წინასწარმეტყველება ახდა... - როგორ ცხოვრობენ 45 წლის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ზღაპრული სიყვარულის ისტორიის გმირები
შარლოტა ფონ შედვინი ცისფერთვალება შვედი არისტოკრატი გოგონა გახლდათ, პრადიუმნა კუმარ მაჰანანდი კი - ღარიბი "მიუკარებლების", ინდური საზოგადოების ყველაზე დაბალი კასტიდან. ერთი შეხედვით, დაუჯერებელი იყო ასეთი განსხვავებული ადამიანების დაოჯახება, თუმცა, როგორც ჩვენი ისტორიის მთავარ გმირს სჯერა, ადამიანი საკუთარ გულისთქმას უნდა მიენდოს. სწორედ ამ დევიზით ფრთაშესხმულმა მოხეტიალე ინდოელმა ბიჭმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ სიყვარულს საზღვრები არა აქვს.
წინასწარმეტყველება ახდა...
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1975 წლის 17 დეკემბერს, როდესაც პრადიუმნა ქუჩის მხატვრად მუშაობდა, გვერდით ლამაზმა ლურჯთვალება ქალმა ჩაუარა და თავისი პორტრეტის დახატვა სთხოვა. ეს შარლოტა ფონ შედვინი გახლდათ.
"როდესაც დავინახე, უწონადობის განცდა დამეუფლა. იგი თითქოს ჩემს შიგნით იყურებოდა, როგორც რენტგენის დანადგარი. სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ გრძნობის გადმოსაცემად. მას ისეთი ლურჯი, დიდი მრგვალი თვალები ჰქონდა..." - ასე იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში პრადიუმნა შარლოტასთან შეხვედრას. მას გაახსენდა წინასწარმეტყველებაც - 1949 წელს, როდესაც პრადიუმნა კუმარ მაჰანანდია დაიბადა, მას უწინასწარმეტყველეს, რომ ტრადიციების მიუხედავად, შორეულ ქვეყანაში მცხოვრებ არისტოკრატ ქალზე უნდა დაქორწინებულიყო, რომელიც ჰოროსკოპით კურო იქნებოდა, ფლეიტაზე უკრავდა და ტყეების მფლობელი გახლდათ...
პორტრეტის ხატვა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც შარლოტას გამოუცხადა, ჩემი ცოლი უნდა გახდეო. გაცნობიდან ერთი თვე გაატარა წყვილმა ინდოეთში, მერე კი შარლოტა თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყო.
1977 წელს პრადიუმნამ შარლოტას წერილი მისწერა. ეუბნებოდა, რომ მასთან შვედეთში აპირებდა ჩასვლას ველოსიპედით. განშორებამ მასზე ისე იმოქმედა, რომ გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, იყიდა ერთი ველოსიპედი და ჯიბეში 80 დოლარით ველოსიპედით გაემგზავრა შვედეთში. მაშინ თვითმფრინავით მოგზაურობა მხოლოდ მაჰარაჯებს შეეძლოთ.
პაკისტანი, ავღანეთი, ირანი, თურქეთი და ევროპა პრადიუმნამ ხუთ თვეში გაიარა. მოგზაურობის დასაწყისში, როგორც ვთქვით, მას 80 დოლარი ჰქონდა, თუმცა შვედეთში 800 დოლარით ჩავიდა...
"ძალიან დავიღალე, ფეხები მტკიოდა, მაგრამ სტიმულს მაძლევდა აზრი, რომ მალე საყვარელ ქალს უნდა შევხვედროდი... ხელოვნებამ მიხსნა - გზად პორტრეტებს ვხატავდი. ზოგი ფულს ან საჭმელს მაძლევდა, ზოგი კი - ღამის გასათევს. მე მივდიოდი სიყვარულისთვის".
1977 წლის 28 მაისს პრადიუმნამ ბუროსში ჩააღწია. "ვერ ვლაპარაკობდით. უბრალოდ, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ბედნიერებისგან ვტიროდით".
ქალიშვილის ბედნიერების გამო მშობლებმა წესები დაივიწყეს და 1979 წელს წყვილი შვედური კანონებით დაქორწინდა. მათ მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნეს. 2014 წელს პრადიუმნას დოქტორის ხარისხი მიანიჭა შვედეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 2005 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 1997 წელს, როდესაც წყალდიდობის გამო პრადიუმნა ვერ ახერხებდა მშობლიური სოფლის მონახულებას, ადგილობრივმა მთავრობამ ვერტმფრენი უქირავა, რომ იქ ჩასვლა შესძლებოდა.
