რა არის ახალი გამოგონება, რომელიც შეიძლება კოვიდთან ბრძოლაში რევოლუციური აღმოჩნდეს
"თავიდან ითვლებოდა, რომ უსიმპტომოები გადამდები არ არიან, შემდეგ გაირკვა, რომ არიან და თანაც არანაკლებ, ვიდრე სიმპტომურები. ბოლო ვერსია ასეთია - უსიმპტომოები გადამდები არიან, ოღონდ, შესაძლოა, ცოტა უფრო ნაკლებად, ვიდრე - სიმპტომიანები"
კოვიდინფიცირებულთა მატებასთან ერთად იმატებს კითხვებიც COVID -19-ისა და ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. "კვირის პალიტრა", ტრადიციულად, ამ კითხვებზე პასუხს ცნობილი ინფექციონისტების, ეპიდემიოლოგებისა თუ კლინიცისტებისგან იღებს. ამჟამად ჩვენ თენგიზ ცერცვაძეს ვესაუბრებით.
- ბატონო თენგიზ, როგორ ფიქრობთ, გაგვექცა სადავეები, თუ ისევ კონტროლირებადია სიტუაცია? ინფიცირებულთა მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება და ლამის 500-ს მიაღწია.
- მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიოზული ზრდაა, სიტუაცია კონტროლირებადია. რაღაც დონემდე მატება გარდაუვალი და მოსალოდნელი იყო და ეს სადავეების ხელიდან გაქცევად ვერ ჩაითვლება.
სადავეების ხელიდან გაქცევად ჩაითვლება სიტუაცია, როცა ნაკადებს ვეღარ ვმართავთ, კონტაქტების გამოკვლევას აზრი არ ექნება, ტესტირების პასუხები დაგვიანდება, საწოლები პაციენტებს ვერ დაიტევს, ყველას, ვისაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, კლინიკაში ვერ დავაწვენთ და გარდაცვალების შემთხვევები გაიზრდება სახლებში ან კარანტინში ისე, რომ ექიმამდე და კლინიკამდე ვერ მიაღწევენ.
სწორედ ასეთი სიტუაცია იყო თვეების განმავლობაში ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში, ასევე სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთში, ყაზახეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და ირანში. საქართველოში ასე არ არის. ყოველდღიურად ვაკონტროლებთ მთელ ქვეყანას, აჭარის რეგიონს - განსაკუთრებით. ტესტირების პასუხები 72 საათზე მეტხანს არ იგვიანებს, თუმცა იყო რამდენიმედღიანი დაგვიანების ცალკეული შემთხვევები. იმ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, რომელთაც ონლაინკლინიკების ექიმების აზრით, ეს აუცილებლად სჭირდებათ, იმავე დღეს ხდება, ერთეული გამონაკლისების გარდა. სექტემბრამდე ერთი საათიც არ მდგარა არც ერთი პაციენტი რიგში საავადმყოფოში მოსახვედრად, ევროპასა და ამერიკაში კი ჩვეულებრივი ამბავი იყო ტესტირების პასუხის ლოდინი ერთი და ზოგჯერ ორი კვირა.
თვით ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სამი დღე ელოდებოდა ტესტირების პასუხს და ეს იყო ამერიკისთვის ჩვეულებრივი რეჟიმი. ჩვენთან პირველი 7-8 თვის განმავლობაში ვინმესთვის სამი დღე რომ დაეგვიანებინათ ტესტირების პასუხი, ეს იქნებოდა საგანგებო განხილვის საგანი.
აჭარაში ყველაფერი თითქმის უკვე მოწესრიგებულია, თანაც იქ არ ყოფილა შემთხვევა, მძიმე პაციენტი ჰოსპიტალიზებული არ ყოფილიყო. მართალია, ზოგჯერ ორი-სამი დღე ლოდინი უწევდათ, მაგრამ მყისიერად მოხერხდა საწოლფონდის მობილიზება.
როგორც ვიცი, ერთი კვირის წინ ქვეყანაში მზად იყო დაახლოებით 2500 საწოლი, დღეისთვის კი უკვე 3000-ზე მეტია, საავადმყოფოები გადატვირთული არ არის, ყველა რეგიონში, მათ შორის - აჭარაშიც არის თავისუფალი ადგილები.
