და თეატრიც და პირადი ურთიერთობაც ერთ ოჯახად გვქონდა. ჩვენს დასს სპეციფიკური მიმართულება ჰქონდა და ბოლოს მინიატურების თეატრიც კი დაერქვა, ამიტომ მუდამ სახასიათო როლებს ვთამაშობდი. არადა, ბევრს უთქვამს ჩემთვის, ბევრი დაკარგე, თენგო რომ შენი გახდა, მაგრამ უმთავრესი ის იყო, ნიჭი, პროფესიული შესაძლებლობები სრულად ვერ გამოიყენე, რადგან ტრაგიკული მსახიობი უნდა ყოფილიყავიო. მეც დამაკლდა ის ტრაგიკული როლები, მაგრამ... თენგო იმდენად ავსებდა ჩემს ცხოვრებას, რომ გული არ მწყდება. მე ბოლოს გავხდი მისი ოფიციალური ცოლი, თორემ პირველ რიგში მისი შემოქმედების "ფანი" ვიყავი და დღემდე თენგიზი ჩემი კერპია. ჩემი თეატრის გოგონებიც კი დღემდე ჩემთან არიან და ახლაც ამაყობენ, რომ ბევრი რამ ჩემგან ისწავლეს. თენგო იცით, რას ამბობდა ჩემზე? - ზაირა ჩემი მონა-პოვარი არისო...
ჩვენ ვარსებობდით სამეგობროსთვის. ალბათ ისევ დგას ბარნოვის ქუჩაზე ჩვენი აშენებული ფაცხა, სადაც ვცხოვრობდით და რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანის დაბადების დღის აღნიშვნით გაიხსნა. ჯანსუღმა მას "საძმო" უწოდა და მის სიმბოლოდ კარზე ჭედური ჭადრის ფოთოლი დავკიდეთ. თენგიზის გარდაცვალების შემდეგ მე წამოვედი იმ სახლიდან. დღემდე არ მითქვამს და მომიყოლია საჯაროდ და ახლა თქვენ გიამბობთ, რატომ წამოვედი... თუმცა ჯერ იმას მოგიყვებით, შვილი რატომ არ გვყავდა. ცოტათი უხერხული თემაა ჩემთვის... ბევრი შანსი მქონდა, შვილი რომ გამეჩინა, მაგრამ თენგიზმა არ მოინდომა. ვფიცავარ ამ ფოტოებს, რომელიც სახლის კედლებზე მაქვს გამოფენილი და ვფიცავარ მის სულს, ყველა საფიცარს, თუ ტყუილი ვთქვა - თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, შენ ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო (აქ კი ვერ შეაკავა ცრემლები ქალბატონმა ზაირამ - ი.ხ.). მე ვეუბნებოდი ხოლმე, მერე რა ვქნა, ყველას ავუხსნა, რომ შვილის არ გაჩენა შენი სურვილი იყო-თქო? - სულ არ მეკითხება, ვის რა აზრი ექნება ჩვენი შვილის ყოლა-არყოლაზეო, მპასუხობდა. არ შეიძლებოდა ასე მსჯელობა, მაგრამ... ვინ იცის, იქნებ ძალიან ნიჭიერი შვილი გამოგვსვლოდა (ჩაფიქრდა)...
რაც შეეხება ჩვენს სახლს... იმ სახლში ვცხოვრობდით ჩვენ და თენგოს დედ-მამა. თენგოს გარდაცვალებიდან 5-6 წლის შემდეგ იმ სახლიდან წამოვედი და ყველაფერი მისი სამი დისშვილიდან უფროს ვაჟს დარჩა. ის ისედაც მისი იქნებოდა, რადგან ნახევრად ჩემი გაზრდილი იყო და მას მივცემდი, მაგრამ დღემდე გული მწყდება, ბევრჯერაც მიტირია, რომ ისე მოხდა, ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს. თვითონ იმ ვაჟმა არ მოინდომა ურთიერთობა, თორემ მე რა შემიშლიდა ხელს!
