"ირაკლი, წესით, იმ რეისზე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ..." - ვინ იყო საბედისწერო რეისის პილოტი, რომელიც ნატო ვაჩნაძესთან ერთად დაიღუპა
"ყველამ იცის ქართული კინოს ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის ტრაგიკული ისტორია. ის 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ბორტზე თვრამეტი კაცი იმყოფებოდა - ექვსი ეკიპაჟის წევრი და თორმეტი მგზავრი. ავიაკატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელეს, თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნაში ბრალი გარკვეულ ადამიანებსაც მიუძღოდათ...
ამ ტრაგიკულ ამბავზე, რომელიც თითქმის დავიწყებას მიეცა, ადრე ძალიან ბევრი იწერებოდა, მე კი ეს ისტორია სულ სხვა რაკურსიდან ვიცოდი... პილოტი, რომელიც ამ თვითმფრინავს მართავდა, იყო ჩემი პაპა - ირაკლი ხახუტაშვილი, რომლის შესახებაც ბებიას დაუსრულებლად ვაყოლებდი ამბებს და მათი მოსმენა არასოდეს მბეზრდებოდა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ბებიასთან დარჩენა. გადმოვიღებდი დიდ, სქელყდიან ალბომს და ვათვალიერებდი პაპას ფოტოებს. მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა ირაკლი პაპაზე, რომელიც ძალიან ნიჭიერი, ხუმარა, კეთილი და მხიარული კაცი იყო და ყველას ძალიან უყვარდა.
თელავში დაწყებული სიყვარულის ამბავი
"აი, ამ ფოტოთი გამიცნო პაპაშენმა", - ასე იწყებდა ამბის მოყოლას ნინა ბებია, რომელიც თელაველი ქალი გახლდათ. პაპას მისი ფოტო თელავში, მეგობართან სტუმრობის დროს უნახავს და ძალიან მოსწონებია. იმავე საღამოს გაუცნიათ ერთმანეთი და მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წასულან.
"კოვბოური ჟილეტი ეცვა და ხელში წკეპლას ათამაშებდა. ხელზე მაკოცა, მერე გვერდით ამომიდგა. მივხვდი, რომ დამეტოლა", - მიყვებოდა ბებია."
იმ საღამოს ბევრი იმხიარულეს. ნინა რამდენიმე დღეში თბილისში ბრუნდებოდა. ირაკლი გაქანებულ მატარებელს შეახტა და ბებიას ვაგონში გამოეცხადა. შემდეგ დაქორწინდნენ და ორი შვილი - დათო და ვანდა შეეძინათ.
ირაკლი ხახუტაშვილი ძალიან ნიჭიერი იყო: ხატავდა, ლექსებს წერდა და ფორტეპიანოზე უკრავდა.
ბებიას გაცნობის ამბავი ლექსად დაწერა. განსაკუთრებულად მიყვარდა ის მომენტი, როდესაც მოხარშული ქათამი მიირთვეს, მკერდის ძვალი გადატეხეს და ერთ სურვილზე დანაძლევდნენ. ეს ამბავი ირაკლის ლექსადაც დაუწერია:
"იქ ვითამაშეთ სანაძლეოზე
გავტეხეთ ქათმის ჩვენ ავქაშია,
ორჯერ მოვუგე მე სანაძლეო,
ხმალი მე მერგო, მას ქარქაშია".
ირაკლიმ მოგებული სურვილი მალე გაუმხილა: "ჩემი სურვილია, ცოლად გამომყვე!" წინააღმდეგი მხოლოდ ნინოს მამა იყო. მფრინავს როგორ გავატანო შვილი, სულ ცაში იქნება და ცოლ-შვილს როგორ მიხედავსო. ეს პრობლემაც ადვილად მოაგვარა ირაკლიმ. ჩუმად მიეპარა მას, როცა ეზოში შეშას ჩეხდა და ნაჯახიანად ხელში აიტაცა. ასე დაარბენინებდა ეზოში,"მანამდე არ ჩამოგსვამ, სანამ არ დაგვლოცავო. მომავალმა სიმამრმა სიცილი ვეღარ შეიკავა და სიძეს გადაეხვია.
ახდენილი ოცნება
მფრინავობაზე პატარაობიდანვე ოცნებობდა, რადგან სახლიდან დაუკითხავად გაიპარა და რამდენიმედღიანი ძებნის მერე წერილი გაუგზავნა დედამისს, სადაც ბოდიშს უხდიდა და ატყობინებდა, რომ სამხედრო-საფრენოსნო სკოლაში ჩააბარა. ოდესაში სწავლობდა. მონაწილეობდა ომში, საავიაციო რგოლს ხელმძღვანელობდა. დაიჭრა კიდეც, კონტუზია მიიღო, მაგრამ მაინც სულ ცისკენ მიუწევდა გული. 2000 პარაშუტისტი და მფრინავი მოამზადა. ბევრი სიგელი ჰქონდა მიღებული. ცაში 3182 საათი გაატარა.