როგორც კი სიძნელეები შეიქმნა, აჭარაში მაშინვე ჩავიდნენ დასახმარებლად კვალიფიციური ექიმები, კერძოდ, ჩვენი კლინიკის წამყვანი სპეციალისტი მარინა ეზუგბაია, რომელიც არის შესანიშნავი ექიმი და ამავე დროს - კარგი ორგანიზატორი. ის მივავლინეთ ახალგაზრდა ექიმთან ერთად, ერთი კვირა იყო იქ და ძალიან დიდი როლი შეასრულა სიტუაციის სტაბილიზაციაში. აჭარაში ახლაც არის რამდენიმე ექიმი საუნივერსიტეტო და ინგოროყვას კლინიკებიდან. მე ვაპირებ აჭარაში ჩასვლას და გავეცნობი ყველა ინფორმაციას, შევხვდები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც სულ უფრო და უფრო დამაჯერებლად იღებს ხელში მართვის სადავეებს. ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალებაა რეანიმატოლოგების, ინფექციონისტების, შესაძლოა თერაპევტებისა და კარდიოლოგების მობილიზაციაც, რადგან ბოლო დროს დადასტურდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, როცა კოვიდინფიცირებულებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებები დაერთოთ, იყო შემდედებელი სისტემის დარღვევები, თრომბოემბოლიური გართულებები, უეცარი გულის გაჩერება - გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა სწორედ გულის უეცარი გაჩერებით იყო გამოწვეული, რაც ახასიათებს ამ დაავადებას.
საქართველოში დღეისთვის გვყავს 34 კრიტიკულად მძიმე, ანუ ისეთი პაციენტი, რომელსაც აქვს მძიმე პათოლოგია, სჭირდება მართვითი სუნთქვა და ინტენსიური თერაპიის ან რეანიმაციის განყოფილებაში მოთავსება. ეს აქტიური შემთხვევების მხოლოდ 1,2%-ია, რაც არ არის მაღალი მაჩვენებელი და იმის შედეგია, რომ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა იღებს დროულ, ადეკვატურ მკურნალობას. მათი უმრავლესობა შინ ან კლინიკებში მულტიდისციპლინური ჯგუფის მეთვალყურეობით მკურნალობს.
უკვე თვეებია, საქართველოში გამოიყენება პროგრესული მეთოდი - პაციენტს ნახულობს და კურირებს არა მხოლოდ ინფექციონისტი ან რეანიმატოლოგი, არამედ მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში, გარდა ინფექციონისტისა და რეანიმატოლოგისა, არიან კარდიოლოგი, პულმონოლოგი, ენდოკრინოლოგი, ჰემატოლოგი, ანგიოლოგი. ასეა დიდ კლინიკებში, შედარებით პატარა კლინიკებში კი - ინფექციონისტი, რეანიმატოლოგი, კარდიოლოგი და ჰემატოლოგი.
მინდა ვთქვა მათ გასაგონად, ვინც პირდაპირ ან ირიბად გვსაყვედურობს, საქართველოს პირველი რვა თვის განმავლობაში რომ არ მიეღო ინტენსიური ზომები და მაშინ გვყოლოდა ბევრი ავადმყოფი, შეიძლებოდა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ავადმყოფების მატება თავიდან აგვეცილებინაო - ეს არის სიცრუე, არარეალურია და ამას ადასტურებს მსოფლიოს პრაქტიკა.
იმ ქვეყნებს, რომელთაც აპრილში ან ივლისში ბევრი ავადმყოფი ჰყავდათ, ავადმყოფები არც ახლა მოჰკლებიათ, ჩვენ კი რვა თვე მოვიგეთ. ისრაელს, რომელიც სამაგალითო ქვეყნად ითვლებოდა, ახლა ხელმეორედ უწევს ლოქდაუნის გამოცხადება, რადგან იქ დღეში 6-7 ათასი შემთხვევა დასტურდება. ევროპაში ჯერ არ გამოუცხადებიათ განმეორებითი ლოქდაუნი, მაგრამ ბევრი ამისთვის ემზადება.