რაც მითხრეს, იმას გეტყვით და პასუხს ვაგებ ჩემს ნათქვამ ყველა სიტყვაზე. მე და ჩემს მამამთილს - ვასილ ჩანტლაძეს იდეალური ურთიერთობა გვქონდა. იგი ფინანსისტი იყო, ამ კუთხით საბჭოთა კავშირში პირველი აკადემიკოსი. საოცარი პიროვნება გახლდათ, ძალიან ვმეგობრობდით და საუბარში ღამეებიც კი გვითენებია. იმ სახლიდან მხოლოდ ერთი დანჯღრეული კარადა მომცეს, ჩვენი ბოლო შვებულებისას ლიეტუვაში ნაყიდი. იმ სხვა აღარაფერი გამომატანეს, ვითომ განაწყენდნენ, რატომ წამოვედი. რაც შეეხება ჩემს ცრემლებს და მამამთილთან ურთიერთობას, თენგოს გარდაცვალების შემდეგ რაც მან მითხრა, ეს არც მისი სიტყვები იყო და არც ჩემი დედამთილის, რომელსაც ძალიან ვუყვარდი, არამედ, ფაქტობრივად, ეს თენგოს დის ნათქვამი იყო. სხვათა შორის, ჩემამდე ის დაქვრივდა, 40 დღით ადრე. მამამთილმა თავისთან დამიძახა და მითხრა: თქვენ ახალგაზრდა ქალი ხართ (50 წლისა დავქვრივდი და უკვე 55 წლის ვიყავი) და თუ გათხოვდებით, ქმარს აქ ვერ მოიყვანთო. რა დამემართა, იცით? და მაშინ ვუთხარი, თქვენი ქალიშვილი ჩემზე 40 დღით ადრე დაქვრივდა, მოდი, ჯერ ლიაკო გავათხოვოთ, მისი ქორწილი ვიზეიმოთ და 40 დღის შემდეგ ჩემს ქორწილზე მოვილაპარაკოთ-მეთქი. ის მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი (საუბარი ქალბატონი ზაირას ცრემლებმა შეგვაწყვეტინა)... მამამთილს ვუთხარი, ამით თქვენ მე კი არ მომაყენეთ შეურაცხყოფა, თქვენს შვილს მიაყენეთ. როგორ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ მე ოდესმე იმ ჭკუაზე დავდგები, თენგოს შემდეგ სხვა მამაკაცს, როგორც კაცს, ისე შევხედო? ამ ჭერქვეშ ვეღარ გავჩერდები-მეთქი. ავდექი და წამოვედი. დედასთან, შეროზიას ქუჩის ერთოთახიან ბინაში გადავედი საცხოვრებლად, თუმცა ტანსაცმლის ნაწილი ბარნოვზე დავტოვე, აქ ვერ დავტევდი. დედაჩემი რომ გარდაიცვალა და დედამთილ-მამამთილიც, იქიდან ყველაფერი წამოვიღე. თენგოს ნაჩუქარი ძვირფასი სამკაულები, ფაქტობრივად, ჩუმადაც კი წამოვიღე, სხვა გზა არ მქონდა. დედას ბინა 3000 დოლარად გაიყიდა და დედმამიშვილებმა გავიყავით. მერე თენგოს ნაჩუქარი ძვირფასი სამკაულების ნაწილი გავყიდე და 5000 დოლარად ისევ "პლეხანოვზე", ვირთხებიანი სახლი შევიძინე. ერთხელ მახსოვს, გავიღვიძე და ვირთხა თვალებში მიყურებდა. მერე ერთმა ღვთისნიერმა ქალმა ჩემს ბინაში 15 ათასი მომცა, ჩემი გარნიტურის საწოლიც გავყიდე და ეს ბინა, სადაც ახლა ვარ, 16 ათასად შევიძინე. ახლობლების დახმარებით საყოფაცხოვრებო ნივთებიც შემიგროვდა და კი ხედავთ, როგორც ვცხოვრობ. თენგოს შემდეგ, ფაქტობრივად, სულ მარტო ვცხოვრობ. ცუდად რომ ვარ, როგორც კი ჩამეძინება, იცით, რომ თენგიზი ჩემთან არის? ხომ გეუბნებით, მას არ მივუტოვებივარ, ის აიძულეს, რომ ამ ქვეყნიდან წასულიყო (კვლავ ცრემლიანმა განაგრძო - ი.ხ.)... აბსოლუტურად დაუხარჯავი შემოქმედი, უნიჭიერესი ადამიანი 55 წლის ასაკში უცებ წავიდა ამ ქვეყნიდან, გული გაუხეთქეს - თეატრში! აღარ მინდა ამის მოყოლა, ბევრმა იცის, რა როგორ მოხდა... ან მე რა დავაშავე, რომ 50 წლის ასაკში დამთავრდა ჩემი შემოქმედება. 3 წლის ასაკიდან ვოცნებობდი, თურმე, მსახიობობაზე, გავხდი კიდეც, სიმღერაც შემეძლო, ხალხსაც უყვარდა ჩემი როლები, მაგრამ... თენგიზი თეატრის შენობის ამბავს შეეწირა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მხოლოდ ცოტა ხნით იარსება ჩვენმა თეატრმა, შენობიდან შენობაში დავდიოდით, ბოლოს კი ბატონების - მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას განკარგულებით დაფინანსება მოგვიხსნეს და გავნადგურდით. ასე არ უნდა ექცეოდნენ შემოქმედებს და შემოქმედებას, ხელოვნებას. ვინ იცის, ეს ჩემი ბოლო ინტერვიუა და ამიტომაც გიამბეთ ყველაფერი. რადგან თავად დაინტერესდით და ინტერვიუ მთხოვეთ, ვიფიქრე, გულახდილად მომეყოლა, ვინ იყო თენგიზ ჩანტლაძე, როგორ ვიცხოვრეთ და რა სიყვარული გვაკავშირებდა ერთმანეთთან.
(სპეციალურად საიტისთვის)