"ვუყურებდი ჩემს თეთრ კაბას და ცრემლებს ვერ ვიკავებდი" - პანდემიური ქორწილები
მენდელსონის მარში, თეთრი კაბა, თაიგული და სასურველი ადამიანის სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე მზერა... დიახ, ქორწილს ვგულისხმობ. გოგონების უმრავლესობა ამ დღეზე ბავშვობიდან ოცნებობს, საქორწინო გეგმებს დროდადრო ახალ-ახალი შტრიხებით ამდიდრებს. მერე გადის დრო და ნანატრი დღეც დგება. მაგრამ, უცებ გიცხადებენ, რომ გასაგები მიზეზების გამო ხალხმრავალი ქორწილი უნდა დაივიწყო... "კვირის პალიტრა" პანდემიურ ქორწილებზე გიამბობთ, უფრო სწორად, ამ ქორწილების პატარძლებს გაგაცნობთ.
"მხოლოდ მეჯვარეები და დედმამიშვილები იყვნენ ჩვენი ბედნიერების მოწმენი"
ლიდია ამარიანი: - არასდროს მიოცნებია გრანდიოზულ ქორწილზე, მაგრამ ასე ვიწროდაც არ წარმომედგინა - მხოლოდ მეჯვარეები და დედმამიშვილები იყვნენ ჩვენი ბედნიერების მოწმენი. გული დამწყდა, რომ ბევრი ახლობელი ვერ დაესწრო ჯვრისწერისა და ხელმოწერის ცერემონიალს, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ისეთი პატარძალი ვიყავი, როგორიც მინდოდა - პომპეზური კაბისა და გრანდიოზული ცერემონიალის გარეშე. ხელმოწერისთვის ერთი კვირით ადრე დავჯავშნეთ ვიზიტი იუსტიციის სახლში, მივედით მეჯვარეების თანხლებით და ხელი მოვაწერეთ. თითქოს ვერც ვიგრძენით, რომ მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი ურთიერთობა დავაკანონეთ, ვინაიდან წარმოგვედგინა, რომ მშობლებისა და ახლობლების წინაშე საჯაროდ დავდებდით სიცოცხლის ბოლომდე ერთგულების ფიცს... ამის შემდეგ ჯვარი დავიწერეთ. ეს ამაღელვებელი მომენტი ახლობლებმა მხოლოდ ჯვრისწერის ფოტოების დათვალიერებით გაიზიარეს.
"ვუყურებდი ჩემს თეთრ კაბას და ცრემლებს ვერ ვიკავებდი"
ანანო მამულაშვილი: - კორონავირუსის გამო ორჯერ გადავდეთ ქორწილი. პირველად, კიდევ კარგი, ჯერ ხალხი არ გვყავდა დაპატიჟებული. მეორედ კაბაც მზად მქონდა, სალონშიც ჩაწერილი ვიყავი, ხალხიც დაპატიჟებული გვყავდა, სუფრაც - შეკვეთილი და ქორწილამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე გამოაცხადეს, რომ რეგულაციები გამკაცრდა. ორი დღე ვუყურებდი ჩემს თეთრ კაბას და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. საბოლოოდ ჩვენმა მეჯვარეებმა გვიხსნეს განსაცდელისგან და პანდემიის პირობებში ჯვრისწერა დაგვიგეგმეს. დათქმულ დროს ტაძარში მივედით, მაგრამ მღვდელი არსად ჩანდა. ტელეფონი გამორთული ჰქონდა და არ ვიცოდით, როდის მოვიდოდა, ან თუ მოვიდოდა... გავიდა საათზე მეტი. ატირებული ვზივარ ეკლესიის ეზოში, ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი ბედი - ორჯერ ქორწილი გადავდეთ, ახლა ჯვარს ვერ ვიწერ. ამ დროს მოვიდა მღვდელი. მოგვეფერა, ტაძარში შეგვიძღვა და ჯვარიც დაგვწერა. ამ მნიშვნელოვან რიტუალს მხოლოდ ჩვენი მეჯვარეები და მშობლები ესწრებოდნენ.