ჩვენთან, როგორც იცით, ლაპარაკი არ არის საგანგებო ზომების გამეორებაზე ან მკაცრ შეზღუდვებზე, არის მხოლოდ ცივილიზებული რეგულაციები, რომელთაც ჩაკეტვასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, ხელების ჰიგიენა.
ვიმეორებ, შემთხვევათა მატება გარდაუვალი იყო. ვერც ერთი ქვეყანა პანდემიას ამის გარეშე ვერ გაივლიდა. ეს დაკავშირებული იყო ზაფხულში შეზღუდვების მოხსნასთან, მობილობის გაზრდასთან... მართალია, საერთაშორისო ტურიზმი შეჩერდა, მაგრამ ქართველ კაცს ასე კარგად საქართველო, მგონი, არასოდეს დაუთვალიერებია, ასე რომ, ზოგი ჭირი მარგებელია. განსაკუთრებით ბევრი დამსვენებელი ეწვია აჭარას და ეს უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლიდა...
საინტერესო მომენტია - უცხოეთში "კოვიდ-19" დაემართა სულ 154 საქართველოს მოქალაქეს. მათგან 18 გარდაიცვალა, საქართველოში კი გვყავს 7000-ზე მეტი ინფიცირებული და 47 გარდაცვლილი.
მიუხედავად შემთხვევათა მატებისა, საქართველო კვლავ რჩება ქვეყნად, რომელსაც ევროპის 49 და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. ჩვენს მეზობელ სომხეთში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით საქართველოზე 2-ჯერ პატარაა, უკვე 992 გარდაცვლილი ჰყავთ.
მინდა მოსახლეობა დავამშვიდო - სახელისუფლებო ვერტიკალსა და ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში ახლა მეტი მობილიზაციაა და მეტი კეთდება, რომ ეს დროებითი მატება ჯერ შენარჩუნდეს, მერე კი კლებისკენ წავიდეს.
- ამის მიუხედავად, ვირუსის მართვის ქართულ სტრატეგიაში დაშვებულია თუ არა შეცდომები?
- არა! კოვიდის მართვის სტრატეგია ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. პირველი - სტრატეგიის ის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს და პასუხისმგებელია შემთხვევების რაოდენობის ზრდაზე. ეს არის, ძირითადად, ეპიდემიოლოგიური სამსახურები, დაავადების კონტროლის ცენტრი და სამთავრობო სტრუქტურები.
ეს არ არის ჩემი სფერო, მაგრამ მე იქ შეცდომებს ვერ ვხედავ, პირიქით, ყველა ღონისძიება გატარდა პანდემიის წინააღმდეგ. ე.წ. საპასუხო ზომები გატარდა წინსწრებით, დროულად, ეფექტურად და ადეკვატურად. შეცდომები რომ დაგვეშვა, რვა თვეს ვერ მოვიგებდით.
რაც შეეხება სტრატეგიის მეორე ნაწილს - ავადმყოფების მართვას კლინიკურ სექტორში, აქ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არათუ შეცდომები, ავადმყოფების მართვა იყო აბსოლუტურად ოპტიმალური, რაზეც მეტყველებს გარდაცვალების დაბალი პროცენტი.
- ბოლო კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევებმა. გადავედით თუ არა ნარინჯისფერ ზონაში?
- ეგ უნდა ჰკითხოთ სამინისტროს ან დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თუმცა ასეც რომ იყოს, ეს ტრაგედია არ არის, რადგან თუ გადავინაცვლეთ, მალე ისევ უკან გადმოვინაცვლებთ. სხვათა შორის, ამ ზონებს - წითელს, ნარინჯისფერს, მწვანეს - სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურა სხვადასხვაგვარად აღრიცხავს: ჯანმო - სხვანაირად, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი - სხვანაირად, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი - სხვანაირად. აღრიცხვის წესი და ტერმინოლოგია განსხვავებულია. ეს იზომება, ძირითადად, მხოლოდ ბოლო ორი კვირის მასალებით და არ არის გამორიცხული, რომ მხოლოდ ამ მონაცემებით ჩვენი სტატუსი შეიცვალა, მაგრამ ეს საპანიკო არ არის.
