"მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო?"
"ჩემი გადაწყვეტილებით ყველა გაოგნებული იყო... თუმცა მშობლებმა მომიწონეს არჩევანი"
ჩეხ გოგონაზე უნდა გიამბოთ, რომელიც საქართველოში გათხოვდა და მალე რაჭა მის სიყვარულადაც იქცა. ნატა მესიარიკოვასა და გეგი გურგენიძის ამბავი ნამდვილად მოგაგონებთ ცნობილი ფილმის სიუჟეტს, რომელსაც წინ უსწრებდა 80-იანი წლების პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ქართველი გოგონასა და ჩეხი ბიჭის სიყვარულის შესახებ... ნატა სწორედ მათი ქალიშვილია. მე ის რაჭაში გავიცანი.
ნატა: - დედაჩემმა, რუსუდან იმნაძემ და მამაჩემმა ლადისლავ მესიარიკმა ერთმანეთი მოსკოვში, დოქტორანტურაში სწავლისას გაიცნეს. მამას დედა შეუყვარდა, სწავლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოაკითხა და ხელი სთხოვა. არადა, მაშინ იშვიათი იყო ქართველი ქალის საზღვარგარეთ, თუნდაც საბჭოთა ქვეყანაში გათხოვება, მაგრამ სამი თვის შემდეგ დედამ მაინც მოიპოვა ჩეხოსლოვაკიაში გამგზავრების უფლება. მამა იხსენებდა, არ იყო ადვილი ჩვენი დაოჯახება, მაგრამ სიყვარულმა ყველა დაბრკოლება გადაგვალახვინაო.
- დედა როგორ შეეგუა უცხო ქვეყანაში ცხოვრებას? - ჩასვლისთანავე მამას უთქვამს, რუსულად ვეღარ დაგელაპარაკები, რადგან აქ ეს ენა არ უყვართ და ეცადე, სლოვაკური და ჩეხური მალე ისწავლოო. როგორც ყველა ქართველი, დედაც ნიჭიერი გახლდათ და ენობრივი ბარიერი მალე დასძლია, თანაც ისე, რომ ორ კვირაში სამსახურის ძებნაც დაუწყია. მუსიკალური განათლებაც ჰქონდა და ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს პედაგოგი გახდა... თავიდან სლოვაკეთში ცხოვრობდნენ, მე და ჩემი ძმა რომ დავიბადეთ, მამა პრაღაში გადაიყვანეს სამუშაოდ და ჩვენც იქ გადავედით...
დედა ყოველთვის დიდი სიყვარულით მიამბობდა საქართველოზე, ცდილობდა ქართული ენა ესწავლებინა ჩვენთვის, წლების შემდეგ კი აქაურობა ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა. სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ხშირად ჩამოვდიოდით თბილისში, მძიმე 90-იანების შემდეგ კი მხოლოდ 15 წლისამ მოვახერხე ჩამოსვლა. მას შემდეგ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი, მეგობრებიც გავიჩინე და ჩემი ქართულიც ნელ-ნელა დაიხვეწა.
2013 წელს გავიცანი გეგი... უკვე დიდი გოგო ვიყავი და ამიტომ ვიქირავე ბინა, მანამდე აქ ბებიასთან ჩამოვდიოდი. ახლა კი ბებიას და დეიდას დავუმალე და ვუთხარი, რომ მეგობართან ვიცხოვრებდი. სწორედ ამ ბინაში მოვინდომე ინტერნეტის დამონტაჟება, გამოვიძახე სპეციალისტი და მოვიდა გეგი. მაშინვე მომეწონა. გეგი ამბობს, მეცო... ერთმანეთს ვხვდებოდით, მერე კი ვირტუალურად გავაგრძელეთ ურთიერთობა. ზაფხულში რომ ჩამოვედი, ჯერ ზღვაზე გავემგზავრეთ, მერე ნიკორწმინდაში ჩავედით. გეგის, როგორც ყველა რაჭველს, ძალიან უყვარს რაჭა. მეც დიდი მონდომებით მაწონებდა, მაგრამ განა შეიძლებოდა აქაურობა არ მომწონებოდა?! რაჭაში ლამაზი დღეები გავატარეთ და დაოჯახებაც გადავწყვიტეთ. ერთი თვე დამჭირდა, რომ ჩემს სამშობლოში ყველა წამოწყებული საქმე დამემთავრებინა. ჩემი გადაწყვეტილებით ყველა გაოგნებული იყო...
