"წესით, მეც ამ ტურზე უნდა ვყოფილიყავი"
მთელი საქართველო შეძრა 23 აგვისტოს მომხდარმა ტრაგედიამ. როგორც ცნობილია, შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე თბილისის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სამი ახალგაზრდა ქალბატონი სიკვდილს ებრძვის. სამართალდამცავები და მაშველები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშობდნენ შემთხვევის ადგილზე და ახლა ტრაგედიის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.
ცხედრები წუხელვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში და მათი იდენტიფიცირება მოხდა. მართალია ჯერჯერობით დაღუპულთა ვინაობა საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ 20 მგზავრიდან 3 მამაკაცი იყო, დანარჩენი ქალები. ადგილზეა გარდაცვლილი სამარშუტო ავტობუსის მძღოლი და მის გვერდით მსხდომი კომპანია treveler.ge-ს გიდი, სერგო გორლიუკოვი. სერგო ამ კომპანიაში დიდი ხანია გიდად მუშაობდა და არაერთი ტურისთვის გაუწევია გიდობა. მას ყველა დადებითად ახასიათებს და სოციალური ქსელი სავსეა ტკივილის გამომხატველი სტატუსებით.
"სერგოს ძმაც გიდია და ორივე, როგორც საქართველოს ტურებზე, ასევე უცხოეთის ტურებში მონაწილეობდნენ. უახლოეს მეგობრებს საუბარი უჭირთ. "სერგო საოცარი ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი, გულიანი, კეთილი... მაროკოს ტური არასოდეს დამავიწყდება, ერთად გატარებული 1 თვე, ღმერთო, როგორი ტრაგედიაა",- წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე, რომელიც ამ ტურისტული კომპანიის მომსახურებით სარგებლობდა.
"ასეთი ადამიანები ასე არ უნდა იღუპებოდნენ. საოცრად დადებითი, ყურადღებიანი და სიცოცხლით სავსე. თბილი, მხიარული, ჭკვიანი, ზრდილობიანი...ყველა კარგი თვისება ჰქონდა ერთად... მაინც ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ცოცხალი იქნებოდა" - წერს კიდევ ერთი ადამიანი სერგო გორლიუკოვზე.
kvirispalitra.ge ესაუბრა გოგონას, რომელიც ამ კომპანიის ტურებით ხშირად დადიოდა.
თამუნა, ტურისტი:
- მეც ვიყავი მეგობრებთან ერთად გუშინ ამ გზაზე, ოღონდ სხვა ტურისტულ კომპანიას გავყევი. ის ადგილი რომ გავიარეთ, მხოლოდ ის ვნახე, რომ უკვე სამაშველო და პოლიცია იყო მობილიზებული და დავინახეთ, რომ მიკროავტობუსი ზევიდან იყო გადავარდნილი. ახლოს არავინ მიგვიშვა. საშინელება იყო, სხვა დეტალები მეც ტელევიიზით გავიგე.
- როგორც ვხვდები, თქვენც ანალოგიურ ტურზე იყავით და ის გზა გაიარეთ, რამდენად საშიში გზებია?
- ფაქტობრივად იგივე ტურზე ვიყავი, ოღონდ სხვა კომპანიით წავედი. სიმაღლის მეშინია ძალიან და ფაქტობრივად არც ვიხედებოდი ფანჯრიდან.
- ამბობენ, ამინდიც ცუდი იყოვო... - არა, საერთოდ არ უწვიმია, ჩვენ პირველ საათზე ავედით. მზიანი დღე იყო. სერგოს კარგად ვიცნობდი. პირველად კაბადოკიაში მისი ტურით ვიყავი, ძალიან მოწესრიგებული, ორგანიზებული ტური იყო, ისეთი, რომ მთლიანად ოჯახი დავყვებოდით და ვენდობოდით ამ ტურისტულ კომპანიას და მართლა შოკში ვარ, ვერ ვიჯერებ. სერგო მართლა საუკეთესო პიროვნება იყო, სიტყვები ვერ მომიბრუნდება რომ რამე სასაყვედურო მომაგონდეს. ვერც წარმოიდგენთ როგორი ყურადღებიანი იყო, თითოეულ ტურისტს ბავშვებივით გვექცეოდა. კაბადოკიაში ორი მძღოლი ყავდათ, ერთმანეთს ცვლიდნენ, თავად სერგო თვალსაც არ ხუჭავდა, ისე ართობდა მძღოლს, ან არ ჩასძინებოდა და მოდუნებულიყო, სრული კომფორტით ვიმგზავრეთ.
ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო. ხმაურსაც კი გვიზღუდავდა შორი გზაა და მძღოლი არ გადაგვეღალოსო, იმდენად ზომიერება ჰქონდა ყველაფერში დაცული. ჩემთვის ემოციურად ძალიან მძიმეა ეს ფაქტი, რადგან წესით, მეც ამ ტურზე უნდა ვყოფილიყავი. გორიდან ვარ, რადგან ჩემი გორელი დაქალები მომყვებოდნენ, მაგიტომ, მეც გორის ტურით წავედი და ავცდი მაგ ტრაგედიას, თუმცა შემდეგი ტურის ფოტოები მეუღლესაც ვაჩვენე და სერგოს ტურით გომის მთაზე ვაპირებდით ამ დღეებში წასვლას. წარმოუდგენელი ტრაგედიაა. დაუჯერებელია, რომ სერგო ცოცხალი აღარ არის.
(სპეციალურად საიტისთვის) იხილეთ ასევე შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედია - ფოტორეპორტაჟი