წინათგრძნობა
პაპამ თითქმის ნახევარი ცხოვრება ცაში გაატარა. იმდენად ხშირად დაფრინავდა, რომ არასოდეს გაუცილებია ოჯახს. მხოლოდ იმ ბოლო გაფრენის წინ გააცილეს. დედაჩემი 12 წლის იყო. ის ყელზე შემოეხვია მამას და დააბარა: წითელი ფეხსაცმელი ჩამომიტანეო... ბებია იხსენებდა, რომ დიდხანს ეფერა ორივე შვილს, თვითონ კი უყურებდა მიმავალს მანამ, სანამ თვალს არ მიეფარა. იმ ღამეს ცუდი სიზმარი ნახა - ვითომ შავ მიწაში ჩაყო ხელი და მთელი დღე ცუდს უგრძნობდა გული. მკითხავის ნათქვამი გახსენებია, ადრე მეგობარს გაჰყოლია და მკითხავს უთქვამს, ქმარი ადრე მოგიკვდებაო. ბებია გაბრაზებული წამოსულა. ნაშუადღევს მოულოდნელად საშინელი ქარი ამოვარდა, ჩამობნელდა. ბებიას საათისთვის შეუხედავს, აინტერესებდა, რა დრო იყო. საათი ზუსტად იმ დროს გაჩერდა, რა დროსაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ამ ამბავში უცნაური კიდევ ის არის, რომ ირაკლი, წესით, იმ რეისზე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის მეწყვილე პილოტს, ნიკოლაი ბოჟენკოს, ავეჯი უნდა ჩამოსვლოდა მატარებლით და ძალიან უნდოდა სადგურში დახვედროდა. ამიტომ პაპას სთხოვა რეისი გაეცვალათ. ამ თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო ჩემი მეორე პაპა, ისიც მფრინავი ვახტანგ ინასარიძე. ესეც კიდევ ერთი საბედისწერო დამთხვევა, მაგრამ რაღაც შეიცვალა და აღარ გაფრინდა. არც ნატო ვაჩნაძე უნდა მოხვედრილიყო ბორტზე, რადგან როცა ბილეთის საყიდლად მივიდა, ყველა ბილეთი გაყიდული დახვდა. მისი დაბადების დღე იყო, 14 ივნისი. უცნობმა პოლკოვნიკმა თავისი ბილეთი დაუთმო. თვითმფრინავიც ნატოს სოფლის ახლოს ჩამოვარდა...
იმ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო. პაპა ცდილობდა დაჰკავშირებოდა სოხუმის აეროპორტის სადისპეტჩეროს, რათა დაჯდომის ნებართვა მიეცათ, მაგრამ კავშირზე არავინ გამოვიდა. არც თბილისის აეროპორტმა მიიღო უსაფრთხოების ზომები. ყველაფერი გააკეთეს მფრინავებმა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ელჭექის ღრუბლებში თვითმფრინავი ელვამ დააზიანა, უკონტროლო ფრენაზე გადავიდა და ვერტიკალურად, ფაქტობრივად, ჰაერშივე დაიშალა თვითმფრინავი. ნაწილები დიდ ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული.
"მთელი უბანი გარეთ ყოფილა გამოსული, ტიროდნენ, ირაკლი დაიღუპაო"
როდესაც პაპა იმ ავიაკატასტროფაში დაიღუპა, დედაჩემი 12 წლის იყო, ბიძაჩემი დათო კი 14-ის. ორივე ბანაკში ისვენებდა.
დედა მიყვებოდა, რომ დილიდან ცუდ ხასიათზე ყოფილა. ოთახში დარჩენილა და უმიზეზოდ უტირია. საღამოს ბებიაჩემის მეგობარი ჩასულა მანქანით და ბავშვები თბილისში წამოუყვანია. გზაში არ გაუმხელია ბავშვებისთვის, რომ მამა დაეღუპათ. უთქვამს, რომ კატასტროფა მოხდა და ირაკლი საავადმყოფოში დააწვინეს. მაშინ ვერაზე ცხოვრობდნენ და როგორც კი მანქანიდან გადმოსულან, მთელი უბანი გარეთ ყოფილა გამოსული, ტიროდნენ, ირაკლი დაიღუპაო. ასე გაიგო დედამ ეს ამბავი.
ბებია ორ ადგილას მუშაობდა, რომ შვილებს ყველაფერი ჰქონოდათ. უძლიერესი ქალი იყო! 93 წლის ასაკში გარდაიცვალა და ბოლომდე მარტო ცხოვრობდა."
თეა ინასარიძე