- შესაძლოა თუ არა, გრიპის ვირუსის გააქტიურებასთან ერთად სიტუაცია გაუარესდეს? - ამას ელიან მთელ მსოფლიოში და თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მე მგონია, ჩვენ ამას თავიდან ავიცილებთ. ჯერ ერთი, რეგულაციები და ზომები, რომელთაც "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ ვიყენებთ, შედეგს გამოიღებს და ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება გრიპის პროფილაქტიკის ზომებიც.
კოვიდისა და გრიპის პროფილაქტიკური ზომები აბსოლუტურად ერთი და იგივეა, შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ გრიპის შემთხვევები იმდენი არ იქნება, რამდენიც იყო შარშან თუ შარშანწინ.
ამავე დროს, აქტიურია გრიპის ვაქცინაცია. შარშან მოქალაქეები ძალიან უხალისოდ იკეთებდნენ გრიპის ვაქცინას, აგიტაცია და პროპაგანდა იყო საჭირო, წელს ეს არ დაგვჭირდება, მგონია, რომ მოსახლეობა თვითონ გამოიჩენს ინიციატივას.
ამიტომ ვფიქრობ, წელს გრიპის შემთხვევა იქნება ნაკლები, ვიდრე შარშან და შარშანწინ. გარკვეულწილად სარისკოა გრიპისა და კოვიდის შემთხვევათა რაოდენობის მატების თანხვედრა, მაგრამ ეს არ შეგვიქმნის პრობლემებს, რადგან ქვეყანა კარგად არის მომზადებული - საკმარისზე მეტია გრიპის ტესტიც და კოვიდის ტესტიც და იმ 12 თუ 24 საათის განმავლობაში, სანამ კოვიდის პასუხი იქნება, გრიპის პასუხიც გაირკვევა. თუ მაინც ორივე დაემართა პაციენტს - და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა ბევრი არ იქნება - რა თქმა უნდა, მოსალოდნელია უფრო მძიმე მიმდინარეობა, მაგრამ ჩვენ კლინიკურად უკვე ისე კარგად ვმართავთ პროცესს, რომ ეს გარდაცვალების შემთხვევებს არ გაზრდის.
- ამბობენ, რომ კორონავირუსი ისე აზიანებს ფილტვებს, ქსოვილი აღარასდროს აღდგება. ეს მართალია თუ პანიკის ნაყოფი?
- ვერ ვიტყვით, რომ ფილტვები მთლად დანგრეული რჩება, მაგრამ კვალს ტოვებს - ასეა ცნობილი ცალკეული კვლევებით, მაგრამ ჩვენ ჯერ ასეთი კვლევები არ ჩაგვიტარებია, ჩვენთან არც ერთი ავადმყოფი არ მოსულა კოვიდის"შემდგომი გართულებებით.
ახლა ვამზადებთ სპეციალურ პროგრამას, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, საშუალებას მოგვცემს, კოვიდგადატანილები სამი და ექვსი თვის შემდეგ შევამოწმოთ.
იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და სამი და ექვსი თვის შემდეგ შემეძლება გითხრათ, ტოვებს თუ არა ეს ვირუსი კვალს. ჯერჯერობით შემიძლია მხოლოდ უცხოური სტატიებისა და გამოკვლევების მიხედვით გითხრათ, რომ ტოვებს, მაგრამ არა - მძიმეს ან სიცოცხლისთვის საშიშს.
- რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი ინფიცირებული და უსიმპტომო ავადმყოფი არის თუ არა გადამდები?
- ოფიციალურად ითვლება, რომ ერთი ინფიცირებული საშუალოდ 2,5 ადამიანს აინფიცირებს. ამას ჰქვია რეპროდუქციული რიცხვი. ვიღაც 10-12-ს დააინფიცირებს, ვიღაც - არც ერთს, საშუალო მაჩვენებლად კი 2,5 ადამიანი ითვლება.