ჯვრისწერის დასრულების შემდეგ ძალიან ბედნიერები ვიყავით, შემდეგ მცხეთაში წავედით, სადაც მეჯვარეებს სუფრა ჰქონდათ შეკვეთილი. რეგულაციების დაცვით, 12 ადამიანი ვიყავით და 6-6 ვისხედით ორ მაგიდასთან.
ასე ჩაიარა ჩვენმა პანდემიურმა ქორწილმა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ისტორია იქნება ჩვენი შვილებისთვის მოსაყოლად.
"გაგვიმართლა, რადგან ქორწილიდან მესამე დღეს ღონისძიებების გამართვა აიკრძალა"
მარიამ წიკლაური: - როგორც კი რეგულაციები შეამსუბუქეს, დრო ვიხელთეთ და ჯვარი ნიკორწმინდაში დავიწერეთ. ახლოს არის ჩვენი სოფელი, სადაც ბებია და ბაბუა მყავს და მინდოდა, ჩვენი სახლიდან წამოვსულიყავი. ეზო გავაფორმეთ, ორი დღე და ღამე ვამზადებდით დეკორაციებს და მართლაც ულამაზესი გამოვიდა... წვეულება კი მცირერიცხოვანი გავმართეთ. 6 სექტემბერს ხელი მოვაწერეთ წოდორეთში, ღია ცის ქვეშ, რამდენიმე ახლობელთან ერთად. გაგვიმართლა, რადგან ქორწილიდან მესამე დღეს ღონისძიებების გამართვა აიკრძალა.
"ჯვრისწერას პანდემიის შემდეგ ვგეგმავთ და, იმედია, ის უფრო პომპეზური იქნება"
ნათია სიბაშვილი: - მე და გიორგი დაქორწინებას შემოდგომაზე ვგეგმავდით, თუმცა აგვისტოში სამკვირიანი შვებულება მომცეს და შეუღლების იდეაც სპონტანურად გაჩნდა. რაც შეეხება ნანატრ ქორწილს, არასდროს მქონია საპატარძლო კაბის ჩაცმისა და დიდი წვეულების სურვილი. მოკრძალებულად წარმომედგინა ჩვენი საქორწინო ცერემონია. ვფიქრობდი, ყვავილებიან, საზაფხულო კაბას ჩავიცვამდი, თუმცა დედამ აზრი შემაცვლევინა და ძალიან უბრალო, სადა თეთრი კაბა შევიკერე.
ჩვენს სიხარულს ბევრი იზიარებდა, თუმცა ხელმოწერის ცერემონიალზე იუსტიციის სახლში მხოლოდ ჩვენ და მეჯვარეები მივედით.
თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, ხუთ წუთში, განაცხადის შესავსებად შევედით, ცხადია, პირბადეებით. ყველა ჩვენ გვიყურებდა და უცხო ხალხიც კი გვილოცავდა. განაცხადის შევსების დროს გვკითხეს, რომელიმეს თუ გვსურდა გვარის შეცვლა. ჩვენ უარი განვაცხადეთ, თუმცა, როცა პასუხისთვის შევბრუნდით და ბოლო დეტალებიღა იყო გასაფორმებელი, გიორგის იუსტიციის სახლის თანამშრომელი გაეხუმრა, გვარის შეცვლაზე ხელი გაქვთ მოწერილი, სიბაშვილი გამხდარხართო, თან შეუმჩნევლად თვალი ჩამიკრა. მე, რა თქმა უნდა, არ შევიმჩნიე. სანამ არ ვუთხარით, რომ ვეხუმრეთ, გიორგი გაქვავებული იდგა. მერე ამოისუნთქა და სიცილი აუტყდა...
18 აგვისტოს მარიამობის მარხვა იყო და ჯვარი ვერ დავიწერეთ. ფოტოგრაფის ფუნქცია მეგობრებმა იტვირთეს და ფოტოების გადასაღებად ჯერ მთაწმინდაზე, მერე კი მცხეთაში წავედით. თავიდან ვყოყმანობდით, თუმცა საღამოს მოკრძალებულად მაინც აღვნიშნეთ ჩვენი შეუღლება. ათნი ვისხედით ორ მაგიდასთან. ჯვრისწერას პანდემიის შემდეგ ვგეგმავთ და, იმედია, ის უფრო პომპეზური იქნება.