"ემილი მადლობას მიხდიდა მისი მშობლების სიყვარულის ისტორიის ქართულად გადმოცემისთვის"
შარლოტასა და პრადიუმნას მიმართ მედიის ინტერესი დღემდე არ ნელდება. ქართველმა ბლოგერმა დუდანა ზაქარაიამ დაწვრილებით აღწერა მათი სიყვარულის ამბავი და სწორედ დუდანას დაუკავშირდა წყვილის ქალიშვილი ემილი შედვინი, რომელმაც მადლობა გადაუხადა მისი მშობლების სიყვარულის ისტორიის ქართულ ენაზე გაშუქებისთვის.
- თითქმის არასდროს ვამოწმებ "ფეისბუკის" ე.წ. შპამ-ს, მაგრამ ამას წინათ შემთხვევით შევიხედე და დამხვდა ემილის წერილი. მადლობას მიხდიდა მისი მშობლების სიყვარულის ისტორიის ქართულად გადმოცემისთვის. ისე გამიხარდა, მაშინვე მივწერე, როგორ მიპოვეთ-მეთქი. ამდენი ნეგატიური ინფორმაციის ფონზე შარლოტასა და პრადიუმნას სიყვარულის ზღაპრული ისტორია ისეთი შთამბეჭდავია, ადამიანებს გულგრილს ვერ ტოვებს.
ჩემს ბლოგზე მათ შესახებ 2018 წელს დავწერე. მეც შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ამ ამბავს, მერე რამდენიმე წყარო მოვიძიე და ვთარგმნე. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 21-ე საუკუნეში ასეთი ამბები იშვიათია, მათი თავგადასავალი კი ყველას აღფრთოვანებას იწვევს.
"ჩვენ მოვყვებით სიყვარულის ლამაზ ისტორიას, რომელიც მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის გახდება შთაგონების წყარო"
სწორედ დუდანა ზაქარაიას მეშვეობით დავუკავშირდი ემილი შედვინს და ინტერვიუ ვთხოვე. იგი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად უამბობს, როგორ ცხოვრობენ 45 წლის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ზღაპრული სიყვარულის ისტორიის გმირები.
- მე ჩემი მშობლების პირველი შვილი ვარ. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დავიბადე. მამას სჯერა სიმბოლოების. ჩემი დაბადების დღე - 15 აგვისტო ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეა და ესეც სიმბოლურ ნიშნად მიიღო. ინდოეთში ეს დღე თავისუფლებას უკავშირდება, ამიტომაც მამამ "თავისუფლების სიმბოლო" შემარქვა. მეც და ჩემი სამი წლით უმცროსი ძმა კარლ სიდჰართაც შვედეთში დავიბადეთ და გავიზარდეთ. ჩვენ შვედური კულტურის გავლენით აღვიზარდეთ და მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ მამას ჩვენი დაცვა სურდა იმ სისტემისგან, რომელმაც მას ამდენი ტკივილი მიაყენა. მამას უნდოდა, ჩვენ გვცოდნოდა მისი წარსულის შესახებ, თუმცა არ სურდა იგივე გამოცდილება გვქონოდა ის გაჭირვება გამოგვევლო, რაც მას ჰქონდა ნანახი.
7 წლისაც არ ვიყავი, როდესაც პირველად ინდოეთში ბებია-ბაბუისა და ნათესავების მოსანახულებლად ჩავედით. ამ მოგზაურობამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ჩემს ჩამოყალიბებაზე. მივხვდი, რომ ორი სრულიად განსხვავებული კულტურის ნაწილი ვარ, კონტრასტული წარმომავლობის. აღმოსავლეთი და დასავლეთი, მდიდარი და ღარიბი, არისტოკრატი და გლეხი... მაგრამ სწორედ ეს კონტრტრადიციები ქმნის ერთიანობას, რომლის სიმბოლოც გახდა ჩემი მშობლების ურთიერთობა, ჩემი და ჩემი ძმის არსებობა კი ამ ერთიანობის მტკიცებულებაა. ჩემი ინტერესი ინდოეთისადმი და ინდური წარმომავლობისადმი წლების განმავლობაში გაიზარდა, არა მხოლოდ პირადი, არამედ პროფესიული თვალსაზრისითაც. ტექსტილისა და ბიზნესმენეჯმენტის სფეროში გამოცდილებამ მამაჩემის მშობლიურ ქალაქ ორისაში ჩამიყვანა. იქ რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ. ქსოვილის დამამზადებელ ოსტატებთან ერთად ვცხოვრობდი და პროგრამის მენეჯერად ვმუშაობდი იმ ორგანიზაციაში, რომელიც 25 000 იქაურს უფასო განათლების მიღებაში ეხმარებოდა.