რაც შეეხება უსიმპტომოებს, ამის თაობაზე აზრი მსოფლიოში რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან ითვლებოდა, რომ ისინი გადამდები არ არიან, შემდეგ გაირკვა, რომ არიან და თანაც არანაკლებ, ვიდრე სიმპტომურები. ბოლო ვერსია ასეთია - უსიმპტომოები გადამდები არიან, ოღონდ, შესაძლოა, ცოტა უფრო ნაკლებად, ვიდრე - სიმპტომიანები.
- მკურნალობის მეთოდებში თუ არის სიახლე?
- პრინციპული სიახლე ჯერჯერობით არ არის, მაგრამ მსოფლიო ემზადება სიახლეებისთვის. მთავრდება კვლევები "რემდესივირზე", რომელიც ყველაზე საიმედო მედიკამენტად ითვლებოდა. ჩვენი მთავრობა და სამინისტრო მუშაობენ, რომ ეს პრეპარატი რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ქვეყანაში. მსოფლიოში ის დეფიციტია, მხოლოდ ამერიკაში იშოვება, რადგან ჯერ ამერიკის ბაზარიც ვერ დააკმაყოფილა კომპანია "გილიადმა", რომელიც ამ წამალს აწარმოებს. დიდი იმედია, რომ საქართველო თავისი კავშირებით ერთ-ერთი პირველი იქნება მსოფლიოში, რომელიც "რემდესივირს" შემოიტანს.
ფართოვდება გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის სამკურნალოდ გამოყენებაც. საქართველომ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ეს მეთოდი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ შვიდ ავადმყოფთან გამოვიყენეთ და გადარჩა ხუთი, ისინი, ვინც სხვაგვარად ვერ გადარჩებოდნენ. დავსვით საკითხი სამინისტროში, რომ გაიზარდოს ასეთი პლაზმის მიღება. ამისთვის საჭიროა მასობრივი კამპანიის დაწყება, რომელიც მოუწოდებს კოვიდგადატანილებს, გააკეთონ სიკეთე და გაიღონ პლაზმა სხვის გადასარჩენად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მოხალისე დონორების რაოდენობა ძალიან მცირეა.
სულ ახალი გამოგონებაა ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები ვირუსის წინააღმდეგ. ეს ტერმინი მხოლოდ სპეციალისტებმა იციან. მონოკლონური ანტისხეულები რომელი დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენეს, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწიეს. თუ ეს კოვიდის დროსაც წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლოა, რევოლუციური გარღვევის ტოლფასი იყოს.
კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტისა და მისი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირადი რეკომენდაციით, ჩვენი ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მსოფლიოში იმ ერთეული წამყვანი დაწესებულებების სიაშია, რომლებიც პირველი დაიწყებენ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდას.
- კოვიდინფექცია შეიძლება არჩევნებზე ადამიანების არმისვლის მიზეზი გახდეს, თუ მანამდე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება?
- ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს მიზეზი არ გახდეს.
- ბევრი ადამიანი გენდობათ და შევშინდით, როცა თქვენს გადადგომაზე დაიწყო ლაპარაკი... ბევრი რამ ითქვა, მინისტრმა ტიკარაძემ კი განაცხადა, ბატონი თენგიზი თავის მინისტრსა და ქვეყანას არ უღალატებსო.
- ცოტას ვმერყეობდი, მაგრამ ამჟამად ყველაფერი გადაწყვეტილია - მე ვრჩები, არსად მივდივარ! დიახ, ვრჩები!
- პოლიტიკაში რომ გიხილოთ, მოსალოდნელია?
- აბსოლუტურად გამორიცხულია! ძალიან ბევრჯერ შემომთავაზეს, მაგრამ ამ საკითხს სერიოზულად არც განვიხილავ.
P.S. 2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს: თენგიზ ცერცვაძეს, მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს, ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, ლევან გოფოძეს, ლევან რატიანს, ელზა ვაშაკიძესა და დავით გადელიას.
"კვირის პალიტრა" დიდი პატივისცემით ულოცავს მათ.