"მომავალი მეუღლე ისე მომეწონა, ერთ თვეში დავქორწინდით. პირდაპირ მის ოჯახში მივედი..."
"ოთარ რამიშვილის შვილობა ძალიან რთულია, მაგრამ ამაყიც ვარ ამით"
ადვოკატ მიხეილ რამიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წლებია არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი იყო ის და ყველანი ვხედავდით, როგორ ებრძოდა უსამართლობას. ამის მაგალითია თუნდაც, სანდრო გირგვლიანის საქმე. წინა ხელისუფლებასთან პრობლემებიც შეექმნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლომდე სანდროს მშობლებს, გურამ გირგვლიანს და ირინა ენუქიძეს გვერდში ედგა. როგორც ამბობს, მისი გაჩუმება მაშინაც სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს. არანაკლებ ხმაურიანი იყო მამა გიორგი მამალაძის საქმე. თვლის, რომ უდანაშაულოდ ზის ის ციხეში და ითხოვს, რომ ჯანმრთელობაშერყეული სასულიერო პირი ციხიდან გაათავისუფლონ.
ამჯერად (ინტერვიუ გამოქვეყნებულია 2020-09-09) დაზარალებულ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს და დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა გოგო მოკლეს. ბოლო დროს ბატონმა მიხეილმა სკანდალური განცხადებაც გაავრცელა. თქვა, რომ მის ტელეფონზე მუქარის ზარები შემოდის, უცხო ადამიანები მოითხოვენ, ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოშორდეს, მაგრამ უკან დახევა არ სჩვევია.
- 3 წლის ვიყავი, გიტარის სწავლა რომ დავიწყე, მამა - ოთარ რამიშვილი მასწავლიდა. სამი ძმა ვართ. უფროსი - ზურიკო ჩემზე 10 წლით დიდია, მე შუათანა ვარ და 2 წლით უმცროსია ლევანი. სამივე მუსიკოსები ვართ: ზურიკო პიანისტია, კონსერვატორიაში ჯაზის კათედრის გამგეა, დეკანია; ლევანიც მუსიკოსია, დაამთავრა ნიჭიერთა ათწლედი, ასევე - 35-ე სპორტსკოლა, მერე ფიზკულტურის ინსტიტუტი. ამჟამად, ფეხბურთის ფედერაციაში 21-წლიანების ნაკრების მენეჯერია.
5 წლისა დიდ სცენაზე აღმოვჩნდი. ცნობილი გიტარისტების კონცერტი ჩატარდა, საჩვენებლად გამიყვანეს და დავუკარი კლასიკა. დიდი ოვაციები გამოიწვია სცენაზე ჩემმა გამოჩენამ. მერე მითხრეს, რომ მემღერა. ვიდექი სცენაზე და უცებ ტექსტი დამავიწყდა. დედაჩემი კულისებში იდგა. მივუტრიალდი და ვკითხე: ლექსი როგორ არის-მეთქი? შემახსენა და გავაგრძელე სიმღერა. ძალიან თამამი ვიყავი. ტელევიზორში ვინმე ვიოლინოს რომ უკრავდა, მე სახლში ღომის საზელ ჩოგანს ვიღებდი და ვითომ ვუკრავდი. მინდოდა მევიოლინე გამოვსულიყავი, ამიტომ ჩავაბარე ნიჭიერთა ათწლედში. ფოლკლორული ანსამბლ "მართვეს" პირველი თაობა ვიყავი.