- რატომ? - ჩეხეთში რომ მეთქვა, ექვსი თვის გაცნობილს მივყვები ცოლად-მეთქი, ძალიან გაუკვირდებოდათ - ჩვენთან სამწლიანი ურთიერთობა მაინც არის საჭირო ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა მშობლებმა მომიწონეს არჩევანი. საქართველოში ჩამოსვლიდან ორ კვირაში დავიწერეთ ჯვარი და დღემდე ვართ ერთად და ტკბილად.
- რაჭველი კაცები კარგი მეოჯახეები არიანო. ეთანხმებით? - ვეთანხმები!.. მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო? მომწონს ერთმანეთის მიმართ ყურადღებისა და სითბოს გამოხატვა, ღამის 12 საათზე მილოცვა, ხშირი მისვლა-მოსვლა. მომწონს, ბავშვი რომ იბადება და უამრავი ახლობელი იკრიბება სამშობიაროს ეზოში... ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება. საქართველოში ყველაფერი სხვანაირად უხარიათ...
აქ რომ მოვდიოდი, მითხრეს, ნაცნობობის გარეშე სამუშაოს შოვნა გაგიჭირდებაო, თუმცა მე არც სამსახურის შოვნა გამჭირვებია და ჩემმა საქმემაც ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო. ვარ ფიზიოთერაპევტი, "პილატესის" ინსტრუქტორი და მიყვარს ეს საქმე.
- პანდემია როგორ გაიარეთ? - მე ვარ გაზრდილი პრინციპით: "რაც არ მოგკლავს, გაგაძლიერებს". პანდემია რომ დაიწყო, რაჭაში ჩამოვედით და უკვე მერამდენე თვეა, ონლაინრეჟიმით ცოლ-ქმარი ნიკორწმინდიდან ვმუშაობთ. ამ სახლის მშენებლობა გეგის დიდ ბაბუას დაუწყია და გეგიმ დაასრულა. მიყვარს აქაურობა, ჩემი შრომაც არის აქ. წელს ეზოში პატარა ბოსტანი გავაშენეთ. დავთესეთ სტაფილო, ბოლოკი და მწვანილი. მომავალი წლისთვის უფრო დიდი გეგმები გვაქვს. გეგი დილას ჩადის ხოლმე ტბაზე სათევზაოდ. სოკოს საკრეფადაც ხშირად დავდივართ. ჩეხეთში ტრადიციაა - ოჯახები სოკოს საკრეფად დადიან. სკოლაშიც კი გვასწავლიან სოკოს ცნობას. ჩვენი ოჯახიც ამ ტრადიციის ერთგული იყო და ახლა ამ საქმეს აქ ვაგრძელებ. ძალიან გვიყვარს ბუნება და ცხოველები და გვყავს ლაბრადორი დადუ.
- ნიკორწმინდელები ამბობენ, ნატამ ყველა აგვიყოლია და ვარჯიში დაგვაწყებინაო...
- დიახ, ასეა და ყველას მოვუწოდებ, ივარჯიშოს. კორონავირუსის დროს ნიკორწმინდაში ბევრი ჩამოვიდა დაკეტილ სახლებში და უბანიც ახმაურდა, მალე ჯანსაღ ცხოვრებაზეც დავიწყეთ ზრუნვა. ისეთებიც ავიყოლიე, არასდროს რომ არ უვარჯიშიათ. ზოგი ამბობდა, რაღა დროს ჩემი ვარჯიშია, ეს ახალგაზრდების საქმეაო, მაგრამ ვარჯიში არის სიცოცხლე, რაც არ მოძრაობს, ფუჭდება და იჟანგება... ჯერ ერთი მოვიტყუე. იგრძნო, რომ გახალისდა, შედეგიც დაინახა და მოეწონა. ამით გათამამებულმა, მეორე, მესამე და მთელი უბანი ავიყოლიე...
- მოკლედ, "რაჭა - ჩემი სიყვარული" კვლავ გაცოცხლდა საქართველოში... - სლოვაკური რაჭა ახლა ბრატისლავის გარეუბანია - დიდი ხანია, ქალაქს შეუერთეს. ჩემი და გეგის გაცნობის შემდეგ ხშირად იხსენებენ ხოლმე ამ ფილმს, არადა, ბავშვობაში ამ ფილმის ნახვისას რას ვიფიქრებდი, რომ გავიდოდა წლები და რაჭა ჩემს სიყვარულადაც იქცეოდა.