ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომლის საქორწინო კაბებიც ამერიკაში ძალიან ძვირად ფასობს
"ეს გასაიდუმლოებული იყო, მე მის კაბა-შარვალზე ვიმუშავე"
მიხეილ ბაჩუკაშვილი გურჯაანიდან პირდაპირ ამერიკაში აღმოჩნდა. განსხვავებულ გარეგნობასთან ერთად, განსხვავებული პროფესიითა და გემოვნებითაც გამოირჩევა. მიხეილი ქალებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღის გალამაზებაზე ზრუნავს - არა მგონია, მისი საოცარი კაბების ხილვის შემდეგ, ვინმე გულგრილი დარჩეს და ამა თუ იმ კაბის მორგებაზე არ იოცნებოს.
მკაცრი გამომეტყველებისა და იმიჯის მიღმა, მიხეილი საოცრად გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა: - ამერიკაში მხოლოდ ქინძისთავებით და ბევრი იმედით ჩამოვედი. ინგლისური ანბანიც არ ვიცოდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს შევძლებდი.
- იქნებ ის დღეები გაიხსენოთ, ამ საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს რომ დგამდით... - გურჯაანის სამხატვრო სკოლაში დავდიოდი, საოცარი პედაგოგი მყავდა - მაია ლიუ (ჩინელი). გურჯაანისთვის ეს იმ დროს ნამდვილად საოცრება იყო. მაიას მოსკოვის სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული. მან გურჯაანში სამხატვრო სახელოსნო გახსნა და აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯებიც. ვმუშაობდი გობელენზე, ხატმწერად, მაკეტებზე. 3 წელში სკოლა დაიხურა, მერე იყო სტუდენტობა, სტუდენტობის მერე კი სამსახურის ძებნა და თავის დამკვიდრების მცდელობა. იყო ბევრი გასაუბრება და იმედგაცრუებაც.
- როგორი იყო ოჯახის რეაქცია, როდესაც გაიგეს, რომ ტანსაცმლის დიზაინერობა გადაწყვიტეთ? ცოტათი მიუღებელია ეს ქართველი, მით უმეტეს - კახელი კაცისთვის.
- ჩემი გადაწყვეტილება ნამდვილად არ გახარებია მამას, წინააღმდეგი იყო. უნდოდა, ხატწერას გავყოლოდი ან მაკეტები მეკეთებინა, ან ნებისმიერი სხვა რამ, ოღონდ არა ტანსაცმლის დიზაინი. ჩემი ოცნებებისა და მიზნებისთვის ბევრი ვიბრძოლე.
- თურმე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაშიც მუშაობდით კონსულტანტად.
- დიახ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, თავის დამკვიდრება ვერ შევძელი, როგორც დიზაინერმა. ჩემი მაკეტებით ბევრ ქართველ დიზაინერს შევხვდი. მოსწონდათ, ამბობდნენ, რომ კარგია, მაგრამ... ამიტომ იძულებული გავხდი, კონსულტანტად დამეწყო მუშაობა, წარმატებით ვართმევდი თავს სამუშაოს, ტრენინგებსაც ვატარებდი ახალი კონსულტანტებისთვის. იქიდან წამოსული სახლში მაკეტებს ვაკეთებდი და შეკვეთებსაც ვიღებდი. ერთ დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ თავის დამკვიდრებისთვის კვლავ უნდა დამეწყო ბრძოლა. წამოვედი სამსახურიდან. იქ აღებული ხელფასითა და ცოტა დანაზოგით სახლში დავიწყე კერვა. დავდიოდი სავაჭრო ცენტრებში და ბაზრობებზე თბილისში და მეპატრონეებს ვთხოვდი, ჩაებარებინათ კაბები და გაეყიდათ. მაშინ ქვედაბოლოებს, საღამოს კაბებს ვკერავდი. დანაზოგის გაკეთება მოვახერხე და ჩემს მეგობართან, ანა მეყანწიშვილთან ერთად მოდის სახლი "ბიზონი" გავხსენი, დავიწყეთ მუშაობა საღამოს და საქორწინო კაბებზე.
- მერე ეს ყველაფერი მიატოვეთ და ამერიკაში წახვედით. რატომ? - თითქმის ექვსი წელია, ამერიკაში გადმოვედი საცხოვრებლად. არავინ მყავდა, ვინც რჩევას მომცემდა. თუ ვინმეს რამეს ვკითხავდი, იმაზე მეტად მირთულებდა საქმეს, ვიდრე რეალურად იყო. არასდროს მიოცნებია ამერიკასა და აქ ცხოვრებაზე, საერთოდ მეოცნებე არ ვარ. უბრალოდ, ვიზის აღება ვცადე და გამომივიდა. ჩამოვედი სრულიად მარტო, ყველაფერი საქართველოდან მქონდა წამოღებული, ქინძისთავებიც კი, რომლებსაც დღემდე ვინახავ.
- რთული გზა გაიარეთ ემიგრაციაში? - რა თქმა უნდა, რთული იყო, მიჭირდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებაზე მაინც არ მიფიქრია. ვიცოდი, თუ არ დავნებდებოდი და ვიბრძოლებდი, ყველაფერს შევძლებდი. იყო ენის ბარიერიც, მეგობრების დეფიციტიც, თუმცა ვუძლებდი და ვიბრძოდი.
- საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული თუ ხართ?
- ზედმეტად კრიტიკულიც კი. ყოველთვის ვაკრიტიკებ საკუთარ თავს, ბოლო დეტალებამდე ვეძიები და ამან ბევრ რამეში შემიშალა ხელი. ასეთი რომ არ ვიყო, უფრო მეტს მივაღწევდი.