მამაჩემის გამოცდილება მუდმივად მახსენებს, რომ მე იღბლიანი ვარ ჩემი პრივილეგირებული ცხოვრების გამო. ჩემი მშობლების სიყვარულის ისტორია უკვე წლებია, მედიის ყურადღების საგანია. დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, 2013 წელს კი გამოიცა წიგნი, რომელიც 16 ენაზეა თარგმნილი. ახლა მხატვრულ ფილმზე ვმუშაობთ მე და ჩემი ძმა, ევროპელი, ჰოლივუდისა თუ ბოლივუდის პროდიუსერები კი დაინტერესებული არიან, ამ ფილმის საავტორო უფლება იყიდონ. ჩვენ გვაქვს საკუთარი საპროდიუსერო კომპანია და ამჟამად ფილმის სცენარზე ვმუშაობთ. ჩვენ მოვყვებით სიყვარულის ლამაზ ისტორიას, რომელიც მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის გახდება შთაგონების წყარო და ბიძგი, რომ თავიანთ გულისთქმას მიჰყვნენ.
- როგორ ცხოვრობენ დღეს პრადიუმნა და შარლოტა? - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვლავ უყვართ ერთმანეთი და დღემდე ერთმანეთით ტკბებიან. ისინი იოგას ვარჯიშობენ, ერთად მედიტირებენ, ტყეში სეირნობენ... დილით ადრე დგებიან, ინდურ ჩაის მიირთმევენ ტერასაზე, რომელიც ბაღს გადაჰყურებს და დღის ციტატებს უკითხავენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პენსიაზეა (პრადიუმნა ხელოვნების მასწავლებელი იყო, შარლოტა - მუსიკის), იმაზე მეტს მუშაობენ, ვიდრე ადრე. თავიანთი წიგნის წარდგენისთვის ძალიან ბევრი მოგზაურობა და ხშირი ინტერვიუები უწევთ. ჩვენ, შვილები, ძირითადად, მათთან ერთად ვმოგზაურობთ.
- თუ გახსოვთ მშობლების რომელიმე განსაკუთრებული რჩევა? - "უმთავრესია, ჩემს გულისთქმას მივენდო". ამის გარდა, კიდევ უამრავია, თუმცა ისინი მხოლოდ რჩევებს არ გვაძლევენ, თავიანთი მაგალითითაც გვაჩვენებენ, რა როგორ უნდა გავაკეთოთ. მამა სულ ამბობს, რომ ადამიანს ორი მტერი ჰყავს - შიში და ეჭვი. ამ ორმა გრძნობამ არ უნდა შეაფერხოს ადამიანის პიროვნული ზრდა და ცხოვრებისადმი ინტერესი, საკუთარი თავის რწმენა კი ყველაზე მნიშვნელოვანია.
- მათი სიყვარული 45 წლის შემდეგაც არ გაცვდა. თქვენი აზრით, რა არის წარმატებული ქორწინების საიდუმლო? - საიდუმლო არ არსებობს. რისი რწმენაც გაქვს, იმას ქმნი. თუ გჯერა უსასრულო სიყვარულის, ასეთ ცხოვრებას იქმნი. სიყვარული ჯერ ადამიანში იბადება. საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობაა მთავარი. სანამ სხვას შეიყვარებთ, ჯერ საკუთარი თავი გიყვარდეთ, გულწრფელობა კი ყველაფრის გასაღებია. როდესაც ორი ადამიანი სულიერად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, უსასრულობის ენერგია იქმნება, რომელიც დროთა განმავლობაში მძაფრდება და ქალიც და კაციც ამ ენერგიით საზრდოობენ. ჩვენში ჩამარხულია ცხოვრების ეს უმთავრესი სიბრძნე, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებას ეს ხშირად გვავიწყდება.