- მამა მკაცრი მასწავლებელი იყო? - არა, მამა კარგი მასწავლებელი იყო, მაგრამ საკმაოდ მომთხოვნი. ბავშვობიდან მასწავლიდა ადამიანობას, სხვანაირ ურთიერთობას. ძალზე თბილი ადამიანი იყო. კომპოზიტორ მერი დავითაშვილთან დავდიოდი. პატარა ნაწარმოებებს ვწერდი, ეტიუდებს, სონატებს. ჩემი პირველი შემფასებელი დედ-მამა იყვნენ. კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ. ასევე, ძალიან მიყვარდა ძერწვა. მახსოვს, ერთხელ ჩვენთან სტუმრად ელგუჯა ამაშუკელი მოვიდა და ჩემი ნამუშევრები რომ ნახა, ძალიან მოეწონა. მხატვრობაშიც გარკვეული მიღწევები მქონდა, ხელოვნება ჩემთვის ყველაფერია. მამა და დედა დუეტში მღეროდნენ, მერე მამა მე ჩავანაცვლე და ხშირად ვმღერით... კონსერვატორიაში ჩავაბარე, ვიოლინო შევცვალე ალტით. კარგი სტუდენტი ვიყავი. ვუკრავდი ორკესტრში, კვარტეტში, მუსკომედიის ორკესტრშიც. 90-იანი წლები იყო და საკრავი ინსტრუმენტი რომ დამქონდა, სულ პოლიცია მაჩერებდა, ეგონათ, შიგნით ავტომატი მედო. მერე ძალიან გართულდა ცხოვრება. სულ უსამართლობასთან ბრძოლა მიწევდა და ამას ვერ ვიტანდი.
- ქუჩაში გიწევდათ ბრძოლა?
- ქუჩაშიც, პოლიციასთანაც, ვერ ვიტანდი უსამართლობას... კონსერვატორია მქონდა დამთავრებული, საკმაოდ პოპულარული ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, უნივერსიტეტში, იურიდიულზე ჩამებარებინა და უცებ სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ჩინურივით იყო ჩემთვის იურისპრუდენცია, მაგრამ იმდენად მინდოდა, ამ პროფესიას დავუფლებოდი, დღე და ღამეს ვათენებდი და გამომივიდა კიდეც. როცა იურიდიულზე ჩავაბარე, უკვე დაქორწინებული ვიყავი.
- გვიამბეთ ოჯახზეც. როგორ გაიცანით ერთმანეთი? - ჩემი მეუღლე, მაიკო იორამაშვილი კონსერვატორიაში გავიცანი, ისიც მევიოლინეა. ამჟამად მუშაობს ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ორკესტრის მსახიობია. დანახვისთანავე მომეწონა და ვიკითხე, ვინ არის-მეთქი? ჩემმა ჯგუფელმა (ჩვენი მეჯვარეა), ლევან მჭედლიძემ მითხრა, ჩემი მეგობარიაო. ზუსტად ის პერიოდი იყო, ვამთავრებდი კონსერვატორიას. ჯგუფელ გოგონებს ვუთხარი: თუ ეს არ იქნება ბანკეტზე, მე არ მოვალ-მეთქი. დაპატიჟეს ჩვენს ბანკეტზე, იქ გავიცანით ერთმანეთი და ისე მომეწონა, ერთ თვეში დავქორწინდით. პირდაპირ მის ოჯახში მივედი.
- როგორია შეყვარებული მიშიკო რამიშვილი? - ვერ წარმომიდგენია ადამიანი სიყვარულის გარეშე. შეყვარებული სულ მყავდა, მაგრამ ისე უნდა იცხოვრო, სხვას გული არ ატკინო, სჯობს შენ გეტკინოს. ყოველთვის ვცდილობდი, სიყვარული ორმხრივი ყოფილიყო. არასოდეს უნდა თქვა ქალზე კაცმა, "დავაბიო". თუ მან არ შეგიყვარა, ვერაფრით მონუსხავ. ქალი უძლიერესი არსებაა. ჩათვალე, რომ ის არის გემის კაპიტანი და საითკენაც მოუხვევს, იქით წაგიყვანს. თუ უნდა, აისბერგს შეგახეთქებს და ჩაგძირავს ან ნელ-ნელა ისე გატარებს, ცხოვრებას საამურს გაგიხდის. ქალს დიდი სიფრთხილით უნდა მოეპყრა და დიდი პატივი სცე.
- მეუღლეს ხშირად უძღვნით ლექსებს, სიმღერებს. - აბა, სხვას ვის მივუძღვნა? მეუღლეს დიდ პატივს ვცემ. არ არსებობს მასთან ერთად არ ვიმსჯელო და არ განვიხილო სხვადასხვა საკითხი. ხანდახან აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის რჩევებს არ ვიზიარებ. ქალი ფენომენალური არსებაა, მისით იწყება მშვიდობა, ომი, შემოქმედება, ტირილი, ღიმილი. ქალით თენდება და ღამდება. ქალია შვება.
- ხელოვანი ადამიანი იურისტობამ როგორ გაგიტაცათ? - იურისპრუდენციაც თავის მხრივ, შემოქმედებაა, აქ გიწევს, მთელი სული და გული ჩააქსოვო. ადამიანის ბედს, მის მომავალს, სამართლიანობას ეხება საქმე და მაქსიმუმი უნდა გააკეთო. იმ წელს 235 კურსელმა დავამთავრეთ იურიდიული ფაკულტეტი. მხოლოდ 5 ფრიადი დაიწერა, 4 - გოგონებმა მიიღეს, ბიჭებიდან კი ფრიადი მე მერგო. მაშინ გენერალური პროკურატურიდან იყვნენ მოსულები და თურმე, ჩუმად წაიღეს ჩემი დოკუმენტები, მერე პროკურატურიდან დამირეკეს, ჯერ ვერ გავიგე, რატომ მიბარებდნენ. საბუთები წამოვიღეთ და გვინდა ჩვენთან იმუშაოო. სასტიკი უარი ვთქვი, რადგან შინაგანად არ შემეძლო ბრალმდებელი ვყოფილიყავი.
- მოსამართლეობაზე არ გიფიქრიათ? - ვფიქრობდი, მაგრამ მივხვდი, არ შემიძლია ისეთ სისტემაში ვიმუშაო, სადაც არ ხარ დამოუკიდებელი, არ ხარ თავისუფალი გადაწყვეტილებებში და ემორჩილები არა კანონს, არამედ გარკვეული პირების მითითებებს. კონფლიქტი მექნებოდა აუცილებლად, არც გამაჩერებდნენ და არც გავჩერდებოდი. ეს ყველა ხელისუფლებას ეხება... რაც შეეხება ადვოკატობას, ეს ყველაზე თავისუფალი პროფესიაა, მაგრამ შრომატევადი, დაუფასებელი.
- გაიხსენეთ საქმე, რომელიც დარჩა თქვენს მეხსიერებაში... - არაერთი საქმე მქონია, მაგრამ ყველაზე მძიმე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე იყო. ვიცავდი ირინა ენუქიძის ინტერესებს. კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან, საოცარი ადამიანი იყო. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ძალა დავინახე მასში. გურამი მამაჩემის მეგობარი იყო და ძალიან გაუხარდა, რომ ჩავერთე. რაც შრომატევადი საქმე იყო, მე გავაკეთე და გადავიტანე. მერე შალვა შავგულიძე ჩაერთო, ხოლო სტრასბურგის საკითხებში - ადვოკატი დავით ჯანდიერი. ამ საქმეში რომ ჩავერთე, იანვარი იყო და მაშინ ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ გახლდათ მეორე შვილზე... ყოველდღე მათ სახლში დავდიოდი, მაგრამ მეუღლის ფეხმძიმობაზე არაფერი მითქვამს, მერე ივნისში ბიჭი შეგვეძინა და თურმე ქალბატონმა ირინა ენუქიძემ გაიგო ჩემი შვილის დაბადება. ერთ დღეს მათთან რომ მივედი, მისაყვედურა, ერთხელაც არ დაგცდენია, შვილი რომ შეგეძინა, რატომ არ მითხარი, ბიჭის მამა რომ გახდიო? პატარა ზარდახშა გამოიღო უჯრიდან, ბრილიანტის ბეჭედი ამოიღო, მომცა და მითხრა, - ეს იყოს ჩვენი მომავალი რძლისთვის, შენი შვილის ცოლისთვის. მე სანდრო აღარ მყავს და მინდა, მას აჩუქოო. "ჭიდაობა" დავიწყე, მაგრამ გამაჩერა: ნუ მეჭიდავებიო. მის ნაჩუქარ ბეჭედს ახლა მე ვინახავ რძლისთვის, არასოდეს დავთმობ, რადგან დიდი საგანძურია ჩემთვის. ირინა ფანტასტიკური ქალბატონი იყო, დიდებული დედა და სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა შვილის მკვლელების დასასჯელად. დიდი ბრძოლით მივაღწიეთ იმ სიმართლეს, რისთვისაც ამდენი წელი ვიბრძოლეთ. მართალია, ბევრ დაუნახავ ადამიანს ავიწყდება და ცილს მწამებენ, "ნაციონალიც" კი გამხადეს, მაგრამ არა უშავს, ეს რომ სიმართლე არ არის, ყველა ნაბიჯზე დამტკიცდა.
- ახლა იცავთ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ საქმეზე? - ეს ამ ულამაზესი გოგოს ორგანიზებული, დაგეგმილი განზრახ მკვლელობა იყო, გამოძიება კი მხოლოდ სიტყვიერად მუშაობს ამ ვერსიაზე და უფრო თვითმკვლელობისკენ იხრება, რაც ჩემში აღძრავს ეჭვებს, რომ ამ მკვლელობაში გარკვეული სერიოზული ჯგუფი იყო ჩართული. ეტყობა, საქმიანობიდან გამომდინარე შეეხო თამარი ისეთ ფაილებს ან ისეთი ინფორმაციები მოიპოვა, რომელსაც გამოძიება ალბათ არ დაადგენს, მაგრამ მე დამოუკიდებელი გამოძიებით დავადგენ, რომ ამის გამო გამოუტანეს განაჩენი. წაშლილია მიმოწერები ფოსტიდან, იუთუბიდან. ამერიკის ფედერალური ბიურო ჩაერთო და მოხდება ფაილებს აღდგენა. მე მოვიპოვე შემთხვევის ადგილის ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, რომ უბრალოდ 5 დღე იქ ავტომობილი ვერ იდგებოდა, მას მენახირე სხვა დღესაც იპოვიდა.
- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მანქანა იქ მიიყვანეს?
- ბევრმა ტელევიზიამ დრონით გადაიღო და ნაკვალევიც კარგად ჩანს, რომ იქ ორი მანქანა არის შესული. თან, 5 დღე ის კვალი ისეთი ფორმით იქ არ იქნებოდა. გარკვეული პერიოდი ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი, რამდენად ამბობდნენ სიმართლეს პოლიციელები, მაგრამ ახლა მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინფორმაციით, იმ სოფლის მცხოვრებლებზე დიდი ზეწოლაა, აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მართლა ივაჟკაცა და სამი დღის ჩანაწერი გააკეთა, რაც ეტყობა მერე დააფიქსირეს და გარკვეული დევნაც კი განახორციელეს ამ პიროვნებაზე... ვფიქრობ, არანაირ თვითმკვლელობაზე საუბარი აღარ არის. საქმე მკვლელობის ვერსიით უნდა შეიცვალოს.
- კიდევ ერთი გახმაურებული საქმე თქვენი მონაწილეობით, არის მამა გიორგი მამალაძის საქმე... - ამ საქმითაც დასტურდება, რომ ჩვენთან ობიექტური სასამართლო არ არსებობს. ყველაფერი პოლიტიზებულია და განაჩენები გარკვეული პირების მოთხოვნით გამოაქვთ. კანონის უზენაესობა, სამართლიანობა არ არსებობს. თუ ვინმეს ინტერესი არ არის, მაშინ შეიძლება მიაღწიო შედეგს. ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. არც საპატრიარქო ემსახურება სულიერებას. ყველას არ ეხება, მაგრამ გარკვეული ძალაუფლების მქონე პირები რეინტეგრირებულები არიან პირად კეთილდღეობასა და ფინანსურ ინტერესებზე, კარგად არიან შეკრული საერო პირებთან და ბიზნესპარტნიორებთან. ბევრი ტალახი მესროლეს, აგენტადაც კი გამომაცხადეს.
- მეუფე იაკობს სასამართლოში უჩივლეთ, თუ დამთავრდა ეს პროცესი? - პირველმა ინსტანციამ დაავალა გამოვიდეს და თქვას, რომ ცილი დამწამა, როცა აგენტობა დამაბრალა. მაგრამ გაასაჩივრა აპელაციაში და როგორც გახარიას ემუქრებოდა, ისე ემუქრებოდა მოსამართლეებს პროცესზე, მათ თითიც კი დაუქნია. ეტყობა, ისე შეეშინდათ, სამი მოსამართლე ამდენი თვეა ვერ შეიკრიბა და ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, დატოვონ თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში. იანვრიდან ველოდები გადაწყვეტილებას. საერო პირები იძახდნენ, ვითომ მე ვიყავი 90-იანი წლების კრიმინალი, მაგრამ ამან რომ ვერ გაჭრა, აგენტადაც გამომაცხადეს, მაგრამ დავამტკიცე ჩემი სიმართლე და მოუწევს ამის აღიარება.
- ამ დღეებში განაცხადეთ, რომ გემუქრებიან... - რამდენჯერმე ძალიან გაუგებარი ნომრებიდან დამირეკეს: არ გიყვარს ოჯახი? რას იქექები, დაეტიეო. "მწვანე" თუ არ აქვთ ანთებული, ამდენს ვერ გაბედავენ. ბინძური სიტყვებით ილანძღებიან. დამირეკეს ისრაელიდანაც და ამერიკიდანაც სერიოზულმა პირებმა. პირდაპირ მითხრეს, ძალიან ფრთხილად ვყოფილიყავი.
- ბევრი თქვენი კოლეგა გიცხადებდათ სოლიდარობას ამ მუქარების გამო. ადვოკატთა ასოციაციაც ხომ არ ჩაერთო ამ კუთხით? - ბატონმა დავით ასათიანმა დამირეკა და ბევრმა ჩემმა კოლეგამ. ყველას უდიდეს პატივს ვცემ, გააპროტესტეს და საჯაროდ ამის დაფიქსირებაც უნდოდათ, მაგრამ რაც პირადად მეხება, იმაში ჩარევის უფლებას არავის ვაძლევ. მადლობელი ვარ მთელი ადვოკატთა კორპუსის, მათი თანადგომის გამო.
- თქვენი დღის რეჟიმი როგორია? - საერთოდ მაქვს რეჟიმი? ღამეში შეიძლება 3-4 საათი მეძინოს, მაგრამ მაინც ვიცლი შვილებთან ურთიერთობისთვის. ჩემი ბიჭი 14 წლის არის, ჩემზე მაღალია, სპორტსმენია. ძალიან განიცდის ჩემი მისამართით გამოთქმულ ბინძურ კომენტარებს. ვუხსნი, - ლუკა, ესენი პროვოკატორები არიან, ამათ უნდათ, ახლა მე მდგომარეობიდან გამომიყვანონ და ვცემო-მეთქი. - კარგი, მამა, შენ ნუ შეწუხდები, მაშინ მე ვცემ მაგათო. - ზუსტად ეგ უნდათ, შენ რომ სცემო და პროვოკაციას აწყობენ-მეთქი. - მაშინ მე რისი ლუკა რამიშვილი ვარ, მამა რომ არ დავიცვაო... ძალიან ამაყი ბიჭია, კარგი მამაშვილობა გვაქვს. ლუკამ იცის, რომ წაქცეულს წიხლი არ უნდა დაარტყას, არავინ დაჩაგროს, კანონი არ უნდა დაარღვიოს, არავინ მოატყუოს და ღირსეული იყოს. შვილებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა. გოგო სხვანაირია, ყველა ნაბიჯს მითანხმებს, მაგრამ მე არ ვარ ისეთი მამა, რომ ვაკონტროლო. 23 წლისაა ლიზა, მსოფლიო დონის მუსიკოსია, ესპანეთში, მადრიდში სწავლობს. არასოდეს არაფერი დაუმალავს ჩემთვის. თუ ვინმეს მოსწონებია, პირველი მე მეუბნება. ლიზა არ აკეთებს ისეთ რამეს, რაც ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ შორის არის ნდობა.
- თუ გქონიათ კონფლიქტები ძალოვანებთან? - როგორ არ მქონდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოვდიოდი ჩემი ვიოლინოთი და ავტომატი ეგონათ. საკმაოდ მოჩხუბარი ვიყავი, ახალგაზრდობას ნუ გამახსენებთ (იცინის).
- დაბოლოს, რას ნიშნავს მიშიკო რამიშვილისთვის ოთარ რამიშვილის შვილობა? - ჩემთვის აკრძალული არაფერი იყო. ლევანს და ზურიკოს სხვანაირად ეპყრობოდა. ოთარ რამიშვილის შვილობა ძალიან რთულია, მაგრამ ამაყიც ვარ ამით. 90-იანი წლები გამოვიარეთ, მაგრამ არასოდეს გვისარგებლია ცუდად მამის სახელით, პირიქით, ბევრჯერ დაგვიმალავს, ვისი შვილი ვართ.
თეა ხურცილავა ჟურნალი "გზა"