- ფიქრობთ, რომ წარმატების მწვერვალზე ხართ? ამერიკაში ცნობილი სადედოფლო კაბების დიზაინერი ბრძანდებით, საკმაოდ ძვირი ღირს თქვენი შექმნილი კაბები, ექსკლუზივს ითხოვს მაღაზიაც. - მწვერვალზე არ ვარ, ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. მინდა, ევროპის ქვეყნებშიც გავიდეს ჩემი კაბები და სხვა ბევრი ჩანაფიქრიც მაქვს. თუ ნიჭიც გიწყობს ხელს, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოიყენო. მსოფლიო აღიარება მინდა, რატომაც არა? ამას ამბიციაში ნუ ჩამითვლით. უბრალოდ, იმაზე მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან, ვიდრე დღეს მაქვს.
- რატომ არ მუშაობთ ქართველებზე და რა განსხვავებაა ქართველ დედოფალსა და ამერიკელს შორის? - განსხვავება დიდია. ქართველი ძალიან დიდ თანხას დახარჯავს სუფრაზე, მაგრამ არა - კაბაზე. საქართველოში კაბებს აქირავებენ, ამერიკაში კი სხვა მიდგომაა. უნდა ნახოთ, აქ როგორ ემზადებიან ამ დღისთვის. მათ შეუძლიათ, ასი კაბა მოიზომონ მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვობის ოცნების კაბა აღმოაჩინონ; თუ გაუმართლათ და იპოვეს, თანხას მნიშვნელობა აღარ აქვს. არიან გოგონები, რომლებსაც მათთვის ექსკლუზივის შექმნა სურთ. ქართველებისთვის ჩემი კაბა ძალიან ძვირია. ურჩევნიათ, იაფად მოძებნონ სხვაგან ან იმ მაღაზიაში მივიდნენ, სადაც ჩემი კაბები შედარებით დაბალ ფასში იყიდება.
- რა მასალას იყენებთ? - არ ვიყენებ პლასტმასებსა და დაბალი ხარისხის ყალბ თვლებს, თუმცა ვერც ბრილიანტებით ვრთავ სადედოფლო კაბებს. ძვირფას თვლებს კი აქტიურად ვიყენებ.
- თქვენ იმუშავეთ სერენა უილიამსის საქორწინო სამოსზეც... - ეს გასაიდუმლოებული იყო, მე მის კაბა-შარვალზე ვიმუშავე, რომელიც ქორწილის დღეს, სადედოფლო კაბის გამოცვლის შემდეგ ჩაიცვა.
- ბევრ "ფეშენ ვიკზე" მიგიწვიეს, თუმცა უარი თქვით. რა არის ამის მიზეზი? - ვფიქრობ, ეს არაფრის მომცემი და დროის კარგვაა. მე არ მყავს სპონსორი, ამიტომ ჩემთვის ყველა დეტალი, ყველა წუთი გადამწყვეტია.
- თქვენი ფირმის პრეზენტაციაზე ბევრი ცნობილი სტუმარი გყავდათ, თანაც კარანტინის დროს. როგორ მოახერხეთ ეს? - ჩემი ფირმის პრეზენტაცია ემსახურებოდა იმას, რომ მეგობრებისთვის მადლობა გადამეხადა და ისინი ერთ სივრცეში შემეკრიბა. შევძელი კიდევაც ეს კარანტინის დროს და მიხარია, რომ მეგობრები ჩემ გვერდით იდგნენ. ვიდეოგრაფი მიშო გოგიტიძე, ფოტოგრაფი ვაჟა ქუჩულორია, მოდელი და მეიქაფ არტისტი ნათია გზირიშვილი. რაც შეეხება ჩემს განსაკუთრებულ სტუმარს, ვერა სკენდერის - ის საქორწილო კაბების მსოფლიო დიზაინერია და მისი დიდი მოწონება, გულშემატკივრობა დავიმსახურე.
- თქვენი ვიზუალის შესახებ რას მეტყვით? ერთი შეხედვით, ქართველს არ ჰგავხართ.
- პირველ რიგში, მე მომწონს და არ არის შექმნილი ხელოვნურად და პიარისთვის. ყოველთვის მინდოდა ასეთი ვყოფილიყავი - მქონოდა გრძელი თმა, პირსინგი, ტატუ, მაგრამ საქართველოში რატომღაც, არ გამიკეთებია. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანების აზრს ვაქცევდი ყურადღებას.
- თითქმის ექვსი წელია, საქართველოში არ ყოფილხართ, არ გენატრებათ იქაურობა? - დედას ყოველდღიურად ტელეფონით ვეკონტაქტები, ასევე სხვა ახლობლებს. სიმართლე გითხრათ, ნოსტალგია არ მაქვს. ჩემი სამსახური და დროის სიმცირე არ მაძლევს წასვლის საშუალებას.
- ხომ არ აპირებთ საქართველოში საცხოვრებლად და სამუშაოდ დაბრუნებას? - არა, რადგან აქ, ამერიკაში, ვიპოვე ჩემი თავი და ჩემი ადგილი დავიმკვიდრე. დიდი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში და დღეს, როდესაც მიზანთან ასე ახლოს ვარ, ვერ მივატოვებ. თანაც, საქართველოში ჩემი კაბების რეალიზაცია გაჭირდება, რადგან საზოგადოების უმეტესობას ძვირად ღირებული სამოსის ყიდვის შესაძლებლობა არა აქვს.
ფიქრია რობაქიძე "გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან