"ეკასთან შეხვედრას ძალიან განვიცდიდი. მინდოდა მოვწონებოდი" - ვინ არის ეკა ბესელიას ვაჟის რჩეული
"ნიშნობის დროს გულში რომ ჩამეხუტა, მითხრა, - თქვენ გარდა არავინ მყავს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხართო"
დეპუტატ ეკა ბესელიას ვაჟს, 28 წლის რატი მილორავას და მის რჩეულს, 22 წლის ქეთი ყრუაშვილს 20 სექტემბერს ნიშნობა ჰქონდათ. ეს ლამაზი დღე წყვილმა ვიწრო წრეში აღნიშნა. როგორც შევიტყვეთ, არჩევნების შემდეგ გეგმავენ ქორწილს. ახლა პარტია "სამართლიანობის ლიდერი" ეკა ბესელია მთლიანად საარჩევნო კამპანიაზეა გადართული და ყოველდღე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. როგორც ჩანს, შვილის არჩევანით ძალიან გახარებულია.
- არაჩვეულებრივი დღე გამოვიდა. ჩემი შვილის, რატის რჩეული გოგონა ულამაზესი და უსაყვარლესი 22 წლის ქეთევან ყრუაშვილია. ქეთი სტუდენტია, წელს ამთავრებს ბიზნესის და მართვის ფაკულტეტს. მიხარია, რომ ჩემმა შვილმა ის 2 წლის წინ აღმოაჩინა. ძალიან უყვართ ერთმანეთი. ორივე ერთად მუშაობდა, ერთ ოთახში ისხდნენ და იქ დაიწყო მათი ლამაზი სიყვარულის ამბავი. ბედნიერი ვარ. სულ სხვანაირია შეყვარებული რატი. ჩემი შვილი შეცვალა ამ ამბავმა. სულ ერთად დადიან, ყველაფერს ერთად აკეთებენ, სულ ქეთიზეა კონცენტრირებული. ნიშნობა ჩემთვისაც ემოციური დღე იყო. არაჩვეულებრივი გოგოა, უკვე შვილივით მიყვარს... ახლა საარჩევნო კამპანიაა, ამიტომ ქორწილი ჯერ არ გვქონია. მხოლოდ ხელი სთხოვა და ისიც ძალიან ვიწრო, ოჯახურ წრეში აღვნიშნეთ. არჩევნების დასრულების შემდეგ ლამაზი ქორწილი გვექნება.
- შეყვარებული რომ იყო, რატისგან გაიგეთ? - თვითონ მითხრა, ემოციურად მომიყვა. მერე გამაცნო ქეთი და მეც ძალიან მომეწონა. დედა არ ჰყავს, პატარას გარდასცვლია. მამამ გაზარდა. სამწუხაროდ, მამაც აღარ ჰყავს. ძალიან კარგი ადამიანი იყო, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. როცა სარძლოს ცხოვრების შესახებ გავიგე, ჩემზე ემოციურად იმოქმედა. ახლა დედაშვილური განცდა მაქვს მის მიმართ, უკვე შემიყვარდა ეს ლამაზი გოგო. არ მინდა იგრძნოს, დედა რომ არ ჰყავს გვერდით, მე მას დედობას გავუწევ. საოცრად თბილი და პოზიტიური ადამიანია. ნიშნობის დროს გულში რომ ჩამეხუტა, მითხრა, - თქვენ გარდა არავინ მყავს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხართო. ეს სიტყვები ამაღელვებელი იყო. სულ იღიმის, ცუდ ხასიათზე არასოდეს არის. მიხარია მათი ერთად ყოფნა. ქეთის ორი არაჩვეულებრივი და ჰყავს.
- ადრეც გიამბობდათ რატი თავის შეყვარებულებზე? - ეს რატის ნამდვილი სიყვარულია, პირველი სიყვარული. ახლახან ვუთხარი, ჩემი სამართლიანობის ვექტორი ყოველთვის ქეთისკენ გადაიხრება და ამას შეეგუე-მეთქი. ეს ძალიან უხარია.
რატი მილორავა: - მე და ქეთიმ სამსახურში ვიპოვეთ ერთმანეთი. მე რომ მივედი, ის უკვე იქ მუშაობდა. ერთ სამუშაო ჯგუფში აღმოვჩნდით სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მალევე დავმეგობრდით. ბევრი დროის გატარება გვიწევდა ერთად. გაცნობიდან ძალიან მალე მივხვდი, რომ გაჩნდა დიდი გრძნობა.
- იოლად გამოუტყდი სიყვარულში? - დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე ერთად ვიყავით. თან, ორივე ვაკეში ვცხოვრობთ და ვინაიდან მაშინ მე მანქანა არ მყავდა, ერთად გვიწევდა ქეთის მანქანით სახლამდე მოსვლაც. 2 თვეში მივხვდი, რომ ეს ის გოგონა იყო, ვინც მინდოდა, მთელი ცხოვრება გვერდით მყოლოდა. 2 თვის თავზე, ახალი წლის ღამეს, მცხეთაში, ჯვრის მონასტერში ავედით, სადაც მოძღვარი მყავს და ხშირად დავდივარ. სწორედ იქ გამოვუტყდი ქეთის სიყვარულში.
ქეთი ყრუაშვილი: - ძალიან მალე დავმეგობრდით. ასეთი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ვერ წარმოგვედგინა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ის დიდი გრძნობა იყო, ერთად ყოფნას რომ განაპირობებს. იმდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან, ნამდვილი მეორე ნახევრები ვართ. თუმცა, სიყვარული სპონტანურად, ჩემთვის მოულოდნელად ამიხსნა. სახლიდან ღამით არასდროს მიშვებდნენ. ახალი წლის ღამე იყო ერთადერთი, როცა მამამ გამიშვა. მეგობრები გველოდებოდნენ, მაგრამ რატომღაც, რატიმ გადაწყვიტა იმ ღამით მცხეთაში, ჯვარზე ავსულიყავით. ეს ადგილი მისთვის განსაკუთრებულია. იქ ამიხსნა პირველად სიყვარული, ჯვარსაც აუცილებლად იქ დავიწერთ. ასე მგონია, ჩვენი სიყვარული იქ დაიწერა.
- ქეთი, სადედამთილო როდის გაიცანით? - ეკასთან შეხვედრას ძალიან განვიცდიდი. მინდოდა მოვწონებოდი. პირველივე შეხვედრა ისეთი იყო, ვერ ვიჯერებდი, გაკვირვებული ვიყავი. საოცარი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი. ეკას ყველა იცნობს, როგორც მებრძოლ ქალს, მაგრამ ის საოცრად მაგარი დედაა, ძალიან თბილი გულის ადამიანი, უზომო სიყვარულის გამცემი... 6 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა, მამა კი 2 წლის წინ. სამწუხაროდ, ვერც მამა მოესწრო ჩვენს ბედნიერებას. რატის პირადად არ იცნობდა მამა, მაგრამ სულ მეუბნებოდა, - შენ ისე ხშირად ახსენებ, შვილო, რატის, მგონი, მის მიმართ გულგრილი არ ხარო. სამწუხაროდ, ისინი ერთმანეთს ვერ შეხვდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემს დებს კი ძალიან უყვართ რატი. რაც შეეხება ლიზას, მისი გაცნობის დროსაც საკმაოდ დაძაბული ვიყავი. ვიცოდი, რომ ლიზა გოგონებზე ეჭვიანობდა, რატისთვის ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, საოცრად უყვარს, მართლა გიჟდება თავის დაზე. ვნერვიულობდი, რომ არ მოვეწონო, რა ვქნა-მეთქი? მაგრამ ყველაფერი კარგადაა. მე და ლიზა დღეს საუკეთესო მეგობრები ვართ.
რატი:
- მალევე ვუთხარი დედას, რომ ქეთი მომწონდა. ესიამოვნა და დაინტერესდა, ვინ იყო. ზოგადად, მე და ეკას კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეკა სულ იმას იძახის, ერთად გავიზარდეთო და მართლაც, განსაკუთრებულია ჩვენი ურთიერთობა, მეგობრებიც ვართ. ძალიან მიხარია, რომ ქეთისთანაც ასეთი განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, ჩემ გარეშეც ეკონტაქტებიან ერთმანეთს, მეგობრობენ. ზოგჯერ ვატყობ, ზედმეტად ქეთისკენ არის. შეხმატკბილებული არიან, რაც მახარებს.
- სიურპრიზებით ანებივრებთ შეყვარებულს? - ალბათ, ქეთი ყველაზე მეტად მაშინ გავახარე, როცა ევროპაში წავიყვანე. ძალიან უნდოდა ამსტერდამის ნახვა, ბერლინშიც ჩავედით და მოვიარეთ რამდენიმე ქალაქი. ძალიან კარგი ტური გამოგვივიდა. ალბათ არ გამოვირჩევი სიურპრიზების მოწყობით, მაგრამ სულ მახსოვს, რომ საყვარელი ქალბატონი უნდა გავახარო და გავანებივრო.
ქეთი: - ამსტერდამში წასვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი. ეს ვუთხარი რატის და ერთ დღეს, სამსახურში, მაგიდაზე ბილეთები დამხვდა. მართლა შთამბეჭდავი მოგზაურობა იყო. სიურპრიზები ეხერხება. საუბრის დროს ისეთ ნიუანსებს აქცევს ყურადღებას, გაგიკვირდებათ. ძალიან რომანტიკული ადამიანია.
- რატი, ისევ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობთ? - სამსახურიდან წამოვედი. დროებით უმუშევარი ვარ, მაგრამ საკუთარი თავის განვითარებაზე სულ ვმუშაობ. სამომავლოდ ვგეგმავ, პირადი ბიზნესი დავიწყო და ღვთის წყალობით, ალბათ გამომივა.
ქეთი: - მეც წამოვედი სამსახურიდან. ჯერ ისევ სტუდენტი ვარ, ვსწავლობ ბიზნესის ადმინისტრირებაზე და შეიძლება, ცოლ-ქმარმა ერთად გავაკეთოთ ბიზნესი. გაცნობის დღიდან სულ ერთად ვართ, სამომავლოდაც გვინდა, ერთი საქმე გვქონდეს და უფრო მეტი დრო გავატაროთ ერთმანეთის გვერდით.
თეა ხურცილავა ჟურნალი "გზა"