"აივანზე ბავშვები დამხვდნენ, შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო" - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი გამოიყვანა
მეხანძრე-მაშველებმა გლდანის მასივში ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს.
მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან მცირეწლოვანი ბავშვები დაიხსნა, 28 წლის გაგა გიგაშვილია.
როგორც kvirispalitra.ge - სთან საუბარში მეხანძრე-მაშველი აღნიშნავს, ცეცხლის ჩასაქრობად მისულს, ალმოკიდებული ბინის აივანზე სამი მცირეწლოვანი დახვდა:
- შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ორი ჯგუფი გამოვცხადდით. ღია ცეცხლი იყო აივანზე, ფანჯრებზე. ერთი ჯგუფი სადარბაზოს კარების მხრიდან შევიდა ბინაში, მე მე-6 სართულიდან დავეშვი თოკით აივნაზე. ღია ცეცხლი იყო და სანამ ერთი ჯგუფი გარედან ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას და ბინაში შეღწევას, მანამ მე ევაკუაციის მიზნით ჩამიშვა ედიშერ მარსაგიშვილმა. აივანზე ბავშვები დამხვდნენ, ბრიგადის წევრებმა გამიშალეს ავტოკიბე მათ ჩასაყვანად, შემდეგ გიორგი თვაურს, დავით მაისურაძეს და შმაგი გოგლიძეს ჩავაწოდე ბავშვები. ერთ-ერთ პატარას მოვარგე ჩემი აირბალონი და ჯანგბადი ვასუნთქე.
- რა რეაქცია ჰქონდათ ბავშვებს, როცა დაგინახეს? - როცა აირნიღაბი მოვიხსენი, შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო. ორი ძმა და ერთი და იყვნენ. თავიდან პატარას ცოტა ეშინოდა, ჩემთვის მთავარი იყო, ისინი უსაფრთხოდ ჩამეყვანა ძირს. რა ასაკის არიან, ამის თქმა ზუსტად არ შემიძლია, არ ვიცი.
- რამდენი წელია, რაც მეხანძრე-მაშველი ხართ? - 28 წლის ვხდები და 8 წელია ამ საქმეს ვემსახურები. ბავშვობიდან მიზიდავდა ეს პროფესია და ძალიან მინდოდა გამვხდარიყავი მეხანძრე-მაშველი. ბავშვობაშიც, თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, ვცდილობდი, როგორც შემეძლო დავხმარებოდი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა სხვის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვი.